არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უწყობს ხელს „სიკვდილის კულტის“ გავრცელებას?

რა უწყობს ხელს „სიკვდილის კულტის“ გავრცელებას?

რა უწყობს ხელს „სიკვდილის კულტის“ გავრცელებას?

„ათასობით კილომეტრი აშორებს კოსოვოს პატარა ტრავმირებულ ლტოლვილებსა და ძალადობისა და სხვა მტკივნეული შემთხვევების მსხვერპლად ქცეულ ამერიკელ ბავშვებს, მაგრამ მათი გრძნობები დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან“ (მარკ კოფმენი, „ვაშინგტონ პოსტი“).

გვინდა თუ არა, პირდაპირ თუ ირიბად, სიკვდილი ყოველ ჩვენგანზე ახდენს გავლენას, სულერთია, სად ვცხოვრობთ — კონფლიქტებისგან გაწამებულ თუ შედარებით სტაბილურ ქვეყანაში.

„სიკვდილის კულტი“ შეიძლება დღეს დეპრესიის, სულიერი ტანჯვის, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების, აბორტების, საკუთარი თავის მიმართ მავნებლური ქცევის, თვითმკვლელობისა და მასობრივი მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებში გამოვლინდეს. სიკვდილის თემით მანიპულირების თაობაზე სან-ანტონიოს (ტეხასი, აშშ) ტრინიტის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის კათედრის პროფესორმა მაიკლ კერლმა ახსნა: „ჩვენი მეოცე საუკუნის უკანასკნელი წლების გადასახედიდან ვხედავთ, რომ. . . სიკვდილს სულ უფრო და უფრო მეტად მიიჩნევენ მთავარ აღმძვრელ ძალად, რომელიც საფუძვლად უდევს ცხოვრებას, სიცოცხლისუნარიანობასა და საზოგადოებრივი წყობილების სტრუქტურას. სიკვდილია ჩვენი რელიგიების, ფილოსოფიების, პოლიტიკური იდეოლოგიების, ხელოვნებისა და სამედიცინო ტექნოლოგიის შთაგონების წყარო. ადამიანებს ის გაზეთების საყიდლად და სადაზღვევო პოლისის შესაძენად აღძრავს, აცოცხლებს ჩვენი ტელეპროგრამების სიუჟეტებს და. . . ჩვენს მრეწველობასაც კი სტიმულს აძლევს“. მოდი განვიხილოთ იმის ზოგი მაგალითი, თუ როგორ მჟღავნდება ჩვენს დროში სიკვდილის კულტად წოდებული ეს ფენომენი.

იარაღის გაყიდვა

„სიკვდილის კულტის“ არსებობას იარაღის ყოველდღიური გაყიდვა ადასტურებს. შეიარაღება ჯარისკაცების დასახოცად არის გამიზნული, მაგრამ, უმთავრესად, იხოცებიან მოქალაქეები, მათ შორის უდანაშაულო ქალები და ბავშვები. სამოქალაქო თუ სხვა ომი სიცოცხლეს ყოველთვის აუფასურებს. რა ჯდება მკვლელისა თუ სნაიპერის ტყვია?

ზოგ ქვეყანაში საზოგადოებას ადვილად მიუწვდება ხელი იარაღზე, ამას კი როგორც ცალკეული პირების, ასევე ადამიანთა ჯგუფების მკვლელობის თავზარდამცემი და გაუთავებელი ზრდა მოჰყვება. ლიტლტონის (კოლორადოს შტატი) საშუალო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იარაღის ფართოდ გაყიდვისა და არასრულწლოვანთათვის მათი ადვილად ხელმისაწვდომობის გამო პროტესტს გამოთქვამდნენ. შეერთებულ შტატებში ძალმომრეობის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების რიცხვი შემაშფოთებელია — ჟურნალ „ნიუსუიკის“ თანახმად, კვირაში საშუალოდ 40 ახალგაზრდა. აქედან თითქმის 90 პროცენტი იარაღმა იმსხვერპლა. ეს მაჩვენებელი წელიწადში ლიტლტონის შემთხვევის მსგავს 150 ინციდენტს უტოლდება!

გართობის სამყარო

კინოფილმებში სიკვდილის თემას იყენებენ. მაგალითად, ფილმების სიუჟეტებში შეიძლება მიმზიდველი ფორმით წარმოადგინონ უზნეობა, ძალადობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა ან ორგანიზებული დამნაშავეობა, და ამგვარად სიცოცხლისა და ზნეობრივი პრინციპების ფასეულობა შეამცირონ. არსებობს ფილმები, რომლებშიც სიკვდილი რომანტიზებულიც კი არის — აღწერილია მითი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელებისა და გარდაცვლილის ცოცხლებთან მოჩვენებითი დაბრუნების შესახებ — რაც სიკვდილს მხოლოდ ტრივიალურს ხდის.

იგივეს თქმა შეიძლება ზოგი სატელევიზიო პროგრამისა და მუსიკის შესახებ. ახალ ამბებში ნათქვამი იყო, რომ ახალგაზრდა ლიტლტონელი მკვლელები როკ-მომღერლის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ — როკ-მომღერლისა, რომელიც „ჰერმაფროდიტობით, სატანური გამოსახულებების გამოყენებით“ და „ამბოხებისა და სიკვდილის თემებზე“ მიძღვნილი სიმღერებით გახდა ცნობილი.

შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დაცვის მიზნით ისეთი მასალის ყურებისგან, რომელსაც მათზე საზიანო ზემოქმედების მოხდენა შეეძლო, სატელევიზიო გადაცემების შეფასების მეთოდი გადაისინჯა. ამას კი საპირისპირო შედეგი მოჰყვა. „ნიუსუიკში“ ჯონათან ალტერი ამ გადასინჯვის თაობაზე შენიშნავდა, რომ ამით „ბავშვებს შეიძლება უფრო მეტად გაუჩნდეთ აკრძალული ხილის გასინჯვის სურვილი“. მან დასძინა, რომ იმ ადამიანების შესარცხვენად და დასავალდებულებლად, რომელთაც მასმედიაში ძალადობის შეტანის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, პრეზიდენტმა ქლინთონმა «საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ყველა იმ დიდი კომპანიის (და მათი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელების) სახელები, რომლებიც უშვებენ არა მხოლოდ „განგსტა-რეპის“ ჩანაწერებსა და ისეთ კინოფილმებს, რომელშიც ძალადობა და ცივი იარაღის გამოყენება ფართოდ არის წარმოდგენილი, არამედ ისეთი კომპიუტერული თამაშების პროგრამასაც კი, რომლითაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, „ფაქტობრივად“ მოკლან კიდეც ადამიანები».

სიკვდილი ვიდეოთამაშებსა და ინტერნეტში

თავის წიგნში (The Deathmatch Manifesto) რობერტ უორინგი აანალიზებს ეგრეთ წოდებულ „სასიკვდილო პაექრობათა“ თამაშების პოპულარობას მოზარდებს შორის *. მ-რ უორინგს სჯერა, რომ მოთამაშეთა არალეგალური საზოგადოების გაჩენა ამ ფენომენმა გამოიწვია. ამ თამაშებს ნამდვილად აქვთ ეფექტი, მაგრამ არა საგანმანათლებლო, არამედ დამღუპველი — მოზარდები მკვლელობას სწავლობენ. „მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ცოცხალ მოწინააღმდეგესთან თამაში და საკუთარი თავის გამოჩენის მცდელობა მოთამაშეს სულ უფრო და უფრო ახელებს. ამ პროცესში ჩართვა ნამდვილად ადვილია“, — შენიშნავს უორინგი. სტერეოსკოპული სცენარის ზემოქმედებით, რომელიც სისხლიანი ბრძოლების მხატვრული გაფორმებისთვის არის განკუთვნილი, მოზარდები ხაფანგში ებმებიან. თუ ინტერნეტში შესვლის საშუალება არა აქვთ, ზოგი ვიდეოთამაშების პროგრამებს ყიდულობს, რათა სახლში ტელევიზორის საშუალებით ითამაშოს. სხვები, ჩვეულებისამებრ, მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც ვიდეოთამაშებისთვის განკუთვნილ ავტომატებს ქირაობენ და მოწინააღმდეგეებს „ფაქტობრივ“ სასიკვდილო ბრძოლას უმართავენ.

თუმცა „სასიკვდილო პაექრობათა“ თამაშების კლასიფიკაცია მოთამაშის ასაკის მიხედვით დგინდება, ფაქტია, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინება ნაკლებად ხდება. შეერთებულ შტატებში მცხოვრები თოთხმეტი წლის ედი შენიშნავს: „ჩვეულებრივ, ადამიანები გეუბნებიან, რომ ჯერ საკმაოდ დიდი არა ხარ, მაგრამ ისინი არ გიშლიან [თამაშის] შეძენას“. ამ ბიჭს აქვს ერთი თამაში, სადაც წამდაუწუმ ისვრიან. თუმცა მისმა მშობლებმა ეს იციან და არ მოსწონთ, იშვიათად ამოწმებენ, თამაშობს თუ არა მათი ვაჟი. ერთი მოზარდი ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ჩვენი თაობა ნებისმიერ სხვა თაობაზე ბევრად უფრო უგრძნობია ძალადობის მიმართ. ბავშვებს ახლა მშობლებზე უფრო მეტად ტელევიზია ზრდის და ის უწყობს ხელს ბავშვებში ძალმომრეობის ფანტაზიების განვითარებას“. „ნიუსუიკში“ ჯონ ლილანდი წერდა: „სულ მცირე 11 მილიონ მოზარდს აქვს ამჟამად ინტერნეტში შესვლის საშუალება [შეერთებულ შტატებში], რითაც უფრო და უფრო მეტი მოზარდის ცხოვრების წესი ბევრი მშობლისთვის გაუკონტროლებელი ხდება“.

სიკვდილამდე მიმყვანი ცხოვრების წესი

რის თქმა შეიძლება ადამიანების ქცევაზე „სასიკვდილო პაექრობათა“ თამაშებისა და ძალმომრეობითი ფილმების სამყაროს მიღმა? თუმცა რეალურ ცხოვრებაში უჩვეულო ქმნილებებთან სასიკვდილო ბრძოლაში ჩაბმა არ გვიწევს, ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი მომაკვდინებელია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამ პროცესის შეჩერებას, ჯანდაცვის სისტემები და სხვა ავტორიტეტული პირები თამბაქოს წევასთან და ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ყველას აფრთხილებენ, სულ უფრო მეტი და მეტი ხდება ასეთი მოქმედების მსხვერპლი. ბევრ შემთხვევაში ამას ნაადრევი სიკვდილი მოსდევს. უკანონო მოგების მიღებისთვის დიდი ბიზნესის მაგნატები და ნარკოტიკებით მოვაჭრეები თავიანთ სასარგებლოდ განაგრძობენ ადამიანების საზრუნავის, უიმედობისა და სულიერი სიღარიბის გამოყენებას.

ვინ დგას ყოველივე ამის უკან?

თვლის თუ არა ბიბლია სიკვდილს გართობისთვის შესაფერის თემად? გამართლებულია თუ არა ცხოვრების ის წესი, რომელსაც შეუძლია სიკვდილამდე მიგვიყვანოს? არა. პავლე მოციქულის მსგავსი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა „მტერი“ (1 კორინთელთა 15:26). ქრისტიანები არ მიიჩნევენ სიკვდილს, როგორც რაღაც მიმზიდველსა და გასართობს, არამედ როგორც არაბუნებრივ მოვლენას, ღვთის წინააღმდეგ აჯანყებისა და ცოდვის პირდაპირ შედეგს (რომაელთა 5:12; 6:23). სიკვდილი არასოდეს ყოფილა ადამიანის მიმართ ღვთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი.

სატანაზე ნათქვამია, რომ მას აქვს „სიკვდილის ხელმწიფება“. მას ეწოდება „კაცისმკვლელი“ არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ პირდაპირი გაგებით კლავს, არამედ იმის გამო, რომ ის ამას აკეთებს ტყუილის მეშვეობით; ადამიანებს ცოდვის ჩასადენად აღძრავს, გარყვნილებამდე და შემდეგ სიკვდილამდე მიმყვან მოქმედებებს უწყობს ხელს და მამაკაცების, ქალებისა და თვით ბავშვების გონებასა და გულშიც კი სისასტიკეს ავითარებს (ებრაელთა 2:14, 15; იოანე 8:44; 2 კორინთელთა 11:3; იაკობი 4:1, 2). მაგრამ ახალგაზრდები რატომ წარმოადგენენ მთავარ სამიზნეს? რის გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად?

[სქოლიო]

^ აბზ. 13 „სასიკვდილო პაექრობებში, — შენიშნავს ეს მიმოხილვა, — მოთამაშენი აღძრული არიან დახოცონ ერთიმეორე ქსელის სტერეოსკოპულ თამაშებში“.

[სურათი 7 გვერდზე]

„ჩვენი თაობა ნებისმიერ სხვა თაობაზე ბევრად უფრო უგრძნობია ძალადობის მიმართ“.