მოსე ისტორიული პირი თუ მითოლოგიური გმირი?
მოსე ისტორიული პირი თუ მითოლოგიური გმირი?
დაბადებისას მოსეს სიკვდილი ემუქრებოდა. მისი ერი შედგებოდა ოჯახებისგან, რომლებიც შიმშილისგან თავის დასაღწევად დასახლდნენ ეგვიპტეში თავიანთ მამამთავარ იაკობთან, იგივე ისრაელთან, ერთად. ათწლეულების განმავლობაში ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ეგვიპტელ მეზობლებთან. მაგრამ მათი მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ ავტორიტეტულ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: «და დადგა ახალი მეფე ეგვიპტეზე . . . და უთხრა თავის ხალხს: „ისრაელის ძეთა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია. მოდით, სიბრძნით მოვიქცეთ მის მიმართ, თორემ უფრო გამრავლდება“». რა გეგმა შეიმუშავეს ეგვიპტელებმა? ისრაელების რაოდენობის გასაკონტროლებლად ისინი „უწყალოდ“ ამუშავებდნენ მათ და ებრაელ ბებიაქალებს უბრძანეს, მოეკლათ ყველა ახალშობილი ბიჭი (გამოსვლა 1:8—10, 13—16). ბებიაქალების გაბედულების წყალობით, რომლებიც არ დაემორჩილნენ ბრძანებას, ისრაელები უფრო მეტად გამრავლდნენ. ამას ეგვიპტის მეფის შემდეგი ბრძანება მოჰყვა: „ყველა ახალშობილი ვაჟი მდინარეში გადააგდეთ“ (გამოსვლა 1:17, 22).
ყამრამი და იოქებედი, ერთი ისრაელი წყვილი, „არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას“ (ებრაელთა 11:23). იოქებედს შეეძინა ვაჟი, რომელიც მოგვიანებით მოხსენიებულ იქნა, როგორც „ლამაზი ღმერთის წინაშე“ * (საქმეები 7:20, აფ). შესაძლებელია ისინი როგორღაც მიხვდნენ კიდეც, რომ ღმერთი კეთილგანწყობილი იყო ამ ბავშვის მიმართ. როგორც უნდა ყოფილიყო, მათ ვერ გაიმეტეს ბავშვი სასიკვდილოდ და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით ბავშვის გადამალვა გადაწყვიტეს.
სამი თვის შემდეგ მოსეს მშობლებს აღარ შეეძლოთ მისი დამალვა. ვინაიდან გამოსავალი არ ჰქონდათ, სხვა ზომებს მიმართეს. იოქებედმა ყრმა ლერწმის (პაპირუსის) კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის ნაპირთან დადო. ამ დროს ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე იმ ადამიანის გზა იწყებოდა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის განვითარებაზე უდიდეს გავლენას მოახდენდა! (გამოსვლა 2:3, 4).
სარწმუნოა ეს მოვლენები?
დღეს ბევრი სწავლული თვლის, რომ ეს ამბები მოგონილია. ჟურნალ „ქრისტიანიტი ტუდეში“ ნათქვამია: „როგორც ცნობილია, [მთელი ამ წლების განმავლობაში] არანაირი, თუნდაც სულ მცირე, პირდაპირი არქეოლოგიური მტკიცებულება არ იქნა მოპოვებული იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელების შვილები დროებით ცხოვრობდნენ ეგვიპტეში“. პირდაპირი მტკიცების უქონლობის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი არაპირდაპირი მტკიცება იმის შესახებ, რომ ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია სარწმუნოა. თავის წიგნში „ისრაელი ეგვიპტეში“ ეგვიპტოლოგი ჯეიმზ ჰოფმაიერი ამბობს: „არქეოლოგიური მონაცემები ნათლად გვიჩვენებს, რომ ეგვიპტეს ხშირად სტუმრობდა ხალხი ლევანტიდან
[ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებიდან], განსაკუთრებით ცუდი კლიმატური პირობებით გამოწვეული გვალვის გამო . . . ამგვარად, ძვ. წ დაახლოებით 1800—1540 წლების განმავლობაში ეგვიპტე ერთობ მიმზიდველი ადგილი იყო დასავლეთ აზიის რეგიონებში მცხოვრები, სემიტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხისთვის“.გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აღიარებულია, რომ ეგვიპტის მონური უღელი ბიბლიაში საკმაოდ ზუსტადაა აღწერილი. წიგნში „მოსეს ცხოვრება“ ნათქვამია: „ბიბლიაში ისრაელების ჩაგვრის შესახებ მოცემულ ცნობას ადასტურებს ძველ ეგვიპტურ სამარხზე ნაპოვნი გამოსახულების ცნობილი რეპროდუქცია. მასზე დეტალურადაა ასახული მონების ჯგუფის მიერ აგურების დამზადების პროცესი“.
ბიბლიაში მოხსენიებული პატარა კალათის აღწერილობა, რომელიც გააკეთა იოქებედმა, ასევე სიმართლეს
შეეფერება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კალათა გაკეთებული იყო პაპირუსისგან, რომელსაც, ერთი წყაროს თანახმად, „ეგვიპტელები, ჩვეულებრივ, მსუბუქი და სწრაფი ნავების გასაკეთებლად იყენებდნენ“ („Cook’s Commentary“).განა ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ქვეყნის მმართველს გამოეცა სასტიკი ბრძანება ჩვილი ბავშვების დახოცვის თაობაზე? სწავლული ჯორჯ როლინსონი შეგვახსენებს: „ბავშვების დახოცვა . . . სხვადასხვა პერიოდში და ადგილას საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო და ჩვეულებრივად მიაჩნდათ“. ჩვენს დროშიც ვხვდებით მსგავს მასობრივ მკვლელობათა თავზარდამცემ მაგალითებს. ბიბლიის ეს ცნობა შეიძლება აღმაშფოთებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მწარე სიმართლეა.
იზრდება ფარაონის სახლში
იოქებედს თავისი ჩვილი ალალბედზე არ მიუტოვებია. მან „დადგა [კალათა] ლერწმიანში, მდინარის ნაპირას“ და იმედოვნებდა, რომ ამ ადგილზე მას იპოვიდნენ. აქ ფარაონის ქალიშვილი, როგორც ჩანს, დადიოდა ხოლმე საბანაოდ * (გამოსვლა 2:2—4).
პატარა კალათა მალევე შეამჩნიეს. ფარაონის ქალიშვილმა «გახსნა და ნახა ბავშვი და აჰა, ტირის ყრმა. შეებრალა იგი და თქვა: „ებრაელ ბავშვთაგანია ეს“». ფარაონის ასულმა გადაწყვიტა, ეშვილებინა იგი. სახელი, რომელიც მას მშობლებმა თავდაპირველად დაარქვეს, დიდი ხანია, რაც დავიწყებას მიეცა. დღესდღეობით ის მთელ მსოფლიოში ცნობილია სახელით მოსე *, რომელიც მას დედობილმა დაარქვა (გამოსვლა 2:5—10).
განა უცნაური არ არის, რომ ფარაონის ასულს გასაზრდელად ასეთი ბავშვი აეყვანა? არა, რადგან ეგვიპტელთა რწმენის თანახმად, კეთილი საქმეები აუცილებელ პირობად ითვლებოდა ზეცაში მოსახვედრად. ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არქეოლოგი ჯოის ტილდზლი ამბობს: „ეგვიპტელმა ქალებმა ეგვიპტელ მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობას მიაღწიეს. ისინი სარგებლობდნენ ერთნაირი იურიდიული და ეკონომიკური უფლებებით, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც, და . . . ქალებს შეეძლოთ შვილის აყვანა“. ერთ ძველ ეგვიპტურ პაპირუსში, რომელიც შვილად აყვანას ეხება, დოკუმენტურად დასაბუთებულია, თუ როგორ იშვილა ერთმა ეგვიპტელმა ქალმა თავისი მონები. რაც შეეხება მოსეს დედის ძიძად აყვანას, ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „მოსეს დედისთვის, როგორც ძიძისთვის, კუთვნილი გასამრჯელოს მიცემა . . . მოგვაგონებს იმ ზომებს, რაც შუამდინარეთში შვილის აყვანასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული“ (The Anchor Bible Dictionary).
ახლა, როცა უკვე შვილად აიყვანეს, დაუმალავენ მოსეს მის ებრაულ წარმომავლობას, როგორც მისი ცხოვრების ბნელ მხარეს? ჰოლივუდის ზოგ ფილმში მისი ცხოვრების ეს მონაკვეთი ზუსტად ასეა წარმოდგენილი. საღვთო წერილი კი სხვაგვარ სურათს გვიხატავს. მისმა დამ, მირიამმა, ყველაფერი ისე ჭკვიანურად მოაწყო, რომ მოსეს ძიძა მისივე საკუთარი დედა, იოქებედი, გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს ღვთისმოშიში ქალი არ დაუმალავდა სიმართლეს თავის შვილს! რამდენადაც ძველ დროში ბავშვებს რამდენიმე წელი აწოვებდნენ ძუძუს, იოქებედს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ესწავლებინა მოსესთვის ‘აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთის’ შესახებ (გამოსვლა 3:6). ასეთი აღზრდა მოსეს სულიერობისთვის კარგი საფუძველი გახდა, რადგან მას შემდეგ, რაც ფარაონის ქალიშვილთან მიიყვანეს, „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე“. ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის განაცხადი იმის თაობაზე, რომ მოსემ ეთიოპიასთან ბრძოლაში მიიღო მხედართმთავრის წოდება, შეუძლებელია დადასტურდეს. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოსე „იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით“ * (საქმეები 7:22).
40 წლის ასაკში მოსე მომზადებული იყო იმისთვის, რომ ეგვიპტეში გამოსაჩენი ადგილი დაეკავებინა. მას ელოდა ძალაუფლება და სიმდიდრე, თუ ფარაონის კარზე დარჩებოდა. მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.
მიდიანში გაქცევა
ერთ დღეს მოსემ „დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს“. მოსე მშვიდად ცხოვრობდა წლების განმავლობაში და ორივე კულტურის — ებრაულისა და ეგვიპტურის — უპირატესობებით სარგებლობდა. მას შემდეგ, რაც მან დაინახა, ახალგაზრდა ისრაელი, რომელსაც სცემდნენ და შესაძლოა მოკვლითაც ემუქრებოდნენ — მოსემ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება (გამოსვლა 2:11). „უარი . . . თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა“ (ებრაელთა 11:24, 25).
მოსემ სწრაფად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: „მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში“ (გამოსვლა 2:12). ერთი კრიტიკოსის ვარაუდით, ეს არ იყო ისეთი ადამიანის მოქმედება, რომელსაც „უცაბედი განრისხება“ ახასიათებდა. ეს უფრო რწმენის გამოვლენა იყო ღვთის დანაპირებისადმი, რომლის მიხედვითაც ისრაელი ერი ეგვიპტის მონობისგან უნდა გათავისუფლებულიყო; თუმცა, მოსეს იმ დროს ბოლომდე არ ესმოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს (დაბადება 15:13, 14). შესაძლოა მოსეს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მისი მოქმედება ხალხს აჯანყებისკენ უბიძგებდა (საქმეები 7:25). სამწუხაროდ, თანამემამულეებმა არ ცნეს მოსე თავიანთ წინამძღოლად. როდესაც ჩადენილი მკვლელობის ამბავმა ფარაონის ყურამდე მიაღწია, მოსე იძულებული გახდა, გაქცეულიყო. იგი დასახლდა მიდიანში და შეირთო ცოლად ციფორა, მომთაბარეთა წინამძღოლის, ითროს, ქალიშვილი.
ხანგრძლივი 40 წლის განმავლობაში მოსე ცხოვრობდა, როგორც უბრალო მწყემსი. მას უკვე დაკარგული ჰქონდა იმედი, რომ გაათავისუფლებდა თავის ხალხს ეგვიპტის მონობისგან. ერთ დღეს მან ითროს ფარა გარეკა ხორების მთისკენ. აქ, ალმოდებულ ბუჩქთან მას გამოეცხადა იეჰოვას ანგელოზი. წარმოიდგინეთ სურათი, როცა ღმერთი ეუბნება მოსეს: „გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი, ეგვიპტიდან“. მოსე კი მერყეობს, საკუთარ თავში არაა დარწმუნებული და გაუბედავად პასუხობს. „მე ვინა ვარ, — მუდარით მიმართავს ის ღმერთს, — რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელის ძენი ეგვიპტიდან?“ ის თავის ფიზიკურ ნაკლსაც ახსენებს, რომელსაც ზოგი კინემატოგრაფისტი გვერდს უვლის — როგორც ჩანს, მას მეტყველების დეფექტი აქვს. მოსე მართლაც განსხვავდება ძველი დროის მითებისა და ლეგენდების გმირებისგან! 40 წლის განმავლობაში მწყემსად ყოფნის შემდეგ იგი თავმდაბალი და რბილი ხასიათის კაცი გახდა. მართალია, მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, მაგრამ ღმერთი დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს წინამძღოლობას! (გამოსვლა 3:1—4:20).
ეგვიპტიდან გათავისუფლება
მოსე ტოვებს მიდიანს, მიდის ფარაონთან და მოითხოვს ღვთის ხალხის გათავისუფლებას. როდესაც ჯიუტი მონარქი უარს აცხადებს, ეგვიპტეს ათი საშინელი სასჯელი ატყდება. მეათე სასჯელის დროს მთელ ეგვიპტეში კვდება ყველა პირმშო, რის შემდეგაც თავზარდაცემული ფარაონი, ბოლოს და ბოლოს, უშვებს ისრაელებს (გამოსვლა, თავები 5—13).
*. მაგრამ ჯეიმზ ჰოფმაიერი, რომლის სიტყვები ზემოთაა მოყვანილი, აღნიშნავს, რომ ეგვიპტელი მემატიანეები ხშირად განზრახ ტოვებდნენ ფარაონის მტრების სახელებს. ის ამბობს: „ისტორიკოსები თუტმოს III-ის მიერ მეგიდოში განხორციელებული სამხედრო ლაშქრობის ისტორიულობას არ აყენებენ ეჭვქვეშ იმის გამო, რომ კადეშისა და მეგიდოს მეფეთა სახელები არსად არის მოხსენიებული“. ჰოფმაიერის აზრით, ფარაონის სახელი არსად გვხვდება „საფუძვლიანი თეოლოგიური მიზეზების გამო“. რამდენადაც ფარაონის სახელი ნახსენები არაა, ყურადღება მისკენ კი არა, ღვთისკენაა მიპყრობილი.
მკითხველთა უმეტესობისთვის ცნობილია ეს ამბები. მაგრამ შეიძლება ეს მოვლენები ისტორიულად მივიჩნიოთ? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ, რამდენადაც ფარაონის სახელი მითითებული არ არის, მისი ამბავი მონაგონი უნდა იყოსდა მაინც, კრიტიკოსები ებრაელების ეგვიპტიდან მასობრივ გამოსვლას ეჭვქვეშ აყენებენ. სწავლული ჰომერ სმითი ამბობდა, რომ ასეთი მასშტაბური გადაადგილება „აუცილებლად იქნებოდა მოხსენიებული ეგვიპტის ან სირიის ისტორიაში . . . ეს ლეგენდა გამოსვლის შესახებ, ალბათ, უფრო ეგვიპტიდან პალესტინაში შედარებით მცირე რაოდენობის ხალხის გაქცევის დამახინჯებული და ფანტასტიკური ისტორიაა“.
მართალია, ეს მოვლენა ეგვიპტის არც ერთ დოკუმენტურ წყაროში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავიანთ
ისტორიულ ჩანაწერებში ეგვიპტელები ამახინჯებდნენ ფაქტებს, თუ სინამდვილე მათთვის სათაკილო იყო ან პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. როდესაც ძალაუფლებაში თუტმოს III მოვიდა, შეეცადა, თავისი წინამორბედის, ჰატშეფსუტის, არსებობის შესახებ ყველანაირი კვალი წაეშალა. ეგვიპტოლოგი ჯონ რეი ამბობს: „მის შესახებ არსებული ყველანაირი წარწერა წაიშალა, მისადმი მიძღვნილ ობელისკებს კედლები შემოავლეს და ძეგლებიც დავიწყებას მიეცა. მისი სახელი უფრო გვიანდელ მატიანეშიც არ გვხვდება“. არასასურველი ფაქტების მსგავსი დამახინჯების ან დაფარვის მცდელობებს დღესაც ვხვდებით.რაც შეეხება ისრაელი ერის უდაბნოში მოგზაურობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური მტკიცებულებების ნაკლებობას, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იუდეველები მომთაბარეები იყვნენ. ისინი არ აგებდნენ ქალაქებს და არც მოსავალი მოჰყავდათ. შეიძლება ითქვას, რომ თავიანთი ნაკვალევის გარდა უდაბნოში მათ სხვა არაფერი დაუტოვებიათ. მიუხედავად ამისა, მათი მოგზაურობის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებების პოვნა უშუალოდ ბიბლიაშია შესაძლებელი. ეს მტკიცებები საღვთო წერილის მრავალ ადგილას გვხვდება (1 მეფეთა 4:8; ფსალმუნები 77, 94, 105; 1 კორინთელთა 10:1—5). ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უდაბნოში მომხდარი მოვლენების შესახებ თავად იესომაც დაამოწმა (იოანე 3:14).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არავითარ ეჭვს არ ბადებს ის, რომ მოსეს შესახებ ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია სარწმუნოა. და მაინც, იგი დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოსეს ცხოვრებას ჩვენზე?
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 სიტყვასიტყვით „ღვთისთვის ლამაზი“. როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, ეს გამოთქმა შესაძლოა მიუთითებდეს არა მარტო ბავშვის არაჩვეულებრივ გარეგნობაზე, არამედ „გულის თვისებებზეც“ (The Expositor’s Bible Commentary).
^ აბზ. 11 ნილოსში ბანაობა „მიღებული იყო ძველ ეგვიპტეში. ხალხი თაყვანს სცემდა ნილოსს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის მომდინარეობდა . . . ოსირისისგან. მათ სწამდათ, რომ სიცოცხლის მომცემ განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ მისგან და ეს წყლები ხელს უწყობდა ნაყოფიერებას“ („Cook’s Commentary“).
^ აბზ. 12 ამ სახელის ეტიმოლოგიის შესახებ მეცნიერები ბევრს კამათობენ. მოსე ებრაულად ნიშნავს „წყლიდან ამოყვანილს“ ან „წყლიდან გადარჩენილს“. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამტკიცებდა, რომ სახელი „მოსე“ შედგება ორი ეგვიპტური სიტყვისგან, რომლებიც ნიშნავს „წყალსა“ და „გადარჩენილს“. დღეს ზოგიერთი სწავლული ასევე აღიარებს ამ სახელის ეგვიპტურ წარმოშობას, მაგრამ, მათი აზრით, ის შეიძლება ნიშნავდეს „ვაჟიშვილს“. ეს მოსაზრება დაფუძნებულია იმაზე, რომ სიტყვა „მოსე“ ზოგი ეგვიპტური სახელის მსგავსად გამოითქმება. რამდენადაც არავინ იცის, თუ როგორ გამოითქმებოდა მოსე ძველ ებრაულ თუ ეგვიპტურ ენებზე, ეს თეორიები თეორიებად რჩება.
^ აბზ. 14 წიგნში „ისრაელი ეგვიპტეში“ ნათქვამია: „იდეა იმის შესახებ, რომ მოსე ეგვიპტის სამეფო კარზე აღიზარდა, ლეგენდას უფრო ჰგავს. მაგრამ ახალი სამეფოს დროინდელი პერიოდის სამეფო კარის ცხოვრების გულდასმით გამოკვლევა საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. თუტმოს III-მ . . . შემოიღო წესი, რომლის თანახმადაც აზიის დასავლეთ ნაწილში დაპყრობილი ქვეყნების ტახტის მემკვიდრეები ეგვიპტური წეს-ჩვეულებების შესასწავლად ეგვიპტეში ჩაჰყავდათ . . . ამგვარად, ამ სამეფო კარზე სხვა ქვეყნის მმართველთა ვაჟებისა და ასულების ყოფნა უჩვეულო რამ არ იყო“.
^ აბზ. 22 ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის დროს მმართველობდა ფარაონი თუტმოს III. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს იყო ამენჰოტეპ II, რამსეს II და ა. შ. რამდენადაც ეგვიპტურ ქრონოლოგიაში არ არის დაცული თანმიმდევრობა, შეუძლებელია დარწმუნებით ითქვას, ვინ იყო ფარაონი, რომელიც მაშინ მმართველობდა.
[ჩარჩო/სურათი 5 გვერდზე]
მოსეს გადარჩენის ისტორია — წარმართული ლეგენდა?
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მდინარე ნილოსიდან მოსეს გადარჩენა საეჭვოდ ჰგავს აქადის მეფე სარგონზე მოთხრობილ ძველ ლეგენდას. მასში აღწერილი მოვლენები, ზოგის აზრით, მოსეს დაბადებამდე მოხდა. სარგონის შესახებ მოთხრობილ ისტორიაში ასევე საუბარია კალათაში მოთავსებულ ჩვილ ბავშვზე, რომელიც გადარჩენილ იქნა მდინარიდან.
მაგრამ ისტორია სავსეა ერთმანეთის მსგავსი შემთხვევებით. ჩვილი ბავშვის კალათაში ჩასმა და მისი მდინარეში გაშვება ისეთი უჩვეულო რამ არ უნდა ყოფილიყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში“ ნათქვამია: „უნდა აღინიშნოს, რომ ბაბილონისა და ეგვიპტის კულტურაში დიდ როლს თამაშობდა მდინარეები. ამიტომ წყალგაუმტარ კალათაში ბავშვის ჩასმა, შესაძლოა, მისი მოშორების ცოტათი უკეთესი საშუალება ყოფილიყო, ვიდრე მისი ნაგავში გადაგდება, რაც უფრო ხშირად ხდებოდა . . . ისტორია ნაპოვნ ბავშვზე, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი გახდა, შესაძლოა ფოლკლორის თემა იყოს. მაგრამ მასში აღწერილია ისეთი მოვლენები, რაც ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში“.
თავის წიგნში «„გამოსვლის“ კვლევისას» ნაუმ სარნაც შენიშნავს, რომ მიუხედავად ზოგი მსგავსებისა, მოსეს დაბადების ისტორიასა და „სარგონის ლეგენდას“ შორის „საკმაოდ მნიშვნელოვანი“ განსხვავებებია. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ბიბლიური ცნობა დაფუძნებულია წარმართულ ლეგენდაზე, უსაფუძვლოა.
[ჩარჩო/სურათი 8, 9 გვერდებზე]
ვინ დაწერა „მოსეს ხუთწიგნეული“?
ტრადიციულად, ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ანუ ხუთწიგნეულის ავტორად მოსე ითვლება. შესაძლოა ზოგი ინფორმაცია მოსემ ადრეული ისტორიული წყაროებიდანაც აიღო. თუმცა, ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ ხუთწიგნეული მოსეს დაწერილი არ არის. „დღესავით ნათელია, რომ ხუთწიგნეული მოსეს არ დაუწერია“, — დაბეჯითებით ირწმუნებოდა XVII საუკუნის ფილოსოფოსი სპინოზა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი გერმანელი სწავლული იულიუს ველჰაუზენი ავრცელებდა „დოკუმენტურ თეორიას“ იმის შესახებ, რომ მოსეს ხუთწიგნეული წარმოადგენს რამდენიმე ავტორის ან თანაავტორებისგან შემდგარი ჯგუფების მიერ შედგენილ კრებულს.
ველჰაუზენის მტკიცებით, ერთი ავტორი (მას ლათინურად „J“ უწოდეს) ყოველთვის იყენებდა ღვთის პირად სახელს, იეჰოვას. მეორე ავტორი (მას ლათინურად „E“ დაარქვეს) ღმერთს მოიხსენიებს, როგორც „ელოჰიმ“. მესამე ავტორმა, რომელსაც ლათინურად „P“ უწოდეს, სავარაუდოდ, სამღვდელოებისთვის განკუთვნილი კანონები დაწერა წიგნში „ლევიანები“ და მეოთხე ავტორმა, რომლის სახელსაც ლათინურად „D“-თი გამოსახავენ, დაწერა „მეორე რჯული“. მართალია, ზოგიერთი მეცნიერი ათეული წლების განმავლობაში უჭერდა მხარს ამ თეორიას, მაგრამ თავის წიგნში „ხუთწიგნეული“ ჯოზეფ ბლენკინსოპი ამბობს, რომ ველჰაუზენის ჰიპოთეზა „კრიზისს განიცდის“.
თავის წიგნში „გაცნობა ბიბლიასთან“ ჯონ ლოქსი ამბობს: «„დოკუმენტური თეორია“ აგებულია მტკიცებულებებზე, რომლებიც ან სუბიექტურია, ან სრულიად მცდარი . . . ეს უკიდურესობებით აღსავსე „დოკუმენტური თეორია“ ჭეშმარიტება რომ იყოს, გამოდის, ისრაელები მტკნარი სიცრუის მსხვერპლი ყოფილან, რადგან დაუშვეს, რომ მათ მხრებზე რჯულის მძიმე ტვირთი დაედოთ. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა».
გარდა ამისა, კრიტიკოსების აზრით, ხუთწიგნეულში არსებული სტილისტიკური განსხვავებები იმაზე მიუთითებს, რომ მას მრავალი ავტორი ჰყავდა. მაგრამ თავის წიგნში „ძველი აღმოსავლეთი და ძველი აღთქმა“ კენეტ კიჩინი აღნიშნავს: „სტილისტიკური განსხვავებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ატარებს და განხილული საკითხების სხვადასხვაობით აიხსნება“. მსგავსად ამისა, სხვადასხვაგვარი სტილი შეიმჩნევა „ძველებურ ტექსტებში, რომელთა ლიტერატურული მთლიანობაც ეჭვს არ იწვევს“.
არგუმენტი, რომლის თანახმადაც მრავალი ავტორის არსებობას ღვთის სხვადასხვა სახელისა და ტიტულის მოხსენიება ცხადყოფს, განსაკუთრებით სუსტია. წიგნში „დაბადება“, მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთში, ღმერთი მოიხსენიება, როგორც „უზენაესი ღმერთი“ (სსგ), „ცისა და მიწის შემოქმედი“ (სსგ), „ბატონი უფალი“, „ღმერთი, ჩემი მხილველი“, „ღმერთი ყოვლადძლიერი“, „ღმერთი“, „ჭეშმარიტი ღმერთი“ (აქ) და „მთელი ქვეყნიერების მსაჯული“ (დაბადება 14:18, 19; 15:2; 16:13; 17:1, 3, 18; 18:25). სხვადასხვა ავტორის მიერ არის ეს ბიბლიური ტექსტები დაწერილი? როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ დაბადების 28:13-ში სიტყვები „ელოჰიმ“ (ღმერთი) და „იეჰოვა“ ერთად გამოიყენება? ორი ავტორი თანამშრომლობდა ამ მუხლის დასაწერად?
მსგავსი არგუმენტების უსაფუძვლობა განსაკუთრებით ცხადი ხდება, როცა ასეთ მიდგომას თანამედროვე ლიტერატურულ ნაშრომებთან მიმართებაში ვიყენებთ. ერთ წიგნში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს ასახავს, გერმანიის კანცლერი მხოლოდ რამდენიმე გვერდისგან შემდგარ ნაწყვეტში მოხსენიებულია როგორც „ფიურერი“, „ადოლფ ჰიტლერი“ და „ჰიტლერი“. განა დაიწყებს ვინმე იმის მტკიცებას, რომ ამ ნაწყვეტს სამი ავტორი ჰყავდა?
ამის მიუხედავად, ველჰაუზენის თეორიის მსგავსი მრავალი თეორია კვლავაც ვრცელდება. მათ შორისაა ორი სწავლულის მიერ ჩამოყალიბებული თეორია ეგრეთ წოდებული „J“ ავტორის შესახებ. ისინი არა მარტო მოსეს ავტორობას უარყოფენ, არამედ იმასაც კი ამტკიცებენ, რომ «„J“ იყო ქალი».
[სურათი]
მოსემ თავმდაბლად დაწერა თავისი შეცდომის შესახებ, როცა არ მიაგო ღმერთს პატივი.
[სურათი 7 გვერდზე]
ეგვიპტური სამარხის ქვაზე გამოსახულია მონები, რომლებიც აკეთებენ აგურებს.
[საავტორო უფლება]
Erich Lessing/Art Resource, NY