არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თვალსა და ხელს შუა გამქრალი ბავშვობა

თვალსა და ხელს შუა გამქრალი ბავშვობა

თვალსა და ხელს შუა გამქრალი ბავშვობა

„ლაღი ბავშვობის უფლება — ეს არის ყველა პატარის ძირითადი უფლება“ („დაჩქარებული ბავშვობა“).

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ უკლებლივ ყველა პატარას უნდა ჰქონდეს ბავშვობის წლების შედარებით უზრუნველად და უღრუბლოდ გატარების შესაძლებლობა. მაგრამ, რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, უამრავ ბიჭსა და გოგონას ეს მხოლოდ ნატვრად აქვს ქცეული. დაფიქრდით იმ ათასობით, ან იქნებ მილიონობით, პატარაზე, რომლებსაც უმოწყალო ომები ბავშვობის ოცნებებს უმსხვრევს. სხვა უამრავს კი დამონებითა და მხეცურად მოპყრობით უშრობენ სისხლს.

უმრავლესობისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობენ ბავშვები, როდესაც იძულებული არიან, ქუჩაში დაიწყონ ცხოვრება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გარეთ უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე სახლში. მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და მზრუნველობა, მათ ისღა დარჩენიათ, ქუჩური ცხოვრების „ანბანი“ ისწავლონ და ათასი ჯურის ვიგინდარასგან დაიცვან თავი. ერთი სიტყვით, ჩვენი მშფოთვარე ეპოქა ძალიან ხშირად სწორედ ბავშვებს ასვამს თავის წარუშლელ დაღს.

„ნეტავ ბავშვობა დამაბრუნებინა“

22 წლის კარმენმა რთული ბავშვობა გამოიარა *. მას და მის დას მამა მხეცურად ექცეოდა, დედა კი საერთოდ არ ზრუნავდა მათზე, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ ქუჩაში დაეწყოთ ცხოვრება. თუმცა ქუჩის ცხოვრება უამრავი ხიფათით არის სავსე, საბედნიეროდ, ორივე გოგონამ მოახერხა იმ მახეებისთვის თავის არიდება, რომლებშიც სახლიდან გამოქცეული უამრავი ახალგაზრდა ებმება.

და მაინც, კარმენი ძალიან განიცდის იმას, რომ ბავშვობა საპნის ბუშტივით თვალსა და ხელს შუა გაუქრა და ვერც კი იხსენებს, იყო თუ არა მის ცხოვრებაში ასეთი პერიოდი. „22 წლისა ისე გავხდი, რომ ბავშვობა რა არის, არც კი ვიცი, — ჩივის ის. — ახლა გათხოვილი ვარ და საკუთარი ბავშვი მყავს, მაგრამ ხშირად, გეგონება პატარა გოგონა ვიყოო, ისე ძალიან მინდება თამაში — აი, თუნდაც თოჯინებით. როგორ მინდა, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და გულში მიხუტებდნენ. ნეტავ ბავშვობა დამაბრუნებინა“.

კარმენისა და მისი დის მსგავსად უამრავი ბავშვი იტანჯება. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ და, ფაქტობრივად, სრულიად მოკლებული არიან ბავშვობის მხიარულ წლებს. ბევრი მათგანი დანაშაულს სჩადის, რათა როგორმე თავი გაიტანოს. საინფორმაციო წყაროებისა და სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ზოგი ბავშვი საოცრად ადრეული ასაკიდან იწყებს დამნაშავეობას. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს სხვა გარემოებაც: მრავალი გოგონა ისეთ ასაკში ხდება დედა, როცა თვითონ ჯერ კიდევ ბავშვია.

ფარული სოციალური კრიზისი

ალბათ, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უცხო ოჯახში არიან აღსაზრდელად გადაცემული. გაზეთ „უიკენდ ოსტრეილიენის“ მოწინავე სტატიაში ნათქვამი იყო: „ჩვენი საზოგადოება მოულოდნელად აღმოჩნდა იმ კრიზისის წინაშე, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის სფეროში შეიქმნა. დანგრეული ოჯახებიდან გამოსული სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება სათანადო მზრუნველობის გარეშე“. გაზეთი შემდეგ დასძენს: „ზოგჯერ თვეები და წლებიც კი ისე გადის, რომ ზოგი მზრუნველობამოკლებული ბავშვი საერთოდ არ ახსენდებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა თანამშრომლებს. სხვა ბავშვები კი მუდმივ თავშესაფარს არიან მოკლებული — მათ დაუსრულებლად აგზავნიან ერთი მიმღები ოჯახიდან მეორეში“.

იყო ისეთი შემთხვევაც, როცა 13 წლის გოგონა სამი წლის განმავლობაში 97 სხვადასხვა ოჯახს მიაბარეს აღსაზრდელად და ზოგ ოჯახში მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. იგი იხსენებს, რა უზომოდ ტანჯავდა დაუცველობისა და იმის გრძნობა, რომ არავის სჭირდებოდა. ამ გოგონას მსგავსად, მშობლების მზრუნველობამოკლებულ მრავალ მოზარდს ბავშვობა თვალსა და ხელს შუა გაუქრა.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის, რომ დღეს სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაკარგულ ბავშვობაზე — ტრაგედიაზე, რომელიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ზემოხსენებული პირქუში ფაქტების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ბედნიერ მშობლად ჩათვალოთ თავი, თუ თქვენი შვილები თქვენ გვერდით იზრდებიან და ყოველივე აუცილებლით მათ უზრუნველყოფას ახერხებთ. მაგრამ არსებობს სხვა საშიშროება. ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბავშვობა ყოველთვის სოციალური პრობლემების გამო ქრება თვალსა და ხელს შუა. ზოგჯერ პატარებს უფროსები „უჩქარებენ“ ბავშვობის წლებს ანუ ართმევენ მას. როგორ ხდება ეს და რა შედეგები მოაქვს ამას?

[სქოლიო]

^ აბზ. 6 სახელი შეცვლილია.