არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვები

პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვები

პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვები

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისის მრავალ მოქალაქეს ჭკუაში არ უჯდებოდა იდეა კარგად მომზადებული პოლიციის შექმნის შესახებ, რომლის თანამშრომლებიც სპეცტანსაცმელში იქნებოდნენ გამოწყობილი. ისინი შიშობდნენ, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ცენტრალური მთავრობა გააკონტროლებდა, საფრთხეს შეუქმნიდა მათ თავისუფლებას. ზოგს იმისიც ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი პოლიციური შპიონაჟის ისეთ სისტემად გადაიქცეოდა, როგორიც უკვე ჟოზეფ ფუშეს ჰქონდა ჩამოყალიბებული საფრანგეთში. ასეა თუ ისე, ისინი მაინც დადგნენ კითხვის წინაშე: „რა უნდა ვქნათ პოლიციის გარეშე?“.

ლონდონი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი გახდა, დამნაშავეობის ჭაობში იძირებოდა, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებდა. ვერც მოხალისე ღამის გუშაგები, ვერც პროფესიონალი ქურდის დამჭერები და ვერც კერძო დეტექტიური სააგენტოს თანამშრომლები — ბოუ-სტრიტ რანერები (ბოუ-სტრიტელი პოლიციელები) — ვერ უზრუნველყოფდნენ ხალხისა და მათი საკუთრების დაცვას. წიგნის, „ინგლისის პოლიცია — მისი განვითარების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტორია“, ავტორი, კლაივ ემსლი, ამბობს: „რაც დრო გადიოდა, მით უფრო ბევრი ხვდებოდა, რომ დამნაშავეობასა და უწესრიგობას არ უნდა ეარსება ცივილიზებულ საზოგადოებაში“. ასე რომ, სერ რობერტ პილის * ხელმძღვანელობით ლონდონელებმა პროფესიული პოლიციის შექმნა განიზრახეს და იმედოვნებდნენ, რომ ეს ძალიან კარგ შედეგებს მოიტანდა. 1829 წლის სექტემბერში ფორმაში გამოწყობილმა საქალაქო პოლიციის კონსტებლებმა თავ-თავიანთ უბნებში პატრულირება დაიწყეს.

თანამედროვე პოლიციის ფორმირებიდან დღემდე, მას როგორც იმედის, ისე ეჭვის თვალით უყურებენ — იმედით იმიტომ, რომ მასში უსაფრთხოების გარანტს ხედავენ და ეჭვით იმიტომ, რომ არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ალბათობა.

ასპარეზზე გამოდიან ამერიკელი პოლიციელები

შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პირველად ქალაქ ნიუ-იორკში გამოჩნდა პროფესიული პოლიცია. რაც უფრო მეტი სიმდიდრე გროვდებოდა ქალაქში, დამნაშავეობაც მით უფრო მატულობდა. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ყველა ოჯახს შეეძლო ახლადგამომცხვარ, იაფფასიან ბულვარულ პრესაში გამოქვეყნებული შემზარავი კრიმინალური ისტორიების წაკითხვა. საზოგადოების პროტესტი სულ უფრო და უფრო მატულობდა და ბოლოს, 1845 წელს, ნიუ-იორკში პოლიციის პირველი დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, ნიუ-იორკელები და ლონდონელები აღტაცებული იყვნენ თავიანთი პოლიციით.

თუმცა, ინგლისელებისა არ იყოს, ამერიკელებსაც არ აძლევდა მოსვენებას ის ფაქტი, რომ შეიარაღებულ ძალებს მთავრობა აკონტროლებდა. მაგრამ ამ ორმა ერმა სხვადასხვანაირად გადაჭრა ეს პრობლემატური საკითხი. ინგლისელებმა არჩიეს, რომ ცილინდრიანი, მუქ ლურჯ ფორმის ტანსაცმელში გამოწყობილი ეგრეთ წოდებული „ჯენტლმენური“ პოლიცია ჰყოლოდათ. ეს პოლიციელები მხოლოდ მომცრო ხელკეტებს ატარებდნენ, თანაც თვალისთვის შეუმჩნევლად. ინგლისელი ბობები, თუ კრიტიკული სიტუაცია არ შეიქმნა, დღემდე არ ატარებენ იარაღს. მაგრამ, როგორც ერთი წყარო იტყობინება, „უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ. . . დიდი ბრიტანეთის პოლიციის სრული შეიარაღება გარდაუვალი პროცესია და ეს მხოლოდ დროის ამბავია“.

ამერიკელებმა კი, იმის შიშით, რომ ვაითუ მთავრობამ თავის ხელში არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოსო, შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შესწორება (ეს უკვე მეორედ) შეიტანეს, რაც უზრუნველყოფდა „ადამიანის უფლებას, ჰქონოდა და ეტარებინა იარაღი“. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ პოლიციასაც ეტარებინა იარაღი. რა იყო შედეგი? ის, რომ ქუჩებში წამდაუწუმ იმართებოდა სროლა და, სხვა თუ არაფერი, ამერიკელ პოლიციელებსა და ბოროტმოქმედებს შორის გამართული „კატა-თაგვობანას თამაში“ ყველასთვის ცნობილი გახდა. ამერიკელთა შეხედულებას იარაღის ტარების თაობაზე სხვა მიზეზიც უწყობდა ხელს, კერძოდ ის, რომ შეერთებული შტატების პირველი პოლიცია ლონდონისგან ძალიან განსხვავებულ სამყაროში ჩამოყალიბდა. ნიუ-იორკის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, რის გამოც ქალაქში ქაოსი ისადგურებდა. ამერიკას ათასობით ემიგრანტი მოაწყდა, ძირითადად ევროპასა და აფრიკიდან, რამაც, 1861—1865 წლების სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, რასობრივი ძალადობის გაღვივება გამოიწვია. პოლიციელების აზრით უფრო მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო.

ამიტომაც, პოლიციას ხშირად ისე უყურებდნენ, როგორც რაღაც უსიამოვნოს, რომელიც, გინდოდა თუ არ გინდოდა, უნდა აგეტანა. ხალხი მზად იყო, შეგუებოდა შემთხვევით ექსცესებს იმ იმედით, რომ მათ გარშემო, მეტ-ნაკლებად, წესრიგი და უსაფრთხოება დამყარდებოდა. მსოფლიოს ზოგ სხვა კუთხეში კი სულ სხვა სახის პოლიციის ფორმირება მიმდინარეობდა.

შიშისმომგვრელი პოლიცია

XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც თანამედროვე პოლიციის ფორმირება დაიწყო, დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული იმპერიების მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა. ევროპაში პოლიცია ძირითადად მმართველი კლასის, და არა ხალხის, დასაცავად იყო ორგანიზებული. თვით ინგლისელებსაც კი, რომლებსაც არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, შეიარაღებულ და გასამხედროებულ პოლიციას გაეკონტროლებინა მათი მიწა-წყალი, ბევრი არ უყოყმანიათ სამხედრო პოლიციის გამოყენებაზე, რათა კოლონიები მორჩილებაში ჰყოლოდათ. თავის წიგნში „პოლიციის საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით“ რობ მობი ამბობს: „თითქმის ერთ ათწლეულს არ ჩაუვლია ისე, რომ კოლონიებში არსებულ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სისასტიკის გამოვლენას, მექრთამეობას, ძალადობას, მკვლელობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას არ ჰქონოდა ადგილი“. იმავე წიგნში ვკითხულობთ, რომ თუმცა ევროპის კოლონიებში მომსახურე პოლიციელებს გარკვეული სარგებლობაც მოჰქონდათ საზოგადოებისთვის, მათ „მსოფლიოს ხალხებს მთავრობის, და არა ხალხის, სამსახურში მყოფ ძალად დაამახსოვრეს თავი“.

გადატრიალების მოშიში თითქმის ყველა დესპოტური მთავრობა საიდუმლო პოლიციას იყენებდა, მოქალაქეებისთვის რომ მეთვალყურეობა გაეწია. ასეთ პოლიციაში მომსახურენი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ადამიანებს აწამებდნენ, ხოლო დანაშაულებრივ მოღვაწეობაში ეჭვმიტანილთ ან სიცოცხლეს ასალმებდნენ, ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აპატიმრებდნენ. ნაცისტებს გესტაპო ემსახურებოდა, საბჭოთა კავშირს — სუკი, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიას — „შტაზი“. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ „შტაზში“ 100 000 თანამშრომელი იყო გაერთიანებული და გარდა ამისა, მას, სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დამსმენი ემსახურებოდა, რომლებიც 16 მილიონიან მოსახლეობას ზვერავდნენ. „შტაზის“ თანამშრომლები დღედაღამ ისმენდნენ სატელეფონო საუბრებს და ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედზე საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ. «„შტაზის“ თანამშრომელთა საქციელს საზღვარი არ ჰქონდა და მათ არც სირცხვილის გრძნობა გააჩნდათ, — ამბობს ჯონ კოილერი თავის წიგნში „შტაზი“. — მათ მრავალი პროტესტანტი და კათოლიკე მაღალი სასულიერო წოდების პირი მოისყიდეს და საიდუმლო აგენტებად აქციეს. მათი სამუშაო კუთხეები და სააღმსარებლოები სავსე იყო სასმენი მოწყობილობებით».

მაგრამ, ასეთი შიშისმომგვრელი პოლიცია მხოლოდ და მხოლოდ დესპოტურ სახელმწიფოებში როდია. რამდენიმე დიდი ქალაქის პოლიციაც კი დაადანაშაულეს მართლწესრიგის დამყარების მეტისმეტად აგრესიული ფორმების გამოყენებაში, განსაკუთრებით უმცირესობებთან მიმართებაში, რითაც შიშის ზარს სცემენ მოსახლეობას. ერთმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჟურნალმა კომენტარი გაუკეთა ლოს-ანჯელესში მომხდარ გახმაურებულ სკანდალს. როგორც ჟურნალი შენიშნავდა, ამ შემთხვევამ ნათელყო, რომ „პოლიციის უმართებულო საქციელმა უკანონობის ახალ ზღვარს მიაღწია, რის გამოც ახალი ტერმინიც კი გაჩნდა: ბანდიტი პოლიციელი“.

ამიტომ, სახელმწიფო მოხელეებმა ფიქრი დაიწყეს: რა უნდა გააკეთონ პოლიციის დეპარტამენტებმა შელახული რეპუტაციის აღსადგენად? პოლიციის მრავალმა დეპარტამენტმა თავიანთი სამუშაოს იმ მხარეების გამოკვეთა სცადა, რომლებიც საზოგადოების მომსახურებასთან არის დაკავშირებული — ამით იმის დანახვება სურთ, თუ რამდენს აკეთებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

უბნის პოლიცია — ოპტიმიზმის საფუძველი

იაპონიის ტრადიციულმა უბნის პოლიციამ უცხოელების ყურადღებაც მიიპყრო. ტრადიციულად იაპონიაში პოლიციის სამმართველოები უბნებად არის განაწილებული და თითოეულ მათგანში თორმეტამდე პოლიციელი მსახურობს სხვადასხვა ცვლაში. კრიმინოლოგიის ლექტორი, ფრენკ ლაიშმენი, რომელიც წარმოშობით ინგლისელია და უკვე დიდი ხანია, იაპონიაში ცხოვრობს, თავის აზრს გვიზიარებს: «კარგად არის ცნობილი, თუ რა დიდ და მეგობრულ სამსახურს უწევენ „კობანის“ [პოლიციის მცირე სამმართველო] თანამშრომლები მოსახლეობას: ისინი ინფორმაციას აწვდიან ხალხს იაპონიის უმეტესწილად უსახელო ქუჩების შესახებ; თავსხმა წვიმაში მოყოლილ გარეუბნელებს დაკარგული და პატრონისგან მოუკითხავი ქოლგების ქვეშ აფარებენ; ნასვამ ბიზნესმენებსაც ეხმარებიან, ბოლო მატარებელზე რომ არ დაიგვიანონ და ქუჩაში არ დარჩნენ, და დაუზარებლად აძლევენ რჩევებს სხვადასხვა გასაჭირში ჩავარდნილ მოქალაქეებს». უბნის პოლიციამ თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ახლა ბევრი შენატრის იაპონიის ქუჩებს, სადაც უსაფრთხოდ შეგიძლია ისეირნო.

სხვაგანაც ეფექტური ხომ არ იქნებოდა ამ სახის პოლიცია? ზოგმა კრიმინოლოგმა ბევრი ჭკუის სასწავლებელი რამ დაინახა ასეთ სისტემაში. შეინიშნება, რომ თანამედროვე მიღწევები კომუნიკაციის სფეროში პოლიციის ჩამოშორებას იწვევს იმ ხალხისგან, რომელსაც ისინი ემსახურებიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბევრ თანამედროვე ქალაქში პოლიციის სამსახური მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებზე სათანადო რეაგირებით შემოიფარგლება. ზოგჯერ კაცს ისიც კი გეგონება, რომ ახლა აღარავინ ფიქრობს დანაშაულის თავიდან არიდებაზე, რასაც თავდაპირველად დიდი ყურადღება ექცეოდა. ამ ტენდენციის საპასუხოდ დღეს კვლავ პოპულარული ხდება სამეზობლოში მორიგეობა.

სამეზობლოში მორიგეობა

„მას მართლაც კარგი შედეგები მოაქვს; მისი წყალობით დანაშაულის შემთხვევები მცირდება, — ამბობს პოლიციის კონსტებლი, სახელად დიუი, თავისი სამსახურის შესახებ უელსში, — სამეზობლოში მორიგეობა იმას ნიშნავს, რომ მეზობლები ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ჩვენ შეხვედრებს ვაწყობთ, სადაც მეზობლები ერთმანეთს ეცნობიან, იგებენ ერთმანეთის სახელებსა და ტელეფონის ნომრებს და დანაშაულის თავიდან არიდებას სწავლობენ. მე ძალიან მომწონს ამ პროგრამაზე მუშაობა იმიტომ, რომ მისი მეშვეობით მეზობლებს კვლავ კეთილმეზობლური გრძნობები უჩნდებათ. ზოგჯერ ხალხი თავის მეზობლებს არც კი იცნობს. პროგრამა თავის მიზანს აღწევს, იმიტომ რომ ხალხი უფრო კარგად ერკვევა საქმის არსში“. იგი პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

სხვებს კი წინადადება შემოაქვთ, პოლიციელებმა დაზარალებული ადამიანისადმი უფრო მეტი თანაგრძნობით მოპყრობა ისწავლონ. გამოჩენილმა ჰოლანდიელმა ვიქტიმოლოგმა, იან ვან დეიკმა, დაწერა: „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაზარალებული ადამიანისთვის პოლიციელის საუბრისა და ქცევის მანერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტისთვის — ექიმისა“. მსოფლიოს მრავალ კუთხეში ოჯახში გამოვლენილ ძალადობასა და გაუპატიურებას პოლიცია კვლავაც არ მიიჩნევს ნამდვილ დანაშაულად. მაგრამ რობ მობი ამბობს: „პოლიციის მიდგომა ოჯახში გამოვლენილი ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევებისადმი უკანასკნელ წლებში შესამჩნევად გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი“. პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია, რომელშიც თითქმის ყველა საპოლიციო ორგანოს ესაჭიროება გაუმჯობესება.

კორუმპირებული პოლიცია — შიშის საფუძველი

თავის იმით დაიმედება, რომ პოლიცია ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას, ზოგჯერ შეიძლება გულუბრყვილობაში ჩამოგვერთვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიციის კორუმპირებულობის შესახებ ამბები დაუფარავად ვრცელდება. ასეთი ცნობები პოლიციის ისტორიის დასაწყისშივე გაჩნდა. წიგნში „ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი — ქალაქი და მისი პოლიცია“ განხილულია 1855 წელს არსებული სიტუაცია და ნათქვამია, რომ „მრავალი ნიუ-იორკელის შეხედულებით, უფრო და უფრო ძნელდებოდა ბანდიტებისა და პოლიციელების ერთმანეთისგან გარჩევა“. როგორც დუნკან გრინის წიგნი, „ლათინური ამერიკა სხვადასხვა რაკურსით“, გვამცნობს, „საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად“, ლათინური ამერიკის ქვეყნებში არსებული საპოლიციო ორგანოები „კორუფციით არის გაჟღენთილი და სავსეა არაკომპეტენტური და ადამიანის უფლებათა შემლახველი თანამშრომლებით“. ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის პოლიციის კომისარმა, რომლის ხელქვეითაც 14 000 პოლიციელი იმყოფება, თქვა: „სხვა რას უნდა მოველოდეთ, როდესაც პოლიციელი თვეში [$100] ნაკლებს გამოიმუშავებს? როგორ მოიქცევა, ქრთამს თუ შესთავაზებენ?“.

რამდენად პრობლემატურია კორუფცია? თუ რა პასუხს მივიღებთ ამ კითხვაზე, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის მივმართავთ შეკითხვით. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკელი პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში პატრულირებდა 100 000-იან ქალაქში, ამბობს: „პოლიციელების გარკვეული რაოდენობა მართლაც არ არის პატიოსანი, მაგრამ მათი უმრავლესობა გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობას. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი“. მაგრამ, აი, რას ამბობს 26 წლის სტაჟის მქონე გამომძიებელი: „ჩემი აზრით კორუფციას ყველგან აქვს ფესვები გადგმული. პატიოსნება პოლიციაში ერთობ იშვიათი მოვლენაა. თუ პოლიციელი ძიებას ატარებს გაძარცვულ სახლში და ფულს წააწყდება, ალბათ, აიღებს და ჯიბეში ჩაიდებს. თუ მოპარულ ძვირფასეულობას დაიბრუნებს, ნაწილს თავისთვის გადაინახავს“. რატომ ეცემა ზოგიერთი პოლიციელი ზნეობრივად?

ზოგიერთი მათგანი მაღალი ზნეობრივი ნორმებით იწყებს პოლიციაში მუშაობას, მაგრამ შემდეგ თავინთი კორუმპირებული კოლეგებისა და იმ ზნედაცემული კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ ექცევიან, რომელთანაც მათ ყოველდღიურად აქვთ შეხება. წიგნში „რა იციან პოლიციელებმა“ მოყვანილია ჩიკაგოელი პატრულის სიტყვები: „გახრწნილება პოლიციელების უშუალო თანამგზავრია. მათ ყოველი მხრიდან გარს არტყია იგი. ისინი ეხებიან მას. . . გემოსაც უსინჯავენ. . . ყნოსავენ. . . ესმით. . . მასთან შერკინებაც უწევთ“. როდესაც ასეთ გახრწნილებასთან გაქვს შეხება, ადვილად შეიძლება მისი უარყოფითი გავლენის ქვეშ მოექცე.

თუმცა პოლიცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს საზოგადოებას, იგი შორს არის სრულყოფილებისგან. შეგვიძლია, რაიმე უკეთესს მოველოდეთ?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 პოლიციის დამფუძნებლის, სერ რობერტ (ბობი) პილის გამო ბრიტანელ პოლიციელებს ამ ქვეყანაში „ბობი“ უწოდეს.

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

„ხომ ყოჩაღები არიან ბრიტანელი ბობები“?

ბრიტანელები ერთ-ერთი პირველები იყვნენ მათ შორის, ვისაც ფუფუნების ისეთ „საგანზე“ მიუწვდებოდათ ხელი, როგორიც პროფესიული პოლიცია იყო. მათ სურდათ, რომ ბრიტანეთის საზოგადოება ისევე კარგად ორგანიზებული ყოფილიყო, როგორც საფოსტო კარეტების მოხერხებული სისტემა, რომელიც დიდი სიზუსტით ფუნქციონირებდა. 1829 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სერ რობერტ (ბობი) პილმა, პარლამენტი დაითანხმა ლონდონის საქალაქო პოლიციის შექმნაზე, რომლის ცენტრალური სამმართველოც სკოტლენდ-იარდში იქნებოდა. თავიდან, სიმთვრალისა და ქუჩაში აზარტული თამაშების აღსაკვეთად გატარებული მკაცრი ზომების გამო, ხალხს თვალში არ მოსდიოდა ბობები, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ სიყვარული დაიმსახურეს.

1851 წელს ლონდონმა ამაყად მოიწვია მთელი მსოფლიო გრანდიოზულ გამოფენაზე, სადაც ისინი ბრიტანული ინდუსტრიის მიღწევებს უნდა გასცნობოდნენ. სტუმრები გააოცა მოწესრიგებულმა ქუჩებმა, სადაც არც ლოთების, არც მეძავებისა და არც მაწანწალების ჭაჭანება არ იყო. მარჯვე პოლიციელები გზას უჩვენებდნენ ხალხს, სტუმრებს ბარგის ტარებაში ეშველებოდნენ, ქვეითად მოსიარულეთ გზის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ და ეტლითაც კი გადაჰყავდათ ხნოვანი ქალბატონები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელები და უცხოელი სტუმრები ამბობდნენ: ხომ ყოჩაღები არიანო ბრიტანელი ბობები?

მათ იმდენად კარგად შეეძლოთ დანაშაულის თავიდან არიდება, რომ უკვე 1873 წელს ჩესტერის მთავარი კონსტებლი ისეთი დროის დადგომას წინასწარმეტყველებდა, როცა პროფესიონალური დამნაშავეობა პრაქტიკულად აღარ იარსებებდა! პოლიცია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო დაცვის სამსახურის ორგანიზებასაც შეუდგა. ისინი ქველმოქმედებასაც ეწეოდნენ და ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს ურიგებდნენ ღარიბებს. ზოგმა ბიჭების სრულფასოვან მოქალაქეებად აღსაზრდელ კლუბებს გაუწია ორგანიზება, აწყობდნენ ექსკურსიებს და მართავდნენ დასასვენებელ ბანაკებს.

რა თქმა უნდა, ახალ პოლიციას დისციპლინასთან დაკავშირებით თავისივე რიგებშიც ჰქონდა პრობლემა — ზოგიერთი თანამშრომელი კორუმპირებული იყო და სისასტიკეს ავლენდა. მაგრამ უმრავლესობას ეამაყებოდა ის, რომ პოლიცია მინიმალური ძალებით ახერხებდა წესრიგის დაცვას. 1853 წელს ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ უიგანის პოლიციას გაფიცულ მაღაროელთა მიერ მოწყობილი ბუნტი უნდა აღეკვეთა. მამაცმა სერჟანტმა, რომელსაც ხელქვეით მხოლოდ ათი კაცი ჰყავდა, მტკიცე უარი განაცხადა მაღაროს მფლობელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე. პოლიციის შესახებ შექმნილი წარმოდგენა კარგად არის ასახული ჰექტორ მაკლოუდის მიერ 1886 წელს მიღებულ წერილში, როცა იგი, მამამისის მსგავსად, პოლიციელი გახდა. როგორც წიგნ „ინგლისის პოლიციაშია“ ციტირებული, წერილში ასეთი რამ იყო ნათქვამი: „თუ პოლიციელი უხეშობას მიმართავს, ხალხის კეთილგანწყობას დაკარგავს. . . მიმაჩნია, რომ საზოგადოების ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს, იმიტომ რომ პოლიციელი ხალხის მსახურია, გარკვეული ხნით დანიშნული, და მისი მოვალეობაც ხომ სწორედ ადამიანებისა და შეფის გულის მოგებაა“.

აი, რას ამბობს საქალაქო პოლიციის გადამდგარი ინსპექტორი, სახელად ჰეიდენი: „გვასწავლეს, რომ ყოველთვის თავშეკავება გამოგვეჩინა იმიტომ, რომ პოლიციის წარმატება საზოგადოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ხის პატარა ხელკეტი უკანასკნელი საშუალება იყო, რომლისთვისაც შეგვეძლო მიგვემართა, ხოლო პოლიციელთა უმეტესობას ეს საშუალება არასოდეს გამოუყენებია“. ბრიტანელი ბობებისთვის კარგი რეპუტაციის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა პოპულარულმა ტელესერიალმა „დოკგრინელი დიქსონი“, რომელიც მთელი 21 წლის მანძილზე გადიოდა. სერიალი აშუქებდა პატიოსანი კონსტებლის ცხოვრებას, რომელიც ყველას იცნობდა თავის უბანზე. ფილმმა შეიძლება პოლიციელებში ეკრანზე ნანახისამებრ მოქცევის სურვილიც კი აღძრა, მაგრამ უფრო მეტად მან ბრიტანელებში პოლიციისადმი სიყვარული გააღვიძა.

მაგრამ 1960 წელს პოლიციისადმი დამოკიდებულება ინგლისში შეიცვალა და ტრადიციულმა ეროვნულმა სიამაყემ ეჭვებს დაუთმო გზა. ცნობებმა პოლიციელთა რიგებში არსებული კორუფციისა და რასიზმის შესახებ XX საუკუნის 70-იან წლებში პოლიციის რეპუტაცია შელახა მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა სამეზობლოში მორიგეობის შემოღებით. ამ ბოლო დროსაც პოლიციელებს რასიზმსა და ტყუილად გასამართლების მიზნით ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ამ მოვლენების შემდეგ პოლიცია გულწრფელად შეეცადა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

[საავტორო უფლება]

Photograph above: http://www.constabulary.com

[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

რა სასწაული მოხდა ნიუ-იორკში

როდესაც პოლიცია განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს, შედეგები შეიძლება მართლაც გასაოცარი იყოს. ნიუ-იორკი დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ხალისდაკარგული პოლიცია უკვე ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას. ეკონომიკური პრობლემების გამო ქალაქის ხელმძღვანელობა ხელფასებს ვეღარ იძლეოდა და იძულებული იყო პოლიციის თანამშრომლებიც შეემცირებინა. ნარკოტიკებით მოვაჭრეებს კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი, რასაც შედეგად ძალადობის შემაძრწუნებელი ტალღის აგორება მოჰყვა. ქალაქის ცენტრალური ნაწილის მაცხოვრებლები ხშირად ცეცხლსასროლი იარაღის ხმაზე წვებოდნენ დასაძინებლად. 1991 წელს რასისტებმა დიდი არეულობა ატეხეს და თავად პოლიციელებმაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს ხელისუფლებისადმი თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად.

მაგრამ პოლიციის ახალ შეფს კოლეგებში ენთუზიაზმის გაღვივება სურდა; ამიტომ მათთან რეგულარულად აწყობდა თათბირებს, რათა თითოეული საპოლიციო უბნისთვის შეემუშავებინათ მოქმედების სტრატეგია. ჯეიმს ლარდნერი და ტომას რეპეტო თავიანთ წიგნში „ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი“ განმარტავენ: „სამძებრო განყოფილების შეფისა თუ ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელის შესახებ საპოლიციო უბნის მეთაურები, ძირითადად, გაზეთებიდან იგებდნენ, პირადად კი იშვიათად ხვდებოდნენ მათ. ახლა კი, ყველანი ერთად, საათობით თათბირობდნენ“. დამნაშავეობამ მკვეთრად დაიკლო. როგორც იტყობინებიან, თანდათანობით მკვლელობათა რიცხვმაც იკლო — თუ 1993 წელს 2 000 მკვლელობა იქნა ჩადენილი, 1998 წლისთვის ეს რიცხვი 633-მდე შემცირდა, რაც განვლილი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ნიუ-იორკელები ლამის სასწაულად მიიჩნევდნენ ამ მოვლენას. გასული რვა წლის განმავლობაში დამნაშავეობა 64 პროცენტით შემცირდა.

რის წყალობით გახდა შესაძლებელი ასეთი გაუმჯობესება? 2002 წლის 1 იანვრის „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პოლიციის წარმატებას შეუწყო ხელი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამა იყო. ეს პროგრამა წარმოადგენს „დანაშაულის ამომცნობ სისტემას, რომელიც ყოველკვირა ახდენს თითოეული საპოლიციო უბნის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, რათა აღმოცენებისთანავე დააფიქსიროს პრობლემა და საპასუხო ზომები მიიღოს“. აი, რა თქვა პოლიციის გადამდგარმა კომისარმა ბერნანდ კერიკმა: „ჩვენ ვაკვირდებოდით სად და რატომ ხდებოდა დანაშაული, შემდეგ კი ამისდა მიხედვით ვახდენდით პოლიციის შენაერთებისა და სახსრების გადანაწილებას, რათა ასეთი ადგილები განსაკუთრებულად ყოფილიყო გაკონტროლებული. აი, როგორ კლებულობს დამნაშავეობა“.

[სურათი 7 გვერდზე]

პოლიციის ტიპიური განყოფილება იაპონიაში.

[სურათი 7 გვერდზე]

საგზაო პოლიცია ჰონკონგში.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

პოლიციელები გულშემატკივრებს მეთვალყურეობენ ფეხბურთის მატჩის მსვლელობისას.

[სურათი 9 გვერდზე]

პოლიციელების მოვალეობაში უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაც შედის.