არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავისუფლება აღკვეთილნი, მაგრამ მაინც თავისუფალნი!

თავისუფლება აღკვეთილნი, მაგრამ მაინც თავისუფალნი!

თავისუფლება აღკვეთილნი, მაგრამ მაინც თავისუფალნი!

„გამოიღვიძეთ!“ისთვის მექსიკიდან

მექსიკის აღმოსავლეთ-ცენტრალური სანაპიროდან დაახლოებით 90 კილომეტრში მდებარეობს ისლას მარიასის კუნძულები *. წყნარი ოკეანის ამ კუნძულთაგან ერთ-ერთი, მარია მადრე, 1905 წლიდან მექსიკის ფედერალურ შრომა-გასწორების კოლონიად აქციეს. ერთ დროს ამ კუნძულზე გადასახლება შემაძრწუნებელ სასჯელად ითვლებოდა, დღეს კი აქ გადმოსვლის მსურველთა შორის შეიძლება კარგი ყოფაქცევის პატიმრებსაც შეხვდეთ!

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ აქ ზოგ პატიმარს ოჯახთან ერთად ცხოვრების უფლებას აძლევენ. გისოსებიანი საკნების ნაცვლად მსჯავრდებულები პატარა სახლებში ცხოვრობენ. ამ დასახლებებში პატარა ქალაქისათვის ჩვეული მრავალი მომსახურება არსებობს. ტელეფონი, ტელეგრაფი, ტელევიზია და ფოსტა პატიმრებს გარე სამყაროსთან აკავშირებს. მართალია, საშუალო განათლების მისაღებად ბავშვებს კუნძულის დატოვება უწევთ, მაგრამ მათთვის აქ არსებობს დაწყებითი სკოლა. მიუხედვად იმისა, რომ კუნძულამდე მისასვლელი გზა მკაცრად კონტროლდება, კვირაში ერთხელ დადის სამხედრო გემი, რომლის მეშვეობითაც ხდება მნახველთა გადაყვანა და კუნძულის მომარაგება.

რისი თქმა შეიძლება დაპატიმრებულ პირთა გამოსწორებაზე? პატიმრებისთვის, რომლებიც თავიანთ თავს „კოლონოებს“ (ანუ ახალმოსახლეებს) უწოდებენ, სავალდებულოა დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება. მათთვის ეს, ერთი მხრივ, გათავისუფლების შემდგომი ცხოვრების „პრაქტიკაა“ და, მეორე მხრივ, მათზე გაწეული ხარჯების დაფარვის საშუალება. „კოლონოებს“ ასევე აქვთ იმის თავისუფლება, რომ შემოსავლის მიზნით წამოიწყონ პირადი საქმიანობა, მაგალითად იქონიონ მეურნეობა ან დაამზადონ რაიმე ნაკეთობები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ არსებობს პატიმართათვის გათვალისწინებული რეჟიმი. კოლონია-დასახლებაში მცხოვრებთაგან ყველა უნდა გამოცხადდეს დილის გაძახებაზე, ხოლო საღამოს 9 საათის შემდეგ მათ არა აქვთ გარეთ გასვლის უფლება.

სულიერი გათავისუფლება ისლას მარიასზე

1985 წლისთვის ერთ–ერთმა „კოლონომ“, რომლის ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, სულიერი დახმარება ითხოვა. მასთან წერილების საშუალებით დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოყალიბდა ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფი და ორგანიზება გაეწია ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებას. ხელისუფლების ნებართვით იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს კუნძულის რეგულარულად მონახულება, რაც მათთვის მასატლანიდან 13–საათიან ღამის მგზავრობას ნიშნავდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ღვთის სიტყვა შეისწავლა დაახლოებით 40–მა პატიმარმა, რომლებიც მოინათლნენ და, სასჯელის მოხდის შემდეგ, გათავისუფლდნენ. ამ სტატიის მომზადების პერიოდში კუნძულზე 6 მონათლული მოწმე იყო და ქრისტიანულ შეხვედრებს საშუალოდ 25 კაცი ესწრებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს აოცებთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი ძალისხმევა და პატიმრებს, რომლებიც მოწმეები ხდებიან, ყველა პატივს სცემს. ამას წინათ, შრომა–გასწორების კოლონიის დირექტორის მოადგილემ მნახველად მისულ ერთ-ერთ მოწმეს უთხრა: „ნამდვილად კარგი საქმე კეთდება იმით, რომ ფიქრობთ პატიმრებზე და მხარში გვიდგეხართ მათ ფიზიკურ და ზნეობრივ კეთილდღეობაზე ზრუნვაში! ჩვენ რაც შეგვიძლია, ყოველმხრივ დაგეხმარებით“. მან ძმებს შესთავაზა ერთი შენობის შეკეთება, სადაც მათ შეხვედრების ჩატარების საშუალება ექნებოდათ.

ერთმა მონათლულმა მოწმემ — რომელიც უკვე ათი წელია, რაც სასჯელს იხდის — თქვა: „როცა სტუმრად მოსული ძმები მეკითხებიან, მსურს თუ არა აქედან წასვლა, მათ ვეუბნები: მე აქ მსურს მსახურების გაგრძელება; ამას ჩემს სამქადაგებლო უბნად ვთვლი, რადგანაც საქმე საკმაოდ ბევრია. იმის სურვილი კი, რა თქმა უნდა, მაქვს, რომ შემეძლოს კონგრესებზე წასვლა და სხვა მრავალ ქრისტიანთან შეხვედრა“. კარგი ყოფაქცევის გამო ამ ძმას მომდევნო წელს გაათავისუფლებენ.

ისლას მარიასზე არსებული სასჯელის მოხდის სისტემას, როგორც იტყობინებიან, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმაში, რომ პატიმრები საზოგადოებისთვის სასარგებლო წევრებად მოამზადოს. თუმცა კი ჭეშმარიტი სულიერი გათავისუფლება და გამოსწორება, ‘ტყვეების გათავისუფლება’ და ‘პატიმართა ბორკილების ახსნა’ სამეფოს შესახებ ცნობის შედეგად ხდება (ლუკა 4:18; ესაია 61:1).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 თუმცა ამ კუნძულებს ლას-ტრეს მარიასი, ანუ სამი მარიასიც, ეწოდება, ეს არქიპელაგი ოფიციალურად აერთიანებს ოთხ კუნძულს. მათ შორის სამი დაუსახლებელია.

[ჩარჩო/სურათები 20 გვერდზე]

ყოფილი ნარკომანი დღეს ქრისტიანი უხუცესია

გიერმოუ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მათი გამოყენების გამო დააპატიმრეს. იგი ნარკოტიკების მიღებას მას შემდეგაც კი აგრძელებდა, რაც ისლას მარიასზე გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, მისი ყურადღების მიღმა არ დარჩა რამდენიმე პატიმარი, რომელთაც ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის გამო დიდი ხნით ჰქონდათ აღკვეთილი თავისუფლება. ისინი კარგად გამოიყურებოდნენ, ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდათ და სამაგალითო პატიმრები იყვნენ. როცა მან გაიგო, რომ ეს პატიმრები იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდნენ, შეხვედრაზე გაჰყვა მათ. მოგვიანებით მასთან ბიბლიის რეგულარული შესწავლა იქნა დაწყებული.

გიერმოუ საოცრად შეიცვალა და ამის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. მან დაუყოვნებლივ მოძებნა იეჰოვას მოწმეები, რათა შესწავლა გაეგრძელებინა. დღეს ის ქრისტიანულ კრებაში უხუცესად მსახურობს და მისი ოჯახის 17 წევრია იეჰოვას მოწმე. იგი ამბობს: „უდიდეს კმაყოფილებას მგვრის იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება და წარსული მანკიერებების უკან მოტოვება. ბევრი ჩემი ყოფილი მეგობარი დღეს აღარაა ცოცხალი ნარკოტიკების გამოყენების გამო. ნარკოტიკები გავლენას ახდენდა ჩემს ტვინზე და მიჭირდა ინფორმაციის დამახსოვრება. იეჰოვას მოწმეების სწავლების მეთოდმა საგრძნობლად გამიუმჯობესა მეხსიერება. ექიმები გაოცებულები იყვნენ, რადგან მათი აზრით, ტვინის დაქვეითებული ფუნქციის აღდგენა შეუძლებელი იყო. წარმოუდგენლად დიდი სიკეთე მოგვიტანა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მე და ჩემს ოჯახს. ჩვენ ადრე არასოდეს ვავლენდით სიყვარულს ერთმანეთისადმი, ახლა კი შეხმატკბილებული ოჯახი გვაქვს“.

[რუკები 19 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მასატლანი

ისლას მარიასი

მარია მადრე

[სურათი 19 გვერდზე]

მარია მადრეზე „კოლონოები“ თავიანთ ოჯახებთან ერთად ესწრებიან შეხვედრებს სამეფო დარბაზში.