დაეკარგა ფასი სიცოცხლეს?
დაეკარგა ფასი სიცოცხლეს?
„ეს არის მსოფლიო, სადაც სიცოცხლე გაუფასურდა. ადამიანი შეიძლება რამდენიმე ასეულ გირვანქა სტერლინგად მოკლან და, რაც ძალზე საინტერესოა, არც ამ სამსახურის გაწევის მსურველთა ნაკლებობა არსებობს („სკოტსმენი“).
1999 წლის აპრილში მთელი მსოფლიო შეძრა ორი მოზარდის მიერ კოლამბაინის საშუალო სკოლაში, ლიტლტონში (კოლორადოს შტატი, აშშ), ჩადენილმა სისასტიკემ, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ ცხადყო, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ჰქონდა ვებ გვერდი, რომელშიც ეწერა: „მკვდრები არ კამათობენ!“. ტრაგედიის დროს ორივე თავდამსხმელი დაიღუპა.
მკვლელობა ყველგან ხდება და ძალმომრეობის შედეგად ყოველდღე უამრავი ადამიანი იხოცება. 1995 წელს მკვლელობების მხრივ სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია — 100 000 მოსახლეზე 75 მკვლელობა იყო ჩადენილი. სიცოცხლე განსაკუთრებით გაუფასურებულია სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც 1997 წელს პოლიტიკური მიზეზების გამო 6 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დაქირავებული ბოროტმოქმედების მიერ ჩადენილი მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამ ქვეყნის შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია: „გამაოგნებელია, მაგრამ ბავშვების მკვლელობის ფაქტებმაც იმატა: 1996 წელს 4 322 ბავშვი იქნა მოკლული, რაც მხოლოდ ორ წელიწადში 40-პროცენტიან ზრდაზე მეტყველებს“. თავად ბავშვებიც კი მკვლელები ხდებიან — თანატოლებისა თუ საკუთარი მშობლების. სიცოცხლე ნამდვილად გაუფასურდა.
რატომ არსებობს „სიკვდილის კულტი“?
რას ცხადყოფს ეს ფაქტები და ციფრები? სიცოცხლისადმი უპატივცემულობის ზრდას. ძალაუფლების მოყვარული და ფულზე დახარბებული ადამიანები უყოყმანოდ სჩადიან მკვლელობას. ნარკობოსები მთელი ოჯახების ამოწყვეტის განკარგულებებს იძლევიან. ისინი „ამსუბუქებენ“ თავიანთ მიერ წინასწარი განზრახვით ჩადენილ მკვლელობებს ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა, მაგალითად, მიზანში ამოღებულ მსხვერპლზე „დარტყმის მიყენება“, მათი „მოცილება“, „მოშორება“ ან „გზიდან ჩამოშორება“. გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას ამ არასასურველ ხარკში თავისი წვლილი
შეაქვს და ადამიანის სიცოცხლეს კიდევ უფრო აუფასურებს. ამის შედეგად, მკვლელობა მსოფლიო სატელევიზიო არხების ახალი ამბების ყოველდღიურ თემად არის ქცეული.დაამატეთ ამას ძალადობა და დასახიჩრება, რომელსაც ტელევიზიასა თუ კინოეკრანებზე განადიდებენ, და თვალწინ ისეთი სურათი წარმოგიდგებათ, რომ ადამიანთა საზოგადოება ჩაძირულია საშინელ მიმდინარეობაში, რომლის ყურადღების ცენტრში სიკვდილია. ამის თაობაზე ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: „XX საუკუნის მეორე ნახევარში სიკვდილი უჩვეულოდ პოპულარული გახდა. მანამდე, ცოტა არ იყოს, საოცარიც კი იყო, რომ ამ თემას ძირითადად ერიდებოდნენ სერიოზულ სამეცნიერო და, შედარებით უფრო ნაკლებად, ფილოსოფიურ თეორიებში“. კულტურის ანთროპოლოგიის დარგში კატალონიელი პროფესორის, ხოსე ფერიკგლას სიტყვების თანახმად, „სიკვდილი გახდა ჩვენს საზოგადოებაზე მოქმედი უკანასკნელი ტაბუდადებული თემა, და ამიტომაც დღეს იდეოლოგიური მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს“.
შეიძლება ითქვას, რომ „სიკვდილის კულტს“ ყველაზე მეტად ახასიათებს ის გავრცელებული შეხედულება, რომ ძალაუფლება, ბატონობა, ფული და სიამოვნება ადამიანის სიცოცხლეზე და ზნეობრივ ფასეულობებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
როგორ ვრცელდება ეს „სიკვდილის კულტი“? რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მის უარყოფით ზეგავლენას, რომელიც რეალურ საშიშროებას ქმნის და მათ შვილებზე მოქმედებს? ეს ის ზოგიერთი კითხვაა, რომელთაც პასუხი მომდევნო სტატიებში გაეცემა.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
რა ღირს სიცოცხლე?
▪ „ბანდის ახალგაზრდა წევრები [მუმბაიში, (ინდოეთი)] იმდენად თავზე ხელაღებული არიან, რომ სულ რაღაც 5 000 რუპიად მორიგდებიან მკვლელობაზე“ („ფარ ისტერნ იქენომიქ რივიუ“).
▪ „მან მოკლა გამვლელი, რომელმაც სიგარეტი არ მისცა“ [სათაური გაზეთ „ტერსერაში“, სანტიაგო (ჩილე)].
▪ „რუსეთში დაქირავებული ბოროტმოქმედების მიერ ჩადენილი მკვლელობა საშუალოდ დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი ღირს [1995 წელს]. . . ასეთი მკვლელობების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა პოსტკომუნისტური რუსეთის ეკონომიკური ძვრების დროს“ (იუწყებოდა „რეიტერი“ „მოსკოუ ნიუზის“ ცნობის თანახმად).
▪ „ბრუკლინში დააპატიმრეს უძრავი ქონების ბროკერი. . . ბრალდებით, რომ მან ერთ მოზარდს შეპირებული 1 500 აშშ დოლარიდან ავანსად რაღაც ნაწილი გადაუხადა, რათა მას ამ კაცის ორსული ცოლი და სიდედრი მოეკლა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“).
▪ ‘ინგლისში მკვლელობის ღირებულება ეცემა. . . ფასი, რომელსაც დაქირავებულ მკვლელს უხდიან, შემცირდა ხუთი წლის წინანდელი 30 000 გირვანქა სტერლინგიდან უფრო ხელმისაწვდომ — 5 000-დან 10 000 გირვანქა სტერლინგამდე’ („გარდიანი“).
▪ ‘მაფიაც კი ვერ შეედრება გაბოროტებულ ბალკანურ ბანდებს. ეს არის ბოროტმოქმედების ახალი სახეობა, ახალი წესებითა და იარაღით. მათ აქვთ ფეთქებადი მოწყობილობები და ავტომატები, რომელთაც უყოყმანოდ იყენებენ’ („გარდიან უიკლი“).