ნამდვილ პანამას ეკვადორში ამზადებენ?
ნამდვილ პანამას ეკვადორში ამზადებენ?
ჩვენი კორესპონდენტისგან ეკვადორში
ნუთუ მყიდველი მოატყუეს? დამკვირვებლისთვის შეიძლება ასეც ჩანდეს. ოჰო, მყიდველმა 300 ამერიკული დოლარი გადაიხადა ნამდვილ პანამაში. მაგრამ გამყიდველმა ის ამოიღო ყუთიდან, რომელზეც გარკვევით ეწერა „დამზადებულია ეკვადორში“! ნუთუ ეს თაღლითობაა? სრულებითაც არა. სინამდვილეში, ნამდვილი პანამა, მართლაც რომ, ეკვადორში მზადდება. მაშ, საიდან წარმოიშვა ეს შეუსაბამო სახელწოდება? და რატომ უნდა ღირდეს ასეთი ქუდი ასობით დოლარი?
ოქროს მაძიებლები დაახლოებით 1800-იანი წლებისთვის პანამის ყელით გაემართნენ კალიფორნიისკენ. იქ ისინი ეკვადორიდან შემოტანილ ქუდებს ყიდულობდნენ. დროთა განმავლობაში ეს ქუდები ცნობილი გახდა არა იმ ადგილის სახელწოდებით, სადაც ამზადებდნენ, არამედ სადაც მათ ყიდულობდნენ. ასე იყო თუ ისე, პანამა ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად, 1849 წელს ეკვადორმა 220 000-ზე
მეტი ქუდი გაიტანა საექსპორტოდ! მოგვიანებით, 1855 წელს, პანამაში მცხოვრებმა ფრანგმა ეს ქუდები პარიზში ჩატარებულ მსოფლიო გამოფენაზე წარადგინა. მოდის მიმდევარ ფრანგებზე შთაბეჭდილება მოახდინა ფაქიზმა მასალამ, რომელსაც ზოგიერთი „ჩალის ქსოვილადაც“ კი აღწერდა. ფაქტობრივად, მალე წარმოუდგენელი გახდა სხვა რომელიმე სტილის ქუდის ტარება!პანამას პოპულარობა მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა, როდესაც მოდური „ფინოთი“ დამშვენებული აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის სურათი გამოჩნდა მსოფლიო პრესაში. მოთხოვნა ამ ელეგანტურ ქუდზე გაიზარდა. ცნობილმა კომპანიებმა მსოფლიოს ყველა კუთხეში მისი შეტანა დაიწყეს. 1925 წელს თურქეთში კანონში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა ტრადიციული ფესი და ნებადართულ იქნა პანამას გამოყენება. 1944 წლისთვის პანამა ეკვადორის მთავარი საექსპორტო საქონელი იყო.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ქუდის პოპულარობამ იკლო. თუმცა ეკვადორის ფაქიზად დაწნულმა პანამამ თავისი მიმზიდველობა შეინარჩუნა. მართლაცდა, მსოფლიოს გამოცდილი მექუდეები ერთმანეთს ეჯიბრებიან უმაღლესი ხარისხის ნიმუშებით. წარსულში და ჩვენს დროში მცხოვრები გამოჩენილი ადამიანები მოხიბლული იყვნენ პანამის ელეგანტურობით. ის ამშვენებდა უინსტონ ჩერჩილს, ნიკიტა ხრუშჩოვს, ჰემფრი ბოგარტსა და მაიკლ ჯორდანს; ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
რა თქმა უნდა, არსებობს იაფი, ნამდვილ პანამას მიმსგავსებული ფართოდ წარმოებული ქუდები. თუმცა მრავალი მათგანი ტყდება, ზოგიერთი კი ჰაერს არ ატარებს. მათგან განსხვავებით, ნამდვილი პანამა მსუბუქია, ჰაერს კარგად ატარებს; ის მთელი სიცოცხლე გაგყვებათ. ყოველი მათგანი ხელით არის დაწნული და ამიტომაც უნიკალურია. ფასი მერყეობს რამდენიმე დოლარიდან უხეში მასალისგან დამზადებული ქუდებისთვის, 1 000 ამერიკულ დოლარამდე მონტეკრისტიში დამზადებული იშვიათი „სუპერფინოსათვის“. ხარისხი განისაზღვრება სიფაქიზითა და თანაბარი წნულით, აგრეთვე ფერთა შეხამებით. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნამდვილი პანამა მხოლოდ ეკვადორში მზადდება.
[ჩარჩო/სურათები 26, 27 გვერდებზე]
პანამის დამზადება
როგორ მზადდება პანამა? პალმისმაგვარი მცენარისგან, რომელიც ტოკიად წოდებულ ელასტიურ, მაგრამ ამავე დროს მტკიცე ბოჭკოებს იძლევა. ეკვადორის სანაპირო დაბლობები იდეალურ პირობებს უქმნის ამ მცენარის ზრდა-განვითარებას და გამრავლებას. ქუდის ეკვადორელი ოსტატები მსოფლიოს საუკეთესო მქსოველებად ითვლებიან. მართლაც რა შრომატევად სამუშაოს ასრულებენ ისინი! უმაღლესი ხარისხის მონტეკრისტის „სუპერფინოს“ დაწვნას შეიძლება ექვსი თვე ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თითოეული ბოჭკო ქუდში საკმაოდ მოკლეა. მაგრამ ნამდვილ პანამაში ძნელად თუ გაარჩევთ, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. გარდა ამისა, ბოჭკოების ბოლოები ისე მჭიდროდ არის ჩაწნული, რომ წყალიც კი ვერ აღწევს!
პატარა ქალაქი მონტეკრისტი სახელგანთქმულია ხელნაკეთი ქუდებით. მონტეკრისტიში მცხოვრები ოსტატები განთიადისას ან ნაშუადღევის შემდეგ იწყებენ წვნას; ამგვარად, ეკვატორული სიცხე გავლენას ვერ ახდენს ბოჭკოების დრეკადობაზე. ისინი ჯერ გულდასმით იწყებენ ჩახლართული ბოჭკოებით ქუდის წვერის წრიულად წვნას, სანამ არ მიაღწევენ სასურველ დიამეტრს. შემდეგ დაწნული ქუდის წვერს ათავსებენ ცილინდრულ ხის კუნძზე; ამგვარად, ოსტატი, როდესაც ქუდის გვერდებს წნავს, ხელებს მარჯვედ ამოძრავებს ქვევითკენ სპირალურად. მრავალი კვირის შემდეგ წვნას მარჯვენა კუთხიდან განაგრძობენ ქუდის ფარფლის გასაკეთებლად. მას შემდეგ, რაც გულდასმით შემოკრეჭენ, გარეცხავენ და გაათეთრებენ, აგრეთვე საბოლოოდ დაამუშავებენ, სახელგანთქმული პანამა წარმოიქმნება.
[სურათები]
ქსოვის დაწყებამდე დანაწევრებულ ჩალის ბოჭკოებს ხარშავენ და აშრობენ.
[სურათი 27 გვერდზე]
უინსტონ ჩერჩილი ერთ-ერთია იმ ცნობილ პიროვნებათაგან, რომლებიც პანამას იხურავდნენ.
[საავტორო უფლება]
U.S. National Archives photo