მოზარდობის წლები — სიხარული და სირთულეები
მოზარდობის წლები — სიხარული და სირთულეები
მოზარდობის წლები ცხოვრებაში შეიძლება შესანიშნავი დრო იყოს. ბევრისთვის ეს მართლაც ასეა. უამრავი ადამიანი სიამოვნებით იხსენებს ამ პერიოდს.
ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ამიტომ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები უფრო მეტ სირთულეებს აწყდებიან. ალბათ, ამის გამოა, რომ მოზარდებისთვის განკუთვნილი ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი, საბრინა სოულინ ვაილი, გარდატეხის ასაკს „დამცავი ბადის გარეშე ბაგირზე სიარულს“ ადარებს. მართლაც, ცხოვრების ამ ამაღელვებელ პერიოდში მოზარდი შეიძლება ხშირად აფორიაქებული, არეული იყოს და თავს შეუხედავად თვლიდეს. „ბავშვობიდან სრულწლოვანებამდე მოზარდებს, — წერს ვაილი, — ორივე პერიოდისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო თავისებურებებთან უწევთ გამკლავება“.
თუ მოზარდი ხარ, როგორ შეგიძლია გაუმკლავდე იმ სირთულეებს, რომელთაც აწყდები? თუ მოზარდის მშობელი ხართ, რა დაგეხმარებათ, რომ გაიხსენოთ ეს მშფოთვარე წლები და, ამგვარად, უკეთ გაიგოთ, რას განიცდის თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი? სტატიათა ამ სერიის წასაკითხად ვიწვევთ როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსებს, რომ უფრო ახლო გაეცნონ მოზარდობის წლებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. ეს დაეხმარება ახალგაზრდებს, დაძლიონ სირთულეები და სასიამოვნოდ გაატარონ მოზარდობის წლები.