ლეიფ ერიკსონმა აღმოაჩინა ამერიკა?
ლეიფ ერიკსონმა აღმოაჩინა ამერიკა?
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დანიაში
ვინ აღმოაჩინა ამერიკა? ამას დანამდვილებით ვერავინ გვეტყვის. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის მიღება უფრო მეტად იმაზეა დამოკიდებული, თუ თქვენ როგორ განსაზღვრებას აძლევთ სიტყვებს „აღმოჩენას“ და „ამერიკას“. დიახ, სანამ ევროპელები გაიგებდნენ ამ უზარმაზარი ქვეყნის არსებობის შესახებ, ის მანამდე საუკუნეების მანძილზე დასახლებული იყო. 1493 წლის დასაწყისში ქრისტეფორე კოლუმბი ევროპაში დაბრუნდა ამერიკაში თავისი პირველი მოგზაურობის თვითმხილველებთან ერთად, რომლებმაც გვაცნობეს ამ ფაქტის შესახებ. სინამდვილეში ის ვესტინდოეთის კუნძულებს მიადგა. მაგრამ კოლუმბი არ იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ამ გასაოცარ „ახალ მიწამდე“ მიაღწია. როგორც ჩანს, მის მოგზაურობამდე 500 წლით ადრე ქერათმიანი სკანდინავიელების ჯგუფმა მიაგნო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს.
ათასი წლის წინათ ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე შესაძლოა ისეთივე ცივი და ამოუცნობი იყო, როგორიც დღესდღეობით არის. მეზღვაური შესაძლოა ფიქრობდეს, რომ იცის, როდის შეიცვლის ქარი და წყლის ნაკადი მიმართულებას, მაგრამ ნისლისა და მოულოდნელად ამოვარდნილი შტორმის გამო მან შეიძლება ვერ შეძლოს იმის ზუსტად დადგენა, თუ სად იმყოფება და რა მიმართულებით უნდა განაგრძოს სვლა. ერთი ძველი ნორვეგიული თქმულების თანახმად, ზუსტად ეს დაემართა ერთ ზაფხულს ახალგაზრდა ბიარნი ჰერიოლფსონს, რომელიც გამოცდილი მეზღვაური და თავგადასავლების მაძიებელი იყო. მან ორიენტაცია დაკარგა, მაგრამ მაინც მიაგნო კონტინენტს.
ეს მოხდა ვიკინგების ეპოქაში, როცა სკანდინავიელები ზღვებზე და მთელ ევროპაში გაბატონდნენ. მათ თავიანთი მოხერხებული, ზღვაოსნობისთვის ვარგისი გემებით ნორვეგიის სანაპიროდან ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებამდე ყველგან შეეძლოთ მოგზაურობა.
გრენლანდიელთა თქმულების თანახმად, ბიარნი დიდი ხნით წავიდა სამოგზაუროდ ნორვეგიის მიმართულებით. ახ. წ. 986 წელს, როდესაც ზამთარი მოახლოვდა, ის ისლანდიაში ტვირთით სავსე გემით დაბრუნდა. მაგრამ თავისდა გასაოცრად, გაიგო, რომ მამამისი ეირიკ რაუდის მეთაურობით ფლოტთან ერთად გაემგზავრა ისლანდიიდან. ისინი ეირიკის მიერ აღმოჩენილ ისლანდიის დასავლეთით მდებარე დიდ ქვეყანაში დასასახლებლად გაეშურნენ. ეირიკს ეს კუნძული კიდევ უფრო მიმზიდველი რომ გაეხადა, მას გრენლანდია დაარქვა. ბიარნმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და გრენლანდიისკენ აიღო გეზი. მაგრამ, მოგვიანებით, ქარმა მიმართულება შეიცვალა. მეზღვაურები ნისლში გაეხვივნენ. „რამდენიმე დღის განმავლობაში მათ არ იცოდნენ, რა მიმართულებით მიცურავდნენ“, — ნათქვამია ზემოაღნიშნულ თქმულებაში.
საბოლოოდ, მე ზღვაურებმა დაინახეს ხმელეთი, მაგრამ ის არ ჰგავდა აღწერილ გრენლანდიას. ხომალდიდან სანაპირო აყვავებული მცენარეებით დაფარული, ბორცვიანი და ტყიანი მოჩანდა. მათ მარცხენა მხარეს ნაპირის გაყოლებით ჩრდილოეთისკენ გასცურეს. მათ მეორედ გრენლანდიისგან განსხვავებული სხვა ხმელეთი დაინახეს. მაგრამ რამდენიმე დღეში სრულიად განსხვავებული, უფრო მთიანი და ყინულით დაფარული ხმელეთი გამოჩნდა. ამის შემდეგ ბიარნმა და მისმა ეკიპაჟმა აღმოსავლეთის მიმართულებით შუა ოკეანეში გასცურეს და, საბოლოოდ, გრენლანდიასა და ეირიკ რაუდის მიერ დაპყრობილ ტერიტორია ზე გაჩერებულ სკანდინავიურ ჯგუფს მიაგნეს.
ლეიფ ერიკსონი იწყებს მოგზაურობას
შეიძლება ითქვას, რომ პირველად ევროპელებმა ასე იხილეს საკუთარი თვალით, მოგვიანებით, ჩრდილოეთ ამერიკად ცნობილი კონტინენტი, მაგრამ ფეხი არ დაუდგამთ მასზე. ცნობამ იმის შესახებ, რაც ბიარნმა იხილა, მის თანამემამულე სკანდინავიელებს გრენლანდიაში დიდი ინტერესი გაუღვივა. მათ ცივ მხარეში ალაგ-ალაგ იზრდებოდა ხეები; ისინი თავიანთი გემებისა და სახლების აშენებისა და შეკეთების დროს მორებს იყენებდნენ, რომლებიც ტალღებს გამოჰქონდა ნაპირზე ან სხვა ქვეყნებიდან შემოზიდული ძვირადღირებული ხე-ტყის მასალით სარგებლობდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ იქ, დასავლეთის მხარეს, ზღვის პირდაპირი გადაკვეთით ტყიანი მხარე იყო, სადაც უამრავი ხე იზრდებოდა!
ამ ახალმა მიწამ განსაკუთრებით ახალგაზრდა ლეიფ ერიკსონის, ეირიკ რაუდის ვაჟის, ყურადღება მიიპყრო. მას აღწერდნენ, როგორც „ჩასხმულ, ძლიერ, მიმზიდველი შესახედაობის ბრძენ მამაკაცს“. დაახლოებით 1000 წელს ლეიფ ერიკსონმა ბიარნის ხომალდი იყიდა და 35-კაციანი ეკიპაჟით ბიარნის მიერ ნანახი სანაპიროების მოსაძებნად გაემგზავრა.
სამი ახალი მიწა
თუ ეს თქმულება სიმართლესთან ახლოს არის, მაშინ ლეიფმა პირველად ხრიოკ მიწას მიაგნო, სადაც მთიანი ადგილები სქელი ყინულით იყო დაფარული. რადგან ეს მიწა ერთადერთი მბზინავი ქვის ფილის მსგავსი იყო, ლეიფმა მას ჰელულანდი დაარქვა, რაც „ქვის ფილიან მიწას“ ნიშნავს. ეს შესაძლოა ის მომენტი იყოს, როცა ევროპელებმა პირველად დადგეს ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. დღესდღეობით ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ჰელულანდი ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადაში მდებარე ბაფინის მიწა იყო.
სკანდინავიელებმა განაგრძეს მოგზაურობა და სამხრეთისკენ აიღეს გეზი. მათ აღმოაჩინეს მეორე მიწა, რომელსაც ბრტყელი ზედაპირი ჰქონდა, ტყიანი იყო და მისი სანაპირო თეთრი ქვიშით მოფენილი. ლეიფმა მას მარკლანდი დაარქვა, რაც „ტყიან მიწას“ ნიშნავს; დღეს, ჩვეულებისამებრ, მას ლაბრადორთან აიგივებენ. მალე აღმოაჩინეს მესამე მიწა, რომელიც უფრო დიდ იმედს უნერგავდა მათ.
თქმულებაში ნათქვამია: „იქიდან გამოსცურეს და ორი დღის მანძილზე შუა ზღვაში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის მიმართულებით მიცურავდნენ, სანამ არ დაინახეს მიწა“. ეს ახალი მიწა იმდენად მშვენიერი ეჩვენათ, რომ საცხოვრებელი სახლების აშენება და გამოზამთრება გადაწყვიტეს. მთელი ზამთრის მანძილზე „ტემპერატურა ისე არასდროს დაცემულა,
რომ ყველაფერი გაყინულიყო, და ბალახი ოდნავ თუ დაჭკნა“. მოგვიანებით ერთ-ერთმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ იქ ღვინის კენკრა და ვაზი იზრდებოდა. ამიტომ ლეიფ ერიკსონმა ამ მიწას ვინლანდი უწოდა, რაც შესაძლოა „ღვინის მიწას“ ნიშნავდეს. მომდევნო გაზაფხულს, როდესაც ეს მამაკაცები გრენლანდიაში დაბრუნდნენ, მათი გემები დატვირთული იყო ვინლანდიდან წამოღებული უხვი მოსავლით.დღეს სწავლულებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, ზუსტად გაიგონ, სად მდებარეობდა ვინლანდი თავისი ზურმუხტოვანი საბალახოებითა და ღვინის კენკრებით, მაგრამ ძნელია ამის დადგენა. ზოგმა მკლევარმა აღმოაჩინა, რომ ტოპოგრაფიული თავისებურებებით ნიუფაუნდლენდი ძველ სხვადასხვა თქმულებაში აღწერილ ქვეყანას ჰგავს. ნიუფაუნდლენდში ერთ-ერთ ადგილას ჩატარებულმა გათხრებმა ცხადყო, რომ ოდესღაც სკანდინავიელები ამ კუნძულზე იმყოფებოდნენ. მაგრამ სხვა მეცნიერების აზრით, ვინლანდი შორეულ სამხრეთში უნდა მდებარეობდეს და ის ადგილი, სადაც სკანდინავიელები იყვნენ ნიუფაუნდლენდში, დაბანაკების მიზნით ან უფრო სამხრეთით მდებარე ვინლანდში შესასვლელად გამოიყენეს *.
რა მტკიცება არსებობს?
სინამდვილეში არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ამ სკანდინავიურ თქმულებაში მოყვანილი დეტალები თანამედროვე გეოგრაფიას. თქმულებაში ზედაპირულად და გაუგებრად აღწერილი დეტალები დიდი ხნის განმავლობაში საგონებელში აგდებდა ისტორიკოსებს. მაგრამ ყველაზე საფუძვლიანად კოლუმბის მოგზაურობამდე სკანდინავიელთა ამერიკაში ყოფნას,
ნიუფაუნდლენდის მხარეში, სოფელ ლანს-ო-მედოუსთან ახლოს, 60—70-იან წლებში ჩატარებული გათხრები ამტკიცებს. ამ მხარეში აღმოჩენილი როგორც საცხოვრებელი სახლების ნანგრევები, ისე რკინის ღუმელები და სხვა საგნები, რომლებიც ლეიფ ერიკსონის ცხოვრების პერიოდით თარიღდება, უეჭველად, სკანდინავიელებს ეკუთვნოდათ. გარდა ამისა, დანიელმა გეოლოგმა, რომელიც სამხრეთ ნიუფაუნდლენდში ატარებდა გათხრებს, ამას წინათ საგულდაგულოდ დამუშავებული ქვის ბალასტი აღმოაჩინა, რომელსაც ვიკინგები, ალბათ, თავიანთი გემებისთვის იყენებდნენ.შორეულ დასავლეთში ახალი მიწების აღმოსაჩენად სკანდინავიელთა მოგზაურობები საიდუმლოებით მოცული არ დარჩენილა. ლეიფ ერიკსონი ნორვეგიაში გაემგზავრა, რათა ნანახის შესახებ ნორვეგიის მეფისთვის ეცნობებინა. როდესაც ადამ ბრემენელმა, გერმანელმა მემატიანემ და საკათედრო სკოლის ხელმძღვანელმა, დაახლოებით 1070 წელს დანიაში იმოგზაურა, რათა ჩრდილოეთის ტერიტორიები შეესწავლა, დანიის მეფე სვენმა მას ვინლანდის შესახებ უამბო, სადაც საუკეთესო ღვინის დასამზადებელი ვაზი ხარობდა. ეს უმნიშვნელო ტრადიციული შეხედულება ადამ ბრემენელის მატიანის ნაწილი გახდა. იმ დროიდან მოყოლებული, ევროპაში ბევრმა სწავლულმა გაიგო, რომ სკანდინავიელები დასავლეთით მდებარე მიწებს ესტუმრნენ. გარდა ამისა, XII და XIV საუკუნეებით დათარიღებულ ძველ ისლანდიურ მატიანეებში მოხსენიებულია სკანდინავიელთა უფრო გვიანი მოგზაურობები გრენლანდიის დასავლეთით მდებარე მარკლანდსა და ვინლანდში.
შესაძლოა ქრისტეფორე კოლუმბმაც კარგად იცოდა, რომ მის მოგზაურობამდე დაახლოებით 500 წლით ადრე ვინლანდში იმოგზაურეს. ვინლანდის შესახებ დაწერილი ერთი წიგნის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ კოლუმბმა თავის ცნობილ მოგზაურობამდე 1492—1493 წლებში, ისლანდიაშიც იმოგზაურა, რათა იქაური წერილობითი ცნობები შეესწავლა.
რა დაემართათ სკანდინავიელებს?
წერილობით ცნობაში ამერიკაში სკანდინავიელთა სამუდამო დასახლებაზე არაფერია ნათქვამი. შესაძლოა ისინი მცირე ხნით ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში, რადგან იქ ვერ დასახლდნენ. იმ მხარეში ძალიან მძიმე პირობები იყო და ამერიკელი ინდიელები, რომლებსაც ვიკინგები სკრალინგებს ეძახდნენ, ამ დაუპატიჟებელ სტუმრებზე უფრო დახელოვნებული მებრძოლები იყვნენ. გრენლანდიაში ეირიკ რაუდის და მისი ვაჟის, ლეიფ ერიკსონის, შთამომავლებს მძიმე დრო დაუდგათ. კლიმატი გამკაცრდა და სურსათ-სანოვაგით მომარაგება გაჭირდა. ოთხი-ხუთი საუკუნის შემდეგ ნორვეგიელები გრენლანდიიდან მთლიანად გაუჩინარდნენ. ნორვეგიელთა გრენლანდიაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ წერილობით ცნობაში მოხსენიებულია 1408 წელს გრენლანდიის ერთ-ერთ ეკლესიაში გამართული საქორწინო ცერემონიის შესახებ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ გერმანელთა სატვირთო გემის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ერთ დროს დასახლებული ადგილი გრენლანდიაში, რომელზეც კაციშვილი აღარ შემორჩა ერთადერთი დაუმარხავი ცხედარის გარდა — ეს იყო მამაკაცის გვამი, რომლის გვერდითაც დანა ეგდო. ამის შემდეგ არაფერი თქმულა ნორვეგიელთა გრენლანდიაში ცხოვრების შესახებ. XVIII საუკუნემდე იქ ნორვეგიელი და დანიელი ახალმოსახლეები მუდმივად დასასახლებლად აღარ ჩასულან.
მაგრამ სწორედ გრენლანდიიდან გაემართნენ სკანდინავიელები, როგორც უშიშარი ზღვაოსნები, „ახალი მიწისკენ“. წარმოიდგინეთ, როგორ მართავდნენ ეს გაბედული მეზღვაურები თავიანთ მართკუთხა იალქნიან გემებს შუა ოკეანეში, სანამ, განცვიფრებულებმა, არ შეამჩნიეს ჰორიზონტზე ახალი სანაპირო ზოლი; და რას წარმოიდგენდნენ, თუ ხუთი საუკუნის შემდეგ საქვეყნოდ გაცხადდებოდა, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.
[სქოლიო]
^ აბზ. 15 იხილეთ 1999 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ“!-ის სტატია „სად მდებარეობს ლეგენდარული ქვეყანა ვინლანდი?“ (რუს.).
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
როგორ მოგზაურობდნენ ვიკინგები?
სკანდინავიელ ვიკინგებს კომპასები არ გააჩნდათ. მაშ, როგორღა გახდნენ ასეთი ჩინებული მეზღვაურები? როდესაც შუა ოკეანეში არ მიცურავდნენ, იმ სანაპირო ზოლს მიუყვებოდნენ, რომელიც მათი მხედველობის არეში იყო. თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, ისინი იმ ადგილას გადაკვეთდნენ ხოლმე სრუტეს, საიდანაც ხმელეთი წყლის ორივე მხრიდან მოსჩანდა. გარდა ამისა, მათ იცოდნენ, როგორ მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე მზისა და ვარსკვლავთა კოორდინატების დახმარებით. მაგალითად, იმისათვის, რომ დაედგინათ, რომელი განედით ესარგებლათ, მარტივ მეთოდს იყენებდნენ; წლის ყოველი კვირისთვის სპეციალური, მათთვის საჭირო მონაცემების ცხრილითა და საზომი ჯოხით ადგენდნენ, თუ შუადღის მზე ჰორიზონტიდან რა მანძილით იყო დაშორებული. მათ გრძედის განსაზღვრა არ შეეძლოთ; ამიტომ შუა ოკეანეში ცურვისას თავიანთ მიერ არჩეული განედის მიმართულებით მიცურავდნენ და საჭიროების მიხედვით აღმოსავლეთისკენ ან დასავლეთისკენ იღებდნენ გეზს.
მაგალითად, თუ ისინი მოისურვებდნენ გრენლანდიიდან ვინლანდის სანაპიროსკენ გამგზავრებას, გრენლანდიიდან სამხრეთით გაცურავდნენ, სანამ სწორ განედს არ მიაგნებდნენ; შემდეგ ისინი უნდა შემობრუნებულიყვნენ პირდაპირ დასავლეთისკენ, რის შედეგადაც სასურველ სანაპიროს მიადგებოდნენ. აგრეთვე შუა ოკეანეში ფრინველებისთვის თვალყურის დევნებაც დამხმარე იყო ვიკინგების ეკიპაჟისთვის. ფრინველებზე დაკვირვებით მათ შეეძლოთ დაესკვნათ, სად მდებარეობდა ხმელეთი და როგორი მიწა იყო იგი. ზოგჯერ ისინი ყორნებს იჭერდნენ და როდესაც მათ უშვებდნენ, ფრინველები მაღლა იჭრებოდნენ და უახლოესი ნაპირისკენ მიფრინავდნენ. შედეგად ვიკინგების ეკიპაჟი ხვდებოდა, სად მდებარეობდა უახლოესი ხმელეთი.
ზღვაოსნობისთვის სხვა დამხმარე საშუალება იყო ზღვის სიღრმის გაზომვა. ვიკინგები თოკზე მიბმულ ტყვიის ლითონს უშვებდნენ ზღვაში. ეს საშუალება ორი მიზნით გამოიყენებოდა. ჯერ ერთი, რომ მისი საშუალებით წყლის სიღრმეს ზომავდნენ. როდესაც ეს ლითონი ფსკერს დაედებოდა, მეზღვაურები უკან ქაჩავდნენ ბაწარს და გაშლილი მკლავებით ზომავდნენ მის სიგრძეს. დღემდე მეზღვაურები წყლის სიღრმეს საზღვაო საჟენით ზომავენ, რომელიც 1,8 მეტრს უდრის; ეს სახელი ძველისლანდიურად „გაშლილ მკლავებს“ ნიშნავს. მაგრამ ეს ტყვიის ლითონი სხვა მიზნითაც გამოიყენებოდა. ძირზე მას ჰქონდა ღრმული, რომელშიც მოთავსებული იყო საქონლის ქონის მყარი მასა. როდესაც ის ფსკერს დაედებოდა, თან ამოჰყვებოდა ფსკერის შემადგენელი ელემენტები. მეზღვაურები ამოწმებდნენ ამ სინჯს თავიანთი საზღვაო სქემის საშუალებით, რომელშიც ჩამოწერილი იყო სხვადასხვა ადგილში ფსკერის შედგენილობა. თუმცა ვიკინგებს პრიმიტიული ინსტრუმენტები ჰქონდათ, თავიანთი ზღვაოსნობით მთელ მსოფლიოს გააცნეს თავი.
[საავტორო უფლება]
Photo: Stofnun Arna Magnússonar, Iceland
[რუკა 26 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ახალი შოტლანდია
ბიარნ ჰერიოლფსონი ისლანდიიდან დაახლოებით ახ. წ. 986 წელს გაემგზავრა.
ნიუფაუნდლენდი
ლაბრადორი
ბაფინის მიწა
გრენლანდია
ლეიფ ერიკსონი გრენლანდიიდან დაახლოებით ახ. წ. 1000 წელს გაემგზავრა.
გრენლანდია
ბაფინის მიწა
ლაბრადორი
ნიუფაუნდლენდი
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 26 გვერდზე]
მარცხნივ, ეირიკ რაუდის რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლი გრენლანდიაში.
[სურათი 26 გვერდზე]
ვიკინგების ხომალდის ნიმუში, რომლითაც ლეიფ ერიკსონის მოგზაურობის მარ შრუტი გაიმეორეს.
[საავტორო უფლება]
Viking ship on page 26: Photo: Narsaq Foto, Greenland
[სურათი 29 გვერდზე]
ლეიფ ერიკსონის ქანდაკება ისლანდიაში.
[სურათი 29 გვერდზე]
ლანს-ო-მედოუსი (ნიუფაუნდლენდი).
[საავტორო უფლება]
Parks Canada
[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]
Artifacts on display at the Museum of National Antiquities, Stockholm, Sweden