რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ბავშვებს სიბნელისა ეშინიათ
„ბავშვებს უფრო მეტად ეშინიათ სიბნელის, ვიდრე მათ მშობლებს ეშინოდათ პატარაობისას. მიზეზი ის არის, რომ მათ სულ უფრო და უფრო დიდხანს უწევთ ხელოვნურად განათებულ გარემოში ყოფნა და, შესაბამისად, უფრო იშვიათად იმყოფებიან სრულ სიბნელეში“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. ფსიქოლოგმა და მწერალმა ერიკ სიგმენმა საფუძვლიანად შეისწავლა ერთი გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ათ წლამდე ასაკის ბავშვთა ორ მესამედს ძილის დროს ანთებული ღამის ლამპის დატოვება აქვს აჩემებული. იგი ამტკიცებს, რომ სიბნელეში არყოფნა — თუნდაც ღამით ლოგინში წოლისას — წარმოსახვის უნარს უქვეითებს მოზარდებს. „კარგად რომ განვითარდეს, ბავშვების წარმოსახვის უნარს გასაქანი უნდა მიეცეს, — ნათქვამია გაზეთში. — მათთვის სასარგებლოა სიბნელეში თამაში და გართობა იმიტომ, რომ ამ დროს მათ მიერ წარმოსახული სურათები განუმეორებელი იქნება“. მაგრამ დღეს „ტელევიზორის ეკრანიდან, კინოფილმებიდან და კომპიუტერული თამაშებიდან ბავშვების მეხსიერებაში უკვე მზა გამოსახულებები იბეჭდება“, რაც მათში შიშს იწვევს. დოქტორი სიგმენი ამბობს: „შეიძლება ძველმოდურ რჩევად მოგვეჩვენოს, თუ ვიტყვით, რომ უმჯობესია, უფრო მეტი ვიკითხოთ და უფრო ნაკლებად ვუყუროთ ტელევიზორს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ რჩევის ისევ და ისევ გამეორება“.
იშლება ანტარქტიდის შელფური მყინვარი
სულ რაღაც 35 დღის განმავლობაში (2002 წლის იანვრის მიწურულიდან დაწყებული), ლარსენის შელფური მყინვარის 3 250 კმ2-იანი ნაწილი, რომელიც ანტარქტიკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, წყალში მოტივტივე ათასობით აისბერგად დაიშალა, — იტყობინება კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული თოვლისა და ყინულის საფარის შესახებ მონაცემთა შეგროვების ეროვნული ცენტრი. ანტარქტიდის უდიდესი ნაწილი სქელი ყინულოვანი საფარით არის გარშემორტყმული, მაგრამ ნახევარკუნძულზე არსებული ყინულოვანი გარსი XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, კლიმატის დათბობის გამო, თანდათანობით ქრება. რადგან შელფური მყინვარი წყალში ტივტივებს, მისი დაშლა არ გამოიწვევს ზღვის დონის მნიშვნელოვნად აწევას. მაგრამ „კონტინენტური მყინვარებისთვის შელფური მყინვარები საყრდენი კედლის, ანუ შემაკავებელი სისტემის მოვალეობას ასრულებენ, — ნათქვამია ცენტრის ანგარიშში. — როცა შემაკავებელი ყინულოვანი გარსი აღარ ექნებათ, მყინვარებიდან . . . ოკეანეში ჩანადენი ყინულოვანი მასა შეიძლება გაცილებით მეტი აღმოჩნდეს ყინულის იმ მასაზე, რომელსაც მყინვარები თოვლის სახით იღებენ“. დათბობის მიზეზები ჯერჯერობით ნათელი არ არის, ხოლო ექსპერტთა ხელთ არსებული მონაცემები შეიძლება დამაბნეველიც კი იყოს. ამ ნახევარკუნძულის გარდა „ანტარქტიდის დანარჩენ მხარეებში საერთოდ არ შეიმჩნევა გლობალური დათბობის ნიშნები“, — ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ზოგიერთი სხვა გამოკვლევა კი, პირიქით, იმაზე მიანიშნებს, რომ გასული 35 წლის განმავლობაში კონტინენტი, მთლიანობაში, გაცივდა.
მზის ხელოვნური აბაზანები სახიფათოა
„ხელოვნური გასარუჯი აპარატით მოსარგებლეებს, სხვებთან შედარებით, ორჯერ უფრო მეტად ემუქრებათ კანის კიბოს გაჩენის საშიშროება, ხოლო ახალგაზრდებს შორის ეს რისკი კიდევ უფრო დიდია“, — იტყობინება ლონდონში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“. დარტმუთის (ნიუ-ჰემფშირი, აშშ) სამედიცინო სასწავლებლის თანამშრომელმა, მარგარეტ კარაგასმა, 25-დან 74 წლამდე ასაკის 1 500 ადამიანი გამოჰკითხა, რომელთა ნახევარზე მეტს ახლახან კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. „ხელოვნური გასარუჯი აპარატით მოსარგებლეთა შორის“ კიბოთი დაავადების ალბათობა „ყოველი ათი წლის შემდეგ 20 პროცენტამდე მატულობდა, ვიდრე ისინი 50-ს მიაღწევდნენ“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ „ტაიმზში“. პროფესორი კარაგასი ამბობს: „აპარატში დამონტაჟებული ნათურები მზის სინათლეს ჰბაძავენ და ინტენსიურ, ძლიერ კონცენტრირებულ ულტრაიისფერ სხივებს გამოსცემენ“. 1960-იან წლებთან შედარებით, კანის კიბოთი დიდ ბრიტანეთში სამჯერ, ხოლო შოტლანდიაში ოთხჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება. სპეციალისტების აზრით, სიკვდილის მიზეზი მზეზე დიდი ხნით ყოფნა და ხელოვნური გასარუჯი აპარატით სარგებლობაა. „შეუძლებელია, რომ კანის გარუჯვა, როგორც ასეთი, უსაფრთხო იყოს, — ამბობს დიდი ბრიტანეთის ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი. — კანის გარუჯვა, სინამდვილეში, დნმ-ს დაზიანებაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა“.
მატულობს ალკოჰოლიზმი
როგორც ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“ იუწყება, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეცამეტე ადამიანი ამჟამად ალკოჰოლიკია და ალკოჰოლიზმი, „უკანონო და სამკურნალო ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასთან შედარებით, ორჯერ უფრო გავრცელებულია“. 1994-დან 1999 წლამდე უშუალოდ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები (გულის შეტევა, ღვიძლის ციროზი, ალკოჰოლით მოწამვლა) 43 პროცენტით გაიზარდა. თუკი 1998 წელს სიმთვრალის გამო 10 100 ავარია ხდებოდა, 2000 წელს ამ მაჩვენებელმა 11 780-ს მიაღწია და სიმთვრალე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაღუპული ყოველი მეშვიდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი იყო. დამსაქმებელთა 60 პროცენტს პრობლემები ექმნებათ იმ მუშებთან, რომლებიც ძალიან ბევრს სვამენ, ხოლო ბოროტმოქმედთა 40 პროცენტი ნასვამ მდგომარეობაში სჩადის ძალადობასა და დანაშაულს. დიდი ბრიტანეთის ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ერიკ ეფლბიმ, თქვა: „ამ პრობლემის სიმწვავე და მასშტაბურობა, მისი გავლენა ხალხის ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და მათ ფინანსურ მდგომარეობაზე (რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებრივი მომსახურების სფეროებზე) . . . იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია გადაუდებელი და ერთობლივი ზომების მიღება“.