მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
აზარტული თამაშები. ახლახან წავიკითხე სტატიების სერია „აზარტული თამაშები — მხოლოდ უწყინარი გართობაა?“ (8 სექტემბერი, 2002). მადლობა იეჰოვას, რომ თქვენი საშუალებით დროულად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც აზარტული თამაშებით გატაცებულებისთვის დამახასიათებელი ქმედებების ჩამონათვალი წავიკითხე. მეგონა, ჩემს მეუღლეს მიხასიათებდით! სამწუხაროდ, ამ ბოროტმა ჩვევამ ადამიანს შეიძლება უფრო სერიოზული ცოდვებიც ჩაადენინოს. აზარტული თამაში საშინელი სენია. ვიმედოვნებ, ყველას ემახსოვრება, რომ ის არ არის უწყინარი გართობა.
მ. გ. (შეერთებული შტატები).
პეპლები. მე ათი წლის ვარ. ძალიან გამიხარდა, როდესაც წავიკითხე სტატია «ფრთაფარფატიანთა „მოსავალი“» (8 აგვისტო, 2002). გასულ წელს სკოლაში დაკვირვებებს ვახდენდით პეპლებზე. ყველა ბავშვს მოსავლელად ერთი მუხლუხი მოგვცეს. მისთვის ყოველდღე საჭმელი უნდა გვეჭმია და უნდა დაგვესუფთავებინა ყუთი, რომელშიც ის იყო მოთავსებული. ოთხჯერ ისიც კი ვნახე, როგორ მოიცვალეს მუხლუხებმა კანი. გამოყვანილი ჭუპრები ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩავაბარეთ, გაზაფხულზე კი გამოჩეკილ პეპლებს ვესტუმრეთ. გთხოვთ, კვლავაც დაწეროთ ასეთი საინტერესო სტატიები.
ბ.პ. (გერმანია).
სახლი, რომელშიც გავიზარდე, მდელოსთან ახლოს მდებარეობს. ამიტომაც, ეზოში ხშირად ვხედავდი მოფარფატე პეპლებს. მათი სილამაზე ყოველთვის მხიბლავდა. ახლა, როცა უკვე წამოვიზარდე, ეს ნაზი ქმნილებები იეჰოვას თვისებების უკეთესად დანახვაში მეხმარებიან (რომაელთა 1:20). ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც „გამოიღვიძეთ!“-ში ამდენი ნაირფერი პეპელა ვიხილე. მადლობა ამ ბრწყინვალე სტატიის შესაქმნელად გაწეული შრომისთვის.
დ. გ. (სლოვაკეთი).
მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ჩემი აზრით, ინფორმაცია, რომელიც მოცემულია სტატიაში „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ (8 აგვისტო, 2002), კარგად აღწერს ნებისმიერი სახის დეპრესიაში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. გაუთავებლად მიწევს დეპრესიასთან ბრძოლა. მამხნევებს იმის ცოდნა, რომ ეს დაავადება მარტო მე არ მქონია და ის, რომ ღვთის სამეფოში, ყველა სხვა დაავადებასთან ერთად, დეპრესიაც აღარ იარსებებს.
კ. ჰ. (შეერთებული შტატები).
ათი თვის წინ, როდესაც გოგონა შემეძინა, მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი დამეწყო. ბავშვისთვის ყურადღების მიქცევის სურვილიც კი არ მქონდა. მკურნალობა და ოჯახისა და კრების წევრების მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა ამ დაავადებასთან ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია სხვა ქალებსა და მათ ოჯახებსაც დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტი გაიგონ ამ დაავადების შესახებ. გადავწყვიტე, ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი ჩემს ექიმს მივუტანო.
ს. ზ. (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ საშინელი დეპრესიით ვიტანჯებოდი. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დამარწმუნეს, ექიმისთვის მიმემართა. მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს ისეთი პუბლიკაციების მეშვეობით, როგორიცაა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“.
კ. ო. (შეერთებული შტატები).
დიდი მადლობა სტატიისთვის „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“. ისე მეგონა, თითქოს სტატია ჩემთვის იყო დაწერილი. მართალია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ მაწუხებს (მე და ჩემს მეუღლეს შვილები არა გვყავს), მაგრამ წელიწად-ნახევარი სხვა სახის დეპრესიასა და შიშებს ვებრძოდი. სულ დაღლილი და დაბნეული ვიყავი; ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებაც არ შემეძლო; გარშემო მყოფი ხალხის მეშინოდა; მეუღლის გარეშე სურსათის მაღაზიაშიც კი ვერ მივდიოდი. ახლა უკვე გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ და წამლებსაც ვღებულობ. ამ სტატიამ დამანახვა, უკეთ როგორ ვებრძოლო დეპრესიას. სტატია ჩემმა მეუღლემაც წაიკითხა და უკეთესად დაინახა, როგორ შეუძლია გვერდში ამომიდგეს.
ჯ. რ. (შეერთებული შტატები).
ძალიან მადლიერი ვარ სტატიისთვის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მშობიარობის შემდგომი მწვავე დეპრესია მქონდა. მეგონა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ეს საშინელი და მძიმე დრო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. სამკურნალო ბალახები, ვიტამინები და რეგულარული ვარჯიში მეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება უკეთ გავართვა თავი ამ მდგომარეობას. გთხოვთ, მადლობა გადაუხადოთ ჯენელს იმისათვის, რომ თავისი ისტორია ჩვენც გაგვიზიარა.
ჯ. კ. (შეერთებული შტატები).