მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ტანჯვა. დიდ მადლობას გიხდით რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „რატომ უშვებს ღმერთი ჩვენს ტანჯვას?“ (8 აპრილი, 2004). ვარ 14 წლის. ახლახან ორი უახლოესი ადამიანი — ბაბუა და მამიდა — დამეღუპა. ვიცი, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე მათ სიკვდილში. ამის მიზეზი სატანაა, რომელსაც ცოტა დროღა აქვს დარჩენილი. ამ სტატიამ ნამდვილად მანუგეშა. გთხოვთ, განაგრძოთ ასეთი სტატიების წერა. კიდევ ერთხელ მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ.
ბ. ბ. (შეერთებული შტატები).
ახლახან, გოგონა, რომელზეც უნდა დავქორწინებულიყავი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს საშინელი ტრაგედია იყო ჩემთვის, კრებისთვის და განსაკუთრებით კი მისი მშობლებისთვის. მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ დამეხმარა ღრმა მწუხარების დაძლევაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „რატომ უშვებს ღმერთი ჩვენს ტანჯვას?“. ის მართლაც დროულად დაიბეჭდა.
ი. დ. (გერმანია).
თავიდან არ მინდოდა სტატიის წაკითხვა. მეგონა, რომ შინაარსის კითხვის დროს სევდა დამეუფლებოდა. ორი წლის წინ ავადმყოფობის გამო უფროსი ძმა დამეღუპა და ჯერ კიდევ არ მომშუშებია მისი სიკვდილით გამოწვეული ემოციური ჭრილობა. მაგრამ სტატიამ შემახსენა, რომ იეჰოვა არასდროს გვტოვებს დახმარების გარეშე. ვგრძნობდი, რომ ტკივილი თანდათან შემიმსუბუქდა და ძალები ვიპოვე ამ არასტაბილურ ქვეყნიერებაში ცხოვრების გასაგრძელებლად.
ს. ჰ. (იაპონია).
შაქრები. რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სტატია „სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები“ (8 აპრილი, 2004) დაწერილი იყო იმ გავრცელებული სამკურნალო საშუალებების რეკლამირებისთვის, რომლებიც თითქოსდა კურნავს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის კიბოს. არ მსურს თქვენი სტატიის გაკრიტიკება. მაგრამ მაწუხებს ის, რომ ხალხმა ეს სტატია შეიძლება ფინანსური მიზნებისთვის ან თავიანთი იდეების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
პ. კ. (ავსტრალია).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: სტატია „სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრები“ უბრალოდ ინფორმაციას გვაწვდის ბიოლოგთა კვლევების შედეგებზე, რომელთა მიხედვითაც შაქრები მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სტატია ნამდვილად არ იყო დაწერილი ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამირებისთვის. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს სამედიცინო მკურნალობის რომელიმე მეთოდს. თითოეულ ქრისტიანი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მის მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი გონივრული იყოს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიურ პრინციპებს.
გადაჭარბებული სმა. მადლობა სტატიისთვის «ბიბლიის თვალსაზრისი: „ნამდვილად ცუდია ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება?“» (8 მარტი, 2004). ახლა ვხვდები, რომ მე და ჩემს ცოლს შორის უთანხმოებების მიზეზი ალკოჰოლის გამოყენება იყო. ვხედავ, რომ ბევრ ფულს ვფლანგავდი სასმელებში. ამჟამად უფრო ნაკლებს და უფრო იშვიათად ვსვამ.
ჯ. კ. (ტანზანია).
კროსვორდები. დიდი სიამოვნებით ვავსებ „გამოიღვიძეთ!“–ში გამოქვეყნებულ კროსვორდებს. მათი მეშვეობით ბევრ რამეს ვსწავლობ. თავიდან სწორი პასუხების მოსაძებნად ხშირად ბიბლიაში ვიხედებოდი. ახლა კი იშვიათად მიწევს ბიბლიის გადაშლა. ამაში პირადი ბიბლიის შესწავლის გეგმა მეხმარება. სწორედ კროსვორდებმა წამახალისა იმისკენ, რომ ბიბლიის შესწავლა მქონოდა.
ვ. კ. (პოლონეთი).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: კროსვორდები, რომლებიც „გამოიღვიძეთ!“–ში იბეჭდება, ზოგ ენაზე არსებულ გამოცემაში შეცვლილია ბიბლიური ვიქტორინით, სახელწოდებით „იცით თუ არა?“