არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ბავშვს სიცხე აქვს

როცა ბავშვს სიცხე აქვს

როცა ბავშვს სიცხე აქვს

„დედიკო, ცუდად ვარ!“ ბავშვის ასეთი ნაღვლიანი სიტყვების გაგონების შემდეგ, ალბათ, დაუყოვნებლივ უსინჯავთ მას ტემპერატურას. თუ სიცხე აქვს, თქვენ, რასაკვირველია, ნერვიულობთ.

ბალტიმორში (მერილენდის შტატი, აშშ) ჯონს ჰოპკინსის სახელობის ბავშვთა ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მშობლების 91 % მიიჩნევს, რომ «ზომიერ ტემპერატურასაც კი, შესაძლოა, სულ მცირე, ერთი საზიანო შედეგი მოჰყვეს, მაგალითად, გულის წასვლა ან ტვინის დაზიანება». ამავე გამოკვლევამ უჩვენა, რომ „მშობლების 89 % შვილებს 38,9°C–ზე ნაკლები ტემპერატურის დროსაც აძლევდნენ სიცხის დამწევ პრეპარატებს“.

რამდენად საგანგაშოა ბავშვის ტემპერატურის მომატება? როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

სიცხის მნიშვნელოვანი როლი

რა იწვევს ტემპერატურის მომატებას? თუმცა საშუალოდ სხეულის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით 37°C–ია (პირის ღრუში გაზომვისას), ის, ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში 0,1°C ან მეტი გრადუსის ფარგლებში მერყეობს *. დილით იკლებს, საღამოსთვის კი იმატებს. ჰიპოთალამუსი (დიდი ტვინის ნაწილი), რომელიც მოთავსებულია ტვინის ფუძეში, თერმოსტატის მსგავსად არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. ტემპერატურა იმატებს, როცა იმუნური სისტემა ბაქტერიებისა თუ ვირუსის შეჭრის საპასუხოდ სისხლში პიროგენულ ნივთიერებებს წარმოშობს. ამ დროს ჰიპოთალამუსი ტემპერატურის აწევის „ბრძანებას იძლევა“.

მართალია, შეიძლება, ბავშვი სიცხის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდეს და გაუწყლოება დაემართოს, მაგრამ ტემპერატურის აწევა მაინცდამაინც საზიანო არ არის. მეიოს სახელობის კლინიკის თანამშრომლები, რომლებიც სამედიცინო განათლებითა და კვლევით არიან დაკავებულები, თვლიან, რომ სიცხეს, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი აკისრია ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში. „დაბალი ტემპერატურა შესანიშნავ გარემოს უქმნის გაციებისა და სხვა რესპირაციული (სასუნთქი გზების) ინფექციების გამომწვევ ვირუსებს. ხოლო სხეულის ტემპერატურის მსუბუქ ტემპერატურამდე აწევით თქვენი ორგანიზმი უკვე შეძლებს ვირუსულ ინფექციასთან გამკლავებას“. ზემოხსენებული კლინიკის თანამშრომლების აზრით, „მსუბუქი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ამან შესაძლოა ბავშვის გამოჯანმრთელების ბუნებრივ პროცესს შეუშალოს ხელი“. საინტერესოა, რომ მექსიკის ერთ საავადმყოფოში ზოგიერთ დაავადებას სხეულის ტემპერატურის მომატებითაც კი მკურნალობენ. ამ მეთოდს ჰიპერთერმია ეწოდება.

აი, რას ამბობს ამერიკის სასწრაფო დახმარების უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალ საკეტი: „სიცხე თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს; პირიქით, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზმი შეჭრილ ინფექციას ებრძვის. ამიტომ, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, მნიშვნელოვანია ყურადღება ბავშვსა და შესაძლო ინფექციაზე გადაიტანოთ, და არა მის ტემპერატურაზე“. ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანამშრომლები აღნიშნავენ: „თუ ბავშვი ძალიან ცუდად არ გრძნობს თავს ან თუ ფებრილური კრუნჩხვები არ ემართება, 38,3°C–ზე დაბალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის. ტემპერატურამ ზემოაღნიშნულზე მაღლაც რომ აიწიოს, ეს თავისთავად საშიში არ არის, თუ ბავშვს კრუნჩხვითი შეტევები არა აქვს ან ქრონიკული დაავადება არ აწუხებს. უფრო მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ ბავშვს. თუ კარგი მადა და ძილი აქვს და დროდადრო თამაშობს კიდეც, მას, ალბათ, მკურნალობა არც კი დასჭირდება“.

როგორ მოვიქცეთ მსუბუქი ტემპერატურის დროს

ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის დასახმარებლად არაფერი აკეთოთ. აი, რის გაკეთებას გვირჩევენ ექიმები მსუბუქი ტემპერატურის დროს: ბავშვის ოთახი ხშირად გაანიავეთ; ჩააცვით თხლად (სხეულის გადახურებამ შესაძლოა ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს); მიეცით დამატებითი სითხეები, მაგალითად: წყალი, გაზავებული ხილის წვენი და სუპი, რადგან მაღალმა სიცხემ შეიძლება გაუწყლოება * გამოიწვიოს (კოფეინის შემცველი სასმელები, როგორიცაა შავი ჩაი, კოკაკოლა, პეპსი–კოლა და მისთანა, შარდმდენებია და მათმა მიღებამ შესაძლოა უფრო მეტ გაუწყლოებას შეუწყოს ხელი); ჩვილების შემთხვევაში დედებმა არ უნდა შეწყვიტონ მათი ძუძუთი კვება. მოერიდეთ ბავშვისთვის ძნელად მოსანელებელი საკვების მიცემას, რადგან სიცხის დროს კუჭს უჭირს ასეთი საკვების გადამუშავება.

თუ ტემპერატურამ 38,9°C–ს გადააჭარბა, ამ დროს აძლევენ სიცხის დამწევ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. აუცილებელია რეკომენდებული დოზის დაცვა (ორ წლამდე ასაკის ბავშვებს წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა მიეცეს). სიცხის დამწევი პრეპარატები ვირუსს არ ებრძვის. ამიტომაც, ვერ უწყობს ხელს ბავშვის სწრაფად განკურნებას გაციებისგან და სხვა დაავადებებისგან. ისინი მას მხოლოდ სიცხით გამოწვეულ არასასიამოვნო შეგრძნებებს მოუხსნის. ზოგიერთი სპეციალისტი იძლევა რჩევას, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სიცხის დასაწევად არ მიეცეს ასპირინი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეიეს სინდრომი — სიცოცხლისთვის საშიში დაავადება *.

სიცხის დასაწევად ასევე შეიძლება ტანის დაზელა სველი ღრუბლით. ამისათვის ბავშვი თბილი წყლით რამდენიმე სანტიმეტრზე დაფარულ აბაზანაში ჩასვით და დაზილეთ ღრუბლით (არ გამოიყენოთ ალკოჰოლი, რადგან შესაძლოა ტოქსიკური რეაქცია გამოიწვიოს).

თანდართულ ჩარჩოში რამდენიმე სასარგებლო რჩევაა მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. სამედიცინო ჩარევა განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადგილებში, სადაც გავრცელებულია ისეთი მწვავე დაავადებები, როგორიცაა: დენგესა და ებოლას ცხელება, მუცლის ტიფი და ყვითელი ცხელება.

მოკლედ რომ ვთქვათ, იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვმა თავი უკეთესად იგრძნოს. გახსოვდეთ, ტემპერატურა იშვიათად იწევს იმ დონემდე, რომ მას ნევროლოგიური გართულება ან სიკვდილი მოჰყვეს. მართალია, გულის წასვლა, რომელიც სიცხითაა გამოწვეული, შემაშფოთებელია, მაგრამ ხანგრძლივ შედეგებს არ იძლევა.

საუკეთესო წამალი, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკური ზომების მიღებაა. ამასთანავე, ინფექციისგან ბავშვის დაცვის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მისთვის ჰიგიენის ძირითადი წესების სწავლებაა. აუცილებელია ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, განსაკუთრებით ჭამამდე, ტუალეტით სარგებლობის, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისა და ცხოველებთან შეხების შემდეგ. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, თუ ბავშვს მაინც მისცა სიცხემ, ძალიან ნუ ინერვიულებთ. როგორც გავიგეთ, მრავალი საშუალება არსებობს, რითაც ბავშვს გამოჯანმრთელებაში დაეხმარებით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ტემპერატურის მაჩვენებელი დამოკიდებულია გამოყენებული თერმომეტრის ტიპზე და იმაზე, თუ სხეულის რა ნაწილში ხდება ტემპერატურის გაზომვა.

^ აბზ. 10 იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთოთ რეჰიდრატაციული (დაკარგული სითხის ასანაზღაურებელი) ხსნარი, როცა სიცხესთან ერთად ავადმყოფს ფაღარათი ან პირღებინება აქვს, იხილეთ „გამოიღვიძეთ!“–ის 1995 წლის 8 აპრილის ნომერი, გვ. 11 (რუს.).

^ აბზ. 11 რეიეს სინდრომი მწვავე ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ბავშვებში შეიძლება ვირუსული ინფექციის შემდეგ განვითარდეს.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

გამოუძახეთ ექიმს, თუ სიცხიანი ბავშვი. . .

▪ 3 თვისა ან უფრო პატარაა და მისი რექტალური (სწორ ნაწლავში გაზომვისას) ტემპერატურა 38°C ან უფრო მეტია.

▪ 3—6 თვისაა და მისი ტემპერატურა 38,3°C ან უფრო მეტია.

▪ 6 თვეზე მეტი ხნისაა და მისი ტემპერატურა 40°C ან უფრო მეტია.

▪ უარს ამბობს სითხეების მიღებაზე და გაუწყლოების ნიშნები აქვს.

▪ გული მისდის ან აღენიშნება ძლიერი სისუსტე.

▪ სიცხე 72 საათის შემდეგაც არ უვარდება.

▪ სასოწარკვეთილი ხმით ტირის, გონება ებინდება ან ბოდვა ეწყება.

▪ გახშირებულად ან მძიმედ სუნთქავს, აქვს ფაღარათი ან ხშირი პირღებინება.

▪ კისერი გაუშეშდა ან ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო.

[საავტორო უფლება]

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია.