არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კუნძული, რომელიც გაჩნდა და გაქრა

კუნძული, რომელიც გაჩნდა და გაქრა

კუნძული, რომელიც გაჩნდა და გაქრა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

ათას რვაას ოცდათერთმეტი წლის 28 ივნისს ძლიერმა მიწისძვრამ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთი სანაპირო შეარყია. ამ დროს ზღვაში მყოფმა ერთმა მეზღვაურმა ძლიერი დარტყმა იგრძნო და იფიქრა, რომ მისი ნავი ქვიშიან თავთხელში ჩაჯდა.

ოთხი დღის შემდეგ სიცილიის სანაპიროს მახლობლად წყალი კვლავაც თუხთუხებდა. წყლის ზედაპირზე მკვდარი თევზები ამოტივტივდნენ. ჰაერში გოგირდის საშინელი სუნი ტრიალებდა. წყალმა ნაპირზე პემზის ქვები გამორიყა.

10 ივლისს, ნეაპოლური ბრიგანტინის „ტერეზინას“ კაპიტანმა, ჯოვანი კორაომ, რომელიც იმ დროს ზღვაში იმყოფებოდა, დაუჯერებელი რამ იხილა — წყლისა და ორთქლის უშველებელი სვეტი, რომელიც ზღვის დონიდან 20 მეტრის სიმაღლეზე აღმართულიყო. არემარეს, მისი თქმით, „ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა“ აზანზარებდა.

ორივე სიცილიის სამეფოს მმართველმა, ფერდინანდ II-მ, ბრძანა, რომ სამხედრო ხომალდ „ეტნას“ ყველაფერი საგულდაგულოდ გამოეძია. ცნობა ამ მოვლენების შესახებ მისწვდა მალტასაც, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ბრიტანეთის ვიცე-ადმირალმა, სერ ჰენრი ჰოთემმაც, აქაოდა, სხვამ რატომ უნდა მაჯობოსო, თავადაც გაგზავნა ხომალდები „საზღვაო რუკაზე იმის ზუსტი ადგილმდებარეობის ჩასანიშნად, თუ სად ხდებოდა ეს მოვლენა, და ამ ფენომენთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დეტალების შესასწავლად“.

ასე დაიწყო დავა, რომელიც დღემდე არ შემწყდარა.

კუნძულის დაბადება

1831 წლის 19 ივლისისთვის სიცილიისა და აფრიკის სანაპიროებს შორის გამოჩნდა ახალი კუნძული, რომლის გაჩენაც წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევამ განაპირობა. ბრიტანეთის აფრიანი ხომალდის „რეპიდის“ კაპიტანი, ჩარლზ სვინბერნი, სიცილიის დასავლეთ ნაწილს უვლიდა, როდესაც თეთრი კვამლისა თუ ორთქლის მაღალი, უსწორმასწორო სვეტი დაინახა. სვინბერნმა პირდაპირ მისკენ აიღო გეზი. შებინდებისას, კვამლში აქა-იქ რაღაც გაბრწყინდა. ეს წამიერი გაელვებები მთვარის შუქზეც კარგად ჩანდა. ამ სვეტის შუაში არაბუნებრივად კაშკაშა ალი ამოიზარდა. გამთენიისას, როცა კვამლი ცოტათი უკეთ გამოჩნდა, მან „ზღვიდან რამდენიმე ფუტით ამაღლებული მუქი ფერის მომცრო ბორცვი“ დაინახა.

ერთი თვის განმავლობაში კუნძული წყლიდან დაახლოებით 65 მეტრით ამოიწია, მისმა გარშემოწერილობამ კი თითქმის 3,5 კილომეტრი შეადგინა. «ამ მოვლენამ უდიდესი სენსაცია მოახდინა კუნძულებზე, — იუწყებოდა „მალტა გოვერნმენტ გეზეტი“. — უკვე მრავალი გაემგზავრა მის სანახავად». მათ შორის იყო პრუსიელი გეოლოგი, პროფესორი ფრიდრიხ ჰოფმანი, რომელიც სიცილიაში კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა. ჰოფმანი ერთი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა კუნძულს და საშუალება ჰქონდა, ყველაფერი „უდიდესი სიცხადით“ ეხილა. თუმცა კი, შესაძლო საშიშროების გამო, კუნძულზე არ გადასულა.

ნაკლებად ფრთხილი აღმოჩნდა კაპიტანი ჰემფრი სენჰაუზი, რომელმაც, როგორც იტყობინებოდნენ, კუნძულზე 2 აგვისტოს დადგა ფეხი და იქ ბრიტანეთის დროშა ააფრიალა. კუნძულს მან საადმირალოს პირველი ლორდის, სერ ჯეიმზ გრემის, პატივსაცემად გრემის კუნძული უწოდა.

კატანიის (სიცილია) უნივერსიტეტმა კუნძულთან დაკავშირებით კვლევითი სამუშაოების ჩატარება დაავალა ბუნებისმეტყველების დარგის პროფესორს, კარლო ჯემელაროს. ამ უკანასკნელმა ფერდინანდ II-ის პატივისცემის ნიშნად კუნძულს ფერდინანდეა უწოდა. ფერდინანდ II-მ კი, რომელსაც აინუნშიც არ ჩაუგდია კუნძულზე ბრიტანეთის დროშის აფრიალება, კუნძული თავისი სამეფოს ნაწილად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ის სიცილიის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

ბოლოს კუნძულს ფრანგებმაც დაადგეს თვალი. გეოლოგმა კონსტან პრევომ მას იულია უწოდა, ვინაიდან ის ივლისში გამოჩნდა. ამ ფრანგმა გეოლოგმაც ააფრიალა თავისი ქვეყნის დროშა კუნძულზე. ამის მიზანი, როგორც პრევო წერდა, იყო ის, რომ „ყველასთვის, ვინც მომავალში კუნძულს ეწვეოდა, გაეგებინებინა — საფრანგეთი არასოდეს უშვებს ხელიდან მეცნიერულ საკითხებში თავისი ინტერესების გამოხატვის საშუალებას“.

გამძაფრდა კამათი კუნძულის დასასაკუთრებლად. როგორც ლონდონის „ტაიმზში“ ბოლო დროს დაბეჭდილ სტატიაში ითქვა, ამ პაწაწინა მიწის ნაგლეჯის გამო ინგლისი, იტალია და საფრანგეთი „ომის პირას“ დადგნენ.

კუნძულის გაქრობა

დავა კუნძულის გარშემო, რომელსაც დღემდე სხვადასხვაგვარად — იულიად, ფერდინანდეად და გრემად * — მოიხსენიებენ, ხანმოკლე აღმოჩნდა. „კუნძული დღითი დღე პატარავდება, — წერდა ჰოფმანი სექტემბერში კუნძულის მონახულების შემდეგ. — და, თუ ეს პროცესი, რომლის მოწმენიც ჩვენ ვიყავით, ასე გაგრძელდა . . . მოახლოებული ზამთრის ქარტეხილები სულ რამდენიმე თვეში მოსპობენ [მას]“.

დეკემბრისთვის კუნძული თავისით განადგურდა, რამდენიმე მეტრზე ჩაიძირა და სახიფათო წყალქვეშა კლდედ იქცა. „კუნძულ იულიასგან, — წერდა იტალიელი ვულკანოლოგი ჯუზეპე მერკალი, — სხვადასხვა ეროვნების იმ მოგზაურების მიერ შერქმეული სახელებიღა დარჩა, რომლებსაც წილად ხვდათ ბედნიერება, მისი გაჩენა და გაქრობა ეხილათ“.

კვლავ გამოჩნდება?

ამით დასრულდა ამ კუნძულის ამბავი? სრულებითაც არა! ტერიტორია, სადაც ოდესღაც კუნძული გაჩნდა, კვლავაც გეოლოგიურად აქტიურია. როგორც სიცილიელი ისტორიკოსი, სალვატორე მაცარელა, ამბობს, „სტრატეგიულად ის დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც XIX საუკუნეში“. ზოგი გეოლოგი თვლის, რომ კუნძული შეიძლება ისევ გამოჩნდეს. დაძაბულობა იმის გამო, თუ ვინ შეიძლება დაისაკუთროს ეს ჯერ არ „გაცოცხლებული“ კუნძული, თანდათანობით მატულობს.

ამბავი კუნძულისა, რომელიც გაჩნდა და გაქრა, კიდევ ერთი სამწუხარო ფურცელია ადამიანთა მმართველობის ისტორიაში. ამას კარგად აღწერს იტალიელი ჟურნალისტი ფილიპო დ’არპა, რომელიც კუნძულის ამბავს „ძალაუფლებაზე დაცინვის მეტაფორას“ უწოდებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 კუნძულს, სულ მცირე, ოთხი სხვა სახელის დარქმევასაც უპირებდნენ — კორაოს, ჰოთემს, ნერიტასა და შაკას.

[სურათი 26 გვერდზე]

სურათი, რომელზეც ასახულია 1831 წელს მომხდარი ამოფრქვევა.

[საავტორო უფლება]

Copyright Peter Francis/The Open University