არახელსაყრელ პირობებში აყვავებული
არახელსაყრელ პირობებში აყვავებული
როგორც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, ჩვენ ვცხოვრობთ „საზარელ ჟამში“ (2 ტიმოთე 3:1). დაძაბულობა ოჯახში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ფინანსური სირთულეები — მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რამაც შეიძლება ძალიან დაგამწუხროთ. ამ დროს შესაძლოა ფიქრობთ, რომ არ ძალგიძთ ყოველივესთან გამკლავება. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი. დაფიქრდით შემდეგ მაგალითზე.
კუნძულ ტენერიფეზე, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს მახლობლად, დაახლოებით 3 700 მეტრის სიმაღლეზე იზრდება ია სახელწოდებით ტეიდე (Viola cheiranthifolia). ეს სახელი ვულკანური წარმოშობის მწვერვალიდან, ტეიდედან, მოდის, რომელიც მთელ სუბტროპიკულ კუნძულს გადაჰყურებს. ზემო ფერდობებზე, ერთი შეხედვით, მცენარეულობა ნაკლებადაა, მაგრამ გაზაფხულზე თოვლის დადნობისას უდრეკი ტეიდები ცოცხლდებიან და ვულკანს იისფერი გვირგვინით ამშვენებენ. დიახ, ეს ყვავილი ერთი შეხედვით სუსტი და ნაზია, მაგრამ მაინც ახერხებს გადარჩენას და ყვავის კიდეც უნაყოფო მიწაზე, არახელსაყრელ გარემოში.
ამ იის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ სიხარულის პოვნა არახელსაყრელ პირობებში. იეჰოვას მოწმეებს ბიბლია დაეხმარა საშინელი განსაცდელების დაძლევაში, მაგალითად, ნაცისტური გერმანიის დროს საკონცენტაციო ბანაკებში ყოფნისას. შვედმა ჟურნალისტმა ბიორნ ჰალსტერმა აღნიშნა: „სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე ცუდად იეჰოვას მოწმეებს ეპყრობოდნენ, მაგრამ ღვთისადმი რწმენის წყალობით მათ ყველაზე უკეთ გაართვეს თავი სიძნელეებს“.
როგორ სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეთ, ბიბლიის დახმარებით თავს ბედნიერად იგრძნობთ. დაუკავშირდით თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე, თუ გსურთ ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.