რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
„დაკარგული“ 79 მილიონი ქალი
„გაერთიანებული ერების“ მიერ დაფინანსებულმა შემოწმებამ, რომელიც ჩატარდა «ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში, ნეპალში, შრი-ლანკაში, ბუტანსა და მალდივიში, ცხადყო, რომ დაახლოებით 79 მილიონი ქალი „იკარგებოდა სამხრეთ აზიაში“ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დისკრიმინაციის გამო, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ», — იუწყება „რეიტერის“ სააგენტო. ქალები „იკარგებიან“ როგორც აბორტის, ისე „ახალშობილთა მკვლელობის შედეგად და მამრობითი სქესის ბავშვებისთვის უპირატესობის მინიჭებით, ისეთ რეგიონებში, სადაც საკვებს ანაწილებენ“. როგორც აღნიშნავენ, ასეთი პრივილეგირებული მოპყრობა სრულწლოვანებზეც გავრცელდება, რასაც ისეთი პრობლემები მოჰყვება, რომლებსაც საკვების უკმარისობის გამო ხშირად ქალები უჩივიან. „ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს შორის, პოტენციური დედობის ასაკში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია“, — ნათქვამია ცნობაში. ეს რიცხვი, 79 მილიონი, დაფუძნებული იყო ფაქტებზე; ამ რეგიონში ყოველ 100 კაცზე 94 ქალი მოდის, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში 100 კაცზე 106 ქალი მოდის.
გაიხსნა ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბი
ნორვეგიაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბი, იუწყება გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემეინე ცაიტუნგი“. ლარდელის გვირაბი 24,5 კილომეტრის სიგრძისაა და ერთმანეთთან აკავშირებს ნორვეგიის უდიდეს ქალაქებს — ოსლოსა და ბერგენს. მანამდე მძღოლებს უხდებოდათ ან მთაგორიანი დაკლაკნილი გზებით მგზავრობა, ან ყურის ბორნით გადაცურვა. ამიტომ უპრიანი იყო ახალი გვირაბით უსაფრთხო მგზავრობა. გვირაბში ყოველ 500 მეტრში მოსახვევია, აგრეთვე დაყენებულია ცეცხლგამძლე ვენტილატორები, რომლებიც ჰაერს ასუფთავებენ სიგარეტისა თუ სხვა მომწამლავი გაზებისგან; უზრუნველყოფილია უსაფრთხოების საყოველთაოდ გავრცელებული სისტემებით. რადგან ბევრს გრძელი გვირაბების ეშინია, ლარდელის გვირაბს დიდი მოედნები ოთხ ნაწილად ყოფს. ამ მოედნების კედლები ცისფერი ნათურებით არის განათებული, რომელიც დღის სინათლისა და ირგვლივ სუფთა ჰაერის არსებობის შთაბეჭდილებას ქმნის. მაგრამ გამოკითხვამ ცხადყო, რომ ნორვეგიელების 25% პროცენტი — უბედური შემთხვევისა და ხანძრის თავიდან არიდების მიზნით — გვირაბით მგზავრობას მაინც ერიდება.
გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველები ისრაელში ბრუნდებიან
ბევრი გამქრალი ცხოველი ისრაელში კვლავ გამოჩნდა, იუწყება ისრაელში გამომავალი გაზეთი „ჰაარეცი“. ტურებისა და მგლების ხროვები ბრუნდებიან ნეგებსა და გოლანის მაღლობებზე; ბოლო მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ ისრაელში არწივების რიცხვი 450-მდე გაიზარდა; გალილეაში ლეოპარდიც კი ნახეს. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ამ რეგიონში ლეოპარდი უკვე გადაშენებული იყო; მგლებსაც კი იგივე საშიშროება ემუქრებოდა. მაგრამ ახლა ეს მტაცებელი ცხოველები უკან ბრუნდებიან, ისევე როგორც მათი მსხვერპლი: ანტილოპა, გარეული თხა და ირემი. მაშინ როდესაც ზოგი ცხოველი თვითონ უბრუნდება თავის სამყოფელს, სხვები ჩაჰყავთ თავიანთ სამშობლოში; მაგალითად, ველური ვირები. 100-ზე მეტი ვირი დაეხეტება ახლა ნეგებში.
დედის რძით კვების უპირატესობა
„გსურთ, რომ თქვენი ბავშვის გონებრივი განვითარების კოეფიციენტი გაიზარდოს?“ — ასეთ კითხვას სვამს ჟურნალი „ფსიქოლოგია დღეს“. „ამის მიღწევა შეიძლება თუ, უბრალოდ, დამზადებულ რძეს დედის რძეს ამჯობინებთ“. ორი ცხიმოვანი მჟავა, რომლებიც დედის რძეშია — დოკოზაჰექსანოზის მჟავა და არაქიდონის მჟავა — როგორც ჩანს, სხვაგვარად წარმართავს ნერვული სისტემის განვითარებას. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ „ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ როგორც დოკოზაჰექსანოზის, ისე არაქიდონის მჟავებს, სხვებთან შედარებით უფრო მეტი მახსოვრობის, პრობლემების გადაჭრისა და ენის ათვისების უნარი ჰქონდათ“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ჟურნალში, რომელიც მიანიშნებს, რომ დედის რძით კვება საუკეთესოა.
«გამოკვლევამ აგრეთვე ცხადყო, თუ რატომ არის ხალხი თავიანთ ეროვნულ საკვებს ასე შეჩვეული, — აღნიშნავს ჟურნალი „მეცნიერება“. — მაგალითად, ქალები, რომლებიც ფეხმძიმობის ან ძუძუს წოვების დროს სტაფილოს წვენს სვამენ, თავიანთ შვილებს სტაფილოსადმი სიყვარულს უვითარებენ. . . .გამოკვლევამ ცხადყო, რომ დედის რძით კვება უკეთესია, ვიდრე ხელოვნურად დამზადებული საკვებით, რადგან დედის რძე ბავშვებს ახალ საკვებს უფრო ადვილად აჩვევს», „ასწავლის“ მათ „რომელი საკვებია უვნებელი“ და ხაზს უსვამს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის“.