დაფიქრება, რომელიც სარგებლობის მომტანია
ბიბლიის თვალსაზრისი
დაფიქრება, რომელიც სარგებლობის მომტანია
«დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი [„ფიქრი“, აქ] ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო» (ფსალმუნი 18:15).
რას ნიშნავს თქვენთვის დაფიქრება? ზოგი აღმოსავლური რელიგიის მიმდევრებს „მედიტაციისკენ“ მოუწოდებენ. ეს სიტყვა ლათინურიდან მომდინარეობს და დაფიქრებას ნიშნავს. თუ ასეთი რელიგიების მოძღვრებას მიჰყვებით, შეიძლება გჯეროდეთ, რომ ასეთი დაფიქრების შედეგად თქვენთვის უფრო მეტ რამეს ეფინება ნათელი ან განსაკუთრებულ განათლებას იძენთ. მედიტაცია, რომელსაც ბუდიზმში მიმართავენ, გონების ყოველგვარი ფიქრისგან განთავისუფლებისთვის არის გამიზნული. ამავე დროს, არსებობს მედიტაციის სხვა ისეთი ფორმები, რომლებსაც „სიბრძნის საყოველთაო ჭეშმარიტებებით“ გონების ასავსებად მიმართავენ.
მაგრამ ბიბლიის თვალსაზრისი დაფიქრებასთან დაკავშირებით განსხვავებულია. რა გაგებით? განვიხილოთ ბიბლიური მაგალითი ერთი მამაკაცის, ისაკის, შესახებ, რომელსაც 40 წლის ასაკში ბევრი რამ ჰქონდა დასაფიქრებელი. დაბადების 24:63-ში ნათქვამია: «გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ [„დასაფიქრებლად“ აქ] საღამოხანს». არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისაკმა ყოველგვარი ფიქრისგან გაითავისუფლა გონება ან, უბრალოდ, რაღაც ბუნდოვანი „სიბრძნის საყოველთაო ჭეშმარიტებაზე“ ფიქრობდა. ისაკი, ალბათ, ისეთ განსაკუთრებულ საკითხებზე ფიქრობდა, რაც ეხებოდა მის მომავალს, დედის დაკარგვასა და იმას, თუ ვინ იქნებოდა მისი მეუღლე. მან ამ საღამოს, ალბათ, იმისათვის გამოყო დრო, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე დაფიქრებულიყო. როგორც ბიბლიიდან ჩანს, დაფიქრება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ოცნებას.
დაფიქრება უფრო მეტს გულისხმობს
განვიხილოთ ფსალმუნმომღერალ დავითის მაგალითი. ის ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემებს წააწყდა და კარგად ესმოდა, რომ, როგორც არასრულყოფილ მამაკაცს, ღვთის დახმარება ესაჭიროებოდა, რათა სწორად მოქცეულიყო. რამ გაამაგრა დავითი რთულ ვითარებებში ყოფნის დროს? როგორც ფსალმუნის 18:15-ში არის ჩაწერილი, დავითმა თქვა: «დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი [„ფიქრი“, აქ] ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო». ფიქრად გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა, რომელიც ფუძისეული სიტყვიდან მომდინარეობს, სიტყვასიტყვით „საკუთარ თავთან ლაპარაკს“ ნიშნავს. დიახ, დავითი „საკუთარ თავთან საუბრობდა“ იეჰოვას, მისი ნამოქმედარის, საქმეების, კანონებისა და სამართლიანობის შესახებ (ფსალმუნი 142:5).
მსგავსად ამისა, ადრინდელი ქრისტიანებიც ჭეშმარიტი თაყვანისცემის ნაწილად მიიჩნევდნენ სულიერ საკითხებზე დასაფიქრებლად დროის გამოყოფას. მოციქულმა პავლემ გვირჩია: „ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8). რასაკვირველია, აღმშენებლობითზე რომ ვიფიქროთ, ის „ყოველივე“, რის შესახებაც პავლე საუბრობდა, ჩვენმა გონებამ უნდა მიიღოს. როგორ?
ფსალმუნმომღერალი გვპასუხობს ამ კითხვაზე. ფსალმუნის 1:1, 2-ში ვკითხულობთ: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას. . . უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ“. დიახ, ფსალმუნმომღერალი რეგულარულად კითხულობდა ღვთის რჯულს, რის შემდეგაც შეეძლო დაფიქრებულიყო იმაზე, რაც შემოქმედის შესახებ შეიტყო.
დაფიქრება დღეს
ბიბლიის კითხვა ფასდაუდებელია, მაგრამ წაკითხვის შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ღრმად ჩავუფიქრდეთ ან „საკუთარ თავს ვესაუბროთ“ წაკითხულის შესახებ. მიღებული საკვებიდან რომ სარგებლობა მივიღოთ, საჭიროა მისი გადამუშავება; ამნაირადვე, ბიბლიიდან წაკითხულის გასათავისებლად საჭიროა მასზე დაფიქრება. სათანადოდ დაფიქრება უარყოფითი აზრების თავიდან ამოგდებაზე მეტს გულისხმობს. ის აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიაზე დაყრდნობით პრობლემების გადაჭრა. ამგვარ დაფიქრებას შეუძლია დაგვეხმაროს, წარმატებით გავუმკვლავდეთ ყოველდღიურ ცხოვრების საზრუნავს (მათე 6:25—32).
ფსალმუნმომღერალი დავითი აცნობიერებდა, რამდენად მნიშვნელოვანია დაფიქრება, თუ გვინდა, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ. მან აღნიშნა: „წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ“ (ფსალმუნი 36:30). დიახ, დაფიქრება ერთგული თაყვანისმცემლების დამახასიათებელი ნიშანია. მართლაც რომ დიდი წყალობაა, ღმერთმა მართლად ჩაგვთვალოს, რაც სულიერი კურთხევების მომტანია. მაგალითად, ბიბლია ამბობს, რომ „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18). მაშასადამე, მორჩილ ქრისტიანებს, რომლებიც „სიბრძნეს წარმოთქვამენ“, შეუძლიათ იმის მოლოდინი ჰქონდეთ, რომ გაიღრმავებენ ბიბლიურ ცოდნას.
ბიბლია აგრეთვე ურჩევს ქრისტიანებს, იფიქრონ თავიანთ სულიერ პასუხისმგებლობებზე. პავლე მოციქულმა ტიმოთეს უთხრა: „ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:15, 16). დიახ, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ, შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს სხვებზე.
აშკარაა, ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს, რომ ჩავფიქრდეთ და ჩვენი აზროვნება განსაკუთრებულ საკითხებზე შევაჩეროთ. უაღრესად მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ წარსულში მომხდარ შემთხვევებზე, მიმდინარე მოვლენებზე და ღრმად ჩავუფიქრდეთ ჩვენს მომავალს. რაც ყველაზე მთავარია, დაფიქრების შედეგად უდიდეს განათლებას მივიღებთ, თუ ჩვენს ფიქრებს ჩვენი შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან, მომდინარე სიბრძნისკენ მივმართავთ.
[სურათი 28 გვერდზე]
„მოაზროვნე“ (როდენი).