არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოგზაურობა დიდებული ჩანჩქერებისკენ

მოგზაურობა დიდებული ჩანჩქერებისკენ

მოგზაურობა დიდებული ჩანჩქერებისკენ

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ზამბიიდან

იდგა 1855 წელი. რამდენიმე წელი იყო გასული, რაც შოტლანდიელი მისიონერი და მკვლევარი დეივიდ ლივინგსტონი აფრიკაში მოგზაურობდა. მაშინდელი მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა ამ კონტინენტის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. როდესაც ლივინგსტონი მძლავრ მდინარე ზამბეზის აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვებოდა, ადგილობრივი ტომებისგან შეიტყო, რომ წინ უდიდესი ჩანჩქერი დაუხვდებოდა. გამაყრუებელი ხმაურისა და დიდი ორთქლის გამო ადგილობრივმა ტომებმა ჩანჩქერს მო-ზი-ოა-ტუნია უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „კვამლი, რომელიც ხმაურობს“.

ლივინგსტონმა გადაწყვიტა, ახლოს ენახა ჩანჩქერი, რომელსაც ამჟამად ვიქტორია ეწოდება. პირველ შთაბეჭდილებას ის შემდეგი სიტყვებით აღგვიწერს: „შიშით მივცოცდი უფსკრულის ნაპირთან და თვალი შევავლე დიდ ნაპრალს, რომელიც მდინარე ზამბეზის ერთი ნაპირიდან მეორემდე იყო გადაჭიმული. დავინახე, როგორ ეშვებოდა დაახლოებით ათასი იარდის [900 მეტრზე მეტი] სიგანის წყლის ნაკადი 100 იარდის [30 მეტრის] სიმაღლიდან და როგორ იქცეოდა მომენტალურად 15—20 იარდის [13—18 მეტრის] სიგანის წყლის სვეტებად“.

წყალდიდობის დროს ჩანჩქერ ვიქტორიადან, რომელიც ზამბიასა და ზიმბაბვეს შორის მდებარეობს, მსოფლიოში წყლის ყველაზე დიდი კედელი ეცემა დაბლა. ამ დროს წუთში 545 000 ტონა წყალი ვარდება 108 მეტრის სიღრმეზე. შემდეგ კი, ზამბეზის მთელი წყალი 65 მეტრზე ნაკლები სიგანის ვიწრო და ღრმა კლაკნილ ხეობაში მიედინება. ეს უნიკალური გეოლოგიური თავისებურებანი ჩანჩქერ ვიქტორიას შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს.

ჩანჩქერის მიდამოებიც ძალიან ლამაზია. აქვე მდებარეობს ეროვნული პარკი, რომელშიც სხვადასხვა ჯიშის ხეებსა და მცენარეებს შეხვდებით; ამ ადგილებშივე ბინადრობენ ცხოველები — მაგალითად, ბეჰემოტები, აფრიკული სპილოები, ჟირაფები, გნუები, ზებრები და ლომები. ციცაბო კლდეებზე კი ბინადრობენ ისეთი ლამაზი ფრინველები, როგორებიცაა არწივები და მოკლეკუდიანი შევარდნები.

ლივინგსტონი წერდა: „ინგლისში ვერსად ნახავ ასეთ სილამაზეს. მსგავსი რამ აქამდე არც ერთ ევროპელს არ ექნებოდა ნანახი; აქ ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ანგელოზების თვალსაც უთუოდ მოხიბლავდა“. თითქმის 150 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლივინგსტონმა პირველად ნახა ეს ჩანჩქერი და, ინგლისის დედოფლის პატივსაცემად, ვიქტორია უწოდა; ყოველწლიურად აქ ასობით ათასი ადამიანი ჩამოდის მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, რათა ეს არაჩვეულებრივი სანახაობა საკუთარი თვალით იხილონ.

ჩანჩქერი ვიქტორია ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების ერთ-ერთ საოცრებად. ზამბიის მრავალ დიდ მდინარეზე არსებული ბევრი ნაკლებად ცნობილი ჩანჩქერიც გვხიბლავს თავისი სილამაზით. მოდი გავეცნოთ ზოგიერთს.

ჩანჩქერი გონიე

ნოემბრის ერთ ცხელ დღეს, დაახლოებით ორი წლით ადრე, სანამ ჩანჩქერ ვიქტორიას პირველად ნახავდა, ლივინგსტონმა იხილა ჩანჩქერი გონიე, რომელიც ჩანჩქერ სიომას სახელითაც არის ცნობილი. ის წერდა: „ჩანჩქერის ზემოთ განლაგებულ კუნძულებზე ისეთი საოცარი სიმწვანეა, რომ მსგავსს სხვაგან ვერსად ნახავთ; არასოდეს მინახავს ისეთი დიდებული პეიზაჟი, როგორსაც ამ უზარმაზარი კლდიდან გადმოსული ჩანჩქერი ქმნის“. ჩანჩქერ გონიეს დღევანდელი მნახველებიც ეთანხმებიან ლივინგსტონის სიტყვებს.

ლივინგსტონი აგრძელებს: „რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ, მდინარის კალაპოტი დაახლოებით ას იარდამდე [90 მეტრამდე] ვიწროვდება. წყალი ხმაურით მიედინება და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ხეობაში შეუწყვეტლივ მოედინება წყლის უზარმაზარი მასა, რომლის ზედაპირზე გამოცდილ მოცურავესაც კი გაუჭირდებოდა გაჩერება“.

ჩანჩქერი ლუმანგვე

ზამბიის ბევრი ჩანჩქერი მოშორებულ ადგილებში მდებარეობს და დღემდე ინარჩუნებს თავის პირველსახეს. ისინი ზომით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ჩანჩქერი ლუმანგვე მინიატურულ ვიქტორიას მოგვაგონებს, თუმცა, პატარა სულაც არ არის. ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია, ხოლო სიგანე — 100 მეტრი. ჩანჩქერისგან წარმოშობილი ნისლი პატარა ტროპიკულ ტყეებსაც კვებავს სინოტივით.

ჩანჩქერი კალამბო

კალამბო ზამბიაში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. ის მაღალი პლატოდან აფრიკის რიფტ-ველამდე ჩაედინება. ის ვარდება დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლის ციცაბო კლდიდან, სადაც მშრალ სეზონზე იშვიათი ჯიშის გიგანტური აფრიკული მარაბუ ბუდობს.

„კალამბო სიმაღლით მეორე ჩანჩქერია აფრიკაში [ჩანჩქერ ტუგელას შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა] და მეთორმეტე — მსოფლიოში. იგი ჩანჩქერ ვიქტორიაზე ორჯერ მაღალია“, — ნათქვამია წიგნში „ზამბიის ეროვნული მემკვიდრეობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანჩქერამდე მისვლა ძალიან ძნელია, მწერალი ა. ქუორმბი კალამბოს „აფრიკის ერთ-ერთ დაუვიწყარ სანახაობად“ აღწერს. ის ამბობს: „ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო, სანამ ეს ადგილი ჩვეულებრივ ტურისტულ მარშრუტში შევა . . . ამჟამად ძალიან ცოტას თუ შეუძლია კალამბოს მონახულება“.

მართლაც, ზამბიის ბევრი ჩანჩქერი და ბუნების სხვა მიმზიდველი სანახაობანი მიუვალ ადგილებში მდებარეობს. წიგნში „ზამბიის ეროვნული მემკვიდრეობა“ ნათქვამია: «ზოგ ადგილამდე „ლენდ როვერით“ ან მხოლოდ ფეხით თუ მიაღწევ». რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც უწყობს ხელს ამ ადგილების განსაკუთრებული ხიბლის შექმნას. ტრანსპორტის მიუვალობის მიუხედავად, აქ სტუმრებს სიამოვნებით ელიან. ზამბიის ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის ერთ-ერთი წევრი, გეოლოგი კაგოსი მვამულოვე ამბობს, რომ მათი მიზანია ყველანაირი პირობა შეუქმნან ხალხს, რომ სიამოვნება მიიღონ ასეთი შესანიშნავი ადგილების ნახვით და, ამავე დროს, ბუნებას პირვანდელი სილამაზე შეუნარჩუნონ.

ზამბიის უდიდესი საუნჯე

თავის წიგნში „ზამბია“ რიჩარდ ვანი ამბობს: „ზამბია დღემდე რჩება ერთ-ერთ ულამაზეს მხარედ. იქ ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჯერჯერობით არც ტურისტებისთვისაა ცნობილი და არც ზამბიელებისთვის. ქვეყანა მდიდარია ტბებით, მდინარეებით, ტყეებითა და მთებით“. თუმცა, მის დიდებულ საუნჯეს სხვა რამ წარმოადგენს.

„ადგილობრივი მცხოვრებლები სითბოთი, მხიარულობითა და სიცოცხლის ხალისით გამოირჩევიან“, — ამბობს ვანი. სხვა მწერალი, დეივიდ ბრისტოუ, კი აღნიშნავს, რომ „ზამბიის გული — აფრიკის მზესავით თბილი — მისივე ხალხია“. თუ ოდესმე მოხვდებით მსოფლიოს ამ ლამაზ კუთხეში, დარწმუნებულები ვართ, თქვენც იმავეს იტყვით.

[რუკა⁄სურათები 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტანზანია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ანგოლა

ზამბია

ჩანჩქერი კალამბო

ჩანჩქერი ლუმანგვე

ლუსაკა

ჩანჩქერი გონიე

ჩანჩქერი ვიქტორია

ზიმბაბვე

მოზამბიკი

ინდოეთის ოკეანე

[სურათები]

ჩანჩქერი ლუმანგვე — მინიატურული ვიქტორია.

ჩანჩქერი კალამბო ვიქტორიაზე ორჯერ მაღალია.

ჩანჩქერი გონიე — „დროის უმეტეს ნაწილს აქ ვერავის შეხვდებით“.

[საავტორო უფლებები]

Lumangwe and Ngonye Falls: Marek Patzer/www.zambiatourism.com; map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ჩანჩქერი ვიქტორია — „კვამლი, რომელიც ხმაურობს“

[საავტორო უფლება]

Marek Patzer/www.zambiatourism.com