მოითხოვს ქრისტიანული ერთობა იმას, რომ ყველა ერთნაირი იყოს?
ბიბლიის თვალსაზრისი
მოითხოვს ქრისტიანული ერთობა იმას, რომ ყველა ერთნაირი იყოს?
რელიგიაში დღეს ერთობა, როგორც ჩანს, აღარ სუფევს. ერთი და იმავე ეკლესიის წევრებს შორისაც კი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები არსებობს სწავლებებსა თუ ქცევებთან დაკავშირებით. ერთმა მწერალმა ეს შემდეგნაირად აღწერა: „ძნელია თუნდაც ორი ისეთი ადამიანის მოძებნა, რომლებსაც ერთი და იგივე ღმერთი სწამთ. ჩვენს დროში, როგორც ჩანს, ყველა საკუთარ თეოლოგიურ შეხედულებას აყალიბებს“.
ამის საპირისპიროდ, მოციქული პავლე პირველ საუკუნეში მცხოვრებ კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ‘ელაპარაკათ ერთი და იგივე’ და ‘გაერთიანებული ყოფილიყვნენ გონებითა და აზრით’ (1 კორინთელთა 1:10). დღეს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს პავლეს ამ მითითებას. „ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, — ამბობენ ისინი, — და არ შეიძლება იმის დაჟინება, რომ ყველა ქრისტიანი ზუსტად ერთნაირად აზროვნებდეს ან იქცეოდეს“. მაგრამ ისმის კი პავლეს სიტყვებში ის მოწოდება, რომ ყველანი რობოტებივით დაემორჩილონ ბიბლიურ მითითებებს? იძლევა თუ არა ბიბლია პირად თავისუფლებას?
ერთიანები, და არა ერთნაირები
თავის სხვა წერილში პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, ღვთისთვის „გონივრულად“ ემსახურათ (რომაელთა 12:1, სსგ). აქედან გამომდინარე, ცხადია, ის არ ეცდებოდა, კორინთის კრების წევრები უგონო რობოტებად ექცია. მაგრამ რატომ უთხრა მათ, რომ ‘ყოფილიყვნენ გაერთიანებული გონებითა და აზრით’? პავლემ ეს რჩევა კორინთელებს იმიტომ მისცა, რომ მათ კრებაში სერიოზული პრობლემა არსებობდა. იმის გამო, რომ ზოგიერთი თავის წინამძღოლად აპოლოსს მიიჩნევდა, ზოგი პავლეს ან პეტრეს, ზოგი კი — მხოლოდ ქრისტეს, მათ შორის განხეთქილება იყო. ამაზე არ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, ვინაიდან ეს კრების მშვიდობას ემუქრებოდა.
პავლეს სურდა, რომ როგორც ეფესელ ქრისტიანებს, ისე კორინთელებსაც ‘შეენარჩუნებინათ სულის ერთიანობა მშვიდობის კავშირით’ (ეფესელთა 4:3, აფ). ის არ ცდილობდა კორინთელთა ინდივიდუალობის ჩახშობას ან მათში ინიციატივის ჩაკვლას. სინამდვილეში, მას სურდა იმაში დახმარებოდა მათ, რომ ყველანი დარჩენილიყვნენ საერთო მიზნით გაერთიანებულნი (იოანე 17:22). ამიტომაც, პავლე კორინთელებს ურჩევდა, ყოფილიყვნენ ერთსულოვნები, და არა ერთნაირები (2 კორინთელთა 13:9, 11).
ერთიანობა სწავლების საკითხებშიც მნიშვნელოვანია. იესოს ერთგულ მიმდევრებს შეგნებული აქვთ, რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ „ერთი რწმენა“, ისევე როგორც არის მხოლოდ „ერთი ღმერთი და მამა“ (ეფესელთა 4:1—6). აქედან გამომდინარე, ქრისტიანები ყოველთვის ამოწმებენ, ეთანხმება თუ არა მათი რწმენა ჭეშმარიტებას ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ; ჭეშმარიტებას, რომელიც ღვთის მიერ არის გაცხადებული მის სიტყვაში. მათ ერთი აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ღმერთი და რას მოითხოვს ის ჩვენგან. გარდა ამისა, ისინი ღვთის სიტყვაში გარკვევით დადგენილი ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრობენ (1 კორინთელთა 6:9—11). სწორედ ამგვარად — სწავლებებისა და ზნეობის საკითხებში — არიან ქრისტიანები გაერთიანებულნი.
აზრთა სხვაობა
ზემოთქმულიდან ის არ უნდა დავასკვნათ, თითქოს თითოეულ ქრისტიანს კარნახობენ, როგორ იაზროვნოს და მოიქცეს ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. საკითხების უმრავლესობას ისინი პირადი არჩევნით წყვეტენ. განვიხილოთ ამის მაგალითი. კორინთში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი ეჭვობდა, შეიძლებოდა თუ არა იმ ხორცის ჭამა, რომელიც, შესაძლოა, საკერპო ტაძრიდან იყო გამოტანილი. ზოგს მტკიცედ სწამდა, რომ ასეთი ხორცის ჭამა ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის ტოლფასი იყო, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ საიდან იყო ხორცი მოტანილი. ამ მტკივნეული საკითხის გარჩევისას, პავლეს არ დაუდგენია წესი, რომლის თანახმადაც უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანები. ამის ნაცვლად, მან თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანებს სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ * (1 კორინთელთა 8:4—13).
დღესაც, როდესაც საქმე ეხება სამუშაოს, ჯანმრთელობას, დასვენებას ან სხვა ისეთ სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც პირადი არჩევნით წყდება, ქრისტიანს შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა ქრისტიანის გადაწყვეტილებებისგან განსხვავდება. ასეთმა სხვადასხვაობამ ზოგი შეიძლება შეაცბუნოს. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ აზრთა სხვაობის გამო კრებაში კამათი წამოიჭრება ან კრების წევრები ერთმანეთისგან გაითიშებიან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, მოვლენები ასე განვითარდეს. ილუსტრაციისთვის: კომპოზიტორების განკარგულებაში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ნოტებია, მაგრამ მათ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ მშვენიერი მუსიკის შესათხზავად. ამის მსგავსად, ქრისტიანებიც აკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ღვთის მიერ დადგენილ პრინციპებს არ სცდება, თუმცა კი პირადი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფლება აქვთ.
როგორ შეიძლება ქრისტიანული ერთობის შენარჩუნებაცა და, ამავე დროს, სხვისი პირადი არჩევნის პატივისცემაც? ამაში სიყვარული დაგვეხმარება. ღვთის სიყვარული აღგვძრავს, რომ ნებაყოფლობით დავემორჩილოთ მის მცნებებს (1 იოანე 5:3). მოყვასის სიყვარული კი იმისკენ გვიბიძგებს, რომ პატივი ვცეთ სხვების უფლებას, პირად საკითხებში საკუთარი სინდისით იხელმძღვანელონ და მისით ნაკარნახები გადაწყვეტილებები მიიღონ (რომაელთა 14:3, 4; გალატელთა 5:13). პავლემ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ამ მხრივ. როდესაც სწავლების საკითხთან დაკავშირებით პრობლემა წამოიჭრა, გადაწყვეტილებისთვის მან პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს მიმართა (მათე 24:45—47; საქმეები 15:1, 2). ამავე დროს, ის მოუწოდებდა ყველას, პატივი ეცათ თანამორწმუნეთა სინდისისთვის, როდესაც საქმე მათ პირად გადაწყვეტილებებს ეხებოდა (1 კორინთელთა 10:25—33).
ცხადია, არავინ უნდა განვსაჯოთ საკუთარი სინდისით ნაკარნახები გადაწყვეტილების გამო, თუკი ეს გადაწყვეტილება ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება (იაკობი 4:12). მეორე მხრივ კი, ერთგული ქრისტიანები არ დაიჟინებენ საკუთარ უფლებებზე, თუკი ამით სხვების სინდისზე უარყოფითად მოქმედებენ ან კრებაში განხეთქილება შეაქვთ. და არც იმას იტყვიან, რომ მოქმედების თავისუფლება აქვთ, თუ ისეთი რამის გაკეთება სურთ, რაც ღვთის სიტყვაში აშკარად აკრძალულია (რომაელთა 15:1; 2 პეტრე 2:1, 19). ღვთის სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ საკუთარი სინდისი ღვთის თვალსაზრისს შევუსაბამოთ. ეს კი, თავის მხრივ, თანამორწმუნეებთან ერთიანობასაც შეგვანარჩუნებინებს (ებრაელთა 5:14).
[სქოლიო]
^ აბზ. 10 შესაძლოა ზოგი, ვინც ქრისტიანად გახდომამდე კერპებს ეთაყვანებოდა, ვერ ხედავდა განსხვავებას ხორცის ჭამასა და თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას შორის. ხორცის ჭამისგან თავშეკავების სხვა საფუძვლიანი მიზეზი ის იყო, რომ უფრო სუსტ ქრისტიანებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შექმნოდათ და დაბრკოლებულიყვნენ.