„ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“
„ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“
აცახცახებულ ტუჩებზე ხელებაფარებული ლოურდესი ფანჯრიდან ქალაქს მისჩერებია. ამ ლათინო-ამერიკელ ქალს 20 წელზე მეტი იყო, რაც მოძალადე ქმარი, ალფრედო, ტანჯავდა. მაგრამ ალფრედოს რაღაცამ უბიძგა, რომ შეცვლილიყო. ლოურდესისთვის კი დღემდე რთულია იმ ფიზიკური და ემოციური ტკივილის გახსენება, რომლის ატანაც მოუწია.
«ყოველივე ქორწინებიდან მხოლოდ ორიოდე კვირის შემდეგ დაიწყო, — ხმაწართმეული იწყებს ლოურდესი. — ერთხელ მან ისე დამარტყა, რომ ორი კბილი ამომიგდო. სხვა დროს კი უცებ დავიხარე და მისი გამეტებით მოქნეული მუშტი ტანსაცმლის კარადას მოხვდა. მაგრამ ცემაზე მეტად დამამცირებელი მომართვა მტკენდა გულს. ის „უსარგებლო ნაგავს“ მიწოდებდა და ისე მეპყრობოდა თითქოს ყოვლად უმეცარი ვყოფილიყავი. მინდოდა სახლიდან წავსულიყავი, მაგრამ სამი შვილისთვის რა მექნა?».
ალფრედო ნაზად უსვამს ხელს ლოურდესს მხარზე და ამბობს: „მე მაღალი თანამდებობის პირი ვარ და თავი არარაობად ვიგრძენი, როდესაც სასამართლოს უწყება და მფარველობის შესახებ ბრძანება გადმომცეს. ვეცადე შევცვლილიყავი, მაგრამ მალე ისევ ძველებურად მოქმედება დავიწყე“.
მაშ, როგორ შეიცვალა მდგომარეობა? «ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიის მფლობელი ქალბატონი იეჰოვას მოწმეა, — გვიხსნის ლოურდესი, რომელსაც ახლა აშკარად ეტყობა, რომ საკმაოდ დაწყნარდა. — მან ბიბლიის შესწავლაში დახმარება შემომთავაზა. ამ შესწავლის შედეგად გავიგე, რომ იეჰოვა ღმერთი აფასებს ქალებს. იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დასწრება დავიწყე, თუმცა თავიდან ამან ალფრედო გააცოფა. ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო სამეფო დარბაზში მეგობრებთან საუბარში დროის გატარება. გამაოცა იმის აღმოჩენამ, რომ თურმე მეც შემძლებია მქონოდა საკუთარი რწმენა, გამომეხატა ეს რწმენა თავისუფლად და ჩემი მრწამსის შესახებ სხვებისთვისაც კი მესწავლებინა. მივხვდი, რომ ღვთის თვალში ძვირფასი ვიყავი. ამან ძალა შემმატა.
არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ალფრედო კვირაობით ჯერ კიდევ კათოლიკურ მესას ესწრებოდა და იეჰოვას მოწმეებთან ჩემს საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ ალფრედოს თვალი გავუსწორე და წყნარად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი: „ალფრედო, შენ შენი აზრი გაქვს, მე ჩემი“. საოცარია, მაგრამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია! არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოვინათლე და აგერ უკვე ხუთი წელია კარგად მეპყრობა“.
მაგრამ დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ იყო. ალფრედო ყვება: „ლოურდესის მონათვლიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, თავის სახლში მიმიწვია და ბიბლიიდან ბევრი საინტერესო აზრი გამიზიარა. ცოლისთვის არც კი მითქვამს, ისე დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მალე კრების შეხვედრებზე ლოურდესთან ერთად დავდიოდი. მოხსენებებიდან მრავალი ოჯახურ ცხოვრებას ეხებოდა და ამიტომ ხშირად სინდისი მაწუხებდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი“.
ალფრედოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დაინახა, რომ კრების წევრები, მათ შორის მამაკაცებიც, კრების შეხვედრების შემდეგ იატაკს გვიდნენ. მათთან სახლში სტუმრობისას დაინახა, რომ ქმრები ცოლებს ჭურჭლის რეცხვაში ეხმარებოდნენ. ამ წვრილმანებმა ალფრედოს დაანავხა, თუ როგორ ვლინდება საქმით ნამდვილი სიყვარული.
ცოტა ხნის შემდეგ ალფრედო მოინათლა და ახლა მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურობს. „ის ხშირად მეხმარება სადილის შემდეგ მაგიდის ალაგებასა და ლოგინის გასწორებაში, — ამბობს ლოურდესი. — მიქებს სადილს და არჩევნის გაკეთების საშუალებას მაძლევს; მაგალითად, მეკითხება, რომელი მუსიკის მოსმენა მესიამოვნებოდა ან რის ყიდვას ვარჩევდი სახლისთვის. ამას ალფრედო ადრე არასოდეს გააკეთებდა! არც ისე დიდი ხნის წინათ, პირველად ცხოვრებაში, ყვავილების თაიგული მომართვა. ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“
[სურათი 10 გვერდზე]
„მივხვდი, რომ ღმერთი მაფასებდა. ამან კი გაბედულება შემმატა“.
[სურათი 10 გვერდზე]
„მან დაინახა, რომ მამაკაცები ცოლებს ჭურჭლის დარეცხვაში ეხმარებოდნენ“.
[სურათი 10 გვერდზე]
„ალფრედოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დაინახა, რომ კრების წევრები, მათ შორის მამაკაცებიც, კრების შეხვედრების შემდეგ იატაკს გვიდნენ“.
[სურათი 10 გვერდზე]
„არც ისე დიდი ხნის წინათ, პირველად ცხოვრებაში, მან ყვავილების თაიგული მომართვა“.