არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, არ მოექცნენ „სიკვდილის კულტის“ გავლენის ქვეშ

როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, არ მოექცნენ „სიკვდილის კულტის“ გავლენის ქვეშ

როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, არ მოექცნენ „სიკვდილის კულტის“ გავლენის ქვეშ

რით აიხსნება დღეს ახალგაზრდებისთვის სიკვდილის თემის მიმზიდველობა? ილინოისის შტატის (აშშ) წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჰენრი ჰაიდმა, თქვა: „ამ ახალგაზრდებში არსებული სულიერი ვაკუუმი სიკვდილისა და ძალადობის კულტით ივსება“.

„ტაიმის“ ერთ-ერთმა მკითხველმა დაწერა: „დღევანდელ ახალგაზრდებს შორის სიკვდილის კულტის პოპულარობაში ზარმაცი მშობლები, ძალადობით აღვსილი გართობა და მორალური და სულიერი სისუსტეა პასუხისმგებელი“.

მეორე უდიდესი პრობლემა, რომელიც მოზარდებს აწუხებთ, მარტოობაა. ზოგიერთის მშობლები მუშაობენ და დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ, სხვებს კი მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მოზარდები შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად დაახლოებით 3,5 საათს ატარებენ მარტო და 60-იანი წლების ახალგაზრდებთან შედარებით ყოველკვირეულად თავიანთ მშობლებთან ერთად 11 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ. ფაქტობრივად, მშობლების მხრიდან ზოგი ახალგაზრდა არანაირ თანადგომასა და ემოციურ მხარდაჭერას არ იღებს.

რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს

იმ „სულიერი ვაკუუმის“ გათვალისწინებით, რომელსაც ახალგაზრდები ებრძვიან, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების როლი შვილების კეთილდღეობისთვის ზრუნვაში? გონიერ მშობლებს ესმით, რომ ერთი მხრივ, მათ შვილებს ჯანსაღი გართობა ესაჭიროებათ, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებენ. სიყვარულით აღსავსე მზრუნველ მშობლებს შეუძლიათ ესაუბრონ თავიანთ შვილებს იმის შესახებ, თუ როგორ მუსიკას, სატელევიზიო გადაცემებს, ვიდეოფილმებს, მხატვრულ ლიტერატურას, ვიდეოთამაშებსა და კინოფილმებს ანიჭებენ უპირატესობას ისინი. ახალგაზრდები შეიძლება არ გამოხატავდნენ, მაგრამ მრავალ მათგანს ძლიერ სურს, თავისი მშობლების მხრიდან იგრძნოს სითბო და მიიღოს სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობა. მათ ნათელი და პირდაპირი პასუხები ესაჭიროებათ, ვინაიდან გაურკვევლობით აღსავსე მსოფლიოში ცხოვრობენ. უფროსებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვები ბევრად უფრო რთულ პრობლემებს აწყდებიან დღევანდელ სამყაროში, ვიდრე თვითონ ხვდებოდნენ ახალგაზრდობისას.

მშობლები, რომელთაც თავიანთი შვილების დაცვა სურთ, რეგულარულად ისაუბრებენ შვილებთან, ყურადღებით მოუსმენენ და დღევანდელ ცხოვრებაში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილებენ. როდესაც მშობლები მტკიცე საზღვრებს უდგენენ და როგორც მტკიცენი და გონიერნი, ისე მოსიყვარულენი არიან თავიანთი შვილების მიმართ, ჩვეულებრივ, კარგ შედეგებს მოიმკიან (მათე 5:37).

იეჰოვას მოწმე მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ თავიანთ შვილებთან რეგულარულად ისაუბრონ ბიბლიის, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და ვიდეოფილმების გამოყენებით *. ისინი ამ შემთხვევებს არა დასატუქსავად, არამედ უფრო სულიერად აღმშენებლობითი საკითხების განსახილველად იყენებენ. ასეთ ოჯახურ შეხვედრებზე ისინი იმ პრობლემებისა თუ ამოცანების შესახებ ისმენენ, რომელთა წინაშეც დგას მათი ბავშვი; ამგვარად, მოზარდებს საშუალება ეძლევათ, უშუალოდ მიიღონ დახმარება მშობლებისგან.

ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი მშობლებისგან ვერ იღებენ სულიერ ხელმძღვანელობას, შეიძლება ძალა შემატოს ფსალმუნის 26:10-მა, სადაც ნათქვამია: „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე“. როგორ ეხმარება ახალგაზრდებს იეჰოვა, გულმოწყალების მამა? იეჰოვას მოწმეთა კრებები წარმოადგენს თავშესაფარს, სადაც სხვა ადამიანების მხრიდან ბევრმა სიყვარული იგრძნო და თუკი რამე ეჭვი ჰქონდათ, გაეფანტათ. ახალგაზრდა კაცი, სახელად ხოსიასი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ეს, შენიშნავს: „იეჰოვას ორგანიზაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ვფიქრობდი, სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. ვცხოვრობდი უმიზნოდ, უიმედოდ. იმის ცოდნამ კი, რომ მარტო არა ვარ, სრულიად შეცვალა ჩემი სიცოცხლე. ძმებში ჩემი ახალი ოჯახი დავინახე. უხუცესებისა და ოჯახებისგან კრებაში იმდენად დიდი ემოციური მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ შეიძლება ღუზას შევადარო“.

ფაქტობრივად, იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით ბევრმა ახალგაზრდამ და უფროსი ასაკის ადამიანმა თავისი გონებრივი და სულიერი ჯანმრთელობა გაიუმჯობესა. ამ დადებითი შედეგის შესახებ ანთროპოლოგი პატრიცია ფორტუნი თავის ნარკვევში „იეჰოვას მოწმეები — რელიგიური არჩევანი ათასწლეულის დასასრულთან შესახვედრად“ შენიშნავს: „იეჰოვას მოწმეები გვთავაზობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ წესთა ნათელ და გასაგებ სისტემას, ზუსტ კოდექსს, რომელიც გამოიყენება როგორც აზროვნების ჩამოსაყალიბებლად, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ“. აქ ნახსენები „წესთა სისტემა“ და „კოდექსი“ ბიბლიას ეფუძნება. ამიტომ, თუმცა იეჰოვას მოწმეებიც ხვდებიან იმავე პრობლემებს და განიცდიან იმავე ზეწოლას, რასაც სხვები, მათ ამ უძველესი წიგნის უნიკალური სიბრძნე აძლიერებს. დიახ, მოწმეები თავშესაფარს პოულობენ ბიბლიის ნათელ სწავლებებსა და პრინციპებში.

როდესაც „აღარ იქნება სიკვდილი“

იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში გადმოცემული სწავლება კვლავ და კვლავ ამახვილებს ყურადღებას ღვთის დანაპირებზე ახალი ქვეყნიერების შესახებ, რომელიც მალე დადგება. ბიბლია ამბობს, რომ მასში ‘დამკვიდრდება სიმართლე’ და „არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (2 პეტრე 3:13; მიქა 4:4). უფრო მეტიც, ესაია წინასწარმეტყველმა ჩაწერა, რომ ღმერთი შემდეგ „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“. სიკვდილმა, როგორც პირველი მამაკაცის, ადამის, მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგმა, ზიანი მოუტანა ადამიანთა ოჯახს, მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ მალე „აღარ იქნება სიკვდილი“ (ესაია 25:8; გამოცხადება 21:3, 4; რომაელთა 5:12).

თუ ახალგაზრდა ხარ და გესაჭიროება დახმარება, ბიბლიის მეშვეობით იმედისა და სიცოცხლის საფუძვლის პოვნას გთავაზობთ. იეჰოვას მოწმეთა დახმარებით შეგიძლია იქონიო საუკეთესო დროის იმედი — დროის, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ვიდეოფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გადაიღო, ამჟამად მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი და ახალგაზრდებს პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს.

[სურათი 9 გვერდზე]

მშობლებმა უნდა გამოყონ დრო, რათა ყურადღებით მოუსმინონ თავიანთ შვილებს და ჩასწვდნენ მათ პრობლემებს.