უსახლკარობა გლობალური პრობლემა
უსახლკარობა გლობალური პრობლემა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან
„მათ სუნი ასდით და ბინძური ლოთები არიან. არაფერი აბადიათ და კაცმა არ იცის, ვინ არიან. საერთოდ არაფერი გააჩნიათ“. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, — იმ მოხალისეების სიტყვების თანახმად, რომლებიც ჩენსტოხოვაში (პოლონეთი) უსახლკარო ადამიანებს ეხმარებიან, — ჩვეულებრივ, ხალხს სწორედ ასეთი წარმოდგენა აქვს მათზე, ვისაც საკუთარი ჭერი არ გააჩნია.
ჟურნალი „ეკონომისტი“ რამდენიმე წლის წინ იუწყებოდა, რომ ულან–ბატორში (მონღოლეთი) ათასობით უპატრონო ბავშვი ცხოვრობდა ანტისანიტარულ მიწისქვეშა ადგილებში, სადაც საკანალიზაციო მილები და ქალაქის გათბობის სისტემა გადიოდა. მართალია, ამ ბავშვების მდგომარეობით შოკირებულნი იყვნენ, მაგრამ ბევრი მონღოლი მაინც თვლიდა, რომ ეს „მშობლების მეტისმეტი სიზარმაცისა და ბავშვების უყურადღებოდ დატოვების“ შედეგია.
ერთ ქვეყანაში „არამკითხე“ „სიკვდილის რაზმებმა“ ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ბავშვები დახოცეს. რა იყო ამის მიზეზი? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია: „ლათინურ ამერიკაში ბევრი მოსამართლე, პოლიციელი, მასმედიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი — და, საერთოდ, საზოგადოება — თვლის, რომ ქუჩის ბავშვები ზნეობრივ საფრთხეს უქმნიან ცივილიზებულ საზოგადოებას“. იქვე ნათქვამია: „როგორც იუწყებიან, რიო–დე–ჟანეიროს შტატში ყოველდღე, საშუალოდ, სამ უპატრონო ბავშვს კლავენ“.
უსახლკარო ადამიანებზე ფიქრის დროს „შიში და უსიამოვნო გრძნობა გვეუფლება . . . მაგრამ მათაც ჩვენსავით აქვთ შიმშილის შეგრძნება. ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან და მათ რეალური დახმარება სჭირდებათ, — ნათქვამია ზემოთ მოხსენიებულ მოხალისეთა მიერ გამოქვეყნებულ ვებ–გვერდზე. — ვიმედოვნებთ, რომ . . . გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამოეხმაურებიან ამ ხალხის გასაჭირს“. რამდენად სერიოზულია მათი გასაჭირი და კონკრეტულად რას საჭიროებენ ისინი?
[სურათი 2, 3 გვერდებზე]
ამ ჭაში უპატრონო ბავშვები ცხოვრობენ.
[საავტორო უფლება]
Jacob Ehrbahn/Morgenavisen Jyllands-Posten