დიდი შიმშილობა ირლანდიაში სიკვდილიანობისა და ემიგრაციის წლები
დიდი შიმშილობა ირლანდიაში სიკვდილიანობისა და ემიგრაციის წლები
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ირლანდიაში
ირლანდიის „წმინდა“ მთის, კროპატრიკის *, ძირას ძალიან უჩვეულო გემი დგას. იგი XIX საუკუნის პატარა აფრიან გემს წააგავს. ცხვირით დასავლეთით, ატლანტის ოკეანისკენ, არის მიქცეული, მაგრამ ვერასოდეს შეცურდება ზღვაში — იგი მყარად არის ჩამჯდარი ბეტონის ფუნდამენტში. ანძებს შორის ადამიანის ჩონჩხის გასაოცარი გამოსახულებებია დატანებული.
ეს გემი ლითონის დიდი მონუმენტია, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1997 წელს, როგორც ირლანდიის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის — დიდი შიმშილობის — მემორიალი. ადამიანის ჩონჩხის გამოსახულებები და გემი 1845—1850 წლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების — სიკვდილიანობისა და მასობრივი ემიგრაციის — სიმბოლოა.
შიმშილობა ირლანდიის გარდა, რა თქმა უნდა, სხვა მრავალ ქვეყანასაც შეეხო. მაგრამ მათგან განსხვავებით, დიდ შიმშილობას ირლანდიაში განსაკუთრებით ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. 1845 წელს ირლანდიის მოსახლეობა
დაახლოებით რვა მილიონ კაცს შეადგენდა. 1850 წლისთვის შიმშილმა თითქმის მილიონ-ნახევარი ადამიანი შეიწირა! სხვა მილიონი კი უკეთესი ცხოვრების საძიებლად, უმეტესწილად, ინგლისსა და ამერიკაში გადასახლდა. დიახ, ეს მართლაც რომ დიდი შიმშილობა იყო.რა იყო მიზეზი ამ დიდი შიმშილობისა? რა დახმარება აღმოუჩინეს მის მსხვერპლთ? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ უბედურებიდან? ვიდრე ამ კითხვებზე პასუხს მივიღებდეთ, მოდი ჯერ მოკლედ მიმოვიხილოთ დიდ შიმშილობამდე ირლანდიაში არსებული ვითარება.
დიდ შიმშილობამდე
XIX საუკუნის დასაწყისისთვის დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილზე, მათ შორის ირლანდიაზეც, იყო გაბატონებული. ირლანდიის მიწა-წყლის უმეტეს ნაწილს ინგლისელი ლენდლორდები (მემამულეები) ფლობდნენ. მათი უმეტესობა ინგლისში ცხოვრობდა. ეს „დაუსწრებელი“ მემამულეები დიდ საიჯარო გადასახადს აკისრებდნენ თავიანთ ირლანდიელ მოიჯარეებს, შრომის სანაცვლოდ კი ძალიან ცოტას უხდიდნენ.
ათასობით ირლანდიელი მოიჯარე-გლეხი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობდა. რადგან ხორცსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ხალხს ასეთ პირობებში უიაფესი, ყველაზე ადვილად მოსაყვანი და ნოყიერი კულტურა — კარტოფილი — მოჰყავდა.
კარტოფილზე დამოკიდებულნი
კარტოფილი ირლანდიაში დაახლოებით 1590 წელს შემოიტანეს. მისი მოყვანა ძალიან შედეგიანი იყო იმიტომ, რომ ირლანდიის ნესტიანი და რბილი კლიმატი ხელს უწყობდა კარტოფილის ზრდას და იგი საკვები ნივთიერებებით ძალიან ღარიბ ნიადაგებსაც კარგად ეგუებოდა. მას როგორც ხალხის, ისე პირუტყვის საკვებად იყენებდნენ. XIX საუკუნის შუა ხანებისთვის მთელი სახნავ-სათესი მიწების თითქმის მესამედი კარტოფილის მოსაყვანად გამოიყენებოდა. მოსავლის თითქმის ორი მესამედი ხალხის გამოსაკვებად იყო განკუთვნილი. თითოეული ირლანდიელი მამაკაცი ყოველდღე ჭამდა კარტოფილს და მცირეოდენ სხვა რამეს თუ მიატანდა!
რადგან ამდენი ხალხი მთლიანად კარტოფილზე იყო დამოკიდებული, გამორიცხული არ იყო, რომ ასეთ მდგომარეობას გაუთვალისწინებელი უბედურება მოჰყოლოდა. რა მოხდებოდა მოუსავლიანობის შემთხვევაში?
პირველი მოუსავლიანი წელიწადი
კარტოფილის მოუსავლიანობა პერიოდულად მანამდეც ყოფილა. მაგრამ მცირე დახმარება საკმარისი იყო იმისთვის, რომ მდგომარეობა განმუხტულიყო და, თუ მომდევნო წელი უხვმოსავლიანი გამოდგებოდა, გაჭირვებასაც ადვილად უმკლავდებოდნენ. ამიტომ, როდესაც 1845 წელს კარტოფილის მოსავალი ვერ მიიღეს, ხელისუფლება ამაში საგანგაშოს ბევრს ვერაფერს ხედავდა.
მაგრამ, ამჯერად სიტუაცია გაცილებით კრიტიკული იყო. დღეს უკვე ვიცით, რომ 1845 წლის მოუსავლიანობა სოკოვანმა დაავადებამ — კარტოფილის ფიტოფთოროზმა — გამოიწვია. ეს სოკოები, რომლებიც ჰაერის მეშვეობით გადაადგილდებიან, ადვილად ვრცელდებოდა კარტოფილის ერთი ნათესიდან მეორეზე. დაინფიცირებული კარტოფილი მიწაშივე ლპებოდა, ხოლო საწყობში შენახული მარაგი, როგორც ამბობენ, „თვალსა და ხელს შუა ქრებოდა“. რადგან მხოლოდ ერთი ჯიშის კარტოფილი იყო დათესილი, მოსავალი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფუჭდა. და ვინაიდან შემდეგი წლის სათესლე ტუბერებს მიმდინარე წლის მოსავლიდან ინახავდნენ, სოკოს გავრცელებამ დამღუპველად იმოქმედა მომავალი წლების მოსავლებზეც.
მეორე მოუსავლიანი წელიწადი
1846 წელს წინა წლიდან შემორჩენილი დაბალი ხარისხის სათესლე კარტოფილი დათესეს, მაგრამ
ფიტოფთოროზმა მეორე მოსავალიც გაანადგურა. რადგან ნათესებში ასაღები აღარაფერი დარჩა, ბევრმა გლეხმა სამუშაო დაკარგა; მემამულეებს, უბრალოდ, აღარაფერი ჰქონდათ მათთვის მისაცემი.ხელისუფლებამ დაზარალებულთათვის დახმარების რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა; მრავალ ღარიბ მოსახლეს ისინი სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად — უმთავრესად კი გზების მშენებლობისთვის — ქირაობდნენ, რათა ოჯახების რჩენა შეძლებოდათ.
სამუშაოს შოვნა ზოგს მხოლოდ სამუშაო სახლებში (ღარიბთა თავშესაფრებში) შეეძლო. ეს დაწესებულებები უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს ასაქმებდა. შრომის სანაცვლოდ მუშები საკვებსა და თავშესაფარს იღებდნენ. სამუშაო ძალიან მძიმე იყო, საჭმელი კი — ხშირად საკვებად გამოუსადეგარი, ხოლო ღამის გასათევი — პრიმიტიული. ასეთ პირობებში ზოგი მუშა კვდებოდა კიდეც.
მიღებულმა ზომებმა, ასე თუ ისე, შეამსუბუქა მდგომარეობა. მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. 1846—1847 წლების ზამთარი უზომოდ მკაცრი გამოდგა, რის გამოც ქუჩის სამუშაოების უმეტესობის შესრულება შეუძლებელი გახდა. რამდენიმე სამთავრობო დაწესებულება ხალხს უფასოდ ურიგებდა საკვებს. მაგრამ ორი წლის შემდეგ სამთავრობო ხაზინაში ასეთი ქველმოქმედებისთვის საჭირო ფული გამოილია და დადგა დრო, როდესაც ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანების არნახულად მზარდი მასისთვის გაწეული დახმარება მეტისმეტად არასაკმარისი იყო. ამ უბედურებას ზედ კიდევ მეორეც დაერთო.
„დაუსწრებელი“ მემამულეები, რომელთაგან ბევრს თავადვე ჰქონდა დიდი ვალი, მოიჯარეებისგან განუწყვეტლივ საიჯარო გადასახადს ითხოვდნენ, მაგრამ ბევრს არაფრის გადახდა არ შეეძლო, რის გამოც ათასობით არენდატორი მიწებიდან აყარეს და გააძევეს. ზოგი მოიჯარე თავად ტოვებდა მიწას და უკეთესი ცხოვრების იმედით ქალაქში მიდიოდა. მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ იქ ულუკმაპუროდ, უფულოდ და უსახლკაროდ? უფრო და უფრო იზრდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ერთადერთი გამოსავალი ემიგრაცია იყო.
მასობრივი ემიგრაცია
იმ დროისთვის ემიგრაცია სიახლე არ იყო. XVIII საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში ირლანდიიდან განუწყვეტლივ გაედინებოდა ემიგრანტების მცირე ნაკადი. 1845 წლის ზამთრის შემდეგ კი ეს მცირე ნაკადი ნიაღვრად გადაიქცა! 1850 წლისთვის ნიუ-იორკელთა 26 პროცენტი ირლანდიელი იყო — აქ უფრო მეტი ირლანდიელი ცხოვრობდა, ვიდრე ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში.
შიმშილობის ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა გემი, საერთო ჯამში, 5 000-ჯერ გაუდგა სახიფათო 5 000 კილომეტრიან გზას ატლანტის ოკეანის მოპირდაპირე სანაპიროს მიმართულებით. ბევრი გემი ძალიან ძველი იყო. ზოგიერთი მათგანით ადრე მონები გადაჰყავდათ და ახლა მხოლოდ კრიტიკული სიტუაცია აიძულებდათ მათ გამოყენებას. მეტისმეტად ვიწრო საცხოვრებელი სათავსები ოდნავ თუ იყო გაუმჯობესებული. არავითარი სანიტარული პირობები იქ არ იყო და მგზავრებს საკვების მცირე ულუფებით უნდა გაეტანათ თავი.
შიმშილით ისედაც დაუძლურებულ ათასობით მგზავრს ავადმყოფობამ დარია ხელი. ზღვაზე მგზავრობისას მრავალი გამოესალმა სიცოცხლეს. 1847 წელს კანადისკენ მიმავალ გემებს მცურავი კუბოები უწოდეს. დაახლოებით 100 000 ემიგრანტიდან, რომლებიც მათ გადაჰყავდათ, 16 000–ზე მეტი ან ზღვაზე დაიღუპა, ან ხმელეთზე გადმოსვლიდან — ძალიან მალე. ჩამოსულები ირლანდიაში დარჩენილ მეგობრებსა და ნათესავებს წერილებით აფრთხილებდნენ ამ სახიფათო მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ემიგრანტების მოზღვავება მაინც არ წყდებოდა.
თითო-ოროლა მემამულე თავის ყოფილ მოიჯარეებს ეხმარებოდა. მაგალითად, ერთმა ლენდლორდმა სამი გემი დაიქირავა და ათასამდე თავის მოიჯარეს გამგზავრებაში დაეხმარა. მაგრამ ემიგრანტების უმრავლესობას თავად უნდა ეზრუნა მგზავრობის ხარჯებზე. ხშირად დიდი ოჯახის
მხოლოდ ერთ ან ორ წევრს თუ შეეძლო მგზავრობის ღირებულების დაფარვა. წარმოიდგინეთ ნავსადგურთან თავმოყრილი ათასობით გულმოკლული ადამიანი, რომლებიც ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდნენ და, ვინ იცის, იქნებ მეტად აღარასოდეს ენახათ ისინი.ავადმყოფობა და მესამე მოუსავლიანი წელიწადი
ზედიზედ კარტოფილის ორი მოუსავლიანი წლისა და მიწებიდან გლეხების მასობრივი აყრა-გაძევების შემდეგ გატანჯულ მოსახლეობას კიდევ ერთი უბედურება ელოდა: ავადმყოფობა! ტიფმა, დიზენტერიამ და სურავანდმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გადარჩენილები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ მდგომარეობა მეტად აღარ გაუარესდებოდა, მაგრამ ისინი ცდებოდნენ.
1847 წლის კარგი მოსავლით ფრთაშესხმულმა ფერმერებმა 1848 წელს სამმაგად გაზარდეს კარტოფილის ნათესების ფართობი. უბედურებაც სწორედ მაშინ დატრიალდა! ის ზაფხული მეტად ნესტიანი გამოდგა და ფიტოფთოროზი კიდევ ერთხელ მოედო ნათესებს. ოთხი წლის მანძილზე ეს უკვე მესამედ გაფუჭდა მოსავალი. სამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები ვეღარ აუდიოდნენ დაზარალებულთა დახმარებას. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. 1849 წელს ქოლერის ეპიდემიამ კიდევ 36 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტრაგედიის შემდეგ
ამ ეპიდემიის შემდეგ საქმე უკეთესობისკენ წავიდა. მომდევნო წელს კარტოფილის კარგი მოსავალი აიღეს. მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდებოდა. მთავრობამ ახალი კანონები მიიღო, რომელთა თანახმადაც შიმშილობით გამოწვეული ყველა ვალი იქნა გაუქმებული. მოსახლეობამ კვლავ მატება იწყო. ფიტოფთოროზმა მომდევნო წლებში კიდევ რამდენჯერმე დააზიანა მოსავალი, მაგრამ მეტად აღარასოდეს განმეორებულა შიმშილობის ის საშინელი წლები, როცა ირლანდიამ მოსახლეობის მეოთხედზე მეტი დაკარგა.
დღეს მთელ ირლანდიაში შეგიძლიათ იხილოთ ქვის კედლებისა და სახლების ნანგრევები, რომლებიც პირქუშად შემოგვცქერიან, როგორც მემატიანეები იმ ავადსახსენებელი დროისა, როცა ირლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყო. მხოლოდ შეერთებულ შტატებში 40 მილიონზე მეტი ირლანდიური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი და ფორდის მარკის ავტომობილის გამომგონებელი ჰენრი ფორდი უშუალო შთამომავლები იყვნენ იმ ემიგრანტებისა, რომლებიც ირლანდიიდან გემით გამოექცნენ შიმშილობას.
სიკვდილიანობისა და ემიგრაციის ამ სამწუხარო ისტორიაში მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ზედიზედ განმეორებული კარტოფილის მოუსავლიანობა იყო. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ — როგორც ძველ დროში მცხოვრებმა ბიბლიის დამწერმა თქვა — „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვპირდება, დედამიწისა და ყოველივე მასზე არსებულის შემოქმედი მალე ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს, სადაც სამოთხე იქნება და ყველა გაიხარებს უსასრულო მშვიდობითა და კეთილდღეობით (2 პეტრე 3:13). ძველად მცხოვრებმა ფსალმუნმომღერალმა კი, აი, რა იწინასწარმეტყველა: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).
[სქოლიო]
^ აბზ. 3 იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 1995 წლის 15 აპრილის ნომერი; გვ. 26—28 (რუს.).
[სურათი 22 გვერდზე]
დიდი შიმშილობის მემორიალი.
[სურათი 23 გვერდზე]
კარტოფილის ძიებაში. აღებულია ლონდონში გამომავალი გაზეთის „ილასთრეიტიდ ლანდენ ნიუსის“ 1849 წლის 22 დეკემბრის გამოშვებიდან.
[სურათი 24 გვერდზე]
უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ტანსაცმელს ურიგებენ.
[საავტორო უფლება]
and page 15: From the newspaper The Illustrated London News, December 22, 1849
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
„ემიგრანტების გემი“ (ჩარლზ სტენილენდის ნახატი, დაახლოებით 1880 წელი).
[საავტორო უფლება]
Bradford Art Galleries and Museums, West Yorkshire, UK/Bridgeman Art Library
[სურათი 25 გვერდზე]
სახლის ნანგრევები პირქუში მემატიანეა შიმშილობის ავადსახსენებელი წლებისა.
[სურათის საავტორო უფლება 14 გვერდზე]
Top sketch: Courtesy of the “Views of the Famine” Web site at http://vassun.vassar.edu/-sttaylor/FAMINE