მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნება არ არის!
მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნება არ არის!
ალფრედ ნობელს რომ გასული საუკუნისთვის გადახედვა შეძლებოდა, ჩაესახებოდა კი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების იმედი? ეჭვგარეშეა, ის მოხარული იქნებოდა, გაეგო, რომ ომების შესაწყვეტად ბევრმა ძალ-ღონე არ დაიშურა. მაგრამ მას მაინც მოუწევდა მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. პროფესორი ჰიუ ტომასი კარგად ასკვნის: „მეოცე საუკუნეში — საუკუნეში, რომელიც აღსანიშნავია დიდი მიღწევებით სოციალურ სფეროში და მთავრობის მხრიდან ღარიბთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად გაწეული უფრო მეტი ძალისხმევით — ბობოქრობდა ავტომატი, ტანკი, ბომბდამშენი „B-52“, ატომური ბომბი და, ბოლოს, რაკეტა. ყველა სხვა ასწლეულთან შედარებით, ეს საუკუნე ბევრად უფრო სისხლიანი და დამანგრეველი ომებით გამოირჩეოდა“. პროფესორი ტომასი განაგრძობს: „ამიტომაც, ჯერ კიდევ საკითხავია, ღირს კი ნამდვილად ამ ეპოქისთვის პროგრესულის სახელის მინიჭება თუ არა“.
ახლა, როდესაც უკვე XXI საუკუნეში შევაბიჯეთ, გვესახება თუ არა უფრო რეალურად მსოფლიო მშვიდობა? ოდნავადაც არა! 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების მოხსენიებისას ჟურნალ „ნიუსუიკში“ ასეთი რამ ითქვა: «მსოფლიოში, სადაც „ბოინგ-767“ მართულ რაკეტად შეიძლება იქცეს, ჩანს, რომ შეუძლებელი არაფერია და რაც ყველაზე უარესია, არც არაფრისგან ვართ დაზღვეული».
ზოგი ამბობს, რომ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად ორი რამ არის საჭირო: პირველი — ადამიანთა აზროვნებასა და ქცევაში აუცილებელია რადიკალური ცვლილებების მოხდენა; და მეორე — ყველა ერს ერთი მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს. ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროის შესახებ, როდესაც მშვიდობა დამყარდება, მაგრამ არა ადამიანთა ძალისხმევის შედეგად. ფსალმუნის 45:10-ში შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, შესახებ ნათქვამია: „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“. როგორ განახორციელებს ამას ღმერთი? თავისი სამეფოს მეშვეობით, რომლის შესახებაც ბევრი გულწრფელი ადამიანი განუწყვეტლივ ლოცულობს. ეს სამეფო გულის გაურკვეველი მდგომარეობა კი არაა, არამედ რეალური მთავრობა, რომლის მეშვეობითაც დედამიწის კიდით-კიდემდე ღმერთი დაამყარებს მშვიდობას. წინასწარმეტყველი ესაია ღვთის შთაგონებით წერდა, რომ ამ მთავრობის ქვეშევრდომებიდან „აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამის წყალობით ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრებას ისწავლიან და „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს“.
იეჰოვას მოწმეები დღესვე ასე იქცევიან. ისინი უარს აცხადებენ ხელში იარაღის აღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და 200-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ. ის ფაქტი, რომ ომით გაპარტახებულ მსოფლიოში ისინი ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, ამტკიცებს, რომ მშვიდობის დამყარება უტოპიური ოცნება არ არის — ეს რეალობაა.
ხომ არ მოისურვებდით უფრო მეტის გაგებას იმ ბიბლიური იმედის შესახებ, რომელიც ნამდვილ მშვიდობას ეხება? გთხოვთ, მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე ან პირადად დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს.