არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი უნდა იყოს კარგი მამა?

როგორი უნდა იყოს კარგი მამა?

როგორი უნდა იყოს კარგი მამა?

ჟურნალ „ეკონომისტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხებოდა ოჯახური მდგომარეობის გაუარესებას, მკითხველის ყურადღებას ასეთი სათაურით იპყრობდა: „ბავშვის ყოლა ადვილია, მაგრამ კარგი მამობა რთული“.

ცხოვრებაში ბევრი რამ რთული მისაღწევია, მაგრამ მათ შორის ურთულესი და, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი კარგი მამობაა. ყველა მამა უნდა ცდილობდეს, კარგი მამა იყოს, რადგან ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

რატომ არის რთული?

მარტივად რომ ვთქვათ, კარგი მამობა რთული პირველ რიგში იმიტომაა, რომ მემკვიდრეობით — მშობლებმაც და შვილებმაც — არასრულყოფილება მივიღეთ. „სიყრმიდანვეა მისი [ადამიანის] გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ“, — ნათქვამია ბიბლიაში (დაბადება 8:21). ამიტომაც თქვა ბიბლიის ერთმა დამწერმა: „ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“ (ფსალმუნები 50:7; რომაელები 5:12). მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგად ცუდის კეთებისკენ ვართ მიდრეკილი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც რთულია კარგი მამობა.

ეს ქვეყნიერებაც უდიდეს სირთულეს გვიქმნის. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ბიბლია გვიხსნის, „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“, რომელსაც „ეშმაკი და სატანა ჰქვია“. ბიბლია სატანას „ამ სისტემის ღმერთსაც“ უწოდებს. გასაკვირი არ არის იესოს ნათქვამი, რომ, მის მსგავსად, არც მისი მიმდევრები უნდა იყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:9; 2 კორინთელები 4:4; იოანე 17:16).

კარგი მამა რომ ვიყოთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს ხელისშემშლელი ფაქტორები: მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება, სატანა ეშმაკი და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ეს ქვეყნიერება. ეს სირთულეები ნამდვილად არსებობს და წარმოსახვითი არ არის! მაგრამ სად შეიძლება იმის სწავლა, თუ როგორ დავძლიოთ ისინი და როგორ გავხდეთ კარგი მამა?

ღვთისა და იესოს მაგალითი

ზემოთ ჩამოთვლილი წინააღმდეგობების დასაძლევად მამამ ბიბლიას უნდა მიმართოს. მასში შესანიშნავი მაგალითებია მოცემული. იესომ საუკეთესო მაგალითისკენ მიმართა მოწაფეების ყურადღება, როდესაც მათ ლოცვა ასწავლა: „ჩვენო ზეციერო მამა“. ჩვენს ზეციერ მამაზე საუბრისას ბიბლია მარტივად ამბობს: „ღმერთი სიყვარულია“. რისკენ უნდა აღძრას მამები ღვთის ამ შესანიშნავმა მაგალითმა? „მიჰბაძეთ ღმერთს . . . და იარეთ სიყვარულში“, — მოგვიწოდა პავლე მოციქულმა (მათე 6:9, 10; 1 იოანე 4:8; ეფესოელები 5:1, 2).

თუ მამა ხართ, ყურადღება მიაქციეთ იესოს ცხოვრების ერთ ეპიზოდს და დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ღმერთსა და მის ძეს შორის არსებული დამოკიდებულებიდან. მათეს 3:17-ში ნათქვამია, რომ იესოს წყალში ნათლობისას ციდან ღვთის ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. რას ვსწავლობთ აქედან?

პირველი: დაფიქრდით, რა გრძნობა დაეუფლება ბავშვს, როდესაც მშობელი ვინმეს ამაყად ეუბნება: „ეს ჩემი ვაჟკაცია“ ან „ეს ჩემი ქალიშვილია“. ბავშვებს ძალიან უხარიათ, როცა მშობელი ასეთ ყურადღებას აქცევს; განსაკუთრებით კი, როდესაც მათ წარმატებებზე ლაპარაკობენ. როდესაც ბავშვს აქებენ, ის უფრო მეტად ცდილობს, უკეთესი და დამჯერი იყოს.

მეორე: ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთმა იესოს „საყვარელი ძე“ უწოდა, რითაც თავისი გრძნობა გამოხატა. ასეთი ალერსიანი სიტყვები, უდავოა, იესოს გულს გაუთბობდა. თქვენი შვილებიც ძალიან გაიხარებენ და უფრო მეტის კეთების სტიმული მიეცემათ, თუ სიტყვიერადაც დაარწმუნებთ თქვენს სიყვარულში და არც დროსა და ყურადღებას მოაკლებთ.

მესამე: ღმერთმა უთხრა თავის ძეს: „მე მოგიწონე“ (მარკოზი 1:11). ისიც მნიშვნელოვანია, რომ მამამ კმაყოფილება გამოთქვას შვილების მიმართ. ცხადია, ბავშვი ხშირად უშვებს შეცდომებს. შეცდომებისგან ხომ არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი. მაგრამ, როგორც მამა, ეძებთ შესაძლებლობებს, შეაქოთ შვილი და კმაყოფილება გამოთქვათ, როდესაც ხედავთ მის მცდელობებს?

იესომ ბევრი რამ ისწავლა თავისი მამისგან. დედამიწაზე ყოფნისას მან სიტყვითა და საქმით აჩვენა, როგორ მოექცეოდა ზეციერი მამა თავის მიწიერ შვილებს (იოანე 14:19). მაშინაც კი, როდესაც დაკავებული და დაძაბული იყო, იესომ დრო გამოყო ბავშვებთან სასაუბროდ. „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“, — უთხრა მან თავის მოწაფეებს (მარკოზი 10:14). მამებო, შეგიძლიათ უფრო სრულად მიჰბაძოთ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს?

აუცილებელია კარგი მაგალითი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მამებმა კარგი მაგალითი მისცენ შვილებს. თქვენი მცდელობა, ‘იზრუნოთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ’, შესაძლოა უშედეგო იყოს, თუ თავად არ ემორჩილებით ღვთის მითითებებს და ღვთის პრინციპებით არ ხელმძღვანელობთ (ეფესოელები 6:4). ღვთის დახმარებით შეძლებთ შვილებზე ზრუნვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას.

განვიხილოთ ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმის, ვიქტორ გუტშმიდტის, მაგალითი. რელიგიური მრწამსის გამო მას 1957 წლის ოქტომბერში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სახლში მან მეუღლე, პალინა, და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დატოვა. მას ჰქონდა იმის უფლება, რომ ციხიდან ოჯახისთვის წერილები მიეწერა, მაგრამ სასტიკად ეკრძალებოდა ღმერთსა და რელიგიურ თემაზე რაიმეს დაწერა. ვიქტორს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ რთული მდგომარეობიდანაც კი კარგი მამობა გაეწია შვილებისთვის. მან იცოდა, რომ ბავშვებისთვის ღვთის შესახებ ჭეშმარიტების სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. როგორ ახერხებდა ის ამას?

«საბჭოთა ჟურნალებში „ახალგაზრდა ნატურალისტი“ და „ბუნება“ მასალებს ვპოულობდი, — გვიყვება ვიქტორი. ღია ბარათებზე ცხოველებსა და ადამიანებს ვხატავდი და თან ვურთავდი რაიმე მოთხრობას ან შთაბეჭდილებებს ბუნების შესახებ».

„როგორც კი ამ ბარათებს ვიღებდით, მაშინვე ბიბლიურ თემებს ვუკავშირებდით, — იხსენებს პალინა. — მაგალითად, როდესაც ბარათებზე ლამაზი ბუნება, ტყე ან მდინარეები იყო დახატული, ვკითხულობდით ესაიას 65–ე თავს“, სადაც ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.

ვიქტორის ქალიშვილი, იულია, ამბობს: „შემდეგ დედა ჩვენთან ერთად ლოცულობდა, ჩვენ კი ვტიროდით ხოლმე. ამ ბარათებმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს აღზრდაში“. პალინა ამბობს, რომ შედეგად „ბავშვებმა ღმერთი პატარაობიდანვე ძალიან შეიყვარეს“. დღეს როგორი მდგომარეობაა მათ ოჯახში?

ვიქტორი ამბობს: „ჩემი ქალიშვილები ქრისტიან უხუცესებზე არიან დაქორწინებულნი. ორივეს ძლიერი სულიერი ოჯახი აქვს და მათი შვილებიც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას“.

კარგი მაგალითის მიცემა ხშირად არა მარტო საზრიანობას მოითხოვს, არამედ უდიდეს ძალისხმევასაც. ბავშვის გულზე ყველაზე მეტად შეიძლება იმის დანახვამ იმოქმედოს, თუ როგორ ცდილობს მამა კარგი მაგალითის მიცემას. ერთი ვაჟი, რომელიც მრავალი წელი სრული დროით მსახურობდა, მამას ემადლიერება და ამბობს: „ხანდახან მამა ისეთი დაღლილი ბრუნდებოდა სამსახურიდან, რომ აღარაფრის თავი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყოველკვირა გვქონდა ბიბლიის ოჯახური შესწავლა. ეს დაგვეხმარა ოჯახური შესწავლის სერიოზულობის დანახვაში“.

აშკარაა, რომ კარგი მამობის გასაწევად მნიშვნელოვანია კარგი მაგალითის მიცემა როგორც სიტყვით, ისე საქმით. თქვენ ასე უნდა მოიქცეთ, თუ გინდათ, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ბიბლიური იგავის ჭეშმარიტება: ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6, სსგ).

ასე რომ, გახსოვდეთ, მარტო თქმით ვერაფერს გახდებით. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია, ანუ თქვენ მიერ მიცემული მაგალითი. ბავშვთა აღზრდა–განათლების ერთმა კანადელმა სპეციალისტმა დაწერა: „ქცევის წესებს [ისე როგორც ჩვენ გვსურს] ბავშვებს საუკეთესოდ იმ შემთხვევაში ვასწავლით, თუ თავად ვიქცევით ასე“. მართლაც, თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა დააფასონ სულიერი საკითხები, აუცილებელია, თავადვე აკეთებდეთ ამას.

გამონახეთ დრო შვილებისთვის!

ბავშვებმა უნდა დაინახონ თქვენი კარგი მაგალითი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთვის დრო გამოყოთ — საკმაო დრო და არა აქა–იქ რამდენიმე წუთი. გონივრული იქნება ბიბლიური რჩევის გათვალისწინება დროის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შვილების საკეთილდღეოდ უარი უნდა თქვათ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე (ეფესოელები 5:15, 16). სინამდვილეში, რა არის შვილებზე მნიშვნელოვანი — ფართოეკრანიანი ტელევიზორი, სპორტი, გართობა, ლამაზი სახლი თუ სამსახური?

მამებს, რომელთა შვილებიც უზნეო ცხოვრების გზას ადგებიან ან უგულებელყოფენ სულიერ საკითხებს, ხშირად სინდისი ქენჯნით და მომხდარის გამო საკუთარ თავს ადანაშაულებენ. ისინი წუხან, რომ შვილებს საკმარისი დრო არ დაუთმეს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროებდნენ მამის ყურადღებას.

გახსოვდეთ, სანამ თქვენი შვილები პატარები არიან, მანამ უნდა იფიქროთ, რა შედეგებს მოგიტანთ თქვენი არჩევანი. ბიბლია შვილებს უწოდებს „მემკვიდრეობას უფლისგან“. სხვა სიტყვებით, შვილები თვით ღმერთმა მოგანდოთ აღსაზრდელად (ფსალმუნები 126:3). ამიტომ ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ მათზე ღვთის წინაშე აგებთ პასუხს!

დახმარება არსებობს

კარგი მამა სიხარულით იღებს დახმარებას შვილების სასარგებლოდ. როდესაც ანგელოზმა მანოახის ცოლს უთხრა, რომ ვაჟი შეეძინებოდა, მანოახმა იეჰოვასადმი ილოცა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება“ (მსაჯულები 13:8, 9). ისევე როგორც დღევანდელ მშობლებს, რა სახის დახმარება სჭირდებოდა მანოახს? მოდი ვნახოთ.

კეიპტაუნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) უნივერსიტეტის თანამშრომელი ბრენტ ბურგოინი ამბობს: „უდიდესი საჩუქარი, რაც კი შეიძლება მშობელმა შვილს მისცეს, მისთვის ფასეულობების სწავლაა“. იმის დანახვა, რომ ბავშვებისთვის ასეთი ფასეულობების ჩანერგვა აუცილებელია, იაპონიაში გამომავალ გაზეთ „დეილი იომიურში“ გამოქვეყნებული ანგარიშიდანაც შეიძლება. მასში ნათქვამია: „ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ იაპონელი ბავშვების 71 პროცენტისთვის მამებს არასოდეს უთქვამთ, რომ ტყუილი არ უნდა თქვან“. განა ეს სამწუხარო ფაქტი არ არის?

ვინ შეიძლება უზრუნველგვყოს სანდო ფასეულობებით? ზუსტად მან, ვინც მანოახს მისცა მითითება. მანოახს ღმერთი დაეხმარა! ჩვენს დასახმარებლად და სასწავლებლად ღმერთმა თავისი ძვირფასი ძე, იესო, გამოგზავნა. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ იესოს მასწავლებელს ანუ მოძღვარს. იესოს სწავლებები შესულია წიგნში „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომელიც მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი. გამოიყენეთ ეს შესანიშნავი წიგნი თქვენი ბავშვების სასწავლებლად.

წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ ფასეულობებზე ამახვილებს ყურადღებას. ის საინტერესო იმითაც არის, რომ მასში მოცემულ 160–ზე მეტ სურათს საფიქრებელი კითხვები აქვს დართული. მაგალითად 22–ე თავში, რომლის სათაურიცაა „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ“, სურათთან ახლოს ასეთ აზრს ვკითხულობთ: «ბიჭმა, რომელიც სახლში ბურთს თამაშობდა, მამასთან უარყო: „არა, მე სახლში ბურთით არ მითამაშია“. სწორად მოიქცა ის, როცა თქვა, არ მითამაშიაო?“»

ძლიერი და აღმძვრელი გაკვეთილები ასევე მოცემულია თავებში, რომელთა სათაურებია: „მორჩილება დაგიცავს“, „არ აჰყვე ცდუნებას“, „სიკეთის გაკვეთილი“, „არასდროს იქურდო!“, „ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს?“, „როგორ გავახაროთ ღმერთი?“, რატომ უნდა ვიშრომოთ?“ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ წიგნში შესული 48 თემიდან.

წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღძრათ ბავშვი, მიმართოს ყოველგვარი სიბრძნის წყაროს — ჩვენს ზეციერ მამას — იეჰოვას. იესო, დიდებული მასწავლებელი, ყოველთვის ასე იქცეოდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი დიდად დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს, იცხოვროთ იეჰოვასთვის მოსაწონი ბედნიერი ცხოვრებით, რასაც მარადიული კეთილდღეობა მოჰყვება“ *.

აშკარაა, რომ კარგი მამობის გასაწევად საჭიროა, შვილებს კარგი მაგალითი მისცეთ, საკმაო დრო გაატაროთ მათთან და დაეხმაროთ, იცხოვრონ ღვთის ნორმებით, რომლებსაც ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს.

[სქოლიო]

^ აბზ. 35 იეჰოვას მოწმეებს ოჯახების დასახმარებლად კიდევ გამოცემული აქვთ წიგნები: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

[სურათი 8 გვერდზე]

ციხეში ყოფნის მიუხედავად, ვიქტორ გუტშმიდტმა შეძლო, კარგი მამა ყოფილიყო.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

რწმენის გამო ციხეში ყოფნისას ვიქტორი ასეთ სურათებს ხატავდა შვილების სასწავლებლად.

[სურათი 9 გვერდზე]

ვიქტორის ქალიშვილები 1965 წელს.

[სურათი 10 გვერდზე]

მამები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ შვილების სწავლებაში.