არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტიქიის შემდეგ

სტიქიის შემდეგ

სტიქიის შემდეგ

„დილიდან გზაში ვართ. გავრბივართ, თავი რომ გადავირჩინოთ. არც წყალი გვაქვს და არც საჭმელი. ყველა სახლი დაინგრა“ (ხარჯივანი, რომელიც 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრას გადაურჩა ინდოეთში).

გამძვინვარებულ სტიქიასთან შეხვედრა ადამიანებს თავზარს სცემს. „ჩემს საწოლთან მდგარი ხის მაღალი კარადიდან სეტყვასავით წამოვიდა წიგნები, — იხსენებს ერთი ქალი, რომელიც ტაივანში 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას გადაურჩა. — მოტოციკლით მგზავრობისთვის ახლახან შეძენილი კასკა კარადიდან გადმოვარდა და საწოლზე მწოლარეს კინაღამ თავზე დამეცა და მომკლა“.

მიწისძვრის შემდეგ

მიწისძვრა საშინელი მოვლენაა და ისინიც კი, ვინც მას გადაურჩა, მდგომარეობიდან ადვილად ვერ გამოდიან. განმეორებითი ბიძგების საშიშროების მიუხედავად, მიწისძვრის შემდგომ პირველივე საათებში მაშველები ვაჟკაცურად ცდილობენ დაზარალებულთა მოძებნასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას. „უაღრესად ფრთხილად უნდა ვიყოთ, — თქვა ერთმა მამაკაცმა, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო სალვადორში ამას წინათ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული კვარტლის გაწმენდაში. — თუ ბიძგები განმეორდება, ამ ნანგრევების დარჩენილი ნაწილიც შეიძლება ჩამოიქცეს“.

ზოგჯერ ადამიანები დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისას თავგანწირვის არნახულ სულს ავლენენ. მაგალითად, 2001 წლის დასაწყისში ინდოეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ხანში შესულმა მამაკაცმა, სახელად მანუმ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. „მე უნდა დავბრუნდე, — ფიქრობდა ის, — არა მხოლოდ ჩემი ოჯახის, არამედ ყველა იმ ადამიანის დასახმარებლად, ვინც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა“. იმ რეგიონებში, რომლებსაც ის ეწვია, მანუმ ფრიად დამთრგუნველი სურათი იხილა, მაგრამ აღნიშნა: „ხალხი გასაოცარ სიმამაცეს ავლენს“. ერთი ჟურნალისტი კი წერდა: „ჩემი ნაცნობებიდან ერთ ადამიანსაც კი ვერ დავასახელებ, რომელსაც სხვისთვის თავისი სარჩო-საბადებელი არ გაეყო — ზოგმა ერთი დღის, კვირის თუ თვის ხელფასი გაიღო, სხვებმა კი თავისი დანაზოგიდან რაღაც უწილადეს ან კიდევ სხვა რამ მისცეს დაზარალებულებს“.

ერთია, გაწმინდო ნანგრევები და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინო, მაგრამ სულ სხვაა ის, რომ გადატანილი საშინელების შემდეგ ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნო. აი, რას ამბობს დელორესი, რომელსაც სალვადორში მომხდარი მიწისძვრის დროს სახლი დაენგრა: „ეს ომზე უარესია. მაშინ, სხვა თუ არაფერი, თავზე ჭერი მაინც გვეფარა“.

როგორც პირველ სტატიაში იყო ნახსენები, ყველაზე მეტად ხალხი ზოგჯერ არა მხოლოდ მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც. მაგალითად, როდესაც 1999 წლის დასაწყისში მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა დასავლეთ კოლუმბიის ქალაქი არმენია, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი შოკში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ექიმი-ფსიქიატრი რობერტო ესტეფანი, რომელსაც ამ სტიქიის დროს თავადაც დაენგრა სახლი, ამბობს: „სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან დახმარებას ითხოვდნენ. წასახემსებლად გავედი და გზაში ვისაც კი შევხვდი, ყველა უძილობას უჩიოდა და ამბობდა, რომ დათრგუნული იყო“.

როგორც ექიმისთვის, დ-რ ესტეფანისთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიწისძვრამ შეიძლება საკმაოდ შემაძრწუნებლად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკაზე. ერთმა ქალმა, რომელიც დროებითი ბანაკების მოწყობაზე მოხალისედ მუშაობდა, აღნიშნა, რომ ზოგი ადამიანი სამსახურში წასვლას უაზრობად თვლიდა — მაინც მალე უნდა მოვკვდეთო.

სასოწარკვეთილებს იმედს უნერგავენ

ასეთი უბედურებების დროს იეჰოვას მოწმეები ყოველ ღონეს ხმარობენ გადარჩენილთა დასახმარებლად; ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ისინი დაზარალებულთა სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავენ. მაგალითად, კოლუმბიაში მომხდარი ზემოხსენებული მიწისძვრის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა მყისვე შექმნა ადგილობრივი საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენაზე უნდა ეზრუნა. ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრები ათასობით მოწმე სწირავდა ფულსა და საკვებს. მალე მიწისძვრით გაჩანაგებულ ტერიტორიებში 70 ტონამდე საკვები გაიგზავნა.

ასეთ დროს ადამიანებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სულიერი დახმარება. კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ერთ დილას, ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ შეამჩნია ქალი, რომელიც დანგრეული ქალაქის ქუჩაში მძიმედ მიდიოდა. ქალს სახეზე ღრმა მწუხარება აღბეჭდოდა. მოწმე მივიდა მასთან და შესთავაზა ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ *.

ქალმა ტრაქტატი სახლში წაიღო და ყურადღებით წაიკითხა. სხვა დროს, როდესაც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მიაკითხა, მან თავისი ამბავი მოუთხრო მას. თურმე, მიწისძვრამ ქალაქში რამდენიმე სახლი დაუნგრია, საიდანაც კარგი შემოსავალი ჰქონდა. ახლა ის გაღარიბდა, მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა — მოხდა საშინელება: მისი 25 წლის ვაჟი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. ქალმა უთხრა მოწმეს, რომ ადრე მას არასოდეს აინტერესებდა რელიგია, მაგრამ ახლა ბევრი კითხვა გაუჩნდა. ტრაქტატმა ნამდვილი იმედი ჩაუსახა. მალე მასთან ბიბლიის საშინაო შესწავლა დაიწყეს.

იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სჯერათ, რომ მალე დადგება დრო, როდესაც კაცობრიობას აღარ დაემუქრება არანაირი სტიქია, მიწისძვრების ჩათვლით. მომდევნო სტატიაში ახსნილია, თუ რატომ არიან ისინი ამაში დარწმუნებული.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

უსაფრთხოების ზომები

▪ შეამოწმეთ, კარგადაა თუ არა დამაგრებული წყლის გამაცხელებლები და დგას თუ არა მძიმე საგნები იატაკზე ან ქვედა თაროებზე.

▪ ასწავლეთ ოჯახის წევრებს ელექტრობისა და გაზის გამორთვა, და წყლის დაკეტვა.

▪ ოჯახში იქონიეთ ცეცხლსაქრობი და პირველი დახმარების საგნები.

▪ ახლოს გქონდეთ პორტატიული რადიომიმღები ახალი ბატარეებით.

▪ ასწავლეთ ოჯახის წევრებს უსაფრთხოების ზომები და განუმარტეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებელია: 1) სიმშვიდის შენარჩუნება, 2) ღუმელისა და ყველა გასათბობი ხელსაწყოს გამორთვა, 3) კარებში ჩადგომა ან მაგიდის ქვეშ შეძრომა, და 4) ფანჯრების, სარკეებისა და საკვამურისგან მოშორებით ყოფნა.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

მიწისძვრები ისრაელში

როგორც პროფესორი ამოს ნური ამბობს, „ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით“ ისრაელში „უხსოვარი დროიდან ხდებოდა მიწისძვრები და თანაც ბევრად უფრო ხშირად“. ეს აიხსნება იმით, რომ აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის ნაწილი, რომელიც ხმელთაშუა ზღვისა და არაბეთის ფილაქნებს ყოფს, გადის პირდაპირ ისრაელის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.

ინტერესს იწვევს ის, რომ, არქეოლოგების აზრით, ძველი ინჟინრები გარკვეულ ზომებს იღებდნენ, რათა შენობები სეისმურად უფრო მედეგი გაეხადათ. ეს მოსაზრება ეთანხმება ბიბლიაში სოლომონის მიერ წარმოებული სამშენებლო პროგრამის აღწერას: „დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი“ (მესამე მეფეთა 6:36; 7:12). არქეოლოგებმა სხვაგანაც აღმოაჩინეს მშენებლობაში ხის ძელებისა და ქვების ერთად გამოყენების მტკიცებები. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობა მეგიდოს კარიბჭეა. როგორც ვარაუდობენ, ეს კარიბჭე სოლომონის დროს ან უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული. მეცნიერ დეივიდ როულის აზრით, ეს ძელები „იმისთვის იყო დართული ნაგებობებში, რომ მიწისძვრის დროს შენობები ნაკლებად დაზიანებულიყო“.

[სურათი]

ბეთ-შეანში (ისრაელი) მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დარჩენილი ნანგრევები.

[ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]

ორი საშინელი წუთი მიწისძვრის დროს გადარჩენილის მონათხრობი

აჰმადაბადში (ინდოეთი) ჩვენი ოჯახი ახლო ნათესავის ქორწილისთვის ემზადებოდა. 2001 წლის 26 იანვარს ხმაურმა გამაღვიძა: ეს არ იყო მაღვიძარას ხმა; ძლიერი რყევა ვიგრძენი. გავიგონე, როგორ ეხეთქებოდნენ აქეთ-იქით რკინის კარადები და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ბიძეჩემმა დაიყვირა: „გამოდით მალე გარეთ!“. ქუჩაში გავვარდით და დავინახეთ, რომ ჩვენი სახლი აკვანივით ირწეოდა. ეს წუთები მთელ მარადისობად მოგვეჩვენა, თუმცა, სინამდვილეში, მიწისძვრა სულ ორ წუთს გრძელდებოდა.

გონს მოსვლა გვიჭირდა. შევამოწმეთ, ვინმე ხომ არ იყო დაშავებული ჩვენი ოჯახიდან. ტელეფონი აღარ მუშაობდა და ელექტროენერგიაც გამოირთო, ამიტომ თავიდან გაგვიჭირდა იმის გაგება, რამე ხომ არ დაემართათ ახლომდებარე ქალაქებში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში თითქმის ერთი საათი დავყავით, მერე კი შევიტყვეთ, რომ ყველანი ცოცხლები იყვნენ. მაგრამ ყველას ჩვენსავით როდი გაუმართლა. აჰმადაბადში ასზე მეტი შენობა დაინგრა და 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა განუწყვეტლივ შიშში იყო. დასაძინებლად წასულ ხალხს ყოველღამე მოსალოდნელი განმეორებითი ბიძგების ეშინოდა. ბევრი უსახლკაროდ დარჩა, აღდგენითი სამუშაოები კი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. აი, რა მოჰყვა ერთ მიწისძვრას, რომელიც სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, მაგრამ არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან (მოგვითხრო სამირ სარაიამ).

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

2001 წლის იანვარში ინდოეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გადარჩენილ მამაკაცს ნანგრევებში დაღუპული დედის სურათი უკავია, რომლის სხეულიც ცეცხლს მისცეს

[საავტორო უფლება]

© Randolph Langenbach/UNESCO (www.conservationtech.com)