მაღაზიაში ქურდობა უწყინარი გართობა თუ სერიოზული დანაშაული?
მაღაზიაში ქურდობა უწყინარი გართობა თუ სერიოზული დანაშაული?
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: უნივერმაღის კარი იღება და მაღაზიაში ორი თანამედროვედ ჩაცმული გოგონა შემოდის. გოგონები პარფიუმერიის განყოფილებისკენ მიდიან. ფორმაში ჩაცმული დაცვა ამჩნევს მათ და უკან მიჰყვება. ის მათგან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით ჩერდება და ზურგს უკან ხელებშემოწყობილი თვალყურს ადევნებს. გოგონები ტუშებს და პომადებს ათვალიერებენ და სინჯავენ.
ისინი თვალს აპარებენ დაცვისკენ, რომელიც მზერას არ წყვეტს მათ. გოგონები სულ უფრო მეტად ღელავენ. ერთ-ერთი მათგანი ფრჩხილების ლაქებისკენ მიდის და ორ ბოთლს ერთად იღებს ხელში. მსგავსი ტონის წითელი ფერის ლაქებს ერთმანეთს ადარებს და ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვეღარ გაუგია, რომელი ჯობია. ერთ ბოთლს ადგილზე დებს და მეორე, უფრო მუქი ტონის ლაქს იღებს.
დაცვა ერთი წამით ქვემოთ იხედება, შემდეგ კი საწინააღმდეგო მხარეს ტრიალდება. ამ დროს, გოგონები პომადებსა და ლაქის ბოთლებს შეუმჩნევლად აცურებენ ხელჩანთებში. საკმაოდ მშვიდი გამომეტყველება აქვთ, მაგრამ შინაგანად უზომოდ ღელავენ. ისინი კიდევ რამდენიმე წუთს ჩერდებიან პარფიუმერიის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი ახლა ფრჩხილების ქლიბებს ათვალიერებს, მეორე კი — თვალის ფანქრებს.
შემდეგ გოგონები ერთმანეთს ანიშნებენ და გასასვლელისკენ მიდიან. დაცვა გვერდზე იწევა და გზას უთმობს მათ. გოგონები მას ღიმილს ჩუქნიან. სალაროს მოპირდაპირე მხარეს, მობილური ტელეფონების აქსესუარებს ერთი თვალის შევლებით ათვალიერებენ, ტელეფონის ტყავის ბუდეებზე ჩურჩულით ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან და გასასვლელი კარისკენ მიდიან.
ყოველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად უფრო და უფრო მეტად იპყრობთ შიში და მღელვარება. კარის ზღურბლზე გადაბიჯებისას გოგონებს სიხარულისგან კივილი უნდათ, მაგრამ ხმას არ იღებენ. გარეთ გამოსვლისთანავე, მოზღვავებული ემოციები ლოყებს ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებაზე უკეთესად უწითლებთ. გოგონები შედარებით მშვიდდებიან. ჩქარი ნაბიჯით ეცლებიან მაღაზიას, მაგრამ სიცილისგან თავს ვერ იკავებენ. გონებაში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ: „ჩვენ ეს შევძელით!“
მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონები გამოგონილი პერსონაჟები არიან, აქ აღწერილი სიტუაცია სავსებით რეალურია. როგორც ვარაუდობენ, მაღაზიაში ქურდობა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეში დაახლოებით მილიონჯერ ხდება. გასაყიდ საქონელს სხვა ქვეყნებშიც იპარავენ. მაღაზიაში ქურდობა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაა. როგორც მომდევნო სტატიებიდან დავინახავთ, მას უდიდესი ზიანი მოაქვს. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღაზიებში ქურდობენ, არც კი აღელვებთ თავიანთი მოქმედების უარყოფითი შედეგები. მრავალი მათგანისთვის სირთულეს არ წარმოადგენს გასაყიდი საქონლის საფასურის გადახდა, მაგრამ ისინი ქურდობას არჩევენ. რატომ?