არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდება

ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდება

ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდება

ზოგ ენაში სიტყვა „ბიზანტიელი“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას იწვევს. მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ეს ზედსართავი სახელი იმ ვრცელი სამფლობელოს სახელწოდება იყო, რომელიც დაახლოებით 12 საუკუნის განმავლობაში ყვაოდა.

კავკასიიდან ატლანტის ოკეანემდე, ყირიმიდან სინაის ნახევარკუნძულამდე, დუნაიდან საჰარამდე იყო გადაჭიმული დიდების მწვერვალზე ყოფნისას ბიზანტიის იმპერია. მრავალი ისტორიკოსის აზრით, იგი ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან XV საუკუნემდე არსებობდა. ის იყო იმპერია, რომელმაც არა მარტო ბერძნულ-რომაული კულტურა შემოინახა, არამედ დიდი როლი შეასრულა ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის გავრცელებაშიც. ის აგრეთვე იმ პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ წეს-ჩვეულებათა დამდგენად და კოდიფიკატორად (სამართლის ცალკეული დარგების კანონთა სისტემაში მომყვანად) გვევლინებოდა, რომლებიც დღემდე განაგრძობენ არსებობას.

მიუხედავად ამისა, ამ ძლევამოსილ იმპერიას საკმაოდ მოკრძალებული საწყისი ჰქონდა. ისტორიულად, ბიზანტიის იმპერია აღმოსავლეთ რომის იმპერიისგან წარმოიშვა. მისი დასაბამის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი ისტორიკოსი დიოკლიტიანეს (დაახლოებით ახ. წ 245—316 წლები) მიიჩნევს ბიზანტიის პირველ იმპერატორად; ზოგი — კონსტანტინე დიდს (დაახლოებით ახ. წ. 275—337 წლები), ზოგიც — იუსტინიანე I-ს (ახ. წ. 483—565 წლები). მაგრამ მრავალი იმ აზრისაა, რომ ბიზანტიის იმპერია, როგორც ცალკეული სახელმწიფო, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ახ. წ. 330 წელს კონსტანტინემ დედაქალაქი რომის იმპერიიდან ბიზანტიაში გადაიტანა. მან ამ ქალაქს საკუთარი თავის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი უწოდა (დღევანდელი სტამბოლი).

საინტერესოა, რომ არც იმპერატორები და არც ამ იმპერიის მოქალაქეები, საკუთარ თავს ბიზანტიელებს არასოდეს უწოდებდნენ. ისინი თავს, უბრალოდ, რომაელებად, ანუ „რომეებად“, მიიჩნევდნენ. სიტყვა „ბიზანტიელის“ გამოყენება მხოლოდ XIV საუკუნის შემდეგ დაიწყეს.

ბრწყინვალე დედაქალაქი

ერთ-ერთი ისტორიკოსი კონსტანტინოპოლს „დიდებითა და დიდძალი ქონებით სახელმოხვეჭილ“ ქალაქად მოიხსენიებს. იგი ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე — ბოსფორის სრუტის ნაპირზე იყო გაშენებული. ამიტომ ფლობდა როგორც ძალზე გამაგრებულ ნახევარკუნძულს, ისე ოქროს რქის ყურეში მდებარე ყოველმხრივ აღჭურვილ ნავსადგურს. ძვ. წ. 657 წელს ბერძენმა ახალმოსახლეებმა ამ ადგილს თავიანთი ლეგენდარული გმირის, ბიძანტის, პატივსაცემად ბიზანტიონი დაარქვეს. ათ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ ქალაქს „ახალი რომი“ ეწოდა. თავისი დიდების მწვერვალზე ყოფნისას კონსტანტინოპოლში, VI—XI საუკუნეებში, ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

დასავლეთიდან ჩასული სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ ამ დედაქალაქითა და მსოფლიო ვაჭრობის გზაკვანძით. ნავსადგური გემებით იყო გადაჭედილი. ქალაქის ბაზრებში აბრეშუმი, შალი, ძვირფასი ქვები, სპილოს ძვლები, რომლებზეც ორნამენტები იყო ამოკვეთილი, ოქრო, ვერცხლი, ხე-ტყე, მოჭიქურებული ჭურჭელი და სხვადასხვა სანელებელი იყიდებოდა. გასაგებია, რომ კონსტანტინოპოლს სხვა მმართველები შურის თვალით უყურებდნენ და არაერთხელ უცდიათ მისი კედლების გარღვევა. 1453 წლის შემოდგომაზე თურქ-ოსმალების მიერ ქალაქის აღებამდე მასზე თავდასხმებიდან მხოლოდ ერთი დასრულდა წარმატებით, კერძოდ, კი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას „ქრისტიანების“ შეტევა. „აქამდე არც არავის უნახავს და არც არავის მოუხვეჭავს ამხელა სიმდიდრე“, — წამოიძახა ჯვაროსანმა რობერტ დე კლარმა.

დიდხანს შემორჩენილი მემკვიდრეობა

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბიზანტიის მმართველობის ფორმა, იურისპრუდენცია, რელიგიური იდეები და ცერემონიალები დღემდე მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდეს გავლენას. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილ იუსტინიანეს კოდიფიკაცია, რომელსაც „კორპუს იურის ცივილისი“ (სამოქალაქო კანონთა ჩონჩხი) ეწოდა, საფუძვლად დაედო დღევანდელი ევროპის კონტინენტზე არსებულ რომაულ სამოქალაქო სამართალს. ნაპოლეონის კოდექსის საშუალებით ბიზანტიურმა იურისპრუდენციამ ლათინურ ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც შეაღწია, სადაც მათ კანონებზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს.

გარდა ამისა, ბიზანტიელმა არქიტექტორებმა შეისწავლეს კვადრატული სივრცის დიდი გუმბათით გადახურვის მეთოდი. აღნიშნული სტილი საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და რუსეთამდეც კი მიაღწია. ზოგი ბიზანტიელებს მიაწერს სუფრაზე ჩანგლის გამოყენების პოპულარიზაციასაც. XI საუკუნეში, როდესაც ბიზანტიაში მცხოვრები ვენეციელი ბანოვანები ხელით ჭამის ნაცვლად, სადილობისას ორკბილიან ჩანგალს იყენებდნენ, მნახველები გაოგნებული რჩებოდნენ! მაგრამ საუკუნეების შემდეგ ჩანგლის გამოყენებამ მდიდრებს შორის საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი. ბიზანტიის გავლენას ვერც რომის პაპები გაექცნენ; მათ ტიარას ტარება დაიწყეს, რომელიც ბიზანტიის იმპერატორების გვირგვინიდან გადაიღეს. იმპერატორების შემხედვარე ინგლისელმა მონარქებმა სამეფო სფეროსა და სკიპტრის გამოყენება გადაიღეს.

კანონი და წესრიგი

ბიზანტიის იმპერიამ საოცარი სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციებიც დაგვიტოვა. მაგალითად, ღარიბებს ფურნეებში უნდა ემუშავათ ან პარკებში გამყიდველები ყოფილიყვნენ. იმპერატორი ლეო III (დაახლოებით ახ. წ. 675—741 წლები) ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „უსაქმურობის ნაყოფი დამნაშავეობაა“. ვინაიდან გავრცელებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ლოთობას აყალ-მაყალი და ბუნტი მოჰყვებაო, ტავერნები საღამოს 8 საათზე იკეტებოდა. „National Geographic Magazine“-ის თანახმად „სისხლის აღრევის, მკვლელობის, ძოწეულის სამოსელის (რომელიც მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი) კერძოდ დამზადებისა და გაყიდვის ან მტრებისთვის გემების აგების სწავლებისთვის შეიძლებოდა ადამიანისთვის თავი მოეკვეთათ, სარზე ჩამოეცვათ ან ტომარაში ტახთან, მამალთან, გველგესლასთან და მაიმუნთან ერთად ჩაესვათ. გამყიდველს, რომელიც წონაში ატყუებდა მყიდველს, ხელს აჭრიდნენ. სხვისი საკუთრების ცეცხლის წამკიდებელს კი დასჯის მიზნით ცეცხლითვე წვავდნენ“.

საინტერესო გახლავთ ისიც, რომ ბიზანტიის იმპერიამ დიდი წვლილი შეიტანა სიცოცხლის ბოლომდე მოქალაქეთა სოციალურად უზრუნველყოფის საკითხში. იმპერატორები და მდიდარი მოქალაქეები ყველაფერს აკეთებდნენ საავადმყოფოების, ღარიბთა სახლებისა და ობოლთა თავშესაფრების დასაფინანსებლად. იყო სახლები მომნანიებელ მეძავთათვისაც, რომელთაგან ზოგი „წმინდანი“ გახდა; იმპერიაში გამოსასწორებელი დაწესებულებებიც კი ჰქონდათ იმ არისტოკრატ ბანოვანთათვის, რომლებიც შემთხვევით შეცდებოდნენ.

ვაჭრობით აყვავებული იმპერია

ასეთი ხელგაშლილობა იმპერიის კეთილდღეობის მაჩვენებელი იყო. სახელმწიფო კონტროლს უწევდა ფასებს, ხელფასებსა და რენტის გადახდას. ხორბალს აგროვებდნენ, რათა მოუსავლიანობის წლებში მისი მარაგი ჰქონოდათ. სახელმწიფო მოხელეები მიდიოდნენ მაღაზიებში და ამოწმებდნენ საწონებისა და სიგრძის საზომების სისწორეს, საბუღალტრო აღრიცხვასა და საქონლის ხარისხს. მათ, რომლებიც შემოსავალს მალავდნენ, ფარულად შემოჰქონდათ საქონელი, თაღლითობდნენ, ყალბ ფულს ჭრიდნენ და გადასახადებს თავს არიდებდნენ, სასტიკად სჯიდნენ.

იმპერატორი თავად იყო ყველაზე დიდი ვაჭარი და მეწარმე, რომელიც მონეტების მოჭრაზე, შეიარაღებასა და ბიზანტიურ საყოველთაოდ ცნობილ სიმდიდრეზე მონოპოლიური უფლებით სარგებლობდა. იუსტინიანემ თავად შემოიტანა ჩინეთიდან აბრეშუმის ჭიის კვერცხები და აბრეშუმის მრეწველობა დააფუძნა.

იმპერიაში განვითარდა სადაზღვევო და საკრედიტო მომსახურებაც. ბანკების მუშაობა საგულდაგულოდ მოწმდებოდა. ოქროს სოლიდს, მონეტას, რომელიც კონსტანტინეს მიერ იქნა მოჭრილი, თავისი ფასი ათი საუკუნის განმავლობაში არ დაუკარგავს. კაცობრიობის ისტორიაში იგი ყველაზე სტაბილური ვალუტა იყო.

ბიზანტიის მთავრობა

მაშ, როგორღა იწვევს ზოგ ენაში სიტყვა „ბიზანტიელი“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას? ისტორიკოს უილიამ ლეკის სიტყვების თანახმად, ბიზანტიის მთავრობის გარეგნულად ბრწყინვალე ფასადს მიღმა „მღვდლების, საჭურისების, ქალებისა და სხვათა მოწამვლების, შეთქმულებების მოწყობის, გაუთავებელი უმადურობის გამოვლენის, დედმამიშვილების მიერ ერთმანეთის დაუსრულებელი ხოცვის შესახებ“ ჩახლართული ამბები იმალებოდა.

მწერალი მერლ სევერი აღნიშნავს: „უზურპატორებითა და დაქირავებული მკვლელებით გარემოცული ვერც ერთი მოუქნელი იმპერატორი დიდ ხანს ვერ რჩებოდა ღვთის წარმომადგენლად დედამიწაზე. კონსტანტინე I-დან კონსტანტინე XI-მდე 88 იმპერატორს შორის 13-მა მონასტერს შეაფარა თავი. სხვა 30-ის მკვლელობა საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა; ამაში შედიოდა შიმშილით სიკვდილი, მოწამლვა, დაბრმავება, ხელკეტით ცემა, დახრჩობა, ხანჯლით განგმირვა, აკუწვა და თავის მოკვეთა. მაგალითად, ნიკიფორე I-ის თავის ქალა ვერცხლით დაფერეს, საიდანაც ბულგარელი ხანი კრუმი თავისი ბოიარინების სადღეგრძელოს სვამდა“.

„წმინდა“ კონსტანტინე დიდმაც კი თავისი უფროსი ვაჟი მოკლა და ცოლი აბანოში ცხელი ორთქლით მოაშთო. იმპერატორ ირინეს (დაახლოებით ახ. წ. 752—803 წლები) იმდენად სწყუროდა ძალაუფლების შენარჩუნება, რომ საკუთარი შვილი დააბრმავა და ერთპიროვნული მმართველი გახდა.

დაცემის გზაზე

მაგრამ იმპერიის დაცემის მიზეზი პოლიტიკური ინტრიგები არ ყოფილა. დასავლეთ ევროპამ რენესანსის, რეფორმაციებისა და განმანათლებელთა ეპოქაში გარდაქმნა დაიწყო; ამავე დროს მეცნიერებამაც დიდი წინსვლა განიცადა. მაგრამ ბიზანტიაში ნებისმიერ ცვლილებას არა მარტო ერესად მიიჩნევდნენ, არამედ, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებადაც.

გარდა ამისა, პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებებმაც დიდი დაღი დაასვა იმპერიას. მეშვიდე საუკუნეში ანტიოქიაში, იერუსალიმსა და ალექსანდრიაში ისლამმა მოიკიდა ფეხი. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სლავების შემოსევებისა და იტალიაში ლანგობარდების გამარჯვების შედეგად რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. რომმა, რომელიც ბიზანტიის იმპერიისგან არავითარ მხარდაჭერას არ იღებდა, თავისი მომავალი ვესტგუთებს დაუკავშირა, რომლებიც იმ დროს უფრო და უფრო მეტ გავლენასა და ძალაუფლებას იხვეჭდნენ. კონსტანტინოპოლის უკვე დაკნინებული იმპერია თანდათანობით ბერძნული ხდებოდა. 1054 წელს ბერძენმა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და კათოლიკური რომის პაპმა თეოლოგიურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთი შეაჩვენეს, რამაც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის კედელი აღმართა, რომელიც დღემდე შემორჩა.

1204 წელი იმპერიისთვის უფრო მეტი უბედურების მომტანი აღმოჩნდა. 12 აპრილს იერუსალიმისკენ მიმავალი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, მოხდა ის, რასაც სერ სტივენ რუნსიმენტმა „კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტება“ უწოდა; ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი გააპარტახეს. ქრისტეს სახელით მისულებმა ქალაქი გადაწვეს, გაძარცვეს და ნაალაფევი ვენეციასა და პარიზში, ტურინსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში გაზიდეს.

50 წელზე მეტი დასჭირდა კონსტანტინოპოლის დახსნას. იმ დროისთვის დიდებით მოსილი ადრინდელი იმპერიის მხოლოდ აჩრდილიღა იყო დარჩენილი. ვენეციელები და გენუელები ბიზანტიის სავაჭრო სისტემის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ექიშპებოდნენ. მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა და ბიზანტიის იმპერია მუსლიმანი თურქ-ოსმალების გავლენის ქვეშ მოექცა.

ასეთი შევიწროება იმპერიის უცილობლად დაცემის წინაპირობა იყო. 1453 წლის 11 აპრილს სულთან მუჰამედ II-მ ალყა შემოარტყა ქალაქს და 100 000-იანი ჯარითა და ძლიერი ფლოტით შეუტია. კონსტანტინოპოლის 8 000 საცოდავი დამცველი დაახლოებით შვიდი კვირის განმავლობაში იგერიებდა შეტევას. 28 მაისს კი დამპყრობლებმა აიღეს უკვე თითქმის დაუცველი პორტი; დედაქალაქის ირგვლივ შემოვლებული წყლით სავსე თხრილიც უკან ჩამოიტოვეს. მომდევნო დღეს დედაქალაქში მმართველობა შეიცვალა. მუჰამედი — ქალაქის დამპყრობი — როგორც ამბობენ ცრემლებს ღვრიდა და მოთქვამდა: „ეჰ, რა ქალაქი გავძარცვეთ და გავანადგურეთ!“. ბიზანტიის იმპერია დაეცა, მაგრამ მისი გავლენა დღემდე შემორჩა.

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

ბიზანტიის იმპერია და ბიბლია

იმპერიაში გაბატონებული მდგომარეობა ბერ-მონაზვნობას ეჭირა. მონასტრები ათასობით ბიბლიური ხელნაწერის გადაწერისა და შენახვის ცენტრებს წარმოადგენდა. სამი უმნიშვნელოვანესი და დღემდე შემორჩენილი თითქმის სრული ბიბლიური ხელნაწერი — ვატიკანის 1209, სინაისა (ნაჩვენებია ფოტოსურათზე) და ალექსანდრიული (ფონი) — შესაძლოა, შექმნილ ან დაცულ იქნა ბიზანტიის მონასტრებსა და რელიგიურ საზოგადოებაში.

[საავტორო უფლება]

Both manuscripts: Photograph taken by courtesy of the British Museum

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

რელიგია ბიზანტიის იმპერიაში

ნორმან დევისი, როდესაც აღნიშნავს, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, თავის წიგნში „ევროპის ისტორია“ წერს: „სახელმწიფო და ეკლესია ერთ სხეულად იყო შენივთული. იმპერატორსა. . . და პატრიარქს ღვთიური ხელისუფლების საერო და სასულიერო სვეტებად მიიჩნევდნენ. იმპერია იცავდა მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო ეკლესია განადიდებდა იმპერიას. ეკლესიასა და მთავრობას შორის ასეთ დამოკიდებულებას ანალოგი მთელ დასავლეთში არ მოიძებნებოდა“.

[სურათი]

წმინდა სოფიოს ტაძარი (სტამბოლი) — ბიზანტიაში ერთ დროს უდიდესი ეკლესია, რომელიც 1453 წელს მეჩეთად აქციეს, 1935 წელს კი — მუზეუმად.

[ცხრილი 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ძირითადი მოვლენები

286 დიოკლიტიანე იწყებს მმართველობას ნიკომედიადან (მცირე აზია).

330 კონსტანტინე ყოფილ ბიზანტიონს მთელი იმპერიის დედაქალაქად აქცევს და ქალაქს კონსტანტინოპოლს არქმევს.

395 რომის იმპერია საბოლოოდ იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.

1054 რელიგიური განხეთქილების შედეგად საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლ ესია და რომის კათოლიკური ეკლესია ერთმანეთს ეყოფიან.

1204 მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას ჯვაროსნები ძარცვავენ კონსტანტინოპოლს.

1453 კონსტანტინოპოლსა და მთელ იმპერიას თურქ-ოსმალები იპყრობენ.

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შავი ზღვა

კონსტანტინოპოლი

ნიკომედია

ნიკეა

ეფესო

ანტიოქია

იერუსალიმი

ალექსანდრია

ხმელთაშუა ზღვა

მუქი ფერით აღნიშნულია იმპერიის საზღვრები იმ პერიოდში, როდესაც იგი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა (ახ. წ. 527—565 წლები).

[სურათები 22 გვერდზე]

სწავლულებს სხვადასხვა აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ბიზანტიის პირველი იმპერატორი: 1) დიოკლიტიანე, 2) კონსტანტინე დიდი თუ 3) იუსტინიანე I.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[სურათი 25 გვერდზე]

ხელნაწერზე აღბეჭდილია 1204 წელს ალყაში მოქცეული კონსტანტინოპოლი.

[საავტორო უფლება]

© Cliché Bibliothèque nationale de France, Paris

[სურათი 25 გვერდზე]

ორჯერ გადიდებული სოლიდის მონეტა (ახ. წ. 321), რომელიც მედალიონის ცენტრშია მოცემული.

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum