თავი დავიცვათ მომაკვდინებელი გამონაბოლქვისგან
თავი დავიცვათ მომაკვდინებელი გამონაბოლქვისგან
აღმაშფოთებელია სტატისტიკური მონაცემები, რომ ყოველ წუთს ყოველი მესამე ადამიანი საკუთარ სახლში კვდება. ამის მიზეზი ბიომასის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვია.
რა არის ბიომასა? ეს შესაძლოა იყოს გამხმარი ნაკელი, გამხმარი ხეები და რტოები, ბალახი, გამოუსადეგარი ნივთები ან მოსავლის უვარგისი ნარჩენები. როგორც კატმანდუში (ნეპალის დედაქალაქი) გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი აღნიშნავს, მსოფლიო მოსახლეობის მესამედი — ორ მილიარდზე მეტი ადამიანი, ბიომასას საწვავ საშუალებად იყენებს გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად (The Kathmandu Post of Nepal). ეს ხშირად ღარიბებისთვის ერთადერთი საწვავი საშუალებაა.
სამწუხაროდ, წვის დროს ბიომასა გაზს გამოყოფს, რაც მომაკვდინებელია. როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? „იმისათვის, რომ სახლი დაბინძურებული ჰაერისგან გაიწმინდოს, არსებობს მარტივი გამოსავალი: ბიომასა სახლის გარეთ უნდა დაიწვას ან მისგან წარმოქმნილი გამონაბოლქვი სახლიდან უნდა გადიოდეს“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბევრ ქვეყანაში ადამიანებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება (The Intermediate Technology Development Group).
ეს ორგანიზაცია გვირჩევს, რომ საჭმელი სახლში არ უნდა მომზადდეს. მაგრამ, თუ ეს არ არის შესაძლებელი, ანუ მოსახერხებელი? მაშინ, როგორც ზემოთ მოხსენიებული ორგანიზაცია გვირჩევს, სახლში სავენტილაციო სისტემა უნდა გაუმჯობესდეს. ამისათვის ორი საშუალება არსებობს: ჭერსა და კედელს შორის ხვრელების ამოჭრა (რომლებსაც მავთულის ბადეები უკეთდება, რომ პატარა ცხოველები არ შემოძვრნენ) და ფანჯრებზე დარაბების გაკეთება (რომლებიც მყუდრო გარემოს ქმნის). ეს ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას და გამონაბოლქვის გარეთ გასვლას. მაგრამ ხვრელების გაკეთება არ არის პრაქტიკული, როდესაც საწვავი გასათბობად გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სხვა მარტივმა მეთოდმა გაგვიწიოს დახმარება.
„გამონაბოლქვისგან თავის დასაცავად აირის გამწოვი ყუთი ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და ეფექტური საშუალებაა“, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ორგანიზაცია. ამ ყუთის დამზადება შეიძლება ლითონის თხელი ფირფიტისგან, ან აგურისა და ტალახისგან, რაც საკმაოდ იაფი ჯდება. ყუთის განიერი სარქველები ცეცხლის დასანთები ადგილის ზემოთ თავსდება; ყუთს აგრეთვე აქვს საკვამური, რომლის საშუალებითაც გამონაბოლქვი გარეთ გადის. სპეციალისტების აზრით, როდესაც სავენტილაციო სისტემას აუმჯობესებენ და აირის გამწოვ ყუთს იყენებენ, ჰაერის დაბინძურების საშიშროება თითქმის 80 პროცენტით მცირდება. ისინი, რომლებიც ამ ყუთს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ უფრო ჯანმრთელები და ენერგიულები არიან, უფრო მეტად იცავენ სისუფთავეს და შინ ყოფნაც სიამოვნებთ. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ ძალიან მარტივი საშუალებითაც კი შესაძლებელია ცხოვრების გაუმჯობესება.
[სურათი 15 გვერდზე]
სამზარეულო აირის გამწოვი ყუთით, ჭერსა და კედელს შორის განიერი ხვრელითა და ფანჯრებით (კენია).
[საავტორო უფლება]
Dr. Nigel Bruce/www.itgd.org