მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
„ვაზა“. მსურს, გამოვხატო ჩემი მადლიერება სტატიისთვის «„ვაზა“ — სიამაყისა და იმედგაცრუების სიმბოლო» (8 აპრილი, 2000). როგორც ისტორიკოსმა, რომლისთვისაც ეს თემა კარგად არის ცნობილი, შემიძლია დავადასტურო, რომ სტატიაში მოცემული მასალა შესანიშნავად იყო გამოკვლეული. მასში შესანიშნავად იყო ახსნილი მოვლენები, რომლებიც აწონ-დაწონილი მსჯელობის საფუძველზე იყო შეფასებული.
ტ. ვ. (გერმანია).
იურიდიული გამარჯვებები. შვილებზე მეურვეობის საკითხის გადასაწყვეტად ამას წინათ სასამართლოში წასვლა მომიწია. ყოფილმა ქმარმა ჩემი რელიგიური მრწამსი სადავო საკითხად აქცია. ეს ძალიან მძიმე ასატანი იყო. როდესაც წავიკითხე სტატია „ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის“! (8 მაისი, 2000), ცრემლები წამომცვივდა.
დ. ბ. (შეერთებული შტატები).
სტატია, წაკითხვის შემდეგ, ადგილობრივ იურისტებს შევთავაზე. არც ერთისგან უარი არ მიმიღია. ზოგმა მათგანმა თავის ოფისშიც კი მიმიპატიჟა ფინჯან ყავაზე, რათა მსჯელობა გაგვეგრძელებინა. ბევრმა ჟურნალის დამატებითი ეგზემპლარები მთხოვა თანამშრომელი იურისტებისთვის. ყველა იურისტი გაოცებული იყო, როდესაც სტატიიდან ვუჩვენე, რომ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ჰეიდენ კოვინგტონმა 45 პროცესიდან 36 მოიგო.
კ. მ. (შეერთებული შტატები).
მოზარდი მამები. გწერთ, რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „აქცევს ბიჭებს მამობა მამაკაცებად?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მაისი, 2000). ვარ 28 წლის, უცოლო, ვმსახურობ სპეციალურ პიონერად, ანუ სრული დროით მქადაგებლად. დასავლეთ აფრიკის ამ რეგიონში ჩემი ასაკის მამაკაცს, რომელსაც ცოლი ან მეგობარი გოგონა არ ჰყავს, ჩამორჩენილად ან იმპოტენტად თვლიან. ამის გამო ხშირად დამცინიან და ზემოდან დამყურებენ. მაგრამ თქვენმა სტატიამ გააძლიერა ჩემში ის გადაწყვეტილება, რომ უმწიკვლობა შევინარჩუნო.
ა. ე. (განა).
სქესობრივი კავშირი უკვე მოზარდობისას მქონდა სხვადასხვა ბიჭთან. თავს ყოველთვის ბინძურად ვთვლიდი. ამან დეპრესიაში ჩამაგდო. იეჰოვა ცხოვრების მოწესრიგებაში დამეხმარა. ახლა კი შესანიშნავი მამაკაცის ბედნიერი მეუღლე ვარ. საქებარია, რომ ასეთ სტატიებს აქვეყნებთ ახალგაზრდების დასახმარებლად, რათა მიხვდნენ, რომ თავიანთი ქმედებით გოგონას შეიძლება ისეთი ჭრილობა მიაყენონ, რომ მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეს.
ფ. ა. ს. (გერმანია).
აღძრული ვარ, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გასათხოვარი დედების არსებობაზე პასუხისმგებლობის, სულ მცირე, ნახევარი დააკისრეთ მათ, ვისაც ის უნდა ეკისრებოდეს — მამებს! ბევრი ადამიანი თვლის, რომ, რაკი მხოლოდ ქალი ფეხმძიმდება, მისი ფიზიკური კონსტიტუცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მისი პრობლემაა და რომ კაცს არანაირი მოვალეობა არ ეკისრება. გთხოვთ, შემდგომშიც გააგებინოთ ახალგაზრდა მამაკაცებს, თუ როგორია ღვთის თვალსაზრისი ქალებისადმი დამოკიდებულების საკითხში.
ჯ. მ. ო. (იტალია).