არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქარიშხლის შემდეგ სამაშველო სამუშაოების ჩატარება საფრანგეთში

ქარიშხლის შემდეგ სამაშველო სამუშაოების ჩატარება საფრანგეთში

ქარიშხლის შემდეგ სამაშველო სამუშაოების ჩატარება საფრანგეთში

ჩვენი კორესპონდენტისგან საფრანგეთში

ფრანსუაზამ კარი გააღო, რომ ბუხარში შესაკეთებლად ხის რამდენიმე ნაჭერი მოეტანა. „თვალებს არ ვუჯერებდი, — იხსენებს ის, — კარის ზღურბლამდე წყალი იყო მოსული და ბაღის ჭიშკრიდან უზარმაზარი ტალღა მოგორავდა. მისმა ქმარმა, ტიერიმ, რომელსაც წყალი კისრამდე სწვდებოდა, გარაჟიდან კიბე მოიტანა. ოჯახი სხვენზე ავიდა, საიდანაც ტიერიმ სახურავზე ასასვლელი შეანგრია. თავიდან ფეხებამდე დასველებული და თავზარდაცემული ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი ოთხი ხანგრძლივი საათის განმავლობაში შველას მოელოდა. ბოლოს საფრანგეთის პოლიციის ვერტმფრენმა მიაგნო მათ ადგილსამყოფელს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

კოკისპირული წვიმების შედეგად ნაპირებიდან გადმოსულმა ადიდებულმა მდინარეებმა დალეწა ჯებირები და დაანგრია ხიდები. ტალახიანმა ტალღებმა, ზოგჯერ 10 მეტრზე მეტ სიმაღლეს რომ აღწევდა, ყველაფერი წალეკა, რაც კი წინ დახვდა. ქარიშხლის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა — თავიანთი მანქანებიდან გადმოსვლა ვერ მოასწრეს ან ძილის დროს დაიხრჩვნენ. ერთმა გადარჩენილმა ქალმა ნოემბრის ეს შემაძრწუნებელი ღამე „აღსასრულს“ შეადარა. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის მთელი რეგიონი — 329 ქალაქი და სოფელი — უბედურების ზონად გამოცხადდა.

უარესი უბედურება ჯერ კიდევ წინ იყო

სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთი ჯერ კიდევ იშუშებდა ჭრილობებს, როცა კვლავ იფეთქა სტიქიურმა უბედურებამ. ატლანტის ოკეანის ზემოთ არსებულმა უაღრესად დაბალმა ატმოსფერულმა წნევამ უძლიერესი ქარები წარმოქმნა. 1999 წლის 26 დეკემბერს პირველმა ძლიერმა ქარმა ჩრდილოეთ საფრანგეთს გადაუქროლა, ხოლო მომდევნო ღამეს მეორემ სამხრეთი ააოხრა. დაფიქსირდა ქარის სიჩქარე, რომელიც საათში 200 კილომეტრს აღემატებოდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, XVII საუკუნის შემდეგ საფრანგეთს ასეთი ქარიშხალი არ უნახავს.

ქარიშხლის ამოვარდნის დროს ელენი რვა თვის ფეხმძიმე იყო. „საშინლად შემეშინდა, — იხსენებს ის, — ჩემი ქმარი მოტოციკლით ბრუნდებოდა შინ. გარეთ გახედვისას დავინახე, რომ ყველა მხრიდან ხის ტოტები ცვიოდა. თავიდან ვერ ვიშორებდი იმ აზრს, რომ ჩემი ქმარი შეიძლება ვერასოდეს მოსწრებოდა თავის შვილს. მან ძლივძლივობით მოაღწია ჩემამდე, როდესაც წყალმა იწყო მატება ჩვენს სახლში. იძულებული გავხდით, ფანჯრიდან გადავმხტარიყავით“.

საფრანგეთში, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ზოგი დაიხრჩო, ზოგი კი სახურავიდან ჩამოცვენილმა კრამიტებმა, საკვამლე მილებისა თუ ხეების დაცემამ იმსხვერპლა. ასობით სხვა ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის — სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამოქალაქო თუ სამხედრო პირები. ქარიშხლებმა მეზობელი ქვეყნებიც დააზარალა: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში მათ 40 ადამიანი შეიწირეს.

შედეგი

საფრანგეთის მეტროპოლიის 96 ადმინისტრაციული ოლქიდან 69 ოფიციალურად „სტიქიური უბედურების ზონად“ გამოცხადდა. ზარალი დაახლოებით 70 მილიარდ ფრანკად (11 მილიარდ დოლარად) შეფასდა. ზოგი ქალაქი, სოფელი და ნავსადგური ისე იყო გაპარტახებული, რომ თვითმხილველებს საომარ ზონას აგონებდა. საავტომობილო და სარკინიგზო გზები წაქცეული ხეებითა და ელექტრობოძებით იყო ჩახერგილი. სახურავები შენობებიდან აგლეჯილიყო, ამწეები გადაყირავებულიყო, ნავები კი სანაპიროზე მიმოფანტულიყო. სათბურებისა და ხილნარების განადგურების გამო ათასობით ადამიანმა, რომლებიც თავს მებაღეობით ირჩენდნენ, საარსებო წყარო დაკარგა.

სულ რაღაც რამდენიმე საათში გრიგალმა საფრანგეთის ათასობით ჰექტარი ტყე და პარკები მიწასთან გაასწორა. საფრანგეთის ტყეების ეროვნული სამმართველოს შეფასების თანახმად, 300 მილიონი ხე განადგურდა. შთამბეჭდავი საუკუნოვანი ხეები ძირფესვიანად იყო ამოგდებული ან ასანთის ღერებივით იყო გადატეხილი. აკვიტანიასა და ლოტარინგიაში ქარმა ტყეებს განადგურებული ხეების უზარმაზარი ზოლი დაამჩნია.

„ქარიშხლის მომდევნო დღეს ტყეში წავედი, — თქვა ბერნარმა, ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მეტყევედ მუშაობს, — ეს გამაოგნებელი იყო. როდესაც ასეთი სურათის წინაშე დგახარ, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე! აქ, ჩემი კრების წევრთა 80 პროცენტი ტყეზეა დამოკიდებული, ვინაიდან ის არის მათი საარსებო წყარო. ხალხი, განსაკუთრებით კი ხანში შესულები, უაღრესად შეძრული არიან“. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ვერსალის სასახლეს ეკუთვნის, 10 000 ხე იყო წაქცეული. „ორი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ პარკს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს“, — ჩიოდა ერთ-ერთი მთავარი მებაღე.

ელექტროხაზების დაზიანების შემდეგ საფრანგეთის მოსახლეობის ერთ მეექვსედზე მეტი სიბნელეში აღმოჩნდა. კომუნალური სამსახურების მიერ გაწეული გმირული ძალისხმევის მიუხედავად, ქარიშხლიდან ორი კვირის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი ჯერ კიდევ რჩებოდა დენისა და სატელეფონო მომსახურების გარეშე. ზოგი პატარა სოფელი სრულიად გამოეთიშა გარემოს. ოჯახები, რომლებიც იძულებული იყვნენ, ჭიდან ამოეღოთ წყალი და სანთლები გამოეყენებინათ, თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ასი წლის წინათ ცხოვრობდნენ, და არა XXI საუკუნის ზღურბლზე.

ქარიშხალმა არც საზოგადოებრივი შენობები და არც ციხე-სიმაგრეები თუ ტაძრები დაინდო. უამრავი რელიგიური ნაგებობა, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა 15 სამეფო დარბაზი, დაზიანდა. შეხვედრები ზოგან სანთლის ან ნავთის ლამპის შუქზე ტარდებოდა.

იეჰოვას მოწმეთა თითქმის 2 000 ოჯახს ქარიშხალმა ზარალი მიაყენა, დაწყებული წაქცეული ხეებით ან სახურავებიდან აყრილი კრამიტებით, დამთავრებული ნაპირებიდან მდინარეების გადმოსვლისას სრულიად დანგრეული სახლებით. რამდენიმე მოწმე დაშავდა. სამწუხაროდ, შარანტის დეპარტამენტში 77 წლის მოწმე დაიხრჩო საკუთარი ცოლის თვალწინ, რომელსაც მისი შველა არ შეეძლო. სხვებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს. 70 წლის ჟილბერი იხსენებს: „სასწაულებრივად გადავრჩი. კარი შემოინგრა და ტალღები წარმოუდგენელი ძალით შემოვარდა. მაშინვე მეტრ-ნახევრის სიმაღლის წყალში აღმოვჩნდი. გადამარჩინა იმან, რომ ჩემს გარდერობს ჩავეჭიდე“.

საჭირო დახმარების აღმოჩენა

საფრანგეთსა და მთელ ევროპაში ქარიშხალმა ადამიანები უჩვეულოდ გააერთიანა. გაზეთი „მიდი ლიბრი“ შენიშნავდა: „არის დრო, როდესაც ქველმოქმედება თითქმის სავალდებულოა, სულერთია, სპონტანურია ის, მეგობრული გრძნობებიდან გამომდინარეობს თუ სინდისის კარნახით ხდება“.

ქარიშხლის გადავლისთანავე შეიქმნა იეჰოვას მოწმეთა სამაშველო კომიტეტები, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ როგორც ადგილობრივი კრებების წევრებს, ისე სხვებსაც, ვინც სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა. რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტებმა, რომლებიც, ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზების მშენებლობას ხელმძღვანელობენ, მოხალისეებისგან შემდგარ ჯგუფს გაუწიეს ორგანიზება. ნოემბერში სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი ქარიშხლის შემდეგ 3 000-მა მოწმემ მიიღო მონაწილეობა მაშველ და გამწმენდ სამუშაოებში; სტიქიური უბედურების მსხვერპლთ ისინი ლაფისა და წყლისგან დატბორილი სახლების გასუფთავებაში ეხმარებოდნენ. მოწმეები ერთ-ერთი პირველთაგანნი იყვნენ მათ შორის, რომლებიც ზოგ სოფელში მოხალისეებად გაეშურნენ. მოწმეებმა გაასუფთავეს ისეთი საზოგადოებრივი შენობები, როგორიცაა, მაგალითად, სკოლები, საფოსტო განყოფილებები, რატუშები, მოხუცებულთა სახლები და სასაფლაოც კი. ბევრ შემთხვევაში ისინი სამაშველო ჯგუფების გვერდიგვერდ მუშაობდნენ.

დახმარება აღმოუჩინეს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა. „სოფლის მღვდელს დავეხმარეთ. ჩვენ მისი სახლის სარდაფი გავწმინდეთ“, — შენიშნა ერთმა მოწმემ. მათ შესახებ, ვინც მოწმეების მიერ აღმოჩენილი დახმარებით ისარგებლეს, მან დასძინა: „ხალხი ისე გვიყურებდა, თითქოს მათ დასახსნელად ციდან დავეშვით“. ერთმა თანამდებობის პირმა თქვა: „თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არის სახარების კითხვისა და მოყვასის დახმარების მათებრი გზა. მე ვფიქრობ, რომ ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც სახარებისა და თავიანთი რელიგიის მიხედვით ცხოვრობენ“. მოწმემ, რომელიც მოხალისედ მუშაობდა, აღნიშნა: „გული გეწევა, რომ მიხვიდე და ადამიანებს ამის მსგავსი დახმარება აღმოუჩინო. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ მოყვასისთვის რამის გაკეთება შეგიძლია“.

დეკემბერში ამოვარდნილი ორი ქარიშხლის შემდეგ მოწმეთა უამრავ ოჯახს თანაქრისტიან ძმებთან რამდენიმე დღის განმავლობაში არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მიმომსვლელი ზედამხედველებისა და ადგილობრივი უხუცესების მეთვალყურეობით მოხდა დახმარების ორგანიზება. ჩახერგილი გზებისა და მწყობრიდან გამოსული სატელეფონო ხაზების გამო ზოგჯერ სულ რამდენიმე კილომეტრში მცხოვრებ მეგობრებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ხეების დაცემის დიდი საფრთხის მიუხედავად, თავიანთი კრების იზოლირებული წევრების დასახმარებლად ზოგმა მოწმემ ფეხით ან ველოსიპედით გადაკვეთა გაჩანაგებული ტყეები. სკოლების, ბიბლიოთეკების, დასაბანაკებელი ადგილებისა და მეზობელთა სახლების გასაწმენდად და ტყის ჩახერგილი ბილიკების გასათავისუფლებლად მოხალისეებმა კიდევ ერთხელ მძიმედ იშრომეს.

სიყვარულის გარემოცვაში

ამ კატასტროფების ბევრი მსხვერპლი, განსაკუთრებით პატარა ბავშვები და ხანში შესულები, ღრმად იყო შეძრული ამ შემთხვევით. მათ, რომლებმაც სახლები ან საყვარელი ადამიანები დაკარგეს, თავიანთი ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დასაბრუნებლად დიდი დრო და ოჯახისა და მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდებათ. ოდის დეპარტამენტში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დ-რ გაბრიელ კოტენმა, ფსიქო-სამედიცინო სასწრაფო დახმარების კომიტეტის წევრმა, აღნიშნა: „აგრეთვე დიდად სასარგებლოა ნებისმიერი მხარდაჭერა იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც იმავე რელიგიური მიმდინარეობის წევრები არიან, რომელსაც მსხვერპლი ეკუთვნის“.

იეჰოვას მოწმეები ასეთი დახმარების აღმოჩენას ზნეობრივ და ბიბლიურ მოვალეობად თვლიან. „არ იყოს განხეთქილება სხეულში [ჭეშმარიტ ქრისტიანულ საზოგადოებაში], — განაცხადა პავლე მოციქულმა, — ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება“ (1 კორინთელთა 12:25, 26).

„ქარიშხლის გადავლიდან რამდენიმე საათში უამრავი ქრისტიანი და-ძმა მოვიდა ჩვენთან, რათა ყველაფრის გაწმენდაში დაგვხმარებოდნენ, — ამბობს ზემოხსენებული ელენი, რომელიც ამჟამად სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას დედაა, — ის მოწმეებიც კი მოვიდნენ ჩვენ დასახმარებლად, რომლებიც ქარიშხლისგან თავად იყვნენ დაზარალებული. ეს დახმარება ძალზე შესანიშნავი იყო — ის იყო ნებაყოფლობითი და მთელი გულიდან გამომდინარე!“.

ოდეტმა, რომლის სახლიც წყალდიდობის დროს დაინგრა, თანაქრისტიანი მოწმეების შესახებ თქვა: „მათ დიდად მანუგეშეს. არ შემიძლია იმის თქმა, რასაც ვგრძნობ. ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩემთვის“. სხვამ მრავალთა გრძნობები მადლიერების ასეთი სიტყვებით შეაჯამა: „ჩვენ ნამდვილად სიყვარულით ვართ გარემოცული!“.

[ჩარჩო⁄სურათი 27, 27 გვერდებზე]

„შავი დინება“

დეკემბრის შუა რიცხვებში, ზუსტად ქარიშხლების დაწყებამდე, საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 50 კილომეტრში, სუპერტანკერი „ერიკა“ აღელვებულ ზღვაში ჩაიძირა, რის შედეგადაც წყალში 10 000 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. 400 კილომეტრის მანძილზე სანაპირო ზოლი ბრეტანიდან ვანდეამდე დაბინძურდა. ქარიშხალმა გაამწვავა ეს ეკოლოგიური კატასტროფა იმით, რომ ნავთობი უამრავ პატარა ბლანტ ფენად გაფანტა, რითაც დაბინძურება განავრცო და მისი თავიდან აცილება ბევრად უფრო გააძნელა. ათასობით მოხალისე, დიდი თუ პატარა, მოვიდა მთელი საფრანგეთიდან, რათა ამ ბლანტი საწვავისგან ქვებისა და ქვიშის გაწმენდაში აღმოეჩინათ დახმარება.

ამ კატასტროფამ ზღვისპირა რაიონის სერიოზული ეკოლოგიური დაბინძურება გამოიწვია. ხამანწკისა და მოლუსკების მრეწველობა დიდად დაზიანდა. ორნითოლოგების თქმით, სულ მცირე, ზღვის 400 000 ფრინველი დაიხოცა — ცულთავები, შავკისერა მურტალები, ატლანტური რეგვენები და განსაკუთრებით კი წვრილნისკარტა კაირები. ეს რიცხვი ათჯერ აღემატება 1978 წლის მარტში ბრეტანში სუპერტანკერ „ამოკო კადისის“ მეჩეჩზე დაჯდომის შემდეგ დახოცილი ფრინველების რიცხვს. ბევრი ფრინველი საფრანგეთის სანაპიროებზე იზამთრებდა ინგლისიდან, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან მიგრაციის შემდეგ. როშფორის ფრინველთა დაცვის ლიგის დირექტორი აღნიშნავდა: „ეს ნავთობის კატასტროფული ფენაა. ეს გაცილებით უარესია იმაზე, რაც კი ოდესმე გვიხილავს. . . ვშიშობთ, რომ ფრინველების იშვიათი სახეობები შემცირდება ან საერთოდ გადაშენდება კიდეც საფრანგეთის ნაპირებიდან“.

[საავტორო უფლება]

© La Marine Nationale, France

[სურათები 23 გვერდზე]

ასობით ადამიანი გადაარჩინეს ვერტმფრენით, როგორც აქ, კიუჟაკ დ’ოდში.

[საავტორო უფლება]

B.I.M.

[სურათები 23 გვერდზე]

ამჟამად უსარგებლო სარკინიგზო ხაზი გაპარტახებულ ვენახებს შორის გდია.

[საავტორო უფლება]

B.I.M.

[სურათები 23 გვერდზე]

ათასობით დალეწილი მანქანა აქა-იქ არის მიმოფანტული.

[სურათი 24 გვერდზე]

ვილდენში ეს მამაკაცი შვიდი საათის განმავლობაში იყო მომწყვდეული.

[საავტორო უფლება]

J.-M Colombier

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ფიჭვის ხეები ასანთის ღერებივით იყო გადამტვრეული კრეზის დეპარტამენტში.

[საავტორო უფლება]

© Chareyton/La Montagne/MAXPPP

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ჯერ მარტო ვერსალის სასახლის ბაღებში 10 000 ხე იყო წაქცეული.

[საავტორო უფლება]

© Charles Platiau/Reuters/MAXPPP

[სურათი 24 გვერდზე]

მომდევნო დილა სენ-პიერ-სიურ-დივში (ნორმანდია).

[საავტორო უფლება]

© M. Daniau/AFP

[სურათები 26 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეთა ჯგუფები ასუფთავებენ მოხუცებულთა სახლს ლა რედორტში (ზემოთ) და რესაკ დ’ოდის რატუშას (მარჯვნივ).