არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კაკალი ბუნებაში

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კაკალი ბუნებაში

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კაკალი ბუნებაში

ერთმა უჩვეულო „კაკალმა“ მთელი მსოფლიო შემოიარა. მისგან საკვებსაც ამზადებენ და სასმელსაც. ხეს, რომელიც ამ კაკალს ისხამს, უნიკალური ფორმა აქვს და მის გარეშე შეუძლებელია ტროპიკული კუნძულების წარმოდგენა. რომელი კაკალი გვაქვს მხედველობაში? ქოქოსის კაკალი — ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კაკალი ბუნებაში *.

მისთვის, ვინც ტროპიკულ ქვეყანაში არ ცხოვრობს, ქოქოსის პალმა შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს და მხოლოდ ტროპიკულ კურორტს აგონებდეს. ტროპიკებში მცხოვრებლებისთვის კი ეს მცენარე ძალიან ძვირფასია. ინდონეზიელები ამბობენ, რომ ქოქოსის პალმის ნაყოფს „იმდენივე გამოყენება აქვს, რამდენი დღეც არის წელიწადში“. ფილიპინებზე გავრცელებულია გამოთქმა: „ის, ვინც, ქოქოსის პალმას დარგავს, საკუთარ თავს ჭურჭლეულით, ტანსაცმლით, საჭმელ-სასმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს, ხოლო შვილებს — მემკვიდრეობით“.

ეს გამონათქვამი სულაც არ არის გაზვიადებული. წიგნში „ქოქოსი — სიცოცხლის ხე“ ნათქვამია, რომ ქოქოსის პალმა „საკვებს, წვენსა და საჭმელ ზეთს იძლევა, მცენარის ფოთლები კი ქოხებისა და ფარდულების გადასახურავად გამოიყენება. ფოთლების ბოჭკოებისგან ბაგირებსა და ჭილოფებს წნავენ. ნაყოფის გარსის ანუ ნაჭუჭისგან ჭურჭელსა და ორნამენტებს ამზადებენ, ყვავილედის ტკბილი წვნისაგან კი — შაქარსა და ალკოჰოლურ სასმელებს“. აქვე ვკითხულობთ: „თუ ქოქოსის ხეს სწორად მოჭრიან, მისი ხის მასალად გამოყენებაც შეიძლება“. ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულებზე მცხოვრებნი ქოქოსის პალმებისგან ამზადებდნენ ნავებს, რომლებითაც არაბეთის ნახევარკუნძულებამდე და ფილიპინებამდეც კი დაცურავდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქოქოსის კაკალი მის მომყვანებზე უკეთესი ზღვაოსანია.

ზღვაოსანი თესლი

ქოქოსის პალმა კარგად ხარობს მრავალ ტროპიკულ სანაპიროზე, სადაც ნალექების საკმარისი რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ამ მცენარეს თესლით ამრავლებენ, ქოქოსის პალმა სხვების დაუხმარებლადაც შესანიშნავად ვრცელდება დედამიწის ყველაზე მოშორებულ კუნძულებზეც კი. სხვადასხვა მცენარის თესლი სხვადასხვანაირად ვრცელდება, მაგრამ ქოქოსის კაკალი ამისათვის ზღვის ტალღებს იყენებს. სწორედ ამით აიხსნება მისი, როგორც მსოფლიო მოგზაურის, წარმატება.

ქოქოსის დამწიფებული ნაყოფი მიწაზე ცვივა. ზოგჯერ ის ზღვის ნაპირზე წყლისკენ მიგორავს ხოლმე. წყლის ძლიერმა მოქცევამ შეიძლება ქოქოსის კაკალი ზღვაში გაიტაცოს. მჩატე ბოჭკოვანი ნაჭუჭის გამო ის ადვილად ტივტივებს წყლის ზედაპირზე. ქოქოსის კაკალი წყნარი ოკეანის რომელიმე ატოლზე რომ იყოს, ის მხოლოდ ლაგუნის მეორე მხარემდე გატივტივდება, მაგრამ თუ ღია ზღვაში მოხვდა, ტალღებს ის საკმაოდ შორ მანძილზე გააქვს.

მლაშე წყალს, რომელიც შლის სხვა თესლების უმეტესობას, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ქოქოსის მაგარ და გამძლე ნაჭუჭში შესაღწევად. კაკალს თავისუფლად შეუძლია ზღვაში სამი თვე დაჰყოს და ათასობით კილომეტრი გაცუროს. ყოველივე ამის მიუხედავად, მისი თესლისგან შესაძლებელია ახალი მცენარე აღმოცენდეს, როგორც კი შესაფერის ნაპირს მიაღწევს. ადვილად შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი გზით გავრცელებული ქოქოსის პალმები ამშვენებს მსოფლიოს ტროპიკულ სანაპიროებს.

ტროპიკების გემო

მათ, რომლებიც ტროპიკებში არ ცხოვრობენ, შეიძლება ქოქოსი მხოლოდ არომატული სანელებელი ჰგონიათ, რომელსაც საკონდიტრო ნაწარმში იყენებენ. მაგრამ თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ესტუმრებით, აღმოაჩენთ, რომ ქოქოსის კაკალს ნამდვილად მრავალმხრივი გამოყენება აქვს. წიგნში „წყნარი ოკეანის კუნძულებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო“ ნათქვამია: „ქოქოსი ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია ჰავაიდან დაწყებული ბანგკოკით დამთავრებული, მრავალი ქვეყნის, რეგიონისა და კუნძულის კულინარიაში“. წიგნში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ამ მხარის მოსახლეობისთვის „ქოქოსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლისგანაც მრავალნაირ საკვებსა და გემრიელ კერძებს ამზადებენ“.

მიზეზი იმისა, თუ რატომ ითვლება ქოქოსი ტროპიკული სამზარეულოს ძვირფას პროდუქტად, მარტივია. ის იძლევა წვენს, რძესა და საჭმელ ზეთს. მოუწევარი, მწვანე ნაყოფის წვენი გამჭვირვალე, მოტკბო სითხეა, რომელსაც ქოქოსის წვენს უწოდებენ. ის შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებში ხშირად გზის პირას იყიდება ხოლმე. ქოქოსის რძე შემდეგნაირად მზადდება: გახეხილ ნაყოფს წყალს უმატებენ, ურევენ და მიღებული მასიდან სითხეს წურავენ. ქოქოსის რძეს საჭმელშიც ხმარობენ. ის სასიამოვნო გემოს აძლევს სუპებს, საწებლებსა და ცომეულს.

საკვები ზეთის გამოსაწურად ფერმერი მწიფე კაკალს აპობს და მზეზე აშრობს. გამოშრობის შემდეგ კაკლის რბილობს ანუ კოპრს ნაჭუჭიდან იღებს და მისგან ზეთს წურავს. ტროპიკულ ქვეყნებში საკვებს ძირითადად ქოქოსის ზეთით ამზადებენ, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში მას ხშირად მარგარინის, ნაყინისა და ნამცხვრების წარმოებაში იყენებენ.

ქოქოსის მოსავლის აღება იოლი საქმე არ არის. ხშირად საჭირო ხდება ხეზე ასვლა და კაკლის მოჭრა. სხვები გრძელ კეტებს იყენებენ, რომლებსაც დანა აქვს მიმაგრებული. ინდონეზიაში კაკლების მოსაკრეფად სპეციალურად წვრთნიან მაიმუნებს. მოსავლის აღების უმარტივესი მეთოდი კი ის არის, რომ ნაყოფის თავისით ჩამოვარდნას დაელოდო. ამ მეთოდს უპირატესობას ისინი ანიჭებენ, რომლებსაც უნდათ დარწმუნდნენ, რომ ნაყოფი ნამდვილად მწიფეა.

და მაინც, როგორც უნდა იყოს მოსავალი აღებული, მრავალმხრივი გამოყენების გამო ქოქოსი იდეალური გასაყიდი პროდუქტია, ბევრისთვის კი — საკვების ფასდაუდებელი წყარო. ასე რომ, როდესაც შემდგომში ქოქოსის პალმას იხილავთ — იქნება ეს სურათზე თუ რეალურ ცხოვრებაში — გაიხსენეთ, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ტროპიკული სანაპიროების დამამშვენებელი დეკორატიული მცენარე. თქვენ წინაშეა ხე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო „კაკალს“ ისხამს.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში ქოქოსს კაკლად არ მიიჩნევენ, რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ ნაყოფის თესლი კაკალია.

[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

საინტერესო ინფორმაცია ქოქოსზე

ქოქოსის კიბორჩხალა. ქოქოსის ნაყოფს მხოლოდ ადამიანი როდი აფასებს. ქოქოსის კიბორჩხალა, რომელიც დღისით მიწაში ღრმად არის ჩამძვრალი, ღამ-ღამობით სანადიმოდ ქოქოსს ესტუმრება ხოლმე. თუ ადამიანს მაჩეტე (დიდი დანა) ესაჭიროება ქოქოსის გასაპობად, არც ამ მარჯვე კიბორჩხალას უწევს ნაკლები შრომა იმავე მიზნის მისაღწევად. ის კაკალს მანამდე ახეთქებს ქვაზე, ვიდრე არ გახლეჩს. ამ არსებისთვის ქოქოსი შესანიშნავი საკვებია, რომლის წყალობითაც ის 30 წელზე მეტს ცოცხლობს!

ქოქოსი კოსმეტიკაში. რამდენადაც ქოქოსის ზეთი კანისთვის იდეალურია, მას პომადების წარმოებაში იყენებენ. მისგან ლოსიონსაც ამზადებენ, რომელიც მზეზე გარუჯვას უწყობს ხელს. თუ ეკოლოგიურად სუფთა საპონი ან შამპუნი, რომელსაც თქვენ ხმარობთ, კარგად ქაფდება, ადვილი შესაძლებელია, რომ მისი ძირითადი ინგრედიენტი ქოქოსის ზეთი იყოს.

[სურათები]

ქოქოსის კაკალი შეიძლება ზღვით მოგზაურობასაც კი გადაურჩეს.

ქოქოსის კიბორჩხალა

ქოქოსის პალმა

[საავტორო უფლება]

Godo-Foto

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Top right inset: Godo–Foto