არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხომ არ წამოხვიდოდით სოკოს საკრეფად?

ხომ არ წამოხვიდოდით სოკოს საკრეფად?

ხომ არ წამოხვიდოდით სოკოს საკრეფად?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ჩეხეთიდან

გიყვართ სოკოს პიცა, სუპი, სალათა ან სოკო სოუსში? იქნებ უბრალოდ მისი უცნაური გარეგნობა გხიბლავთ იმ მხატვრების მსგავსად, რომლებიც საბავშვო მოთხრობებს ასურათებენ? თუ დაინტერესებულხართ ოდესმე, რა არის სოკო? როგორ იზრდება ის ან ვინ კრეფს მას და როგორ? მოდი, ვეწვიოთ მის საოცარ სამყაროს და მეტი გავიგოთ მის შესახებ.

სოკოს ადვილად იცნობთ. თავისი აგებულებით ის ძალიან განსხვავდება მცენარეებისგან, რადგან მას არა აქვს ფოთოლი, ყვავილი და არც ქლოროფილს შეიცავს. თითქმის ყველა სოკოს აქვს ქუდი და ფეხი. ბუნებაში სხვადასხვა ფორმის თუ ფერის სოკოს ვხვდებით. მაგალითად, არის სოკო, რომელიც სიბნელეში ანათებს. სოკოს უამრავი სახეობა არსებობს, მათ სოკოსებრთა ოჯახს მიაკუთვნებენ. ზოგი სოკო ზღვის მარჯანს მოგაგონებთ, სხვა სახეობები კი ხეზე იზრდება და წიგნების მინიატურულ თაროებს ჰგავს.

რა არის სოკო?

დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები მას განსაკუთრებულ და საიდუმლოებით მოცულ მცენარედ მიიჩნევდნენ, დღეს კი ბიოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ის მხოლოდ რთული აგებულების ობია. ისინი მას ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ თვლიან, მათი განსხვავებული სტრუქტურის, ზრდისა და კვების გამო. ზოგი სოკო იჭმება, ზოგს სამკურნალო თვისებებიც აქვს, არსებობს შხამიანი სოკოც. მეცნიერულ ენაზე სოკოს „Mycota“ ან „Mycetes“ ჰქვია, ხოლო სოკოების შემსწავლელ მეცნიერებას — მიკოლოგია.

განსაცვიფრებელი მცენარე

იცით, როგორ მრავლდება სოკო? მეცნიერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ეს უცნობი იყო. დღეს ცნობილია, რომ მომწიფებული სოკო წვრილი სპორებით მრავლდება, რომლებსაც ქარი ფანტავს. სოკოს სპორები ნიადაგში მოხვედრისთანავე აღმოცენდება და მათგან წარმოიქმნება წვრილი დატოტვილი ძაფები, რომლებსაც მიცელიუმი ჰქვია. ეს ძაფები წარმოქმნის ნაყოფსხეულს, რასაც სოკოს ვუწოდებთ.

სოკო მზა ორგანული ნივთიერებებით იკვებება. ის ძირითადად ტყეებში, ბაღებსა და ბალახიან ადგილებშია გავრცელებული. სოკო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტყის დასუფთავებაში. ის მცენარეთა ნარჩენებით იკვებება და ამით ხელს უწყობს ნიადაგის განოყიერებას. ზოგიერთი სოკო ჯანმრთელ ხესთან თანაცხოვრებით სიმბიოზს ქმნის. მიცელიუმი შთანთქავს ნიადაგიდან წყალსა და საკვებ ნივთიერებებს და შემდეგ მცენარეს გადასცემს, მცენარე კი თავის მხრივ სოკოს კვებავს.

სოკოს სითბო და ნესტი სჭირდება. სწორედ ამიტომაა, რომ ის განსაკუთრებით ბევრია ზაფხულის წვიმიან დღეებში. ხელსაყრელ პირობებში ზოგი სოკო სრულ ზომას ერთ ღამეში აღწევს. არის სოკოს ისეთი სახეობა, რომელიც 10—14 დღეში 50 სანტიმეტრი იზრდება. სხვა სახეობები სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. მიცელიუმი, საიდანაც სოკო იზრდება, შეიძლება საუკუნეებს ითვლიდეს. ზოგიერთი მონაცემით მღიერების ჯგუფში შემავალი სოკო 600 წელზე მეტს ცოცხლობს.

კიდევ ერთი თავისებურება, რაც ზოგიერთ სოკოს და მის მონათესავე ტრუფელებს ახასიათებთ, მძაფრი სუნია. ძაღლები მის სუნს 6 მეტრის მანძილზე გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფსხეული მთლიანად მიწაში იზრდება *.

ვინ კრეფს სოკოს?

ოდითგანვე სოკოს ყველგან კრეფდნენ. დღეს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში სოკოს უმეტესწილად გამოცდილი მკრეფავები კრეფენ, შემდეგ მას გადამყიდველებს აბარებენ; ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი სოკოს კრეფა მოყვარულთა შორისაა პოპულარული. სოკოს შეგროვებით მხოლოდ სოფლის მოსახლეობა როდი ინტერესდება, ბევრი ქალაქელიც დიდი სიამოვნებით მიდის შაბათ–კვირას ტყეში სოკოს საკრეფად. ისინი გონებრივად და ფიზიკურად ისვენებენ, თანაც მენიუს მრავალფეროვნებაზე ზრუნავენ. როგორ კრეფენ სოკოს?

კრეფას დილაადრიან იწყებენ, რადგან ამ დროს სოკო ქორფაა. ტყეში ნელი სვლით სოკოს შემგროვებლები ყურადღებით აკვირდებიან იმ ადგილებს, სადაც სოკო იზრდება — ბალახებში, ხავსის ქვეშ და ხეებზე. მკრეფავებს შესაფერისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვიათ, ზურგჩანთაში კი საწვიმარი უდევთ, ვინიცობაა კოკისპირული წვიმა წამოვიდეს. სოკოს შემგროვებელი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, ზიანი არ მიაყენოს მას. ზედმეტ ხმაურსაც ერიდება, რათა არ დაარღვიოს ტყის ბინადართა მყუდროება.

ნახეთ! მან სოკო იპოვა. ის იხრება, ხელუხლებლად ათვალიერებს საჭმელად ვარგისია თუ არა, და ცდილობს, გაიგოს, რომელ სახეობას მიეკუთვნება. მას შემდეგ, რაც სოკოს ამოიცნობს, ის ფრთხილად კიდებს ძირში ხელს, და არა ქუდზე, შემდეგ კი ფრთხილად რხევა–რხევით წყვეტს მას; მიწისგან ასუფთავებს, აშორებს ჭიანაჭამს და დაზიანებულ ნაწილებს. რასაც აშორებს, იმას ნიადაგში ფლობს. გასუფთავებულ სოკოებს კალათაში აწყობს და არა ცელოფნის პარკში ან სხვა რომელიმე სათავსში, სახლში მიტანამდე რომ არ გაუფუჭდეს.

სოკოს შეგროვება შეიძლება სასიამოვნო ჯგუფურ საქმიანობადაც იქცეს. ერთი ქრისტიანი ამბობს: „ჯერ მსახურებაში გავდივართ ჯგუფურად, მსახურების დასრულების შემდეგ კი ერთად ვატარებთ დროს. ხანდახან ახლომდებარე ტყეში მივდივართ სოკოს დასაკრეფად. სანამ სოკოს ვკრეფთ, ერთმანეთს მსახურების შემთხვევებს ვუყვებით და კარგად ვატარებთ დროს“.

სოკოს მომზადება

სოკო ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. ზოგი დელიკატესია და კერძის მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს. მაგალითად, ბევრს უყვარს შემწვარი ქამა სოკოს დიდი ქუდი, რომელიც ხორცის ნაჭერს წააგავს, ზოგს კი — ბოსტნეულთან ერთად მოშუშული ჩვეულებრივი სოკო. სოკოს სანელებლები პიკანტურ გემოს სძენს კერძებს. კარგად გამომშრალი სოკო წონის დასაკლებად გამოიყენება, ზოგი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, სხვა სახეობები მდიდარია ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით.

სოკო ადვილად ფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ აუცილებელია დაკრეფისთანავე მომზადდეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ საჭმელ სოკოს სათანადოდ არ შეინახავთ, მან შეიძლება შხამი გამოყოს. თუ არ გსურთ სოკოს იმავე დღეს ჭამა, შეგიძლიათ გამოაშროთ ან დააკონსერვოთ. ამგვარად, წლის ნებისმიერ დროს შეძლებთ მის გამოყენებას კერძების შესაკაზმად. სოკოს კრეფასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეტი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ცნობარში.

აუცილებელია სიფრთხილე

თუ აქამდე არასდროს დაგიკრეფიათ სოკო და ახლა გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია, ზოგი რამ წინასწარ გამოიკვლიოთ. გაიგეთ, როგორი სოკო იზრდება თქვენს მხარეში. ისწავლეთ საჭმელი სოკოსა და შხამიანი სოკოს ცნობა; შესაძლოა ფარმაცევტისა და მიკოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდეთ. არასოდეს მოწყვიტოთ სოკო მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზია და კარგი სუნი აქვს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა სახის სოკოა, არ მოწყვიტოთ, რადგან ერთ შხამიან სოკოს მთელი კერძის გაფუჭება შეუძლია. თუ სოკოს მირთმევის შემდეგ პირღებინება ან თავის ტკივილი იგრძენით, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს.

იმის მიუხედავად, დადიხართ თუ არა სოკოს საკრეფად, ყოველთვის შეგიძლიათ დატკბეთ მათი სილამაზით. გახსოვდეთ, ასეთი რთული აგებულების, მნიშვნელოვანი და გასაოცარი ქმნილებები შემთხვევითობის შედეგი როდია. ბუნების სხვა საოცრებების მსგავსად, ისინი ღვთის სიბრძნესა და სიყვარულზე მეტყველებენ (დაბადება 1:11—13; ფსალმუნები 103:24).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ტრუფელების შესაგროვებლად სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსა და ღორებს იყენებენ. ჩვეულებრივ სოკოსთან შედარებით ტრუფელები ძვირი ღირს.

[სურათი 26 გვერდზე]

ხარისფაშვა

[სურათი 26 გვერდზე]

Lentinus edodes

[სურათი 26 გვერდზე]

ქამა სოკო

[სურათი 26 გვერდზე]

Agaricus bisporus