რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
დაკარგული, მაგრამ ხშირად ნაპოვნი
„ნიუ-იორკ ტაიმზი“ აღნიშნავს, რომ 2002 წლის განმავლობაში ტოკიოს (იაპონია) პოლიციის ნაპოვნი ნივთების ცენტრალურ განყოფილებაში 23 მილიონი ამერიკული დოლარი მიიტანეს. ამ თანხის 72 პროცენტი პატრონებს დაუბრუნდა. ნაპოვნი ნივთების ამ დიდ ცენტრში ფულის გარდა ასობით ათასი რამ მიაქვთ; მაგალითად, მობილური ტელეფონები, გასაღებები, სათვალეები, სათამაშოები, სპორტული ნივთები და ყველაზე ხშირად ქოლგები, რომელთა რაოდენობამ 2002 წლის განმავლობაში 330 000 მიაღწია. „ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ ყველაფერი, რასაც იპოვნიან, პოლიციაში მიიტანონ“, — აღნიშნავს „ტაიმზი“. ყოველდღიურად ამ ცენტრებში 200-დან 300 კაცამდე მიდის თავიანთი ნივთების ასაღებად. საოცარია, მაგრამ ზოგი ყავარჯენსა და ინვალიდების სავარძელსაც კი კარგავს. „ყოველთვის მაინტერესებს, ნეტავ, რა მოუვიდათ ამ ნივთების პატრონებს“, — ამბობს ჰიტოში შიტარა, ნაპოვნი ნივთების განყოფილების სტაჟიანი თანამშრომელი.
საშიშროება სამუშაო ადგილზე
„უოლ-სტრიტ ჯორნელის“ ცნობით, შვედეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „საპირისპირო სქესის პიროვნებასთან მუშაობა საფრთხეს უქმნის ქორწინებას“. გამოკვლევის ავტორმა ივონ აბერგმა გამოიკვლია განქორწინებათა რეგისტრაცია და განქორწინებულთა სამუშაო ადგილები და აღმოაჩინა, რომ „საპირისპირო . . . და იმავე სქესის ადამიანებთან მომუშავეთა შორის განქორწინების მაჩვენებელში საოცარი განსხვავება შეინიშნებოდა; განქორწინებათა რიცხვი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მომუშავეთა შორის 70 პროცენტით მაღალი იყო“. აბერგმა ისიც შენიშნა, რომ ამ მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენდა ის ფაქტი, საწინააღმდეგო სქესის პიროვნება დაქორწინებული იყო თუ დაუქორწინებელი. შვიდი წლის განმავლობაში 1 500 სამუშაო ადგილზე შეისწავლეს 37 000 ადამიანის შემთხვევა და დასკვნები ამ ობიექტური მონაცემების საფუძველზე გააკეთეს და არა გამოკვლევაში მონაწილე ადამიანთა მონათხრობზე დაყრდნობით, რაც ნაკლებად სანდო იქნებოდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ განქორწინებათა რიცხვის 50 პროცენტით შემცირება შესაძლებელია, თუ ერთი და იმავე ოფისში ცოლ-ქმარი იმუშავებს.
ურწმუნო მღვდელი
ერთმა ლუთერანმა მღვდელმა დიდი ყურადღება მიიპყრო იმის თქმით, რომ „არ არსებობს არავითარი ზეციერი ღმერთი, არავითარი მარადიული ცხოვრება და არავითარი მკვდრეთით აღდგომა“. „ბი-ბი-სი“-ის ცნობით, მოკლე პერიოდის განმავლობაში სამსახურს ჩამოცილების შემდეგ, ის კვლავ დაუბრუნეს ეკლესიას და მქადაგებლად მსახურებას განაგრძობს. ქალაქ ჰელსინგერის ეპარქიის ეპისკოპოსმა ლისა-ლოტე რებელმა თქვა, რომ კოპენჰაგენის მახლობლად მდებარე ქალაქ ტორბეკის მღვდელმა ტორკილ გროსბელმა „ბოდიში მოიხადა თავისი სიტყვებისთვის“ და ეკლესიის წინაშე თავისი მოვალეობა აღიარა. მაგრამ გროსბელმა განაგრძო ადრე გამოთქმული აზრების მსგავსი იდეების ქადაგება. 2004 წლის ივნისში ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ, თუ გროსბელი თანამდებობას არ დატოვებს, მისი მღვდლად მსახურების საკითხს სასამართლო განიხილავს.
ძველი წარწერა, რომელშიც სახარების სიტყვებია მოყვანილი
გერმანიაში გამომავალი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ აღნიშნავს, რომ პალესტინელმა სწავლულებმა პირველად აღმოაჩინეს ძველ სამარხზე ამოტვიფრული ციტატა, რომელიც ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან იყო აღებული. წარწერა სამარხზე, რომელიც აბესალომის სამარხის სახელით გახდა ცნობილი, შემთხვევით აღმოაჩინეს. ფოტოსურათზე, რომელიც საღამოს, შებინდებულზე იყო გადაღებული, ანთროპოლოგმა ჯო ზიასმა დაინახა რაღაცა, რაც თითქმის გადაშლილი იყო და ოდნავღა ჩანდა. ჩვეულებრივი პაპიე-მაშეთი გააკეთეს ტვიფრი, რამაც წარწერის გარჩევის საშუალება მისცა მკვლევარებს. წარწერილი იყო ბიბლიური მუხლი ლუკას 2:25 და იგი შეესაბამებოდა მეოთხე საუკუნის სინურ კოდექსს. აღმოჩენა იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ სამარხებზე ბიბლიური მონაკვეთების წარწერა ფართოდ მხოლოდ ახ. წ. 1000 წლისთვის დაიწყეს.