თქვენ არ ისურვებთ მის გაცდენას!
თქვენ არ ისურვებთ მის გაცდენას!
რის გაცდენას? — იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესის, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“. ეს კონგრესები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისის თვეში დაიწყო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ქალაქში ჩატარდება. ბევრგან პროგრამა პარასკევ დილით 9.30 მუსიკით დაიწყება.
გამამხნევებელი შესავალი სიტყვების შემდეგ, რაც ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მივყვეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილს, დილის პროგრამა გაგრძელდება მოხსენებებით, „სიხარულით გაბრწყინდით იეჰოვას სიკეთის გამო“ და „მუდამ ხედავდეთ მას, ვინც უხილავია“. დილის პროგრამას დაასრულებს კონგრესის წამყვანი მოხსენება, სათაურით „განადიდეთ იეჰოვა — სასწაულებრივი საქმეების მოქმედი“.
შუადღის პროგრამის პირველ მოხსენებას, „სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ“, მოჰყვება სამნაწილიანი მოხსენებათა სერია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აირჩიო ცხოვრების თანამგზავრი, როგორ ააშენო სულიერად ძლიერი ოჯახი და როგორ ასწავლო შვილებს იეჰოვასადმი სიყვარული. პირველი დღის დასკვნით მოხსენებაში, „არ ჩამორჩეთ იეჰოვას ორგანიზაციას“, განიხილება, თუ როგორ ხდებოდა თანდათანობით გასაგები ღვთის განზრახვები თანამედროვე დროში.
შაბათს დილის პროგრამაში წარმოდგენილ იქნება მეორე სამნაწილიანი მოხსენებათა სერია, სათაურით „ღვთის სიტყვის მსახურები“. ამ გამოსვლების დროს მოვისმენთ რჩევებს, თუ როგორ შევასრულოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული საქმე. შემდეგ წარმოითქმება ამაღელვებელი მოხსენება, „არ შეარცხვინოთ ღმერთი“. ამას მოჰყვება ნათლობასთან დაკავშირებული მოხსენება და მონათვლის შესაძლებლობა მიეცემათ მათ, ვინც მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
ნაშუადღევს მესამე სამნაწილიან მოხსენებათა სერიაში გამახვილდება ყურადღება თემაზე — „მძიმედ იშრომეთ სულიერობის განვითარებისთვის“, რომელშიც მოცემული იქნება პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ განვავითაროთ სულიერობა. პროგრამას დაასრულებს დამსწავლებლური მოხსენება, „ღვთის სიტყვის სინათლით თანდათანობით განათებულ ბილიკებზე სიარული“. ამ მოხსენებაში განხილულ იქნება ესაიას 25-ე და 26-ე თავები და აიხსნება, როგორ შეგვიძლია უკეთესად გავიგოთ ბიბლიის ეს მეტად საინტერესო წიგნი.
კვირა დილით წარმოდგენილ იქნება ბოლო სამნაწილიანი მოხსენებათა სერია, სახელწოდებით „სოფონიას მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება ღვთის ნების შემსრულებლებისთვის“. აიხსნება, თუ როგორ ეხებოდა წინასწარმეტყველება ძველ დროში ისრაელ ერს და როგორ ეხება ის ჩვენს დღეებს, განსაკუთრებით მსოფლიო რელიგიებს. მოგვიანებით იხილავთ კოსტიუმირებულ დრამას, სათაურით „გამაფრთხილებელი მაგალითები ჩვენი დღეებისთვის“, რომელშიც ნაჩვენები იქნება ისრაელი მამაკაცების უზნეო ცხოვრება, სანამ ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდოდა. კვირას, ნაშუადღევს, კონგრესის პროგრამის დასასრულს წარმოითქმება საჯარო მოხსენება, „რატომ უნდა დავაკვირდეთ ღვთის სასწაულებრივ საქმეებს“.
ახლავე დაგეგმეთ კონგრესის სამივე დღის პროგრამაზე დასწრება. იმის გასაგებად, თუ თქვენს სახლთან ახლოს სად ტარდება კონგრესი, დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 15 თებერვლის ნომერში ჩამოთვლილია, თუ სად ჩატარდება კონგრესები ბელორუსიაში, ლატვიაში, მოლდავეთში, რუსეთში, საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.