არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ამჩნევთ განსხვავებას?

ამჩნევთ განსხვავებას?

ამჩნევთ განსხვავებას?

„ეს ფორტეპიანოა!“. „არა, უფრო სინთეზატორს მაგონებს“. „ნამდვილად ორგანია!“. „არა, მართალი არა ხართ, ეს კლავესინია“. ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს?

სინამდვილეში, ყველა ამ მუსიკალური ინსტრუმენტის კლავიატურა ერთმანეთს წააგავს. მაგრამ ბგერა, რომელსაც ისინი გამოსცემენ და მათი აჟღერების მეთოდები, რაც კლავიშებზე დაჭერით ხორციელდება, დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. საინტერესოა, როგორ მოხდა კლავიშებიანი საკრავების წარმოშობა და განვითარება? მოდი თვალი გადავავლოთ მათ საუკუნოვან ისტორიას.

რას წარმოადგენდა ჰიდრავლოსი?

ითვლება, რომ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე პირველი პრიმიტიული კლავიატურა ჰიდრავლოსად ანუ წყლის ორგანად (ორღანი) წოდებულ საკრავს ეკუთვნოდა. ფიქრობენ, რომ ის გამოიგონა ალექსანდრიელმა მექანიკოს-გამომგონებელმა ქტესიბიოსმა ძვ. წ. მესამე საუკუნის პირველ ნახევარში. წიგნში „დასავლეთის ქვეყნების მუსიკალური საკრავები“ ნათქვამია: «ჰაერი იტუმბებოდა . . . წყლით სავსე დიდ ბაკში მოთავსებულ გახვრეტილ ჭურჭელში („პნიგეუსში“), საიდანაც შემდგომ მილების წყების დაბლა მდებარე ჰაერის დამგროვებელ მოწყობილობაში იჭირხნებოდა, ჰაერის წნევა კი წყლის ზეწოლის მეშვეობით ნარჩუნდებოდა». მილების აჟღერება ხდებოდა სპეციალური მცოცავი, სარქველიანი მექანიზმით, რომლის ამოქმედებაც რამდენიმე განიერი კლავიშის დაჭერით ხორციელდებოდა. ჰიდრავლოსი ძალიან ხმამაღალ და მჭახე ბგერებს გამოსცემდა, ამიტომაც მას კარგად უსადაგებდნენ საცირკო წარმოდგენებს, ბაზრობებსა და ღია ცის ქვეშ გამართულ დღესასწაულებს. ყველაზე დიდი პოპულარობით ის რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში სარგებლობდა — ცნობილია, რომ თვით იმპერატორი ნერონიც კი დახელოვნებული შემსრულებელი იყო.

როგორ შეიქმნა პნევმატური ორგანი?

წყლის კომპრესორის საბერველებით შეცვლამ (რომლებიც ჰაერს წნევის მეშვეობით ჭირხნიდნენ) პნევმატური ორგანის ერის დადგომა მოასწავა. ეს საბერველები შემსრულებელს ინსტრუმენტთან ჯდომისა და, ამავე დროს, ხელებით ან ფეხებით ჰაერის ნაკადის წარმოქმნის საშუალებას აძლევდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი პნევმატური ორგანის ნაწილები ახ. წ. მესამე საუკუნით თარიღდებოდა. ამ სახის ორგანს მომდევნო ასწლეულებშიც ფართოდ იყენებდნენ. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მარტივ კლავიატურაზე უწევდათ დაკვრა, მელოდიების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ ნელ ტემპებში იყო შესაძლებელი. ხოლო ამის მიზეზი იყო ის, რომ თითოეული კლავიშის ზომა მისი შესატყვისი საორგანო მილის პროპორციული უნდა ყოფილიყო. დაბალი ბგერის ასაჟღერებლად შემსრულებელს, როგორც ჩანს, მთელი ხელი ან სულაც მუშტი უნდა მოეხმარა განიერ კლავიშზე დასაჭერად.

XIV საუკუნისთვის „დასავლეთ ევროპის ქვეყნებში [ორგანი] ძირითადად საეკლესიო ინსტრუმენტად“ იქცა („მუსიკალური ენციკლოპედია“). სპეციალური გადამცემი მექანიზმის გამოგონებამ საორგანო კლავიატურის გარეგნული იერსახეც და მისი მოქმედების მექანიზმიც რადიკალურად შეცვალა. ამ მექანიზმის წყალობით შესაძლებელი გახდა ის, რომ ორგანის მილები კლავიატურისგან მოშორებით განთავსებულიყო, ხოლო თავად კლავიშები უფრო შევიწროვებულიყო. ბოლოს და ბოლოს, მუსიკოსს, რომელსაც ამჯერად თითო კლავიშზე მხოლოდ ერთი თითი უნდა დაეჭირა, თავისუფლად შეეძლო უფრო სწრაფი მუსიკალური პასაჟების შესრულება. მოცარტი იმდენად აფასებდა ორგანს, რომ მას „ინსტრუმენტების მეფე“ უწოდა.

პირველი სიმებიან-კლავიშებიანი საკრავები

ბიბლიაში სიმებიანი საკრავი პირველად მოიხსენიება დაბადების 4:21-ში; არაერთხელ მოიხსენიება ისინი ისრაელ ერთან მიმართებაშიც. მაგრამ მხოლოდ ახ. წ. XV საუკუნეში მოხდა კლავიატურისა და სიმების შერწყმა (რომლებსაც ჩვეულებრივ სათითაოდ ჩამოჰკრავდნენ ხოლმე ხელით ან ჩაქუჩებით ურტყამდნენ). იმ სახის კლავიატურა, რა სახითაც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი, პირველად კლავიკორდად წოდებულ ინსტრუმენტზე გაჩნდა. ეს იყო ოთხკუთხა, ყუთისმაგვარი, კორპუსის მქონე მარტივი საკრავი, რომელსაც სიმები მარცხნიდან მარჯვნივ ჰქონდა დაჭიმული. როდესაც შემსრულებელი კლავიშს აჭერდა, ლითონის თხელი ფირფიტები — ტანგენტები — წამოიწეოდნენ და სიმებს ქვემოდან ურტყამდნენ.

შემდგომში გაჩნდა კლავესინი, სპინეტი და ვერჯინელი *. ესენი, განსაკუთრებით კი კლავესინი, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ XVI—XVII საუკუნეებში. კლავესინის ახალმა მექანიზმმა მუსიკალური ინსტრუმენტების სფეროში გადატრიალება მოახდინა. წიგნში „მუსიკალური საკრავების ისტორია“ ნათქვამია: „ტანგენტების ნაცვლად, რომლებიც სიმებს ურტყამდნენ (როგორც მაგალითად კლავიკორდში), კლავესინის სიმებს ფრინველის ფრთის შეხებით ამოძრავებდნენ. ყოველი კლავიშის უკანა ბოლოსთან მოთავსებული იყო ბერკეტი, ხის მომცრო ვერტიკალური ნაჭერი, რომლებზეც მიმაგრებული იყო პატარა ფრთა ან ტყავის პლექტრი . . . კლავიშზე დაჭერისას ბერკეტი მაღლა იწეოდა, ხოლო ფრთა ამ დროს სიმს ედებოდა და შემდეგ, ზამბარული მექანიზმის წყალობით, საწყის პოზიციას უბრუნდებოდა ისე, რომ სიმს მეტად აღარ ეხებოდა“.

ამ ახალმა მექანიზმმა კლავესინს განსაკუთრებული ხმოვანება მიანიჭა. ერთმა პიანისტმა შემდეგნაირად აღწერა კლავესინის ხმა, რომელიც თანამედროვე ფორტეპიანოს ჟღერადობისგან საკმაოდ განსხვავდება: „მას აქვს მკვეთრი, წკრიალა, მაგრამ წყვეტილი, ნაკლებ მღერადი ბგერა“.

კლავესინის გარეგნულმა იერსახემ დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. პირველ კლავესინებს ერთი კლავიატურა და თითო კლავიშისთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი სიმი ჰქონდათ. მოგვიანებით გაჩნდა ამ ინსტრუმენტის უფრო რთული მოდელები ორი კლავიატურითა და თითოეული კლავიშის შესატყვისი მრავალი სიმით, ამასთანავე მას ჟღერადობის ტონის შესაცვლელი სხვა მოწყობილობებიც გააჩნდა. იმ დროის გამოჩენილმა კომპოზიტორებმა იოჰან სებასტიან ბახმა (1685—1750) და დომენიკო სკარლატიმ (1685—1757) მთელი სისავსით გამოაჩინეს კლავესინის ჟღერადობის სილამაზე და მისი ტექნიკური შესაძლებლობები. ამ ინსტრუმენტისთვის შეთხზული უმშვენიერესი ნაწარმოებებით, რომლებიც დღემდეა შემონახული, მათ დიდი წვლილი შეიტანეს მუსიკის ხელოვნებაში.

XIX საუკუნეში გამოიგონეს გარმონი, ხოლო XX საუკუნეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა აკორდეონი. ამ უკანასკნელში მოხდა კლავიატურისა და სასულე ინსტრუმენტის შერწყმა, ვინაიდან მასში არსებული საბერველები საკრავში ჭირხნიან ჰაერს, რის წყალობითაც ენაკები რხევას იწყებს. ბანების ასაჟღერებლად თანამედროვე აკორდეონში ვხვდებით შვიდ რიგად ჩამწკრივებულ 140-მდე ღილაკს, ხოლო თავად კლავიატურის დიაპაზონი ორიდან ოთხ ოქტავამდეა.

ელექტრონიკის ერა

XX საუკუნემ გზა გაუხსნა ელექტრული კლავიშებიანი ინსტრუმენტების ერას. ამ საკრავთა შორის ყველაზე „მხცოვანია“ 1906 წელს თადეუშ კახილის მიერ შექმნილი ტელარმონიუმი. XX საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა ელექტროორგანი, რასაც მალევე მოჰყვა ელექტროკლავესინისა და ელექტროფორტეპიანოს შექმნა. როდესაც ელექტროორგანზე (რომლის მექანიზმიც სრულიად განსხვავდება ჰიდრავლოსისგან) ხდება კლავიშის დაჭერა, ელექტრული სიგნალი წარმოქმნის ბგერას, რომელიც სახეცვლილებას განიცდის და ძლიერდება.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრული კლავიშებიანი ინსტრუმენტია სინთეზატორი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა და უამრავი თანამედროვე მუსიკალური ჯგუფის ძირითად და განუყრელ საკრავად იქცა. სინთეზატორის კლავიშის დაჭერისას პრაქტიკულად ნებისმიერ ხმას გაიგონებთ — ძაღლის ყეფიდან დაწყებული სიმფონიური ორკესტრით დამთავრებული.

გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე მუსიკაში კომპიუტერიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღევანდელ სინთეზატორებში ხშირად კომპიუტერიც გამოიყენება, ანდა თავად კომპიუტერი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ბგერების წარმომქმნელი; ისე რომ, მას ნამდვილი მუსიკალური საკრავის „სტატუსსაც“ კი ანიჭებენ. თუმცა კომპიუტერის „ასამღერებლად“ ხშირად მუსიკალური კლავიატურა გამოიყენება, დღეს მუსიკოსს იმის საშუალებაც აქვს, რომ თავისი კომპიუტერი თაგვის ან კომპიუტერის ჩვეულებრივი კლავიატურით მართოს. „დღესდღეობით თითქმის ყველა ჩამწერ სტუდიაშია დიდი რაოდენობის ისეთი აპარატურა, რომელიც კომპიუტერთან არის დაკავშირებული. მუსიკის ჩანაწერი ციფრული ფორმატით ინახება მყარ დისკზე, შემდეგ კი უახლესი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ხდება მისი დამუშავება მიქშერის პულტზე და მხოლოდ შემდეგ იქმნება აუდიოჩანაწერის ციფრული ორიგინალი“ („მუსიკალური ენციკლოპედია“).

ხომ არ მიუთითებს ეს ბოლოდროინდელი მიღწევები იმაზე, რომ კლავიშებიანი ინსტრუმენტების დღეები დათვლილია? ეს ძნელი წარმოსადგენია, როდესაც ვიხსენებთ ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ ამაღელვებელ უბრალოებას, მის „ელიზეს“ ან დებიუსის „მთვარის შუქს“. და როცა ვფიქრობთ იმ მუსიკაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა კლავიშებიანი საკრავებისთვის და მილიონობით ადამიანის გულს აჩქროლებდა, შეუძლებელია არ დავაფასოთ ამ საკრავების მიერ მუსიკალური ხელოვნების მსოფლიო ისტორიაში შეტანილი უდიდესი წვლილი და ის სიხარული, რომელსაც ისინი დღემდე გვანიჭებენ.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ვერჯინელი თავის არსებობას XV საუკუნიდან იწყებს. მას ჰქონდა ლითონის 32 სიმი, ფორმით კლავიკორდს მოგაგონებდათ, ხოლო ხმით — კლავესინს. სპინეტი კლავესინის ნაირსახეობას წარმოადგენდა და მასთან შედარებით უფრო პატარა ზომის იყო.

[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]

როგორ შეიქმნა ფორტეპიანო?

XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში კლავესინმა თანდათანობით გზა დაუთმო მასზე ბევრად უფრო დახვეწილ ინსტრუმენტს — ფორტეპიანოს. როგორ მიიღო მან ეს სახელი? ბევრს კამათობენ იმის თაობაზე, თუ ვინ და როდის გამოიგონა ეს ინსტრუმენტი, მაგრამ ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში იტალიელი ოსტატი ბართოლომეო კრისტოფორი ფორტეპიანოს შექმნაზე მუშაობდა. კრისტოფორის მიერ ამ ინსტრუმენტისთვის მიცემული სახელი „gravicembalo col piano e forte“ („კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმით“) ხაზს უსვამდა იმ ერთ-ერთ მხარეს, რითაც ეს საკრავი კლავესინზე უპირატესობდა (კლავესინისტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ხმის სიმაღლე ეკონტროლებინა). როდესაც პიანისტი ფორტეპიანოს კლავიშს აჭერდა, ახალი მექანიზმის წყალობით ჩაქუჩი მაღლა ხტებოდა და სიმს ქვემოდან ურტყამდა. ბგერის სიძლიერე დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ძალით დააჭერდა ის კლავიშზე. ეს კი ახლა შემსრულებელს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ თავისუფლად გამოეხატა სასურველი გრძნობა და ნაწარმოების შესრულებისას ხმის სიმაღლეც სურვილისდა მიხედვით ეცვალა ჩუმი piano-დან ხმამაღალ forte-მდე.

სხვა სიახლეს წარმოადგენდა სამი სახის პედალი — ხმის გამახანგრძლივებელი, sostenuto (შემაკავებელი) და ხმის შემარბილებელი. ამის შესაბამისად, ისინი ახანგრძლივებდნენ, აკავებდნენ და ასუსტებდნენ ბგერას.

XVIII საუკუნის განმავლობაში ევროპაში გრძელდებოდა ფორტეპიანოს კონსტრუქციის დახვეწა და გაუმჯობესება. იმ ასწლეულის 40-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ოთხკუთხა როიალი, რომელიც ზომით უფრო პატარა იყო და შედარებით იაფიც ჯდებოდა. უფრო დიდი ზომის როიალი — საკონცერტო — გაცილებით მეტ ადგილს საჭიროებს. მას აქვს სხვადასხვა სიგრძის სიმები, რომლებიც ჰორიზონტალურად არის დაჭიმული. XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა პიანინო, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა ჰკითხა ერთ პიანისტ ქალს, თუ, ძირითადად, რით განსხვავდება როიალისა და პიანინოს ჟღერადობა. მან თქვა: „სამი სიტყვით რომ გადმოვცეთ — ჟღერადობის, სიწმინდისა და სიწკრიალის მხრივ. როიალი გაცილებით დიდ რეზონანსს იძლევა, მისი ხმა წმინდაა და მას მეტი ძალა აქვს. როიალთან შედარებით პიანინოს ხმა უფრო სუსტია. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ პიანინო ხშირად კედელთან დგას, რაც ახშობს საკრავის უკანა მხარეს მოთავსებული რეზონატორის ხმას“.

[სურათი]

2,7 მეტრის სიგრძის საკონცერტო როიალი.

[სურათები 22 გვერდზე]

ვერჯინელი პარკის გამოსახულებით (1666 წელი, ინგლისი).

კლავესინი კუს ბაკნისგან დამზადებული კლავიშებით (ჩანართი), (1760 წელი, გერმანია).

აკორდეონი (1960 წელი, იტალია).

კლავიკორდი (1906 წელი, აშშ).

თანამედროვე სინთეზატორი და კომპიუტერი.

[საავტორო უფლება]

Top four photos: Courtesy of the Yale University Collection of Musical Instruments

[სურათი 23 გვერდზე]

ჰიდრავლოსი.

[საავტორო უფლება]

Courtesy Macedonian Heritage

[სურათი 23 გვერდზე]

ორგანი, სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია.

[საავტორო უფლება]

By courtesy of Australian Archives, Canberra, A.C.T