არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იწონებს ღმერთი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების ქორწინებას?

იწონებს ღმერთი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების ქორწინებას?

ბიბლიის თვალსაზრისი

იწონებს ღმერთი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების ქორწინებას?

საეკლესიო ცერემონიალის დროს, ხელიხელჩაკიდებული მამაკაცები კარგად ცნობილი ეპისკოპოსის წინაშე დგანან. ისინი „აღთქმას დებენ . . . ღვთისა და ეკლესიის წინაშე“. ოქროსფერით გაწყობილი თეთრი ტანსაცმლით შემოსილი ეპისკოპოსი სახალხოდ აკურთხებს მათ შეუღლებას; ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, იქ შეკრებილი ხალხი კი მქუხარე ოვაციებით ხვდება ამას. ეპისკოპოსის სიტყვების თანახმად, ასეთი ჰომოსექსუალური კავშირი „წმინდაა და კურთხევას იმსახურებს . . . იგი იმსახურებს იმას, რომ მივიჩნიოთ იმად, რაც სინამდვილეშია — წმინდად“.

სხვა რელიგიური წინამძღოლები კი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების დაქორწინებას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. „ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ იმ [ეპისკოპოსის] მოქმედებით, — აღნიშნა სინთია ბრასტმა, ამერიკის ანგლიკანური საბჭოს წარმომადგენელმა, ეპისკოპატის კონსერვატიული ჯგუფის წევრმა. — ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების კურთხევა აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას ქორწინებასთან და სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით“. შემდეგ კი დასძინა: „სქესობრივი ურთიერთობა . . . დასაშვებია კაცსა და ქალს შორის, რომლებიც წმინდა ქორწინებით არიან დაკავშირებული“.

ამ საკითხის ირგვლივ მწვავე დებატები მხოლოდ რელიგიურ წრეებში არ იმართება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ საკითხის გარშემო გამართული პოლიტიკური დისკუსიებიც უფრო და უფრო მწვავდება, რადგან ამასთან დაკავშირებულია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის სირთულეები; მაგალითად, პენსიები, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და გადასახადები.

საკითხი, რომელიც სამოქალაქო უფლებებსა და მათ კანონიერ აღიარებას ეხება, ხშირად ძალიან რთულია და, ჩვეულებრივ, ამ დროს ხალხის აზრი ორად იყოფა. ჭეშმარიტი ქრისტიანები სიფრთხილეს ავლენენ და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ — თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებში ჩარევას (იოანე 17:16) *. და მაინც, ზოგიერთები, რომლებიც ბიბლიას პატივს სცემენ, გაოგნებულნი არიან ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებითა და ჰომოსექსუალიზმით. თქვენ რა თვალსაზრისი გაქვთ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებასთან დაკავშირებით? როგორია ღვთის ნორმები ქორწინებასთან დაკავშირებით? რა გავლენას ახდენს ამ საკითხის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ღმერთთან თქვენს ურთიერთობაზე?

ნორმებს ჩვენი შემოქმედი ადგენს

ჩვენმა შემოქმედმა ქორწინებასთან დაკავშირებით წესები დაადგინა დიდი ხნით ადრე, ვიდრე მთავრობები ქორწინებისთვის კანონებს მიიღებდნენ. ბიბლიის პირველი წიგნი გვეუბნება: „მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24). „ბიბლიური სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, „დედაკაცად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „მიანიშნებს მდედრობითი სქესის ადამიანზე“. იესომ დაადასტურა, რომ ისინი, რომლებიც შეუღლდებოდნენ, ‘კაცი და ქალი’ იქნებოდნენ (მათე 19:4).

ასე რომ, ღმერთის განზრახვით ქორწინება იქნებოდა მუდმივი, სადაც ინტიმური კავშირი კაცსა და ქალს შორის დამყარდებოდა. მამაკაცი და დედაკაცი შექმნილნი არიან ერთმანეთის შემავსებლებად, ისე რომ, მათ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ერთმანეთის ემოციური, სულიერი და სექსუალური მოთხოვნილებები.

სოდომისა და გომორას შესახებ კარგად ცნობილი ბიბლიური ამბიდან ჩანს ღვთის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით. ღმერთმა განაცხადა: „გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე, და დიდად მძიმეა მათი ცოდვები“ (დაბადება 18:20). მათი უზნეობის მასშტაბები კარგად ჩანს იმ შემთხვევიდან, როცა ორი სტუმარი ეწვია მართალ კაცს, ლოტს. «სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი“» (დაბადება 19:4, 5). ბიბლიაში ნათქვამია: „მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე“ (დაბადება 13:13).

კაცები „გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ — მამაკაცები მამაკაცების მიმართ“ (რომაელები 1:27). ისინი „აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებს და დაიწყეს არაბუნებრივად მოქმედება“ (იუდა 7). იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალისტთა უფლებების დასაცავად გამოსვლები ფართოდ არის გავრცელებული, ზოგი წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალურ კავშირს „არაბუნებრივი“ ეწოდოს. მაგრამ განა ღმერთი არ ადგენს, რა არის ბუნებრივი და რა — არაბუნებრივი? ძველ დროს ღმერთმა თავის ხალხს უბრძანა: „მამაკაცთან არ დაწვე, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა“ (ლევიანები 18:22).

ღვთის წინაშე ანგარიშვალდებულნი

ბიბლია ნათლად აღნიშნავს, რომ ღვთისთვის ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია. მას აგრეთვე არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც ‘სხვებს უწონებენ ამგვარ საქმეებს’ (რომაელები 1:32). „ქორწინებას“ არ შეუძლია ღირსება შესძინოს ჰომოსექსუალიზმს. ღმერთი გვეუბნება, რომ „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“, რაც გამორიცხავს ჰომოსექსუალურ კავშირს, რომელსაც ღმერთი სისაძაგლედ მიიჩნევს (ებრაელები 13:4).

მიუხედავად ამისა, ღვთის დახმარებით ადამიანს შეუძლია ისწავლოს, „მოერიდოს სიძვას“, რაშიც ასევე იგულისხმება ჰომოსექსუალური ურთიერთობები და შეძლოს „თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით“ (1 თესალონიკელები 4:3, 4). გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ნეითანმა *, რომელიც წარსულში ჰომოსექსუალისტი იყო, თქვა: „მეგონა ვერასოდეს შევძლებდი ცხოვრების ამ წესისგან თავის დაღწევას“. მაგრამ ის შეიცვალა „ჩვენი ღვთის სულის“ დახმარებით (1 კორინთელები 6:11). როგორც ნეითანმა დაინახა, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც იეჰოვასთვის რთული იქნება; მას შეუძლია ადამიანს მისცეს ძალა და დაეხმაროს, შეესაბამებოდეს მის მოთხოვნებს, რათა მისგან კურთხევები მიიღოს (ფსალმუნები 45:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის კანონები ეწინააღმდეგება იეჰოვას მოწმეთა ბიბლიით განსწავლულ სინდისს, ისინი არ გამოხატავენ პროტესტს რაიმე სახით და არავითარ მონაწილეობას არ იღებენ აქციებში, რომლებიც ასეთი კანონების შესაცვლელად იმართება.

^ აბზ. 14 სახელი შეცვლილია.

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Photo by Chris Hondros/Getty Images