არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეთუშალახი მთაზე

მეთუშალახი მთაზე

მეთუშალახი მთაზე

შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში თეთრ მთებზე, ზღვის დონიდან 3 000მეტრის სიმაღლეზე, იზრდება ხე, რომელიც დედამიწაზე უძველესად ითვლება. ეს არის მარადი ფიჭვი (Pinus longaeva), რომელსაც მეთუშალახსა და ყველაზე ხანდაზმულსაც უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ ის 4 700 წელზე მეტი ხნისაა და ყველაზე ძირძველი ხეა მეთუშალახის ჭალაში *.

ეს ხეები მკაცრ კლიმატურ პირობებს უძლებენ. «საშუალო წლიური ნალექი აქ 30 სანტიმეტრს შეადგენს, რაც უმეტესად თოვლის სახით მოდის და ტენიანობაც დაბალია, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. — ნიადაგში ჭარბობს გადოლომიტებული კირქვა, რომელიც ღარიბია საკვები ნივთიერებებით». ამასთანავე, აქ „ტემპერატურა მკვეთრად იცვლება და ძლიერი ქარები უბერავს“.

სწორედ ამ პირობების გამო ცოცხლობს ეს ხე ასე დიდხანს. „კლიმატი აქ იმდენად მშრალია, რომ ბაქტერიები და ვირუსებიც კი ძლივს უძლებენ. მეთუშალახის ხის მერქანი ძალიან მკვრივია და ფისოვანი, რის გამოც ის მავნე მწერებისთვის პრაქტიკულად შეუვალია. საშიშროებას ქმნის მეხის ჩამოვარდნა. თუმცა, ხეები იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ ცეცხლი შორს არ მიდის“, — ნათქვამია „ნიუ საიენტისტში“.

ხეების ვეგეტაციური პერიოდი დაახლოებით 45 დღე გრძელდება. იმით, რომ ძალიან ნელა იზრდებიან, ისინი ზოგავენ თავიანთ შეზღუდულ საარსებო საშუალებებს. ასწლეულის განმავლობაში მხოლოდ 25 მილიმეტრს იმატებენ სიგანეში, მათი წიწვები (ფოთლები) კი 30 წელს ძლებენ. ყველაზე მაღალი ხე სიმაღლეში დაახლოებით 18 მეტრს აღწევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ფიჭვთაგან ყველაზე ხანდაზმულები კიდევ ხუთი საუკუნე იარსებებენ.

ბოლო წლებში ისინი, რომლებიც ცდილობენ ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, გულდასმით იკვლევენ მეთუშალახის ხეს იმ იმედით, რომ მისი დიდხანს სიცოცხლის საიდუმლოს მიაგნებენ. თუმცა, მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს გასაგებად სულაც არ არის საჭირო მთაზე ასვლა და დაკოჟრილი ხის კვლევა. ამის გაკეთება უფრო ადვილად შეიძლება. მსოფლიოს ყველაზე ძველ წიგნში, ბიბლიაში, ნათქვამია: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ეს ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. რატომ არ გამოიკვლევდით მას?

[სქოლიო]

^ აბზ. 2 მეთუშალახი ნოეს პაპა იყო. მან ბიბლიაში მოხსენიებულ ყველა ადამიანზე დიდხანს, 969 წელი, იცოცხლა (დაბადება 5:27; ლუკა 3:36, 37).

[სურათი 19 გვერდზე]

ერთ-ერთი ხე მეთუშალახის ჭალაში.