უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას
უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას
გადამწყვეტი დღე დადგა 2002 წლის 17 ივნისს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. რა გადაწყვიტა სასამართლომ? ამას გაზეთების სათაურებიდანაც ვიგებთ. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამი იყო: „სასამართლო აუქმებს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე დადებულ შეზღუდვებს“. ოჰაიოში გამომავალ გაზეთ „კელამბას დისპეჩში“ ასეთი სათაური გაჩნდა: „უზენაესმა სასამართლომ ცნო, რომ საჭირო არ არის ნებართვის აღება“. კლივლენდში (ოჰაიო) გამომავალ გაზეთ „პლეინ დილერში“ უბრალოდ ითქვა: „კარდაკარ მოსიარულეებს არ სჭირდებათ ხელმძღვანელი პირებისგან ნებართვის აღება“. გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“, თვალში საცემ ადგილას, ასეთი სათაური გაჩნდა: „სიტყვის თავისუფლება იმარჯვებს“.
ქვემდგომი სასამართლოების მიერ იეჰოვას მოწმეთა საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები უზენაესმა სასამართლომ 8 ხმით 1-ის წინააღმდეგ გაბათილებულად ცნო! სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც 18-გვერდიანი ოფიციალური დოკუმენტის სახით იყო წარდგენილი, შეადგინა მოსამართლე ჯონ პოლ სტივენზმა. ეს გადაწყვეტილება მტკიცედ უჭერდა მხარს აშშ-ის კონსტიტუციაში შეტანილ პირველ შესწორებაში მოხსენიებულ გარანტიებს, რომელთა საფუძველზეც იეჰოვას მოწმეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ საჯარო საქმიანობის განხორციელება. ამ ოფიციალურ დოკუმენტში სასამართლომ ახსნა, რომ იეჰოვას მოწმეები (როგორც ეს უკანასკნელნი თავად განმარტავენ) იმიტომ არ მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნებართვის ასაღებად, რომ „ქადაგების უფლებას მათ წმინდა წერილები აძლევს“. შემდეგ სასამართლომ მოიყვანა იეჰოვას მოწმეების სიტყვები, რომლებიც მათ წერილობით არგუმენტაციაში იყო ჩაწერილი: „დაბის ადმინისტრაციისგან ქადაგებაზე ნებართვის აღება ჩვენთვის იმის ტოლფასია, რომ ღმერთს შეურაცხყოფა მივაყენოთ“.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: «50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზენაესი სასამართლო აუქმებდა კარდაკარ აგიტაციის გაწევასა და ბეჭდვითი გამოცემების გავრცელებაზე დადგენილ შეზღუდვებს. და შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განხილულ საქმეთა უმეტესობა იეჰოვას მოწმეების მიერ იყო წამოჭრილი და აშშ-ის კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორების საფუძველზე გარანტირებულ უფლებებს ეხებოდა. მათი ასეთი აქტიურობის მიზეზი ის არის, რომ თავად მათი რელიგიური მრწამსი მოითხოვს კარდაკარ სიარულს. როგორც საქმეში „მარდოკი პენსილვანიის წინააღმდეგ . . .“ (1943 წელი) აღვნიშნეთ, იეჰოვას მოწმეები „ამბობენ, საქმეები 20:20). ისინი პირდაპირ იგებენ ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას: „გადით მთელ წუთისოფელში და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება“ (მარკოზი 16:15). ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამგვარად ღვთის ბრძანებას ასრულებენ“».
რომ „საჯაროდ თუ სახლებში“ სწავლებისას ისინი პავლეს მაგალითს ჰბაძავენ (შემდეგ, გადაწყვეტილებაში ისევ 1943 წლის საქმიდან აღებული ციტატა იყო მოყვანილი: „რელიგიური საქმიანობის ამ ფორმას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაში, როგორც ეკლესიებში თაყვანისცემასა და კათედრიდან ქადაგებას. ეს საქმიანობა იმავე უფლებებით არის დაცული, რომლებითაც საყოველთაოდ ცნობილი და ტრადიციული რელიგიები სარგებლობენ“. სასამართლო გადაწყვეტილებაში 1939 წლის საქმიდანაც იყო ამოღებული ციტატა: „ცენზურის დადგენა ლიცენზიით, რაც შეუძლებელს ხდის ბეჭდვითი გამოცემების თავისუფალ და დაუბრკოლებელ გავრცელებას, ძირს უთხრის იმ ქვაკუთხედს, რომელსაც კონსტიტუციური გარანტიები ეფუძნება“ (კურსივი მათია).
შემდეგ, სასამართლომ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან აზრს: „ამ საქმეებიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეთა ძალისხმევა, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ არის მიმართული, მხოლოდ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა როდია“. გადაწყვეტილებაში ახსნილი იყო, რომ «მხოლოდ [მოწმეები] არ არიან ის „უბრალო და რიგითი მოქალაქეები“, რომელთა დადუმებასაც ცდილობენ სხვადასხვა წესის შემოღებით, რის მაგალითიც დაბა სტრატონში მიღებული დადგენილებაა».
სასამართლო გადაწყვეტილებაში შემდეგ ნათქვამი იყო, რომ დადგენილება „შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ ფასეულობებს, არამედ თავად თავისუფალი საზოგადოების ცნებას — კერძოდ კი იმას ვგულისხმობთ, რომ, რაც შეეხება ყოველდღიურ საუბრებს, მოქალაქემ ჯერ მთავრობას უნდა შეატყობინოს მეზობლებთან დალაპარაკების სურვილის შესახებ და შემდეგ ამის ნებართვა აიღოს . . . კანონი, რომელიც ასეთი საუბრების გასამართად ნებართვის აღებას მოითხოვს, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობიდან და კონსტიტუციური ტრადიციიდან მკვეთრი გადახრაა“. სასამართლო გადაწყვეტილებაში შემდეგ ისიც იყო ნათქვამი, თუ რა „საზიანო გავლენა შეიძლება ჰქონდეს კანონს, რომელიც ასეთი სახის ნებართვის აღებას მოითხოვს“.
დამნაშავეობის საშიშროება
რის თქმა შეიძლება იმ თვალსაზრისზე, რომლის თანახმადაც ოფიციალური ნებართვა მოსახლეობას იცავს ქურდებისა და სხვა ბოროტმოქმედებისგან? სასამართლო ამ მოსაზრებასაც დაუპირისპირდა: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ინტერესები საფუძველს მოკლებული არ არის, ჩვენ უკვე გვაქვს იმის პრეცედენტი, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს — საჭიროა გონივრული შუალედის მოძებნა ამ ინტერესებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებიც კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებზე ახდენენ გავლენას“.
სასამართლო გადაწყვეტილება გრძელდებოდა შემდეგი სიტყვებით: „რაღაც საეჭვოა, რომ ოფიციალური ნებართვის უქონლობამ შეუშალოს ხელი ბოროტმოქმედებს კარზე დაკაკუნებასა და ისეთი საუბრების წამოწყებაში, რომლებიც დადგენილებაში არ არის მოხსენიებული. მაგალითად, მათ შეუძლიათ გზა იკითხონ ან ტელეფონზე დარეკვის ნებართვა ითხოვონ . . . ან შეუძლიათ მოგონილი სახელით დაუსჯელად გაიარონ რეგისტრაცია“.
შემდეგ, სასამართლომ მოიხსენია გასული საუკუნის 40-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებები: «მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებები ყოველთვის იცავდა მოსარჩლის [საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“] წევრებს იმ შემავიწროებლებისგან, რომლებსაც პირადი ინტერესები და ანტიპათია ამოძრავებდათ. ასეთ გადაწყვეტილებებში ჩანდა, რომ სასამართლო ანგარიშს უწევდა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს, რომლებიც მოცემულ საქმეშიც ფიგურირებს».რა საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ? „სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, ხოლო საქმე უკან უბრუნდება ამ [უზენაესი სასამართლოს] გადაწყვეტილების შესაბამისი მომდევნო სამართლებრივი პროცედურების ჩასატარებლად. ეს განკარგულებაა“.
ასე რომ, როგორც „ჩიკაგო სან-ტაიმზში“ დაიწერა, საქმე დასრულდა იმით, რომ „სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეებს“ ხმათა უმრავლესობით (რვა ერთის წინააღმდეგ).
რას მოიტანს მომავალი?
როგორ შეხვდნენ „უელსვილის“ კრების წევრი იეჰოვას მოწმეები ამ გამარჯვებას უზენაეს სასამართლოში? მათ, რასაკვირველია, არ უტრაბახიათ ამით სტრატონელებთან, რათა ისინი არ შეეცბუნებინათ. დაბის კეთილსინდისიერი მცხოვრებლებისადმი მოწმეებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ. იეჰოვას ადგილობრივი მოწმე, გრეგორი კუჰარი, ამბობს: „ჩვენ სულაც არ გვსურდა, რომ საქმე სასამართლო გარჩევამდე მისულიყო, მაგრამ, უბრალოდ, თავად დადგენილება იყო არასწორი და უსაფუძვლო. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არა მხოლოდ ჩვენთვის გავაკეთეთ, არამედ ყველასთვის“.
ფაქტები ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ. სხვა მოწმემ, ჯინ კუნცმა, განმარტა: „სტრატონში ბოლოს 1998 წლის 7 მარტს ვიქადაგეთ — ეს ოთხ წელზე მეტი ხნის წინათ იყო“. მან დასძინა: „პირადად მითხრეს, რომ დამაპატიმრებდნენ. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია არაერთხელ დაგვემუქრა დაპატიმრებით. შემდეგ, როდესაც ვითხოვეთ, რომ დადგენილება ოფიციალური დოკუმენტის სახით ეჩვენებინათ ჩვენთვის, პასუხის ღირსიც არ გაგვხადეს“.
კუნცმა დასძინა: „გვირჩევნია, კარგი ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს მეზობლებთან. თუკი ვინმეს არ სურს, რომ მივაკითხოთ, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თბილად გვხვდებიან და სიამოვნებით გვთანხმდებიან ბიბლიის შესახებ საუბარზე“.
გრეგორი კუჰარმა ახსნა: „საქმე იმიტომ კი არ შევიტანეთ სასამართლოში, რომ სტრატონელები ჩვენ წინააღმდეგ აგვემხედრებინა. არა, ჩვენ უბრალოდ ის გვინდოდა, რომ კონსტიტუციის საფუძველზე კანონიერად გვესარგებლა სიტყვის თავისუფლებით“.
მან დასძინა: „ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს კვლავ დავბრუნდებით სტრატონში. მე, დიდი სიხარულით, პირველი დავაკაკუნებდი კარზე. ქრისტეს ბრძანების შესაბამისად კი, ჩვენ ვალდებული ვართ, დავბრუნდეთ“.
საქმის «„საგუშაგო კოშკი“ სტრატონის წინააღმდეგ» გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, აშშ-ის ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ზოგმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობის შესაზღუდავად აღარ შეიძლებოდა ადგილობრივი დადგენილებების გამოყენება. ამ დროისთვის კარდაკარ ქადაგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეერთებული შტატების თითქმის 90 დასახლებაში გადაიჭრა.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
„იეჰოვას მოწმეებმა ისევ გაიმარჯვეს“
მეცნიერ-თეოლოგმა ჩარლზ ჰეინზმა, რომელიც ამავე დროს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებათა დამცველი ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელიცაა, ზემოხსენებული სიტყვები ჩაწერა „თავისუფლების ფორუმის“ ვებ-საიტზე, სათაურით „რწმენის თავისუფლება“. ჰეინზმა განაგრძო: „წინა კვირას [იეჰოვას მოწმეებმა] უკვე 48-ე გამარჯვება იზეიმეს უზენაეს სასამართლოში. მათმა გამარჯვებებმა კიდევ უფრო გააფართოვა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებათა დაცვის სპექტრი — დაცვისა, რომელიც ყველა ამერიკელზე ვრცელდება“. ის აფრთხილებდა საზოგადოებას: „გახსოვდეთ ერთი რამ: თუ მთავრობას ერთი სარწმუნოების შეზღუდვა შეუძლია, ის იმასაც შეძლებს, რომ ნებისმიერი სხვა სარწმუნოება — ან თუნდაც ყველა — შეზღუდოს . . . რასაკვირველია, ხალხს აქვს უფლება, არ მოისმინონ და კარი დახურონ, მაგრამ მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალაუფლება იმის გადასაწყვეტად, თუ ვის მიანიჭოს კარზე დაკაკუნების უფლება და ვის — არა. ასე რომ, მადლობა უნდა გადავუხადოთ უზენაეს სასამართლოს“.
ჰეინზი ასკვნის: „ჩვენ ყველანი უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას მოწმეებს. რამდენიც უნდა შეურაცხყონ, განდევნონ და თუნდაც ფიზიკურად შეეხონ, ისინი მაინც არ წყვეტენ ბრძოლას თავიანთი (და ამგვარად, ჩვენი) რელიგიის თავისუფლებისთვის. და როდესაც ისინი იმარჯვებენ, ჩვენ ყველანი ვიმარჯვებთ“.
[ჩარჩო⁄სურათები 10, 11 გვერდებზე]
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრესის გამოხმაურება
▪ „სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეებს; კარდაკარ ქადაგებისთვის საჭირო არ არის ნებართვის აღება.
იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ კარდაკარ მსახურებისას მათ ღმერთი უჭერდა მხარს. ახლა მათ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი“ („ჩიკაგო სან-ტაიმზი“, 2002 წლის 18 ივნისი).
▪ „სიტყვის თავისუფლება იმარჯვებს.
მომავალში, როდესაც იეჰოვას რომელიმე მოწმე სადილობას შეგაწყვეტინებთ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ. თავიანთი რელიგიური პრინციპების ვაჟკაცური დაცვით ამ არატრადიციული მიმდინარეობის წევრებმა, რომელთა რაოდენობაც [შეერთებულ შტატებში] 1 მილიონამდე ძლივს აღწევს, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ამერიკელის სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ორგანიზაციამ. . .
იეჰოვას მოწმეებს არაერთხელ მიუმართავთ უზენაესი სასამართლოსთვის. 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ორ ათეულზე მეტი საქმე შეიტანეს სასამართლოში და წარმატებით იბრძოდნენ უმრავლესობის ტირანიის წინააღმდეგ“ („იუ-ეს-ეი ტუდეი“, 2002 წლის 18 ივნისი).
▪ „კარდაკარ სიარული სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო. იეჰოვას მოწმეებმა გამარჯვება მოიპოვეს.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს დაადგინა, რომ პოლიტიკოსებს, რელიგიური მიმდინარეობის წევრებს, სკაუტ გოგონებსა და სხვებს კარდაკარ სიარულისა და თავიანთი იდეების გავრცელების უფლება აქვთ და ამისათვის საჭირო არ არის ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა“ („სან-ფრანცისკო ქრონიკლი“, 2002 წლის 18 ივნისი).
▪ „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: იეჰოვას მოწმეებსა და სკაუტ გოგონებს კარდაკარ სიარულს ვერ აუკრძალავენ.
ვაშინგტონი. კონსტიტუცია იცავს მისიონერების, პოლიტიკოსებისა და სხვების უფლებას, დაუბრკოლებლად იარონ კარდაკარ. ისინი არ არიან ვალდებული, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან წინასწარ აიღონ ნებართვა — ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს უზენაესმა სასამართლომ. . .
8 ხმით 1-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უფლება მოიცავს შემდეგსაც — ყველას აქვს უფლება, პირდაპირ სახლში მიაკითხოს მობინადრეს ამა თუ იმ ინფორმაციის გადასაცემად“ („სტარ ტრიბუნი“, 2002 წლის 18 ივნისი).
[სურათი 9 გვერდზე]
მოსამართლე სტივენზი
[საავტორო უფლება]
Stevens: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Bailey