არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საზიანოა ძალადობის ამსახველი მულტფილმები?

საზიანოა ძალადობის ამსახველი მულტფილმები?

საზიანოა ძალადობის ამსახველი მულტფილმები?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

„ბაჭია ბაგსს სკოლებში ატეხილ ჩხუბებსა და აყალ-მაყალში ადანაშაულებენ,“ — ასეთი სათაური გამოჩნდა ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ზოგი მასწავლებლის აზრით, მოზარდთა ქცევაში აირეკლება მულტფილმებში დანახული ძალადობის სცენები.

„მულტფილმების უმრავლესობა ძალადობის სცენებითაა სავსე, — თქვა ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორის მოადგილემ. — და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გმირი ბოლოს იმარჯვებს, გამარჯვების მოსაპოვებლად ხშირად ის მიუღებელ ხერხებს მიმართავს“. თქვენც იმავე აზრის ხომ არ ხართ ზოგ მულტფილმზე?

ბევრი მშობელი წუხილს გამოთქვამს მულტიპლიკაციის მზარდი პოპულარობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ვიდეოფირებზე ჩაწერილი მულტფილმების შეძენა ადვილად შესაძლებელია. ზოგი გულისტკივილს გამოხატავს თავისი შვილების „მულტფილმური აზროვნების“ გამო და მულტიპლიკაციას იმაშიც კი ადანაშაულებს, რომ ხელს უწყობს ბავშვების მოძალადე, მატყუარა და ურჩ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც საზიანოა მულტფილმების ყურება, თუ მათში იშვიათად გვხვდება ძალადობის სცენები?

საზიანოა?

ბი-ბი-სის (ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის) წესდებაში ნათქვამია, რომ ტელეპროდიუსერები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მაყურებელზე ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც გადაცემებში, მათ შორის მულტფილმებში, შეიძლება იყოს ასახული. ძალადობის სცენების ნახვის შედეგად ადამიანი ემოციურად იძაბება, რადგან შეიძლება საკუთარი თავი წარმოიდგინოს ასეთ სიტუაციაში,“ — ნათქვამია ზემოხსენებულ დოკუმენტში.

მულტფილმებში, როგორც წესი, წარმოდგენილია არარეალური სიტუაციები, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში საფრთხე მინიმალურია? ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა, რომლებსაც მულტფილმების ეთერში გასვლის დროს ეკრანს ვერ მოწყვეტ, აშკარად გართობის მიზნით უყურებენ მათ. მულტფილმები გართობის მართლაც კარგი საშუალებაა, მაგრამ ხომ არ ახდენენ ისინი მაყურებელზე რაიმე გავლენას? ნამდვილად ახდენენ, რადგან ნებისმიერმა მულტფილმმა შეიძლება ღრმა კვალი დააჩნიოს მაყურებელს. ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, დ-რმა გრეგორი სტორსმა, ჟურნალ „ტი-ვი ტაიმზში“, სადაც ტელეპროგრამები იბეჭდება, აღნიშნა, რომ იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ესიზმრებათ ბავშვებს კოშმარები —„ურჩხულები, მოჩვენებები და მტაცებელი ცხოველები“ — ისაა, რომ მულტფილმებს უყურებენ.

ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით ჩატარებულმა გამოკვლევამაც, სახელწოდებით „ეკრანზე ასახული ძალადობა და ფილმების ცენზურა“, ცხადყო, რომ ბავშვზე ისიც ახდენს გავლენას, თუ ვისთან ერთად უყურებს ფილმს. ამიტომ, ეკრანთან ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება შეიძლება მისთვის საშიში იყოს.

იგივე წყარო იუწყება, რომ პატარები ადვილად ბაძავენ ძალადობის სცენებს, როცა „ვინმე მათ ემოციურ ჭრილობას აყენებს“; უფრო მოზრდილი, 5-6 წლის ბავშვებიც აგრესიულად იქცევიან, როგორც ამას ეკრანიდან სწავლობენ.

ამიტომ, ტელერადიომაუწყებლობის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეკრანზე ნანახმა ძალადობამ დროთა განმავლობაში შეიძლება „უგრძნობი ან გულგრილი გახადოს მაყურებელი, განსაკუთრებით — ბავშვები“ მათი ასაკისდა მიუხედავად. მათ შეიძლება ადვილად გამოხატონ აგრესია ან გულგრილად უყურონ სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას.

მულტსერიალების „ბაჭია ბაგსისა“ („Bugs Bunny“) თუ „ტომი და ჯერის“ პირველი თაყვანისმცემლები, რომლებმაც ეს მულტპერსონაჟები წლების წინ კინოთეატრებში იხილეს, ახლა შეიძლება თავად არიან მშობლები. ტელევიზორის პულტზე დაჭერით მათ ამ პერსონაჟების უკვე თანამედროვე თავგადასავლებისა და ოინების ხილვა შეუძლიათ. ვინაიდან დღესდღეობით სტანდარტები შეიცვალა, კარგი იქნება, თუ მშობლები ყურადღებას მიაქცევენ, რა შინაარსის მულტფილმებს უყურებენ მათი ბავშვები.

ავიღოთ მულტსერიალი „კუ ნინძები“. ამ ამერიკული მულტფილმის პერსონაჟები ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ტელევიზიამ ბევრი ადგილობრივი მაყურებლისთვის ზედმეტად შმაგებად მიიჩნია. ამიტომ, დიდ ბრიტანეთში ამ მულტსერიალის გაშვებამდე ბი-ბი-სიმ რამდენიმე სცენა ამოჭრა. სახელწოდებიდან სიტყვა „ნინძაც“ კი ამოიღეს, რადგან ის იაპონელი მეომრების სახელთან იყო დაკავშირებული. მას სახელი გადაარქვეს და „გმირი კუები“ უწოდეს.

და მაინც, მშობლები გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ერთმა დედამ გაზეთ „სკოტსმენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ბავშვები ადვილად ითვისებენ ყველაფერს. ხუთი წლის ბავშვი მყავს. ის გიჟდება ამ მულტფილმზე. როდესაც სკოლაში წამოსაყვანად ვაკითხავ, ვხედავ, რომ ბავშვები სკოლის ეზოში არიან შეგროვილი და ერთმანეთს წიხლებს ურტყამენ“.

მშობლებისა და მასწავლებლების მიერ გამოხატულ შეშფოთებას სათამაშოების მაღაზიების ზოგი მეპატრონეც იზიარებს. დიდი ბრიტანეთის ერთ მაღაზიაში აიკრძალა მებრძოლი ქვეწარმავლების გამოსახულების მქონე სათამაშოების გაყიდვა იმის შიშით, რომ მულტგმირების მიბაძვით ბავშვებმა „არ დააშინონ ერთმანეთი კარატეს ილეთებით და საკანალიზაციო არხებში დამალვით სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდონ“. არსებობს კიდევ რამე საფრთხე?

ფარული საფრთხე

„ალბათ, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ კომერციის სამყარო ყოველთვის ცდილობს ხელის მოთბობას ბავშვების ხარჯზე“, — ასე იყო აღწერილი ერთ გაზეთში კავშირი „კუ ნინძებსა“ და ამ მულტსერიალთან დაკავშირებულ პროდუქციას შორის. და თუმცა ასეთი კავშირი სიახლეს არ წარმოადგენს, „სიახლე ისაა, რომ „კუ ნინძების“ თემატიკამ [ბაზარზე] საოცრად ფართო მასშტაბი მიიღო“.

ლიცენზიების მქონე მეწარმეებმა ბავშვებისა და მოზარდების მოსახიბლავად ნინძებთან დაკავშირებული 400 დასახელების პროდუქცია გამოიტანეს გასაყიდად; მათ შორის კომიქსები და მაისურები. და თუ მულტფილმის ნახვის შედეგად ბავშვებს ამ საგნების შეძენის დიდი სურვილი უჩნდებათ, ცხადია, რომ ეკრანზე ნანახი სცენები გარკვეულ გავლენას ახდენს მათზე! თუმცა კი, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ახალი მოდა დიდხანს არ გასტანს.

ასეთი მოდის გადასვლის შემთხვევაშიც კი, ძველი მულტფილმების საყვარელი პერსონაჟები მაინც ინარჩუნებენ თავიანთ მომხიბვლელობას. „კუ ნინძები შეიძლება მოვიდნენ და წავიდნენ, მაგრამ ტომი და ჯერი მუდამ იქნებიან“, — ნათქვამია ლონდონის „ტაიმზში“. ამიტომ, ალბათ, მოგიწევთ საკუთარი თავისთვის რამდენიმე კითხვის დასმა: სახლში ასეთი მულტფილმების ნახვა ხომ არ მიანიშნებს თქვენს შვილებს იმაზე, რომ იწონებთ ყველაფერს, რაც ეკრანზეა ასახული? რისი თქმა შეიძლება ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის სცენებზე? რა თქმა უნდა, შეიძლება თვლიდეთ, რომ მულტფილმებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ იცით, ახლა მულტფილმებმა რა სახე მიიღეს?

თანამედროვე ელექტრონული ხერხების წყალობით, მულტფილმი იმდენად რეალურად გამოიყურება, რომ მაყურებელს უჭირს მულტფილმსა და რეალობას შორის განსხვავების შემჩნევა. «ასეთ მულტფილმში ასახული სამყარო ფართო ეკრანზე იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, — ნათქვამია ჟურნალ „სანდი ტაიმზში“, — რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ მაყურებელსაც კი, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს საოცარ კინემატოგრაფიულ ხერხებს, ტყუილი ფორები ან ყალბი ნაოჭები ეჭვს არ უჩენს“. ამ ხერხებით გადმოცემული ძალადობის სცენები ძალიან რეალურად გამოიყურება.

დაფიქრდით ასევე იმაზე, თუ ქცევის რა წესებს სთავაზობს თანამედროვე მულტფილმები მომავალ თაობას. ერთი ბოლოდროინდელი პოპულარული მულტფილმის გმირები «ჭორიკნების, დოყლაპიებისა და „ოროსნების“ სამარცხვინო ოჯახის წევრები არიან», — იუწყება ლონდონის „ტაიმზი“. მათი მიმზიდველობა, „ნაწილობრივ, იმით აიხსნება, რომ ეს მულტგმირები საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებს არღვევენ“.

მშობლებო, ალბათ გაქვთ საფუძველი იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოთ, რა სახის მულტფილმებს უყურებენ თქვენი შვილები. მაშ, რისი გაკეთება შეგიძლიათ?

მოერიდეთ „გართობის მიზნით ძალადობის“ ყურებას

აწონ-დაწონეთ, რამდენად სასარგებლო ან საზიანოა გასართობი პროგრამები. ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგი მშობელი საერთოდ უარს ამბობს ტელევიზორზე. სხვები ეხმარებიან ბავშვებს იმ გადაცემების შეფასებაში, რომელთა ყურების ნებასაც რთავენ. «რაც უფრო კრიტიკული და ანალიტიკური თვალით შეაფასებს ბავშვი (ან თუნდაც მოზრდილი) მულტფილმს, სარეკლამო რგოლს ან საინფორმაციო გადაცემას, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ინდეპენდენტში“, — მით უფრო კარგად ჩასწვდება მასმედიის მიერ მოწოდებულ მასალას». მშობლებს, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ შეუძლიათ ამ მხრივ ბავშვების დახმარება.

ბოლო დროს ჩატარდა გამოკვლევა იმის გამოსავლენად, თუ რამდენად ახდენდა გავლენას ოჯახზე ტელევიზია. ამ გამოკვლევისას ძირითადი ყურადღება ეთმობოდა აღზრდის ორ განსხვავებულ მეთოდს. ერთი დაფუძნებული იყო ბავშვთან მსჯელობაზე, ახსნა-განმარტებასა და შექებაზე. მეორე მეთოდის დროს გამოიყენებოდა დასჯა და დაშინება. რა უჩვენა შედეგებმა?

აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მათ დასჯით ემუქრებოდნენ, იზიდავდა „ძალადობის სცენები ტელეეკრანზე“, მაშინ როცა „ბავშვებს, რომელთა დედებიც, უმთავრესად, მსჯელობდნენ და საუბრობდნენ მათთან, ნაკლებად აინტერესებდათ [ასეთი სცენების] ნახვა“. ამიტომ, მზრუნველი მშობლები უხსნიან შვილებს, თუ რატომ არაა გონივრული ძალადობის სცენების ამსახველი მულტფილმების ყურება. ამასთან გახსოვდეთ, რომ ბავშვები ბუნებით მიმბაძველები არიან, და ამიტომ, მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, თავადაც მოერიდონ გართობის მიზნით ძალადობის ყურებას. თუ თქვენ უყურებთ ძალადობის სცენებს, ბავშვები დაასკვნიან, რომ ამაში ცუდი არაფერია და თავადაც შეუძლიათ იმავეს გაკეთება.

„მაშ, რით გავართოთ ბავშვები?“ — შეიძლება იკითხოთ. შეგეძლოთ, მაგალითად, მათთვის ნამდვილი ცხოველების ქცევები გეჩვენებინათ. თქვენს მახლობლად ხომ არ არის ნაკრძალი ან ზოოპარკი, სადაც ბავშვების წაყვანა შეგეძლოთ? თუ არა, ყოველთვის შეიძლება სახლში საყურებლად შეარჩიოთ ვიდეოფილმები, რომლებიც ცხოველთა სამყაროზე მოგვითხრობენ.

სამწუხაროდ, ამჟამად არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია თავი დააღწიოს დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ძალადობას. მაგრამ ახალგაზრდა ვართ თუ ხნიერი, თუ გვსურს გონივრულად მოვიქცეთ, მოვერიდებით იმის ყურებას, რაც ძალადობისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას აღვივებს.

[სურათი 13 გვერდზე]

არის მულტფილმებში ძალადობის სცენები?