სტუმრად ჩინურ აფთიაქში
სტუმრად ჩინურ აფთიაქში
რამდენიმე დღეა, რაც კვოკ კითი თავს შეუძლოდ გრძნობს და ექიმთან წასვლა გადაწყვიტა. ის წარმოშობით ჩინელია, ამიტომ იმ ექიმთან წასვლას ამჯობინებს, რომელიც ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდებით მკურნალობს. ოჯახის ერთ-ერთმა მეგობარმა იცის სწორედ ასეთი ექიმი, რომელსაც არც ისე შორს მწვანე აფთიაქი აქვს. მეგობარმა უთხრა კვოკ კითს, რომ ამ ექიმს მისი განმკურნავი ბალახეულის ჩაის მომზადება შეუძლია.
ჩინეთში, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის უმეტეს ქვეყნებში, ექიმთან ვიზიტი საკმაოდ განსხვავდება იმისგან, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში ხდება. დასავლეთში ექიმთან რომ მიხვიდე, ჩვეულებრივ, ჯერ უნდა შეუთანხმდე ამის თაობაზე, შემდეგ კი ოფისში მიაკითხო, რასაც გასინჯვა და წამლის გამოწერა მოჰყვება. ამის შემდეგ პაციენტი წამლების საყიდლად აფთიაქში უნდა წავიდეს. ჩინელ ექიმთან მკურნალობის მეთოდი ბევრად მარტივია. პაციენტი მიდის მწვანე აფთიაქში, სადაც ყოველთვის არის სამკურნალო ბალახების შემგროვებელი, რომელიც ჩინური მედიცინის მეთოდებით მკურნალი ექიმია. ის სინჯავს პაციენტს, უსვამს დიაგნოზს, უნიშნავს სამკურნალო ბალახებს და მათი მიღების წესს უხსნის. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი ვიზიტის დროს ხდება *!
ბალახები წამლად?
თუმცა დასავლეთში მცხოვრებნი აბებს, კაფსულებსა და ინიექციებს არიან შეჩვეული, ამგვარი წამლები შედარებით ახალი ხილია. საუკუნეების განმავლობაში ხალხი ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობდა. მაგალითად, ბიბლიურ დროში ებრაელი ექიმები ზეთს, ბალზამსა და ღვინოს იყენებდნენ წამლად (ესაია 1:6; იერემია 46:11; ლუკა 10:34). როგორც ჩანს, ლეღვის ტყლაპის საფენებს წყლულების განსაკურნავად იყენებდნენ (მეოთხე მეფეთა 20:7).
სინამდვილეში, თითქმის ყველა ერი თუ ხალხი უძლურებათა და დაავადებათა განსაკურნავად ოდესღაც მაინც იყენებდა სხვადასხვანაირ ბალახეულობასა და მალამოებს. მრავალ სანელებელსაც კი, რომლებსაც
დღეს კერძებში ხმარობენ, ადრე სამკურნალოდ იყენებდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მკურნალობა ყოველთვის ეფექტური იყო. პირიქით, ცრურწმენისა და უცოდინარობის გამო ხშირად სირთულეები იქმნებოდა. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ეს მეთოდები ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა. დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებული ზოგიერთი წამალიც კი მცენარეებისგან არის დამზადებული.ჩინური მედიცინის თეორია და პრაქტიკა
მცენარეული წამლებით მკურნალობა ჩინეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ხალხური ზეპირსიტყვიერება ხუან-დის, ყვითელ იმპერატორს, მიაწერს „ნეი ცზინის“ (ტრაქტატი შინაგან დაავადებათა შესახებ) დაწერას, რომელსაც ჩინეთში ზოგი ექიმი კვლავ იყენებს *. ეს ტრაქტატი, რომლის დაწერის თარიღიც სადავოა, მოიცავს უამრავ საკითხს, რომლებიც შეიძლება დასავლეთში გამოცემულ რომელიმე სამედიცინო წიგნშიც შეგვხვედროდა. მასში განხილულია არა მხოლოდ დიაგნოზები, სიმპტომები, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა და დაავადებებისგან თავის არიდება, არამედ აგრეთვე ანატომია და ორგანიზმის ფიზიოლოგია.
ინ-იანის მოძღვრებამ, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხელოვნების უმეტესობაზე, ჩინური მედიცინის თეორიასა და პრაქტიკაზეც დიდი გავლენა მოახდინა. ამ შემთხვევაში „ინ“ წარმოადგენს სიცივეს, „იან“ კი — სიცხეს. ისინი აგრეთვე გამოხატავენ სხვა უამრავ დაპირისპირებულობათა ურთიერთობას *. გარდა ამისა, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს ითვალისწინებენ აკუპუნქტურულ „მერიდიანებს“. ავადმყოფს „ცივი“ ან „ცხელი“ სამკურნალო ბალახები და საკვები უნდა დაენიშნოს, რათა პაციენტის ორგანიზმში ინ-იანის დარღვეული წონასწორობა აღდგეს.
მაგალითად, პაციენტი, რომელსაც სიცხე აქვს, ცხელად არის მიჩნეული და უნიშნავენ სამკურნალო ბალახებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, გამაგრილებლად მოქმედებენ. თუმცა, შესაძლოა, ინ-იანს დღეს ბევრი აღარ მოიხსენიებს განსაკუთრებულად, მაგრამ იმავე პრინციპებს კვლავ იყენებენ ავადმყოფის მკურნალობისას. მაგრამ როგორ სვამს დიაგნოზს ჩინური მედიცინის მეთოდებით მკურნალი
ექიმი? როგორია მწვანე აფთიაქი? ამის გასაგებად კვოკ კითს გავყვეთ იმ აფთიაქში, რომელიც მეგობარმა მიასწავლა?ეგზოტიკური მწვანე აფთიაქი
საოცარია! დღეს კვოკ კითს ექიმთან ლოდინი მოუწევს. როგორც ჩანს, აქ გრიპის ან სურდოს ეპიდემიაა, მის წინ ორი პაციენტია. მოდი, ვიდრე ჩვენი რიგი მოვიდოდეს, მაღაზია დავათვალიეროთ.
ჩვენს ყურადღებას პირველ რიგში იპყრობს გამხმარი მცენარეების გროვები — სოკოები, ზღვის სავარცხლები, მოლუსკები, ლეღვი, თხილი და სხვა, — რომლებიც გამოფენილია თაროებზე. დიახ, აქ საკვებად ვარგისი პროდუქტებია, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება ექიმმა ავადმყოფსაც დაუნიშნოს.
დათვალიერებისას ვამჩნევთ, რომ საკმაოდ ვიწრო მაღაზიაში ორივე მხარეს შუშის დახლებია. ამ დახლებზე იშვიათი ან განსაკუთრებული, ძვირად ღირებული სამკურნალო ბალახები, მინერალები და ცხოველთა გამხმარი ნაწილებია. უფრო ახლოდან შეთვალიერებისას ვხედავთ ირმის რქებს, მარგალიტებს, გამხმარ ხვლიკებს, ზღვის ცხენებს და სხვა ეგზოტიკურ საგნებს. ამ ბოლო წლებამდე ასეთ ადგილებში მარტორქის რქას, დათვის ნაღვლის ბუშტსა და სხვა ცხოველთა სხეულის ნაწილებსაც ნახავდით, მაგრამ ახლა მათი გაყიდვა აკრძალულია.
მაღაზიის სხვა კუთხეში ვნახეთ პაკეტებში ჩაყრილი სხვადასხვა ბალახის ნარევი, რომლებსაც გაციებისა და ფაღარათის დროს იყენებენ. აქ არის აგრეთვე ბოთლში ჩასხმული, ბალახეულისგან დამზადებული, ჩინური წამლები. შეგიძლიათ გამყიდველს უთხრათ, რა გაწუხებთ და ის ან უკვე დამზადებულ, ბოთლში ჩასხმულ, წამალს მოგცემთ ან კიდევ პაკეტს, რომელშიც სხვადასხვა ბალახის ნარევია და აგიხსნით მისი მომზადების წესს.
გამყიდველის უკან, კედლის გასწვრივ, თაროებზე ვამჩნევთ სხვადასხვაგვარი გამხმარი ფესვებით, ფოთლებითა და რტოებით სავსე მაღალ შუშის ქილებს. ეს ბალახები კლიენტისთვის ნაცნობია და შეუძლია იყიდოს, რათა თვითონ დაამზადოს წამალი ან კერძებში გამოიყენოს. მაღაზიის მეორე მხარეს
ჭერამდე აზიდული კამოდი დგას, რომელსაც უამრავი ძველი უჯრა აქვს. მას ეწოდება „ბაითზიგვა“, ანუ „ასი ბავშვის კამოდი“, რადგან ასეთი ტიპის კამოდში შეიძლება ასი ან უფრო მეტი უჯრა იყოს სამკურნალო ბალახებით სავსე. ეს უჯრები აადვილებს იმ სამკურნალო ბალახების მოძებნას, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა, ისინი ყველაზე ადვილად მისაგნებ ადგილებზეა მოთავსებული. შეიძლება უჯრებს იარლიყებიც კი არ ჰქონდეს. გამოცდილმა გამყიდველებმა ზუსტად იციან თითოეული ბალახის ადგილი.ვხედავთ, როგორ ვირტუოზულად წონის გამყიდველი სამკურნალო ბალახებს კლიენტი ქალისთვის. ის იყენებს სუსტ, მაგრამ ზუსტ აზიურ სასწორს — ეს არის სკალიანი ჯოხი, რომლის ერთ ბოლოში სამ ზონარზე ჩამოკიდებული მრგვალი თეფშია, ხოლო მეორე ბოლოში — მოძრავი გირი. მან იცის, რომ გარკვეული ბალახები, თუ დოზას გადააჭარბებს, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა აწონოს. მაგრამ აქ ყველაფერს როდი წონიან. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იღებს სათითაოდ ნახევარ მუჭა სხვადასხვა სამკურნალო ბალახს სხვადასხვა უჯრიდან და ახვევს ქაღალდში. საოცარია, ეს რეცეპტი ჭრიჭინას ქიტინოვან საფარველსაც შეიცავს. ამ ნარევის შეფუთვისას ის უხსნის ამ ქალბატონს, როგორ მოამზადოს მისგან ნაყენი.
ბალახეულისგან წამლებს სხვადასხვაგვარად ამზადებენ; ზოგს ფქვავენ და ადუღებულ წყალს ასხამენ, ზოგს პასტის სახით ამზადებენ. მათი მიღება შეიძლება თაფლთან ან რომელიმე სპირტთან ერთად. მაგრამ ამ ქალს უთხრეს, რომ გამოეყენებინა მომზადების ყველაზე უბრალო მეთოდი, სახელდობრ, მოდუღება. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ეს ბალახეულობა თითქმის ერთი საათის მანძილზე უნდა ადუღოს თიხის ქოთანში. შემდეგ ეს ნაყენი რამდენიმე საათში ერთხელ უნდა დალიოს. თუ მას მოგვიანებით კვლავ დასჭირდება იმავე კურსის ჩატარება, შეუძლია კვლავ მოვიდეს ამავე მაღაზიაში ბალახეულის ხელმეორედ შესაძენად.
ბოლოს კვოკ კითის რიგიც დადგა. არა, ექიმი არ უსინჯავს მას წნევას, არც მის გულისცემას უსმენს, მაგრამ სიმპტომების შესახებ კი ეკითხება: როგორ სძინავს? ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა საჭმლის მომნელებელი სისტემა, როგორი მადა აქვს, აქვს თუ არა სიცხე, რა მდგომარეობაშია კანი და როგორია მისი ფერი? ექიმი გულდასმით ათვალიერებს მის თვალებსა და ენის სხვადასხვა ადგილის შეფერილობას. ახლა ის კვოკ კითს პულსს უსინჯავს ორივე მაჯაზე სხვადასხვა მდგომარეობაში — ფიქრობენ, რომ ამ პროცედურით შეიძლება სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ნაწილების მდგომარეობის გაგება. ექიმი, თუ იგრძნო, რაიმე უცნაურ სუნსაც კი აქცევს ყურადღებას! როგორია დასკვნა? გასაკვირი არ არის, რომ კვოკ კითს გრიპი აღმოაჩნდა. ის წოლით რეჟიმსა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას საჭიროებს იმ მცენარეულ ნაყენთან ერთად, რომელიც, დანიშნულების თანახმად, უნდა მოადუღოს და სვას. მართალია, ბალახეულის ჩაი მწარე იქნება, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოაკეთებს. ექიმმა ისიც უთხრა კვოკ კითს, თუ რომელ საჭმელებს უნდა მორიდებოდა და ურჩია, ქლიავის მურაბა ეჭამა, რომელიც წამლის მიღების შემდეგ პირში კარგ გემოს დაუტოვებდა.
ასე რომ, კვოკ კითი მაღაზიიდან ბალახეულით სავსე პარკით გამოდის. ექიმთან ვიზიტი სამკურნალო ბალახებთან ერთად ოც დოლარზე ნაკლები დაუჯდა — ეს კი საკმაოდ იაფია. თუმცა, ბალახები სასწაულს არ მოახდენენ, კვოკ კითი რამდენიმე დღეში უნდა გამოჯანმრთელდეს. მაგრამ მან არ უნდა გაიმეოროს მათი შეცდომა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მეტი დოზა უკეთესი იქნებოდა. ხშირად მოისმენთ, რომ ადამიანები სამკურნალო ბალახების გადამეტებული დოზით მიღების გამო სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან.
ზოგ ქვეყანაში ბოლომდე ან საერთოდ არ არის შემუშავებული სისტემა, რომლის მიხედვითაც სამკურნალო ბალახების მოხმარების ან იმ ექიმების გაკონტროლება მოხდებოდა, რომლებიც ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდებით მკურნალობენ. ეს კი ხელს უწყობს ექიმბაშობის განვითარებასა და სამკურნალო საშუალებების სახით ბალახების ისეთი ნარევების დამზადებას, რომლის მიღებაც საშიშია. ამიტომ, როდესაც საქმე იმ ექიმის არჩევას ეხება, რომელიც ხალხური ჩინური მედიცინის მეთოდებით მკურნალობს, ბევრი აზიელი პაციენტი ითვალისწინებს ნათესავებისა და ახლო მეგობრების რჩევას.
რა თქმა უნდა, ვერანაირი მკურნალობა — იქნება ეს ბალახებითა თუ დასავლური მედიკამენტებით — ვერ განკურნავს ყველა ავადმყოფობას. მიუხედავად ამისა, ჩინური აფთიაქი და ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდებით მკურნალი ექიმი აზიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არჩეული მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.
^ აბზ. 8 ამბობენ, რომ ლეგენდარული მმართველი ყვითელი იმპერატორი, ჯოუს დინასტიის მოსვლამდე, ძვ. წ. 2697—2595 წლებში მმართველობდა. მაგრამ ბევრი სწავლულის აზრით „ნეი ცზინი“ წერილობითი სახით არ არსებობდა ჯოუს დინასტიის დასრულებამდე, რომლის ბატონობაც დაახლოებით ძვ. წ. 1100—250 წლებს მოიცავდა.
^ აბზ. 9 ჩინური იეროგლიფი „ინ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩრდილს“ ან „აჩრდილს“ და სიბნელის, სიცივისა და ქალურობის სიმბოლოდ გამოიყენება. „იან“ კი, პირიქით, — ნათლის, ცხელისა და მამაკაცობის სიმბოლოდ.
[სურათები 23 გვერდზე]
მწვანე აფთიაქში შეიძლება მრავალი ეგზოტიკური რამ ნახოთ, გამხმარი ზღვის ცხენების ჩათვლით.
[სურათები 24 გვერდზე]
გამხმარ ფესვებს, ფოთლებსა და რტოებს გულდასმით წონიან.