ის მას სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა
ის მას სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა
ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 იანვრის გამოცემა განიხილავდა გარეკანზე მოცემულ თემას „ადამიანთა მოტაცება — რატომ არის გლობალური საშიშროება“. უილიამ ლუის ტერელი ამბობს, რომ ჟურნალის ამ ნომერმა გადაარჩინა.
დილის თერთმეტი საათი იყო დაწყებული, 2000 წლის 10 მარტს, პარასკევს, როდესაც ტერელი თავისი სახლიდან იარაღის გამოყენებით იოსებ ფალშინსკი უმცროსმა მოიტაცა. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატიები, რომლებზეც ტერელმა თქვა, რომ განსაცდელისას გაიხსენა და შეეცადა, მოქცეულიყო მასში მოცემული სპეციალისტთა რჩევების თანახმად, იმის თაობაზე, თუ რა უნდა გააკეთო მოტაცების შემთხვევაში:
«შეეცადეთ ურთიერთობის დამყარებას; ნუ გაჯიუტდებით. მტრულად განწყობილ მძევლებს ხშირად უფრო უხეშად ეპყრობიან და კლავენ ან სჯიან.
პანიკაში ნუ ჩავარდებით. გახსოვდეთ, რომ მოტაცებულთა უმეტესობა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.
თუ შესაძლებელია, გამოესაუბრეთ და ურთიერთობის დამყარება სცადეთ. თუ მომტაცებლები თქვენში გაგებულ ადამიანს დაინახავენ, ნაკლებად შესაძლებელია, გავნონ ან მოგკლან.
თავაზიანად აუხსენით მათ [მომტაცებლებს] თქვენი მოთხოვნილებები.
ასეთი დამოკიდებულება მოტაცებულთა დამცველია, როგორც წიგნი „კრიმინალური საქმეები“ ხსნის: „რაც უფრო უკეთ ეცნობიან მსხვერპლი და მომტაცებელი ერთიმეორეს, მით უფრო მოსწონთ ერთმანეთი. ეს ფენომენი უჩვენებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებად შესაძლებელია, რომ მომტაცებელმა ავნოს მძევალს“».
იეჰოვას 53 წლის მოწმემ, უილიამ ტერელმა, ყველაფერი გააკეთა, რომ ასეთი რჩევების მიხედვით მოქცეულიყო თითქმის 14 საათის განმავლობაში, როდესაც
მძევლად იმყოფებოდა, და თითქმის მთელი ამ ხნის მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ. განსაცდელი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფალშინსკიმ მის კარზე დააკაკუნა 95-ე შტატებშორისი ავტომაგისტრალის მახლობლად მდებარე სოფელში, სადაც მანქანას, რომელიც ფალშინსკიმ მოიპარა, საწვავი შემოელია.უცნობის გასაჭირის მოსმენის შემდეგ ტერელმა მაშინვე გამოხატა მისი დახმარების სურვილი. ფალშინსკიმ ჭიქა წყალი და ბალტიმორამდე (მერილენდის შტატი, აშშ) წაყვანა სთხოვა. ტერელი დაჰპირდა, რომ ვინმეს სთხოვდა მის ვირჯინიაში, ქალაქ ფრედერიკსბერგამდე წაყვანას, საიდანაც გზის გაგრძელებას ავტობუსით შეძლებდა. როდესაც ტერელი უცნობისთვის ჭიქა წყლის მისატანად შებრუნდა, უცნობმა იარაღი მიუშვირა. ფალშინსკიმ ტერელს მითითებულ ადგილზე წაყვანა უბრძანა.
რჩევის თანახმად მოქცევა
95-ე მაგისტრალზე მგზავრობისას ტერელი ფალშინსკის მითითებისამებრ იქცეოდა, სიჩქარეს არ უმატებდა და ისეთნაირად მართავდა მანქანას, რომ ყურადღება არავის მიექცია. ტერელმა სიმშვიდე შეინარჩუნა და საუბარი გააბა 31 წლის ფალშინსკისთან; მან გულწრფელი ინტერესი გამოხატა მისადმი, როგორც პიროვნებისადმი და იმ გარემოებისადმი, რამაც მათი შეხვედრა განაპირობა. ფალშინსკი მოყვა, რომ სამი დღის წინათ მოისურვა თავისი შეყვარებული ტრეისის ნახვა, რომელმაც მიატოვა. იქ მან მოკლა ტრეისის ორი მეგობარი მეზობელი, რომლებიც შეეცადნენ ხელი შეეშალათ მისთვის, რომ არ წაეყვანა ტრეისი. მოგვიანებით ტრეისი გაიქცა.
მომდევნო საღამოს, როდესაც ფალშინსკი მანქანის გატაცებას ცდილობდა, ტყვია ორი წლის ბავშვს მოხვდა და ყბა ჩაუმსხვრია. ტყვია ჯენიფერ ლინ მაკდონალის მანქანასაც მოხვდა. სამწუხაროდ, ერთმა ტყვიამ ჯენიფერი იმსხვერპლა, მეორემ კი მისი ერთი წლის ბავშვის, ამჯერად ცარიელ, დასაჯდომს მოხვდა მანქანაში. ჯენიფერი და მისი ქმარი, ტომასი, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში მიდიოდნენ, მათ იმ საღამოს კრების შეხვედრაზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ. სარა ფრანცისი, ჯენიფერის დედა, ამბობს: „მარტო იმ საღამოს არ წაიყვანეს ბავშვი სამეფო დარბაზში. [თორემ] ახლა ორივე უნდა გვეგლოვა“.
როდესაც ტერელი თავის მომტაცებელთან ფრთხილად საუბარს განაგრძობდა, ფალშინსკიმ უთხრა, რომ არასდროს აპირებდა ვინმესთვის ზიანის მიყენებას. მას ნამდვილად უყვარდა ტრეისი და მასთან ყოფნა სურდა. „მე ავუხსენი, რომ, რაც მოხდა, იმას ვეღარაფერს უშველიდა, მაგრამ მომავლის შეცვლა კი შეეძლო და ვურჩიე თვითონ ჩაჰბარებოდა პოლიციას. ვუთხარი, რომ ციხეში ვივლიდი და ბიბლიას შევასწავლიდი“, — ყვება ტერელი. მოგვიანებით გაირკვა, რომ 1987 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ფალშინსკი მხოლოდ ათი თვე იყო თავისუფალი, დანარჩენი დრო კი ციხეში ან ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა ან თავდებით უშვებდნენ ხოლმე.
დიდი ხნის მანძილზე ქრისტიანულ კრებაში უხუცესობით შეძენილი გამოცდილებისა და ბიბლიაში აღწერილი ნამდვილი ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით, ტერელი კვლავ ცდილობდა, ამ ახალგაზრდა მამაკაცისთვის ხელი აეღებინებინა ჩანაფიქრის განხორციელებაზე. მაგალითად, მან მოუთხრო კარგი მამაკაცის, ისრაელის მეფის, დავითის, შემთხვევა, რომელიც ურიას, თავისი ერთ-ერთი ჯარისკაცის, ცოლით მოიხიბლა. როდესაც ქალი დავითისგან დაფეხმძიმდა, მეფემ ისე მოაწყო საქმე, რომ ურია ბრძოლის ველზე დაიღუპა. როცა დავითს ტაქტიანად მიუთითეს ცოდვებზე, მან გულწრფელად მოინანია და ღმერთი კვლავ კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ (მეორე მეფეთა 11:2—12:14).
ტერელმა იმდენად გულთბილი ურთიერთობა დაამყარა გამტაცებელთან, რომ მეტსახელ ჯობითაც კი მიმართავდა. როდესაც მაღაზიასთან შეჩერდნენ და ფალშინსკიმ ტერელს საჭმლისა და პორტატული ტელევიზორის ყიდვა დაავალა, უთხრა, რომ უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა, თუ ვინმესთვის რამის თქმას დააპირებდა. ტერელი დაემორჩილა, რადგან გაქცეულს მერყეობა შენიშნა. ბოლოს, მას შემდეგ, რაც 11 საათზე ახალ ამბებში ფალშინსკის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების შესახებ გადმოსცეს, ფალშინსკი ტერელს გადაეხვია და ბალტიმორის გარეუბანში გაუჩინარდა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფალშინსკი მოამწყვდიეს ერთ სახლში, სადაც მძევლები ჰყავდა. ტერელს, რომელიც იცნობდა გაქცეულს, მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვეს. სამწუხაროდ, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და 22 მარტს, როდესაც პოლიციელებმა შენობა შტურმით აიღეს, ფალშინსკი მოკლეს. მის გარდა არავის შეხებია ტყვია.
მოგვიანებით ტერელმა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის, როგორც თვითონ ამბობს, თავისი გადამრჩენი ნომრის 600 ეგზემპლარი შეუკვეთა. მან ასობით ადამიანს შესთავაზა ეს ჟურნალი. ტერელი მოხარულია, რომ ჩვევად აქვს „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სასარგებლო ინფორმაციის კითხვა და, ვიმედოვნებთ, რომ თქვენც სიამოვნებით კითხულობთ მას.