სითბო ამცირებს ინფიცირების რისკს
სითბო ამცირებს ინფიცირების რისკს
ოპერაციის შემდეგ ჭრილობაში რაიმე ინფექციის შეჭრის საშიშროება გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ „ოპერაციის გაკეთებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, პაციენტების გათბობას შეუძლია 60 პროცენტამდე შეამციროს ინფიცირების რისკი“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“.
ნორთ-ტიზის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტთან არსებული საავადმყოფოს მკვლევარებმა 400-ზე მეტი საოპერაციო ავადმყოფი სამ ჯგუფად დაყვეს; ზოგისთვის მკერდზე უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია, ზოგისთვის კი — თიაქრისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო. პირველი ჯგუფის წევრებს არ გაუთბეს სხეული, ხოლო დანარჩენ ორ ჯგუფს ოპერაციამდე, სულ მცირე, ნახევარი საათით ადრე შემდეგნაირი პროცედურა ჩაუტარეს — ნაწილს მხოლოდ საოპერაციო არე გაუთბეს, ნაწილს კი — მთლიანი სხეული. რა შედეგი მოჰყვა ამას?
ოპერაციის შემდეგ, იმ პაციენტებიდან, ვინც ასეთი სახით გაათბეს, მხოლოდ 5 პროცენტს შეეჭრა ინფექცია, ხოლო მათგან, ვისაც მსგავსი პროცედურა არ ჩაუტარდა, 14 პროცენტი დაინფიცირდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხეულის გათბობამ უკვე შეამცირა ინფიცირება იმ პაციენტებს შორის, რომელთაც სწორ ან მსხვილ ნაწლავზე უკეთებენ ოპერაციებს.