როგორ გავხდე უფრო მიმზიდველი?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავხდე უფრო მიმზიდველი?
„გოგონებთან საუბარი საკმაოდ მიჭირდა და მეუხერხულებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ ანდა როგორი შეხედულებები ჰქონდათ“ (ტაილერი).
რა თვისებები მოსწონთ ყველაზე მეტად გოგონებს ბიჭებში? „ბიჭი საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული“, — პასუხობს ახალგაზრდა ემილია. რობინის აზრით კი, უმთავრესი ის არის, რომ ბიჭს სხვების გართობა შეეძლოს. საინტერესოა, ბიჭებს რაღა ხიბლავთ ყველაზე მეტად გოგონებში? გასაკვირი არ არის, რომ, როგორც ერთი გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, ბიჭები თურმე უდიდეს მნიშვნელობას გარეგნულ სილამაზეს ანიჭებენ. მსგავს ინტერესებსა და შეხედულებებს კი მეექვსე ადგილი ეკავა.
ახალგაზრდულ ჟურნალებში ხშირად ქვეყნდება სტატიები და გამოკვლევების შედეგები, რომლებიც ბიჭებსა და გოგონებს შორის ურთიერთობას მიმოიხილავს. ცხადია, მრავალი ახალგაზრდა საკმაოდ ბევრს ფიქრობს ან განიცდის კიდეც იმას, თუ როგორი შეხედულება აქვთ მასზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. იქნებ, ზოგჯერ, შენც გაღელვებს ეს საკითხი? თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაინცდამაინც, დღეს თუ ხვალ დაქორწინება გაქვს განზრახული. უბრალოდ, არავის სურს, რომ შეუხედავი და არასასურველი იყოს! აი, რას ამბობს ტაილერი: „როდესაც ახალგაზრდა ხარ, გინდა, რომ ყველას მოსწონდე. გინდა, რომ როგორც თანატოლ ბიჭებს, ისე გოგონებს სიამოვნებდეთ შენთან ურთიერთობა“. გარდა ამისა, შეიძლება ფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრის პოვნასაც გადაწყვეტ. როცა ეს დრო დადგება, ბუნებრივია, სურვილი გექნება, რომ ამ ადამიანისთვის მიმზიდველი იყო.
მაგრამ, როგორც ქრისტიან ახალგაზრდას, შეიძლება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის არცთუ ისე დიდი გამოცდილება გქონდეს. ამას ემატება თანატოლების ზეგავლენაც, რომელთა „სტანდარტების“ მიხედვით შენ ფიზიკურად მომხიბვლელი უნდა იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტელეეკრანებისა და ჟურნალის ფურცლებიდან ხშირად გვიმზერენ სუპერმოდელები და უზომოდ დაკუნთული მსახიობები, მაშინ გასაგებია, თუ რატომ არა ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული და რატომ გეუფლება არასრულფასოვნების გრძნობა! მაშ, როგორ შეგიძლია გაწონასწორებული და გონივრული ნაბიჯების გადადგმა, რათა სხვების — მათ შორის, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების — თვალში მიმზიდველი პიროვნება გახდე?
იდეალურ ფიგურაზე ოცნება არაგონივრულია
როგორც ფსიქოლოგი უილიამ პოლაკი შენიშნავს, შოუ-ბიზნესის სამყაროს გავლენით მრავალი ახალგაზრდა „ძალიან დიდ დროს უთმობს დიეტის დაცვას, შტანგებით ვარჯიშსა და აერობიკას; ყოველივე ამას კი ერთი მიზნის მისაღწევად აკეთებენ — იქნება როგორმე სხეულის ფორმა და მოყვანილობა გაიუმჯობესონ“. ზოგი შეიძლება სახიფათო უკიდურესობაშიც კი ჩავარდეს და, ფაქტობრივად, შიმშილობა დაიწყოს იდეალური ფიგურის დასაყენებლად. მაგრამ, როგორც სოციოლოგიური საკითხების კვლევითი ცენტრი იუწყება, „თანამედროვე მასმედიის მიერ შემოთავაზებული იდეალური ქალის სტანდარტების დაკმაყოფილებას მანდილოსნების 5%-ზე ნაკლები თუ შეძლებს — თანაც ეს მონაცემი მხოლოდ წონასა და ზომებს ეხება. ხოლო თუ საქმე ტანის იდეალურ მოყვანილობაზე, სახესა და ასე შემდეგ, მიდგება, მაშინ ამ სტანდარტებთან შესაბამებას ქალების დაახლოებით 1% თუ მოახერხებს“.
მაშასადამე, ბიბლიაში, კერძოდ რომაელთა 12:2-ში, ჩაწერილი რჩევა მართლაც რომ პრაქტიკულია: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ („ფილიპსის“ თარგმანი). მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გმართებს გარეგნობისთვის ყურადღების მიქცევა. ზომიერი ვარჯიშითა და გაწონასწორებული კვებით საკუთარ სხეულზე ზრუნვა საკმაოდ გონივრულია (რომაელთა 12:1; 1 ტიმოთე 4:8). სათანადო დასვენება და ძილიც დაგეხმარება იმაში, რომ კარგად გამოიყურებოდე და თავსაც შესანიშნავად გრძნობდე. ამავე დროს, ნურც პირად ჰიგიენაზე ზრუნვასა და საკუთარი თავის წესრიგში მოყვანას დაივიწყებ. ინგლისელი ახალგაზრდა, სახელად დეივიდი, ამბობს: „ზოგი გოგონა საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ არასასიამოვნო სუნი აქვს, რის გამოც ხალხი თავს არიდებს მასთან ურთიერთობას“. ამიტომ, ხშირად იბანავე. მოვლილი ხელები, თმები და ფრჩხილები მეტ ხიბლს შეგძენს.
ბიბლია არ იწონებს, როცა ქრისტიანები გადამეტებულად ზრუნავენ ჩაცმულობაზე, მაგრამ სამაგიეროდ ურჩევს, რომ „წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ“ (1 ტიმოთე 2:9). შეეცადე, ისეთი ტანსაცმელი შეარჩიო, რომელიც შენს შესახედაობას გააუმჯობესებს, მაგრამ არც ექსტრავაგანტული ან ვულგარული იქნება *. გარეგნობაზე გონივრული ზრუნვა საკუთარი ღირსების გრძნობას განგიმტკიცებს. ერთმა ახალგაზრდამ, სახელად პოლმა, ასე გამოხატა ეს აზრი: „შეიძლება კალმით ნახატი სულაც არ იყო, მაგრამ საკუთარი შესახედაობის უკეთესობისკენ შეცვლა თავისუფლად შეგიძლია“.
პიროვნული თვისებები
თუმცა სასიამოვნო შესახედაობამ და აღნაგობამ შეიძლება ყურადღება მიიქციოს, საბოლოო ჯამში, „სილამაზე მხოლოდ [საპნის] ბუშტია“ (იგავნი 31:30, „ბაინგტონის თარგმანი“). სასიამოვნო შესახედაობა წარმავალია და იგი ნამდვილად არ არის მიმზიდველი პიროვნული თვისებების შემცვლელი (იგავნი 11:22). ისიც გახსოვდეს, რომ „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ მთელი ყურადღება ფიგურის დაყენებასა და სხეულის დაკუნთვაზე გადაიტანო, ეცადე, შენი მორთულობა იყოს „გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 3:3, 4; ეფესელთა 4:24). დღეს მრავალი ახალგაზრდა დიდად არ იწუხებს თავს მიმზიდველ პიროვნულ თვისებებზე ფიქრით — სულიერ თვისებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ *. მაგრამ ის ადამიანები, ვისაც ღვთიური პრინციპები უყვართ, უზომოდ აფასებენ მათ და ეს თვისებები მათთვის ძალიან მიმზიდველია!
მაშ, თუ გინდა, რომ სულიერად მოაზროვნე ქრისტიანი მამაკაცებისა და ქალების თვალში მიმზიდველი იყო, ამ მიზნის მისაღწევი საუკეთესო საშუალება ის იქნება, რომ თავადაც სულიერად მოაზროვნე გახდე. განივითარე სულიერობა ლოცვით, ბიბლიის პირადი შესწავლითა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით (ფსალმუნი 1:1—3). მაგრამ, სხვა სასარგებლო თვისებებისა და უნარის გამომუშავებაც კარგი იქნებოდა. მათ შესაძენად პაემნებზე სიარული და რომანტიკული ურთიერთობები სულაც არ არის საჭირო. ამ თვისებების გამომუშავებას სხვებთან ყოველდღიური შეხებისას და ურთიერთობისას შეძლებ.
მაგალითად, გრძნობ თუ არა თავს უხერხულად და მორცხვობ თუ არა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას? ახალგაზრდა პოლი გვიმხელს: „ზოგჯერ თავს უხერხულად ვგრძნობ გოგონების საზოგადოებაში იმიტომ, რომ ისინი გოგოები არიან, ბიჭებს კი უკეთესად ვუგებ. და არც ის მინდა, რომ თავგზა ამებნას სხვების წინაშე“. როგორ შეგიძლია თავდაჭერილობის სწავლა, რაც სხვებსაც გაუადვილებდა შენთან ურთიერთობას? ერთ-ერთი საშუალება ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობაა. შეხვედრების დროს შეეცადე სხვებისადმი ინტერესის გამოვლენას, მაგრამ მხოლოდ შენი თანატოლი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებით კი ნუ შემოიფარგლები, არამედ გაესაუბრე ბავშვებსაც, უფროსებსაც და ხანდაზმულებსაც (ფილიპელთა 2:4). როდესაც სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას ისწავლი, ეს საკუთარი თავისადმი რწმენას განგიმტკიცებს.
მაგრამ, აქვე სიფრთხილის გამოჩენაცაა საჭირო. იესომ ასეთი რამ თქვა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 19:19). თუ საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გექნება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებ თავს *. მაგრამ ერთი რამეც გასათვალისწინებელია — თუმცა აუცილებელიც კია, რომ ზომიერების ფარგლებში საკუთარი ღირსების გრძნობა გქონდეს, ნუ გადავარდები უკიდურესობაში. „ვეუბნები ყოველ თქვენგანს, — ამბობს მოციქული პავლე, — თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელთა 12:3).
გარდა ამისა, შეეცადე, ცივი გონებით შეხედო საკუთარი ქცევის წესსა და სხვებთან ურთიერთობის მანერებს. ინგლისელი გოგონა, სახელად ლიდია, შენიშნავს: „ჩემს სკოლაში ერთი ბიჭი დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგონებში. მაგრამ, როდესაც მას ახლოს ეცნობიან, მასზე წარმოდგენა ეცვლებათ იმიტომ, რომ ის უხეში და უტაქტოა“. როგორც წესი, ხალხს ტაქტიანი, კეთილმოუბარი და თანამგრძნობი ადამიანი იზიდავს (ეფესელთა 4:29, 32; 5:3, 4). „სასიამოვნო მანერები ადამიანებთან ურთიერთობების დაუბრკოლებლად დამყარების საწინდარია“, — ამბობს დოქტორი ბერი ბრაზელტონი. კარგი მანერები „აუცილებელია სხვების მოწონების დასამსახურებლად“.
ჩვევები და ეტიკეტის წესები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. ამიტომ, კარგი იქნებოდა, დაკვირვებოდი,
თუ როგორ ეპყრობიან ერთმანეთს მოწიფული ქრისტიანი მამაკაცები და ქალები. მაგალითად, მიღებულია თუ არა თქვენთან, რომ მამაკაცმა კარი დაუჭიროს ქალს? თუ თავაზიანობის ამდაგვარად გამოვლენას ჩვევად გაიხდი, ეს თავდაჭერილი და თავაზიანი ადამიანის რეპუტაციას შეგიქმნის.ბოლოს კი, ალბათ, იუმორის ზომიერი გრძნობის შეძენაც დახმარებას გაგიწევს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არსებობს „ჟამი სიცილისა“ და იმას, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, ხშირად უფრო უადვილდება მეგობრების შეძენა (ეკლესიასტე 3:1, 4).
იყავი მეგობრული, მაგრამ ერიდე ფლირტს
ერთი თვითმარქვია სახელმძღვანელო, „როგორ მივაღწიოთ წარმატებას მიჯნურობაში“, მკითხველს ურჩევდა, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლის საიდუმლოება ფლირტში ეძებნათ. წიგნი მკითხველებს მოუწოდებდა, რომ სახეზე ღიმილის ტარება და მხედველობითი კონტაქტის დამყარება ესწავლათ და სთავაზობდა, სიტყვა-პასუხში დახელოვნებულიყვნენ. ეს რჩევა ეწინააღმდეგება პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემულ შეგონებას, რომლის თანახმადაც ქრისტიანები „მთელი სიწმიდით“ უნდა ექცეოდნენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს (1 ტიმოთე 5:2).
თუმცა ფლირტმა შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეუქმნას ადამიანს, ეს გულწრფელობას მოკლებული და უპატიოსნო საქციელია. საინტერესო საუბრის წამოსაწყებად და გასაგრძელებლად სულაც არ არის საჭირო, ფლირტს მიმართო ან სხვებს თავი მოაჩვენო. არც უხერხული და უადგილო კითხვების დასმაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ და რაზე ფიქრობენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. მუდამ იმაზე ისაუბრე, რაც ‘ჭეშმარიტი, პატიოსანი და მართალია’ და ამით ყველას დაანახვებ, რომ მართლაც მოწიფულ, სულიერად მოაზროვნე მამაკაცად ან ქალად ვითარდები (ფილიპელთა 4:8). ღვთის პრინციპებისადმი მორჩილება არა მარტო საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების თვალში გაგხდის მიმზიდველს, არამედ თვითონ ღვთის თვალშიც * (იგავნი 1:7—9).
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 იხილეთ 1989 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.) გამოქვეყნებული სტატია „როგორ შევარჩიო შესაფერისი ტანსაცმელი“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ და იგივე ჟურნალის 1999 წლის 8 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი სტატია „ნამდვილად ენიჭება მნიშვნელობა, რას იცვამ?“.
^ აბზ. 12 როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოააშკარავა, რომ ჭკვიანი ახალგაზრდები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან თავიანთი ნიჭიერების გამო. ზოგი ახალგაზრდა საპასუხოდ თავისი ნიჭიერების მიჩქმალვას იწყებს.
^ აბზ. 15 წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ) მე-12 თავში მოცემულია სასარგებლო რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიმაღლოთ საკუთარი ღირსების გრძნობა.
^ აბზ. 21 თუ ჯერ იმდენად ახალგაზრდა ხარ, რომ მზად არა ხარ დასაქორწინებლად, გონივრული იქნება, თუ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ისეთ წრეში გექნება ურთიერთობა, სადაც ბიჭებიც იქნებიან და გოგონებიც. იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 8 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“.
[სურათები 15 გვერდზე]
ნუ გაიხდი გარეგნობას ზრუნვის მთავარ საგნად, ნაცვლად ამისა სულიერი თვისებების შეძენას შეეცადე.
[სურათი 15 გვერდზე]
ისწავლე საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა ადამიანთან.