არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მომავალი ელის რელიგიას?

რა მომავალი ელის რელიგიას?

რა მომავალი ელის რელიგიას?

რელიგიის აღორძინება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საოცარი იყო. მხოლოდ რუსეთში, მოსახლეობის 50 პროცენტი ამჟამად თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მილიონობით ადამიანი კი სხვა რელიგიების მიმდევარია. აქ არსებულ მიმდინარეობათა შორის ისლამი, იუდაიზმი და ბუდიზმი იმ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეებსაც დიდი ხნის ისტორია აქვთ რუსეთში.

1891 წელს ბიბლიის მკვლევართა წარმომადგენლები (ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს 1931 წლამდე) ჩავიდნენ რუსეთის იმპერიაში და ეწვივნენ ქალაქ კიშინიოვს. იქ ჩატარდა შეხვედრები თანამორწმუნეებთან. 1928 წელს ბიბლიის მკვლევართა საგანგებო წარმომადგენელი, ჯორჯ იანგი, მოსკოვში შეხვდა საბჭოთა მთავრობის წევრებს, რათა სსრკ-ში ბიბლიური ლიტერატურის გამოცემის ნებართვა მიეღო. მოგვიანებით, მოწმეები ცნობილი გახდნენ იმით, რომ საბჭოთა მთავრობა მათ განადგურებას ცდილობდა.

დაახლოებით ათი წლის წინათ, როდესაც საბჭოთა კავშირი მოულოდნელად დაიშალა, ადამიანებს აინტერესებდათ: „რატომ ცდილობდა საბჭოთა მთავრობა რელიგიის მოსპობას?“. მრავალს, ვისაც ათწლეულების განმავლობაში ათეისტურ იდეებს უნერგავდნენ, აინტერესებდა გაეგო, თუ რას სთავაზობდა მათ რელიგია. ნამდვილად შეიცავდა თუ არა ბიბლია, რომელიც აკრძალულ ლიტერატურად ითვლებოდა, პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას აღელვებდა? რუსებმა ამის გამორკვევა დაიწყეს.

ჩნდება სხვა რელიგიური პრობლემა

ამდენი ადამიანის მიერ ბიბლიისადმი გამოვლენილმა ინტერესმა ყოფილ საბჭოთა კავშირში სხვა სახის რელიგიური პრობლემა წარმოქმნა. შარშან, ლონდონში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“ შენიშნავდა: «„ღვთის წინააღმდეგ ომი“ შესაძლოა დასრულდა, მაგრამ მსოფლიოში პირველი, აშკარად ათეისტური სახელმწიფოს სამარცხვინო მარცხიდან სულ რაღაც ათწლეულის შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მხოლოდ იწყებოდეს ახალი რელიგიური ცივი ომი». რა არის ეს ეგრეთ წოდებული რელიგიური ცივი ომი, რომელსაც ეს გაზეთი მოიხსენიებდა?

როგორც წინა სტატიაში აღინიშნებოდა, გადარჩენისა და პრივილეგირებული მდგომარეობის მოსაპოვებლად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა მთავრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. „გარდიანში“ აღწერილია, თუ როგორ გაგრძელდა ეს ურთიერთობა: „ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკლესია მეტად დაუახლოვდა სახელმწიფოს, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და რომელიც ერთ დროს ავიწროებდა მას. ეკლესია სისტემატურად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობას (ერთ-ერთი მაგალითია პატრიარქის მიერ ჩეჩნეთის ომის მოწონება), რის გამოც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით სარგებლობს“.

1999 წლის 10 თებერვლის „ლოს-ანჯელეს ტაიმზში“ სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის კომენტირებისას ყურადღება ექცეოდა ეკლესიის მიერ პოლიტიკური გავლენით სარგებლობის ფაქტს. „ლოს-ანჯელეს ტაიმზში“ ნათქვამი იყო, რომ ეს კანონი, რომელსაც 1997 წლის სექტემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, მოაწერა ხელი, „რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ იყო წარდგენილი“. კანონმა ეკლესიას „ტრადიციული“ რელიგიის განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, ისევე როგორც ისლამს, იუდაიზმსა და ბუდიზმს. კანონში ჩამოთვლილ მოთხოვნათა შორის რუსეთში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციაში ხელახლა გატარების მოთხოვნაც შედიოდა.

1999 წლის 11 თებერვლის „ნიუ-იორკ ტაიმზში“ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ „მართლმადიდებლური ეკლესია თავისი კონკურენტების შევიწროებას განაგრძობდა“. „ტაიმზში“ აგრეთვე ნათქვამი იყო: «შარშან, აგვისტოში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, ალექსი II, პროზელიტური მიმდინარეობების აკრძალვისკენ მოუწოდებდა, განსაკუთრებით კი მათი აკრძალვისკენ, რომლებიც „წინაპართა რელიგიისგან“ ადამიანების მოწყვეტას ცდილობენ». ამ დროიდან მოყოლებული გრძელდება ეგრეთ წოდებული პროზელიტური მიმდინარეობების აკრძალვის მცდელობები, რამაც „რელიგიური ცივი ომი“ გამოიწვია.

ერთ-ერთი სამიზნე

იეჰოვას მოწმეები რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შემოტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდნენ. 1996 წლის 20 ივნისს მოსკოვის პროკურატურამ დაიწყო არატრადიციული რელიგიების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის — „ფსევდორელიგიური ორგანიზაციებისგან ახალგაზრდების დაცვის კომიტეტის“ — მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი ფაქტების არარსებობის გამო სასამართლო არაერთხელ გადაიდო, ის ყოველთვის ახლდებოდა.

ამასობაში, მოწმეები აგრესიული პროპაგანდის სამიზნეები გახდნენ. რუსეთში გამომავალ 1 200 000 ტირაჟის მქონე გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ 1998 წლის 21 ნოემბრის გამოცემაში ნათქვამი იყო: «სულ ორიოდე წლის განმავლობაში რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოსცა ათზე მეტი წიგნი, ბროშურა და ცნობარი, რომლებიც იეღოველების საზოგადოებას „ეძღვნებოდა“». რატომ ცდილობს ეკლესია მოწმეებისთვის სახელის გატეხვას?

„ალბათ, — ნათქვამი იყო „კომსომოლსკაია პრავდაში“, — ძირითადად იმიტომ, რომ სულ რაღაც უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე ამ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, ხოლო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც სხვა ნებისმიერ იერარქიულ ორგანიზაციას, კონკურენტები არ უყვარს“.

1999 წლის დასაწყისში განახლდა მოწმეების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმე. ამ პროცესმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 11 თებერვლის „ნიუ-იორკ ტაიმზში“ დაიბეჭდა სტატია შემდეგი სათაურით „მოსკოვის სასამართლოზე იეჰოვას მოწმეების აკრძალვის საკითხი წყდება“. სტატიაში ნათქვამი იყო: «საქმეს, რომელიც ახლა მოსკოვის სამოქალაქო სასამართლოში განიხილება და რომლის მოსმენაც მცირე სასამართლო დარბაზში მიმდინარეობს, რელიგიურ გაერთიანებათა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს, ვინაიდან ეს არის პირველი სერიოზული მცდელობა იმისა, რომ რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გამოყენებულ იქნეს [კანონი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების“ შესახებ]».

ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლიუდმილა ალექსეევამ, ახსნა, თუ რატომ მიიპყრო ასეთი დიდი ყურადღება მოწმეების წინააღმდეგ აღძრულმა სასამართლო საქმემ. მან თქვა, რომ, თუ ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვას ცდილობს, „ამ საქმეს მოიგებენ“, მაშინ „თავისუფლად გაილაშქრებენ სხვა კონფესიების წინააღმდეგაც“, რომლებიც აგრეთვე არატრადიციულ რელიგიებად ითვლება. 1999 წლის 12 მარტს საქმის მოსმენა კიდევ ერთხელ გადაიდო. მაგრამ შემდეგ თვეში, 29 აპრილს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გასცა მოწმობა „რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის“ რეგისტრაციის შესახებ.

მთავრობის მხრიდან ამ აღიარების მიუხედავად რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში გრძელდება თავდასხმები მოწმეებსა და სხვა რელიგიურ უმცირესობებზე. როგორც კესტონის ინსტიტუტის (ოქსფორდი, ინგლისი) რექტორმა, ლორენს ოზელმა, შენიშნა: „ღირს, რომ იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის აკვირდებოდნენ“, ვინაიდან ის, რაც მათ ემართებათ, შეიძლება „განგაშის პირველი ნიშანი“ იყოს. ნამდვილად, ათობით მილიონი ადამიანის რელიგიურ უფლებებს საფრთხე ემუქრება!

გაუმართლებელი შემოტევა

პირველ საუკუნეში მღვდელმთავრები და სხვა რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ იესოს მიმდევრებს (იოანე 19:15; საქმეები 5:27—33). ამის გამო ქრისტიანობის შესახებ ამბობდნენ: „ჩვენ ვიცით, რომ ამ მწვალებლობას [„სექტას“, აქ] ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:22). ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, იეჰოვას მოწმეებს, დღესაც რომ ცილი დასწამონ.

ადრინდელი ქრისტიანების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების მოსმენის შემდეგ ცნობილმა ფარისეველმა და რჯულის მოძღვარმა გამალიელმა თქვა: „ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“ (საქმეები 5:38, 39).

დღეს კრიტიკოსები საგულდაგულოდ იკვლევენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას. რა დასკვნებამდე მიდიან ისინი? სერგეი ბლაგოდაროვმა, რომელიც თავად მართლმადიდებელია, „კომსომოლსკაია პრავდაში“ აღნიშნა: „ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შესძლეს ამ საზოგადოების წევრების მხრიდან არათუ რაიმე კრიმინალური ქმედების ფაქტების დადასტურება, არამედ მათი არსებობის არაკანონიერების დამტკიცებაც კი“.

რა მომავალი ელის რელიგიას?

ბიბლიაში ლაპარაკია ‘წმიდა და შეუბღალავი სამსახურის’ — ღვთისმოსაწონი თაყვანისმცემლობის, ანუ რელიგიის შესახებ (იაკობი 1:27ა). როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი ბიბლიაში აღწერილია როგორც ‘დიდი მეძავი, . . რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები’. ეს სიმბოლური რელიგიური მეძავი წარმოდგენილია, როგორც „დიდი ბაბილონი“, რომელზეც ნათქვამია, რომ „მთვრალი იყო წმიდათა სისხლით, და იესოს მოწმეთა სისხლით“ (სსგ) (გამოცხადება 17:1—6).

რამდენად ზუსტად აღწერს ეს რელიგიას, რომელიც საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდროდ თანამშრომლობს! მაგრამ ამ სიმბოლური დიდი რელიგიური მეძავის მომავალი უკვე გადაწყვეტილია. „ერთ დღეს, — ნათქვამია ბიბლიაში, — მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას“. გასაკვირი არ არის, რომ ანგელოზები დაჟინებით მოგვიწოდებენ: „გამოერიდე მას . . . რათა  . . . არ მიიღო მისი წყლულებისაგან“ (გამოცხადება 18:4, 7, 8)!

წმინდა თაყვანისმცემლობის აღწერისას მოწაფე იაკობმა თქვა, რომ ის ‘წუთისოფლისგან შეურყვნელი’ უნდა ყოფილიყო (იაკობი 1:27ბ). გარდა ამისა, იესო ქრისტემ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებზე თქვა: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:16). სწორედ ამ მიზეზით იეჰოვას მოწმეები არ ერევიან მსოფლიოს პოლიტიკურ საქმეებში და მათი დამღუპველი გავლენის ქვეშ მოქცევა არ სურთ. ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ მტკიცედ სწამთ შემდეგი ბიბლიური დანაპირები: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

[სურათები 15 გვერდზე]

1999 წლის თებერვალში მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ადვოკატი (მარცხნივ), მოსამართლე (ცენტრში) და პროკურორი (მარჯვნივ).

[სურათი 15 გვერდზე]

ბიბლიაში აღწერილია, თუ რა მომავალი ელის ყველა რელიგიას.