მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მიწისძვრები. წავიკითხე სტატიათა სერია „მოგვითხრობენ მიწისძვრის დროს გადარჩენილები“ (8 აგვისტო, 2002). ერთ წყაროზე დაყრდნობით თქვენ წერთ, რომ «მთელი XX საუკუნის მანძილზე „პრაქტიკულად უცვლელი“ იყო 7, 0 და მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების რაოდენობა». მაგრამ 1999 წლის „მსოფლიო ალმანახიდან“ ჩანს, რომ 90-იან წლებში მიწისძვრების რაოდენობა საოცრად გაიზარდა.
ფ. ა. (იტალია).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: ჩვენ შევეცადეთ ნეიტრალურად მივდგომოდით საკითხს; ამიტომ სტატიაში, უბრალოდ, მივუთითეთ, თუ რას ამბობს ზოგიერთი სეისმოლოგი მთლიანობაში XX საუკუნეში მომხდარ მიწისძვრათა სიხშირის შესახებ. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა, რომ, მიუხედავად იმისა, დარწმუნებულია თუ არა ვინმე, რომ მიწისძვრების რაოდენობა „პრაქტიკულად უცვლელი“ დარჩა, მათეს 24-ე თავში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება ჩვენს ეპოქაში სრულდება. იესომ უბრალოდ ის თქვა, რომ „დიდი მიწისძვრანი“ უნდა მომხდარიყო (ლუკა 21:11).
მუცლის მოშლა. როცა დავხედე სტატიას „ჩემმა ბავშვმა მზის შუქი ვერ იხილა“ (8 აპრილი, 2002), ჩვენი ჯერ არშობილი პატარის დაღუპვა გამახსენდა და ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. მაშინვე ლოცვით მივმართე იეჰოვას და მადლობა გადავუხადე ესოდენ აუცილებელი ინფორმაციის მოწოდებისა და იმ ნუგეშისთვის, რომელიც მან მოგვიტანა. ჩვენთვის ყოველთვის ნუგეშისმომგვრელია, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მსგავსი რამ მეტად აღარავის შეემთხვევა.
ჯ. ს. (შეერთებული შტატები).
მუცელი ორსულობის 30-ე კვირას მომეშალა. ცხოვრებაში ამაზე საშინელი არაფერი განმიცდია. ეს სტატია ძალიან დამხმარე და მანუგეშებელია, რადგან მასში სწორედ ის საკითხი ირჩევა, რომელსაც ხშირად ტაბუს ადებენ. სტატიაში პრაქტიკული რჩევებიც იყო შემოთავაზებული.
კ. ვ. (გერმანია).
მუცელი მეც მომეშალა. ისე ვიქცეოდი, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მაგრამ გულის სიღრმეში აფორიაქებული ვიყავი და ყოველდღე, როცა მარტო ვრჩებოდი, ვტიროდი. ვიდრე ეს სისტემა არსებობს, გულისტკივილი, ალბათ, არ გამიყუჩდება, მაგრამ ამ სტატიამ მართლაც კარგი დახმარება გამიწია.
ი. მ. (იაპონია).
სავსებით მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ დედასა და ბავშვს შორის თავიდანვე ყალიბდება მტკიცე კავშირი. შეუძლებელია ბავშვის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების სიტყვებით გადმოცემა. ჩვენი პატარის დაკარგვიდან 19 წელი გავიდა, მაგრამ კვლავ მეტირება ამის გამო.
შ. კ. (დიდი ბრიტანეთი).
ყოველთვის მიძნელდებოდა მათთან დალაპარაკება, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა. როცა გავიგე, რომ ჩვენი კრებიდან ერთ დას მუცელი მოეშალა, ხელახლა გადავიკითხე სტატია და ღრმა თანაგრძნობის გამომხატველი წერილი მივწერე ამ დასა და მის მშობლებს, რომლებიც პაპა-ბებია უნდა გამხდარიყვნენ.
დ. რ. (გერმანია).
ეს სტატია ჩემს ლოცვებზე გაცემული პასუხი იყო. გმადლობთ, რომ ასე კარგად გესმით ის მწუხარება და ემოციური ტკივილი, რომელსაც ქალი განიცდის მუცლის მოშლის შემდეგ. როდესაც ამ სტატიას ვკითხულობდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავად იეჰოვამ მომხვია მამაშვილურად ხელი და მანუგეშებდა.
კ. ფ. (შეერთებული შტატები).
ჩემი დაბადების შემდეგ, ვიდრე ჩემი უმცროსი და დაიბადებოდა, დედაჩემს მუცელი მოეშალა. რა თქმა უნდა, ის ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. წავიკითხე თუ არა ჩარჩო „როგორი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, მაშინვე წერილი მივწერე მას.
მ. ი. (იაპონია).
დანაშაულის გრძნობა. ჩემთვის მართლაც რომ დროული და საჭირო იყო სტატია „დანაშაულის გრძნობა — ყოველთვის ცუდია?“ რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 მარტი, 2002). რადგან სხვებისგან ნამეტანი ბევრს მოველოდი, ძალიან მიჭირდა ემოციების მოთოკვა სრული დროით სამქადაგებლო მსახურებაში ჩემს პარტნიორთან ურთიერთობისას. მაგრამ სტატიაში კარგად იყო შენიშნული: გამუდმებით იმის მცდელობა, რომ სხვებს დამნაშავედ აგრძნობინო თავი იმის გამო, რომ ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, სიყვარულით არ არის ნაკარნახევი და ამას არასასურველი შედეგები მოაქვს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი შეხედულების შეცვლა. გთხოვთ, კვლავაც დაგვეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამა თუ იმ საკითხზე.
კ. კ. (იაპონია).