არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გარეგნული ბრწყინვალების ბნელი მხარე

გარეგნული ბრწყინვალების ბნელი მხარე

გარეგნული ბრწყინვალების ბნელი მხარე

რასაკვირველია, მოდურად ჩაცმამ შეიძლება უფრო ლამაზად წარმოაჩინოს თქვენი გარეგნობა და საკუთარ თავში დაჯერებულობაც შეგმატოთ. სწორად შერჩეულმა სამოსმა შეიძლება ფიზიკური ხარვეზებიც დამალოს და თქვენი მიმზიდველი ნაკვთები უფრო გამოკვეთოს. თქვენი ჩაცმის სტილმა შეიძლება იმაზეც მოახდინოს გავლენა, თუ როგორი თვალით შემოგხედავენ სხვები.

მოდის სამყაროს აქვს ბნელი მხარეც, რომელზეც არ შეიძლება თვალის დახუჭვა. გარდერობის შევსების სურვილით შეპყრობილი მყიდველები შეიძლება გაუთავებელი წრებრუნვის მახეში მოექცნენ. მოდის ინდუსტრია ხომ სულ ახალ და ახალ ტენდენციებს ნერგავს. და ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან მოდების სახლები უფრო დიდ მოგებას მაშინ ნახულობენ, როდესაც ტანსაცმელი მოდიდან მალე გადადის. როგორც მოდელიერმა გაბრიელ შანელმა აღნიშნა, „მოდა იმიტომ არსებობს, რომ მოდიდან გავიდეს“. ამიტომაც ხდება ისე, რომ არაშორსმჭვრეტელი მომხმარებელი თავს ვალდებულად თვლის, იყიდოს ახალი ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ, რომ მოდას არ ჩამორჩეს.

არსებობს იმის საშიშროებაც, რომ რეკლამის შეუმჩნეველი გავლენის ქვეშ მოექცეთ. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ თავიანთი ნაწარმის რეკლამირებისთვის. რეკლამებში ისინი ხშირად უდარდელი ცხოვრების სტილს წარმოსახავენ და ხალხს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიან, თითქოს ცხოვრებით მხოლოდ ისინი ხარობენ, ვისაც მათი კომპანიისა თუ ფირმის ტანსაცმელი აცვია. ასეთ რეკლამებს ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. „არაფერი ისე არ ტკენს გულს მოზარდებს, როგორც ყველაზე პოპულარული ფირმის ფეხსაცმლის არქონა“, — ამბობს ერთი ესპანელი მასწავლებელი.

მოდის მაცდუნებელი ხიბლი

ზოგი ჯგუფი საკუთარი „მე“-ს წარმოსაჩენად გარკვეული სტილის ტანსაცმელს ატარებს. მათი ჩაცმულობა შეიძლება საზოგადოების უარმყოფელ დამოკიდებულებას, თავისუფალი ცხოვრების სტილს ან მოძალადეობრივ თუ რასისტულ შეხედულებებსაც კი ირეკლავდეს. და თუმცა ამ სტილებიდან ზოგი შეიძლება აღმაშფოთებელი ან სკანდალური იყოს, ზემოხსენებულ ჯგუფებში უმრავლესობა, როგორც წესი, ასეთ ტანსაცმელს იცვამს. იმ ადამიანებსაც კი, ვინც ჯგუფის იდეალებს არ იწონებს, შეიძლება მათი ჩაცმის სტილი იზიდავდეს. მათ, ვინც ასეთ ჯგუფებს ჩაცმულობაში ჰბაძავს, შეიძლება სხვებს აფიქრებინონ, რომ ამ წრის შეხედულებებს იზიარებენ და პროპაგანდას უწევენ.

მოდური ტენდენციები, ჩვეულებრივ, როგორც ჩნდება, ისე ქრება; ზოგი სულ რამდენიმე თვეში. ისინი შეიძლება წარმოშვას რომელიმე პოპულარულმა მუსიკოსმა ან მოდის სხვა კანონმდებელმა. მაგრამ, ზოგჯერ ასეთი ტენდენცია მკვიდრდება და ძირითად სტილად იქცევა ხოლმე. ლურჯი ჯინსი, მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა XX საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდებში. დღეს კი ჯინსებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ბევრნაირ სიტუაციაში იცვამენ.

სწრაფვა იდეალური ფიგურისკენ

ისინი, ვინც მოდას ფეხდაფეხ მისდევს, შეიძლება მეტისმეტად წუხდნენ საკუთარი გარეგნობის გამო. მოდელები, როგორც წესი, მაღლები და სუსტი აღნაგობისანი არიან *. ჩვენ კი განუწყვეტლივ ვიბომბებით მათი გამოსახულებებით. მოდელების ამ „იდეალურ“ ფიგურას იყენებენ იმისთვის, რომ რეკლამა გაუწიონ ყველაფერს, მანქანებით დაწყებული და კანფეტებით დამთავრებული. დიდი ბრიტანეთის სოციალური საკითხების კვლევითი ცენტრი ასკვნის, რომ „ახალგაზრდა ქალები დღეს გაცილებით მეტ არაჩვეულებრივად ლამაზ ქალს ხედავენ ერთ დღეში, ვიდრე ჩვენს დედებს უნახავთ მთელ თავიანთ ახალგაზრდობაში“.

მოდელების გაუთავებელ ცქერას ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის შესახებაც ჟურნალ „ნიუსუიკში“ იყო მოთხრობილი, გამოავლინა, რომ თეთრკანიან მოზარდთა 90 პროცენტი თავისი ფიგურით უკმაყოფილო იყო. ზოგი მათგანი არაფერზე დაიხევდა უკან, ოღონდაც „იდეალური ფიგურა“ დაეყენებინა. სოციალური საკითხების კვლევითი ცენტრი კი იუწყება, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა 5 პროცენტზე ნაკლები თუ შეესაბამება მასმედიის მიერ თავს მოხვეული იდეალური წონისა და ზომის ეტალონებს. მიუხედავად ამისა, ტანწერწეტობის გაკერპებამ მილიონობით ახალგაზრდა ქალი მონად აქცია. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ანორექსია განუვითარდა *. ესპანელი მოდელი, ნიევეს ალვარესი, რომელიც ანორექსიით იტანჯებოდა, აღიარებს: „წონაში მომატების უფრო მეშინოდა, ვიდრე სიკვდილის“.

მართალია, კვებითი მოშლილობები, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ როგორც ექიმები მიშელ ლაქსენერი და ან გიიმო ამბობენ, „სიგამხდრის კულტსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი“.

ცხადია, მოდას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ის აკმაყოფილებს ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას, გამოიყურებოდეს ლამაზად და ეცვას რამე ახალი, მაგრამ მოდის რადიკალური ტენდენციების გამო შეიძლება ისე შევიმოსოთ, რომ სხვებს ჩვენზე არასწორი შთაბეჭდილება შევუქმნათ. და თუ გარეგნობას გადამეტებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შეიძლება მცდარ დასკვნამდე მივიდეთ, თითქოს ჩვენი ღირსებები „ჩაცმულობით“ განისაზღვრება და არა პიროვნული თვისებებით. „საჭიროა ვისწავლოთ ის, რომ ადამიანში უფრო მეტად დავაფასოთ მისი უნარიანობა და შინაგანი ბუნება, ვიდრე სამოსი“, — ამბობს ალვარესი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი. მაგრამ საეჭვოა, რომ დადგენილი სტანდარტების შეცვლა მალე მოხდეს. მაშ, როგორ გამოვიმუშავოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე?

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 მოდელებისგან, ჩვეულებრივ, მოითხოვება, რომ „სიმაღლეში იყვნენ, სულ მცირე, 1,74 მ., იყვნენ ძვალწვრილები, ჰქონდეთ სავსე ტუჩები, მაღალი ყვრიმალები, დიდი თვალები, გრძელი ფეხები და სწორი, მაგრამ არა ზედმეტად გამოშვერილი ცხვირი“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“.

^ აბზ. 10 აშშ-ის ანორექსიისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების ეროვნული ასოციაცია იუწყება, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში რვა მილიონ ადამიანს აქვს ანორექსია და მთელ რიგ შემთხვევებში ეს დარღვევა სიკვდილის მიზეზი ხდება. უმრავლესობას (86 პროცენტს) კვებითი მოშლილობები 21 წლამდე განუვითარდა.

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

ნუთუ ამას ვინმე ჩაიცვამს?

ყოველ ზაფხულს და შემოდგომით ნიუ-​იორკის, პარიზისა და მილანის მოდების სახლები აწყობენ წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოლექციების ჩვენებას. გარდა უზომო სიძვირისა, ამ ტანსაცმლიდან ბევრი აბსოლუტურად არაპრაქტიკულია, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ მათი ტარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. „არაორდინალური და ექსტრავაგანტური სამოსი, რომელსაც თქვენ ხედავთ, სინამდვილეში მომხმარებლისთვის არ იქმნება, — ამბობს ესპანელი დიზაინერი ხუან დუიოსი. — მოდების ჩვენების მიზანი, ალბათ, უფრო ის არის, რომ წარმოჩნდეს დიზაინერი ან ფირმა, და არა ის, რომ პოდიუმზე გამოტანილი მოდელები გაიყიდოს. მაგალითად, შთამბეჭდავმა კოლექციამ, რომელსაც მასმედია ხოტბას ასხამს, შეიძლება ხელი შეუწყოს დიზაინერის სახელის მატარებელი სუნამოს გაყიდვას“.

[სურათი 7 გვერდზე]

მოდური ტენდენციების ფეხდაფეხ მიყოლა ძვირი ჯდება.

[სურათი 7 გვერდზე]

ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ანორექსია განუვითარდა.

[სურათი 7 გვერდზე]

ზოგი სტილის ჩაცმულობამ შეიძლება სხვებს აფიქრებინოს, რომ გარკვეულ წრეს მიეკუთვნებით.