საპონი „ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა“
საპონი „ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა“
„დაავადება, რომელიც მეორე ადგილზეა ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის, არც მალარია და ტუბერკულოზია და არც შიდს-ი. ეს . . . დიარეაა (ფაღარათი)“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“. თუმცა, ბევრი ასეთი ბავშვის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, თუ თავად ისინი და მათი ოჯახის წევრები რეგულარულად დაიბანდნენ ხელებს საპნით.
როგორც ზემოხსენებულ ჟურნალშია ნათქვამი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარების აზრით, „ხელების კარგად დაბანამ, შესაძლოა, დიარეით დაავადებულთა რიცხვი 43 პროცენტით შეამციროს. იმავეს თქმა შეიძლება სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებებზე, რაც ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ფართომასშტაბიანი გამოკვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, სურდოსა და ხველების შემთხვევათა რიცხვი 45 პროცენტით შემცირდა იმ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც დღეში ხუთჯერ იბანდნენ ხელს“. საპონზე ყველას მიუწვდება ხელი, თუნდაც ღარიბ ქვეყნებში. ამიტომაც, მას მართებულად უწოდებენ „ყველასთვის ხელმისაწვდომ ვაქცინას“. ამასთანავე, იგი სრულიად უმტკივნეულოა!
ბიბლიაც მოგვიწოდებს სისუფთავისკენ. „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“, — ნათქვამია 2 კორინთელთა 7:1-ში. თუმცა ღმერთი, უმთავრესად, სულიერი სიწმინდისკენ მოგვიწოდებს, ის მიიჩნევს, რომ ფიზიკური სისუფთავეც მნიშვნელოვანია (ლევიანები, მე-12—15 თავები). რა თქმა უნდა, ღმერთს არ სურს, რომ უკიდურესობაში ჩავვარდეთ; მაგრამ მაინც ჩვევად უნდა გავიხადოთ ხელების დაბანა საპირფარეშოთი სარგებლობის, ბავშვის დაბანის ან სახვევის გამოცვლის შემდეგ, ასევე საჭმლის მომზადებამდე, ჭამამდე და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მავნე მიკრობები ან ვირუსები სხვებს გადავდოთ. ხელების რეგულარული დაბანით ქრისტიანულ სიყვარულს გამოვავლენთ ოჯახის წევრებისადმი და ყველასადმი, ვისთანაც ურთიერთობა გვექნება (მარკოზი 12:31).