გაერთიანებული ევროპა — რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი?
გაერთიანებული ევროპა — რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი?
შამპანურის საცობების ბათქაბუთქი არ წყდებოდა. ფეიერვერკები ამშვენებდა ცას. რას აღნიშნავდნენ? ახალ ათასწლეულს? არა, როგორც ჩანს, ეს მსოფლიოს კალენდრებზე ციფრების უბრალო ცვლილებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს დღე იყო 1999 წლის 1 იანვარი. ამ დღეს ევროპის კავშირის ერთიანი ახალი ვალუტის — ევროდ წოდებული ფულის ერთეულის — ბრუნვაში ოფიციალურად შემოღება მოხდა.
ბევრი ევროპელი საერთო ვალუტის შემოღებას ევროპის გაერთიანების ხანგრძლივ ძიებაში გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯად მიიჩნევს. ჰოლანდიური გაზეთი „ტელეგრააფი“ მიესალმა ევროს ბრუნვაში შემოღებას, როგორც „ევროპის გაერთიანებაში გადადგმულ დამაგვირგვინებელ ნაბიჯს“. მართლაცდა, ათწლეულების განმავლობაში გაერთიანების ნატვრის, საამისოდ გაწეული დიპლომატიისა და შეფერხებების შემდეგ ევროპის ერთიანობა ბევრად უფრო ახლო ჩანს, ვიდრე ოდესმე ჩანდა.
უეჭველია, ევროპის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს შეიძლება აოცებდეთ, რითია მთელი ეს აურზაური გამოწვეული. ევროს მიმოქცევაში შემოსვლასა და ევროპის გაერთიანებისთვის გაწეულ ძალისხმევას, ჩანს, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს რამე გავლენა. მაგრამ ევროპის გაერთიანებას თან მოჰყვება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური ბლოკის შექმნა. ასე რომ, ევროპის გაერთიანებას ანგარიში უნდა გაეწიოს — სულერთია, სად ვცხოვრობთ.
მაგალითად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მარკ გროსმენმა, ჩრდილოეთ ამერიკის აუდიტორიის წინაშე ამას წინათ თქვა: „ჩვენი კეთილდღეობა ევროპაზეა დამოკიდებული“. რატომ? მის მიერ აღნიშნულ მიზეზებს შორის იყო შემდეგიც: „ქარხნებში მომუშავე ყოველი 12 ამერიკელი მუშიდან ერთი მაინც არის დაკავებული შეერთებული შტატების ტერიტორიაზე წარმოებული 4000 ევროპული ბიზნესიდან ერთ-ერთში“. იმასაც იტყობინებიან, რომ ევროპის ახალ ვალუტას ევროპისგან საკმაო მანძილზე დაშორებულ ქვეყნებში იმპორტული საქონლის ფასზე და მოგებიანი სესხის პროცენტის ზომაზეც კი შეუძლია იქონიოს გავლენა.
განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ. როგორ? ერთი ნაშრომი აღნიშნავს: „ევროპის სხვადასხვა ვალუტის ევროთი შეცვლა განვითარებად ქვეყნებს ევროკავშირთან კომერციულ ურთიერთობებს გაუადვილებს“. გარდა ამისა, ზოგი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ იაპონიისა და შეერთებული შტატების ის ფირმებიც სარგებელს ნახავენ, რომლებიც თავიანთ საქმეს ევროპაში აწარმოებენ. რაკი ოფიციალურად დადგენილი ევრო ექნებათ, ევროპის ქვეყნებს შორის აღარ იქნება სავალუტო კურსის რყევები. ეკონომიკის მხრივ ევროპაში საქმის წარმოება შეიძლება უფრო სარფიანი გახდეს.
თუკი ევროპაში გამგზავრებას გეგმავთ შესაძლოა ამნაირადვე ისარგებლოთ ევროპის ერთიანობით. სულ მალე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქონლის შეძენასა და სხვადასხვაგვარი მომსახურებით სარგებლობას შეძლებთ ერთი ვალუტით, ევროთი, რომელსაც თითქმის იგივე ღირებულება აქვს, რაც ამერიკულ დოლარს. წარსულს ჩაჰბარდება ის დრო, როდესაც საგონებელში ჩავარდნილ ტურისტებს ხელში გულდენები, ფრანკები, ლირები, გერმანული მარკები და ჯიბის კალკულატორები ეჭირათ.
მაგრამ ევროპის მიერ გაერთიანებულ კონტინენტად გახდომისკენ სწრაფვა რაღაც უფრო მიმზიდველსაც კი გვთავაზობს — იმედს. მხოლოდ დაფიქრდით, რამდენიმე ათწლეულის წინათ ევროპა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ამ გადასახედიდან ევროპის გაერთიანება საოცარ ფენომენს წარმოადგენს. ადამიანები მთელ მსოფლიოში ამ მოვლენას დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს.
ბევრი საგონებელშია ჩავარდნილი, ბოლოს და ბოლოს, რეალურია თუ არა გაერთიანებული მსოფლიოს მოლოდინი. ეს, მართლაც რომ მიმზიდველი, მაგრამ ამავდროულად მტანჯველი მოლოდინია! მიაახლოებს ადამიანებს გაერთიანებულ მსოფლიოსთან ევროპის მიერ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები? ვიდრე პასუხს გავცემდეთ ამ შეკითხვას, მიკერძოების გარეშე უნდა განვიხილოთ ევროპის ერთიანობის საკითხი. გაერთიანების გზაზე ჯერ კიდევ რა დაბრკოლებებია გადასალახავი?
[ჩარჩო⁄ცხრილი 4 გვერდზე]
გაერთიანების პროცესი?
იდეა ევროპის გაერთიანების შესახებ სავსებით არ არის ახალი. გარკვეული ერთიანობა არსებობდა რომის იმპერიის, შემდეგ კარლოს დიდის მმართველობის, ხოლო მოგვიანებით ნაპოლეონ I-ის დროს. ამ შემთხვევებში ერთიანობა ძალასა და დაპყრობაზე იყო დაფუძნებული. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომისგან გაპარტახებულმა რამდენიმე ქვეყანამ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გაერთიანების საჭიროება იგრძნო. ეს ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ მათ ეკონომიკას აღადგენდა, არამედ ომის ოფიციალურ აკრძალვამდეც მიიყვანდა მათ. ქვემოთ მოყვანილია დღევანდელ ვითარებამდე მომყვანი ზოგი ისტორიული ნაბიჯი:
• 1948 ევროპის ასობით პოლიტიკური ლიდერი შეიკრიბა ჰააგაში (ნიდერლანდები) და აღთქმა დადეს: „ჩვენ აღარასოდეს ვიომებთ ერთმანეთის წინააღმდეგ“.
• 1950 საფრანგეთმა და გერმანიამ თავიანთი ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის დასაცავად თანამშრომლობა დაიწყეს. სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ მათ, რამაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის მოპოვების ორგანიზაციის (ექფმო) ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 1952 წელს ექფმო ამოქმედდა. იმ დროისთვის მის რიგებში იყვნენ ბელგია, დასავლეთ გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და საფრანგეთი.
• 1957 ექფმო-ს ექვსმა წევრმა ორი სხვა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა: ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა (ეეთ) და ევროპის თანამშრომლობა ატომური ენერგიის დარგში (ევროატომი).
• 1967 ეეთ შეუერთდა ექფმო-სა და ევროატომს, რის შედეგადაც შეიქმნა ევროპის თანამეგობრობა (ეთ).
• 1973 ეთ-მა გაწევრიანების ნება დართო დანიას, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას.
• 1981 ეთ-ს საბერძნეთი შეუერთდა.
• 1986 ეთ-ს პორტუგალია და ესპანეთი შეუერთდნენ.
• 1990 დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ხდება ეთ-ის შემდგომი გაფართოება ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ორგანიზაციაში შესვლის ხარჯზე.
• 1993 ეთ-ის წევრი ქვეყნების მიერ უფრო დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად გაწეული ძალისხმევით ევროკავშირი ჩამოყალიბდა.
• 2000 ევროკავშირი შედგება 15 წევრი სახელმწიფოსგან. ესენია ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი.
[სურათი 3 გვერდზე]
ევრო ბევრ ევროპულ ვალუტას შეცვლის.
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Euros and euro symbols on pages 3, 5-6, and 8: © European Monetary Institute