არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი ინტიმურ ტელეფონში?

რა არის ცუდი ინტიმურ ტელეფონში?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი ინტიმურ ტელეფონში?

„ინტიმურმა ტელეფონმა შეცვალა რომანტიკული ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული საშუალება, სასიყვარულო წერილები, რომლებსაც ერთ დროს დროებით შორ მანძილზე მყოფი წყვილები სწერდნენ ერთმანეთს“, — ნათქვამია ერთ ცნობილ ამერიკულ ჟურნალში.

რა არის ინტიმური ტელეფონი? ეს არის სატელეფონო მომსახურება, როდესაც მსურველს ეროტიკულ თემებზე ესაუბრებიან *. ისინი, რომლებიც მომსახურების ამ საშუალებას მიმართავენ, ხშირად სექსუალური სიამოვნების მისაღებად მასტურბაციას ეწევიან. უხამსი სატელეფონო საუბრები სექსზე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც შეყვარებულ წყვილებში, ისე უცნობებს შორის. ინტიმური ტელეფონით მომსახურებას ზოგი დაუფარავად უჭერს მხარს.

„ეს ყველაზე უსაფრთხო სექსია“ — აცხადებს ერთი ქალბატონი. ამ აზრს საკმაოდ ბევრი ეთანხმება. მაგალითად, 2000 წლის ოქტომბერში რუსეთის ექიმების ჯგუფმა აივ-ით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის საპასუხოდ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადებები, რომლებითაც მხარს უჭერდნენ ინტიმურ ტელეფონს.

სხვები პირადი გამორჩენის მიზნით ემხრობიან ამ სატელეფონო სამსახურს. მაგალითად, ასეთ მომსახურებას მარტო შეერთებულ შტატებში მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს.

რატომ გახდა ინტიმური ტელეფონი ასეთი პოპულარული? წიგნში „ფანტაზიების ქარხანა“ ნათქვამია: «ფიზიკური და ემოციური სიახლოვე სახიფათოა. არსებობს ვენერიული დაავადების გადადებისა და რეპუტაციის შელახვის საშიშროება; ასევე „არანორმალური სურვილებისა“ და მომკილი შედეგების გამო გაკიცხვის შიში. ინტიმური ტელეფონი კი ამ ყველაფრის რისკს ამცირებს».

მართალია, ინტიმური ტელეფონი გამორიცხავს სხვა ადამიანთან ფიზიკურ სიახლოვეს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთ ურთიერთობაში ცუდი არაფერია ან არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს?

უვნებელია ინტიმური ტელეფონი?

სექსუალური სურვილები განსაკუთრებით ახალგაზრდებშია მოზღვავებული. ბიბლია იმ პერიოდს, როცა სექსუალური სურვილები უმაღლეს წერტილამდე აღწევს, „სიყმაწვილის ასაკს“ უწოდებს (1 კორინთელთა 7:36). ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში ქრისტიან ახალგაზრდას მართებს „თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით“ (1 თესალონიკელთა 4:4). ეს ნიშნავს, ისწავლო სექსუალურ გრძნობებთან გამკლავება და მათი გაკონტროლება. ამისათვის აუცილებელია, რომ სექსზე ჯანსაღი და გაწონასწორებული შეხედულება გქონდეს.

ტელეფონით სექსზე საუბარი ხელს უწყობს სექსუალური სურვილების გაღვივებას და არა — გაკონტროლებას. გარდა ამისა, ის ადამიანს საპირისპირო სქესზე დამამცირებელ და დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნის. ბიბლია გვასწავლის, რომ სქესობრივი სიახლოვე მხოლოდ დაქორწინებულებს შორისაა დასაშვები (ებრაელთა 13:4). ინტიმური ტელეფონი კი ახალგაზრდებს ქორწინების გარეშე სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ უბიძგებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნამდვილი ბედნიერება გაცემაა და არა მიღება (საქმეები 20:35). ხოლო ინტიმური ტელეფონის გამო ადამიანი სხვებს შეიძლება საკუთარი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებელ საშუალებად აღიქვამდეს. ბიბლია დაქორწინებულ წყვილებს ურთიერთნდობისა და ერთმანეთის სიყვარულის საფუძველზე ახლო ურთიერთობების განვითარებას ასწავლის (ეფესელთა 5:22, 23). ინტიმური ტელეფონი კი ხელს არ უწყობს ასეთ ურთიერთობას და ადამიანს გულცივს ხდის.

მავნე მიდრეკილება

ძველი კორინთი ცნობილი იყო იქ არსებული უზნეობით. პავლე მოციქულს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ კორინთელებისთვის მიეწერა: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3). დღეს ინტიმური ტელეფონი სატანა ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია, რითაც რყვნის ახალგაზრდებს.

ზოგიერთი ახალგაზრდისთვის ინტიმურ ტელეფონზე დარეკვა გადაულახავ მისწრაფებად იქცა. ერთი ახალგაზრდის (პირობითად მას ჯიმი დავარქვათ) მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანი ინტიმურ ტელეფონზე გახდეს დამოკიდებული. ჯიმიმ ინტიმური ტელეფონის ნომერი დაინახა სარეკლამო დაფაზე, დაიმახსოვრა და ცნობისმოყვარეობის გამო დარეკა. იგი უფრო და უფრო ხშირად რეკავდა. მალე მას 600 დოლარის სატელეფონო გადასახადი მოუვიდა!

ქორწინებამდე სქესობრივი სურვილების აღძვრა ეწინააღმდეგება ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება“ (კოლასელთა 3:5).

ტრფობის პერიოდში მოსალოდნელი საფრთხე

როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, თუ სერიოზული განზრახვით ხვდებიან ერთმანეთს? სრულიად ბუნებრივია, როცა შეყვარებულებს ერთმანეთის მიმართ თავიანთი გრძნობების გამოხატვა სურთ. ბიბლიურ დროში მცხოვრებმა ერთმა ღვთისმოშიშმა ქალმა თავის საქმროზე ასეთი რამ თქვა: „მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც“ (ქებათა ქება 7:11). ქორწილის დღის მოახლოებასთან ერთად, მართებული იქნება, თუ მომავალი მეუღლეები გარკვეულ ინტიმურ საკითხებზე ისაუბრებენ. მაგრამ არის ტელეფონით სექსზე საუბარი რომანტიკული გრძნობების გამოხატვის უწყინარი საშუალება?

რა თქმა უნდა, არა. დანიშნული წყვილებიც უნდა მიჰყვნენ პავლე მოციქულის რჩევას: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ, უფრო, სამადლობელი, რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.“ (ეფესელთა 5:3—5; კოლასელთა 3:8).

ინტიმურ თემებზე საუბარი, რომელიც უზნეო ფიქრებს ან მასტურბაციის სურვილს აღძრავს, უწმინდურებაა იეჰოვას თვალში. ამან შეიძლება ადამიანი ღვთის პრინციპების სერიოზულ დარღვევამდე მიიყვანოს. მაგალითად, ერთი წყვილი ტრფობის პერიოდში ერთმანეთისგან შორს იმყოფებოდა. თავდაპირველად, ერთმანეთის უფრო უკეთ გაცნობის მიზნით, ისინი ტელეფონით დიდხანს ლაპარაკობდნენ. მალე უზნეო თემებზე დაიწყეს საუბარი და ყოველგვარ საზღვარს გასცდნენ. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ, როგორც კი ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება მიეცათ, მათ უზნეობაც ჩაიდინეს.

მას, ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს, დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ინტიმური ტელეფონის მახეში არ გაებას. რისი გაკეთებაა ამისათვის საჭირო?

‘დათრგუნე სხეული’

ინტიმური ტელეფონზე დარეკვა შეიძლება ჩვევად იქცეს. იეჰოვას მოწონება რომ დავიმსახუროთ, საჭიროა ‘დავთრგუნოთ და დავიმონოთ ჩვენი სხეული’ (1 კორინთელთა 9:27). თუ უკვე ჩვევად გექცა ინტიმური ტელეფონის ნომრის აკრეფა, რატომ არ მიგემართა სხვებისთვის დასახმარებლად? კარგი იქნებოდა, თუ ამის შესახებ ჯერ ქრისტიან მშობლებს დაელაპარაკებოდი. ისინი შეიძლება შეწუხდნენ კიდეც, მაგრამ გახსოვდეს, ყველაზე უკეთ მშობლები დაგეხმარებიან, რომ შეძლო საკუთარი გრძნობების გაკონტროლება და ამ მავნე ჩვევის მიტოვება. შენი კრების უხუცესებიც დიდი სიამოვნებით ამოგიდგებიან მხარში.

თუ საცოლე ან საქმრო გყავს, მტკიცედ გადაწყვიტე, რომ სიწმინდე ტელეფონით საუბრის დროსაც შეინარჩუნოთ. ერთი დანიშნული ქრისტიანი, ლეტისია, ამბობს: „მე და ჩემი საქმრო ერთად ვკითხულობთ ბიბლიაზე დაფუძნებულ სტატიებს სიწმინდის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ ასეთ ლიტერატურას. ის გვეხმარება სუფთა სინდისის შენარჩუნებაში“. მოიკრიბე გამბედაობა და სალაპარაკო თემა შეცვალე, თუ საუბარი არასწორი კუთხით წარიმართება. ილაპარაკეთ იმაზე, თუ რა დაგეხმარებათ, რომ მხოლოდ წმინდა თემებზე ისაუბროთ.

ზოგ ქვეყანაში ინტიმურ ტელეფონს ტელევიზიით გვიან ღამით უკეთდება რეკლამა. შესაძლოა შენთვის უმჯობესი იყოს, ასეთ დროს საერთოდ არ უყურო ტელევიზორს. და რამდენადაც მასტურბაცია კი არ ასუსტებს, არამედ აღძრავს უზნეო ფიქრებს, მნიშვნელოვანია, რომ გაექცე ამ უწმინდურ ჩვევას *. შენ შეძლებ უწმინდური აზრებისგან გათავისუფლებას, თუ კონცენტრირებას იმაზე მოახდენ, რაც კარგია (ფილიპელთა 4:8). აირჩიე ისეთი მეგობრები, რომლებიც აღმშენებლურ თემებზე საუბრობენ. ყოველდღიურად იკითხე ღვთის სიტყვა და ქრისტიანული პუბლიკაციები, რათა განამტკიცო შენი გადაწყვეტილება. ასე მოქცევა დაგიცავს იმისაგან, რომ უზნეო ფანტაზიებმა მოიცვას შენი გონება და გარყვნას შენი აზროვნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარებისთვის ღმერთს მიმართე ლოცვით. პეტრე მოციქულმა დაწერა: „ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტრე 5:6, 7).

„უკანონო სექსუალურ უზნეობაში ჩასათრევად ახალგაზრდებზე დიდ ზეწოლას ახდენენ“, — ამბობს ახალგაზრდა ქრისტიანი გოგონა ბრაზილიიდან. იეჰოვამ იცის, რა სირთულეებთან გიწევს გამკლავება. დარწმუნებული იყავი, ის გაგიწევს საჭირო დახმარებას, რომ სიწმინდე შეინარჩუნო (ეფესელთა 6:14—18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მსგავსი უზნეო ჩვევაა ვირტუალური სექსი. ამაში იგულისხმება ეროტიკული თემების განხილვა ინტერნეტის ვებ-ჩეთებში.

^ აბზ. 24 რჩევებისთვის, თუ როგორ გადაეჩვიო მასტურბაციას, იხილე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, გვ.198—211, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

ინტიმური ტელეფონი და ვირტუალური სექსი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

დანიშნული წყვილები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათი საუბრები უწმინდურ თემებში არ გადაიზარდოს.

[სურათი 22 გვერდზე]

ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების წაკითხვა განგიმტკიცებს სიწმინდის შენარჩუნების გადაწყვეტილებას.